,,ლელო საქართველოსთვის’’ მთავრობას მიმართავს
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
დღეს, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ბათუმის ოფისში გაიმართა ბრიფინგი. პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი კუპრაძემ აჭარის მთავრობას მოუწოდა, უყურადღებოდ, დახმარების გარეშე არ დატოვოს საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ყოველდღიურად, არაოფიციალურად მუშაობდნენ თურქეთში, სარფის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქებში, ხოფასა და ქემალფაშაში. მათი უმრავლესობა დასაქმებული იყო მომსახურების და საცალო სავაჭრო ობიექტებში. ,,მოგეხსენებათ, 45 დღეა თურქეთის საზღვარი დაკეტილია, დახურულია მათი სამუშაო ობიექტები, უკიდურესად მძიმე გაჭირვებაში მყოფი მოქალაქეები ვერ ახერხებენ მუშაობას, ისინი ვერ სარგებლობენ სოციალური გარანტიებით და დაცვის მექანიზმებით, რა თქმა უნდა, ამ რეჟიმში მათ არავინ უხდის ხელფასს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მათ ყოველგვარი ზრუნვის და დახმარების გარეშე ტოვებს.
მოვუწოდებთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, უშუამდგომლოს აღნიშნულ მოქალაქეებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან და მოაქციოს ისინი ამ მიზერული, თუმცა მაინც ხელშესახები დახმარების მიმღებთა რიგებში. აღნიშნული მოქალაქეების გამოვლენის კრიტერიუმად უნდა დადგინდეს სარფის გამშვები პუნქტის მონაცემები და დახმარება გაიცეს იმ პირებზე, რომლებიც ყოველდღიურად (კვირაში 4-ჯერ მაინც) კვეთდნენ საზღვარს და ბრუნდებოდნენ საღამოს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ. ეს არის ყველაზე დაუცველი სოციალური ჯგუფი, რომელიც ყოველდღიურ შემოსავალზე იყო დამოკიდებული. მათ დღეს ფიზიკური გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა! ხელისუფლებამ არ უნდა მიატოვოს ადამიანები შიმშილის პირისპირ. ’’, – განაცხადა ბრიფინგზე ირაკლი კუპრაძემ.