„მარტო ერთი გუნდი ჯდება სადღაც კაბინეტში და ღებულობს გადაწყვეტილებას, არ არის სწორი, არასერიოზული მიდგომაა“
ნინო ცხვარაძე 591 98 24 30 –
ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ წარმოადგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, კითხვები აქვს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გია აბულაძეს. დეპუტატი აცხადებს, რომ პარტიას მომზადებული აქვს კრიზისის დაძლევის გეგმა და მზად არიან ხელისუფლებასთან ერთად განიხილონ.
– ბატონო გია, ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებამ შემოგვთავაზა, როგორ შეაფასებთ?
– საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, მოდით, ვთქვათ, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობდით. ეს იყო ქვეყანა, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი იყო უკიდურეს გაჭირვებაში, შიმშილობდა ასი ათასობით ბავშვი, ყოველი მეხუთე ადამიანი საკვებ პროდუქტს ნასესხები ფულით ან ბანკის კრედიტით ყიდულობდა, ყოველი მესამე ოჯახი აცხადებდა, რომ სურსათის შესაძენად თანხა არ ჰყოფნიდა და მოსახლეობის 40 პროცენტი კომუნალურ გადასახადს ნასესხები ფულით იხდიდა. ასეთ ქვეყანაში დაგვემატა კრიზისი, სოციალურად დაუცველთა რიცხვი გაიზარდა უმუშევართა არმიით. კარანტინის დროს პენსიონერებმა წინასწარ აიღეს პენსია, ადამიანებმა საკრედიტო ბარათებით შეიძინეს პროდუქტები ოჯახების გამოსაკვებად. ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას დავალიანებები დაუგროვდა. ამ დროს კომუნალურ გადასახადებს დაგიფინანსებთო, დაჰპირდა ხელისუფლება მოსახლეობას.
– და დანაპირები არ შეასრულა?
-აჭარის მოსახლეობის 60 პროცენტი ბუნებრივი აირის მომხმარებელი არაა, ე.წ. ბალონებზე არიან დამოკიდებულნი. მათ კომუნალური გადასახადი მთავრობამ არ დაუფინანსა. რაკი არ აქვთ ბუნებრივი აირი, მოიხმარენ ელექტროენერგიას. გამოდის, რომ სახელმწიფომ აჭარის მოსახლეობის 60 პროცენტს კომუნალური გადასახადი არ დაუფინანსა, რაზეც რეაქცია არ აქვთ. ამასთან, ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმასთან ერთად, ანტიკრიზისული ბიუჯეტიც უნდა წარმოედგინა. სად არის ეს ანტიკრიზისული ბიუჯეტი? რატომ არ წარმოადგინა „ქართული ოცნების“ გუნდმა? მინდა ვკითხო მათ, მზად არიან თუ არა, უარი თქვან სახელწიფო მანქანებზე, რესტორნებზე, უცხოეთში მივლინებებზე? მაღალი თანამდებობს პირები შეიმცირებენ თუ არა სოლიდურ ხელფასებს? მაგალითად, სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელის ყოველთვიური ანაზღაურებაა 28 ათასი ლარი, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის – 24 500, საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელის – 17 500, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის – 20 000, ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელის – 14 500, სემეკის – 12 600, ხოლო ცესკოს თავმჯდომარეს, რომელიც ყველა არჩევნებს მიყალბებს, 12 500 ლარი აქვს ხელფასი. აი, ესენი ხელფასებს შეიმცირებენ თუ არა? მაგალითად, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იტყვიან თუ არა უარს სახელმწიფო ავტომანქანებზე? უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს რომ ემსახურება, არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ დანარჩენი ჩინოვნიკისთვის, ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. ასე უნდა მოხდეს მთავრობის შემთხვევაშიც. მოსახლეობამ უნდა დაინახოს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა კომფორტზე უარი თქვეს. ამას არ აკეთებენ და ვინც სამსახური დაკარგა, 200 ლარად უნდა ირჩინონ თავი. თვითონ კი არაფერს იკლებენ. ერთჯერადად, 300 ლარს სთავაზობენ თვითდასაქმებულებს, ასეთი კი 850 ათასიაო, ამბობენ. თქვეს ისიც, რომ მათთვის გამოიყო 75 მილიონი ლარი. ამას თუ გავყოფთ 300-ზე, მივიღბთ 250 ათასს. გამოდის, 850 ათას ადამიანს კი არ აფინანსებენ ერთჯერადად, 250 ათასს დაეხმარებიან, 600 ათასი ადამიანი ჰაერში დატოვეს.
– ბატონო გია, ხელისუფლება ამბობს, რომ თვითდასაქმებულების შეთხვევაში, იდენტიფიცირების პრობლემა იქნება.
– დიახ, იქნება რთული, მაგრამ ჩნდება ეჭვები, რომ ის 250 ათასი ადამიანი იქნება „ქართულ ოცნების“ კოორდინატორი, მათ დაურიგებენ ერთჯერად 300 ლარს. ანტიკრიზისულ გეგმაში, სამწუხაროდ, არაფერია ნათქვამი სტუდენტებზე, რომლებიც ძირითადად, ტურიზმის სექტორში იყვნენ დასაქმებულნი. სწავლის საფასურსაც იხდიდნენ და თავსაც ირჩენდნენ. ჩვენ 50 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტი გვყავს, ამას კიდევ ბერი დაემატება, სამწუხაროდ. ხელისუფლებას არაფერი უთქვამს დევნილებზე. რას ეუბნებიან ემიგრანტებს? ისინი აქამდე უცხოეთიდან არჩენდნენ ოჯახებს, დაასაქმებენ, არ დაასაქმებენ? ხელისუფლებას არაფერი უთქვამს, 6 თვის შემდეგ რა იქნება, როგორ გაჩნდება სამუშაო ადგილები, როგორ დაასაქმებენ ადამიანებს.
– ხელისუფლებამ გვაუწყა, რომ პოსტკრიზისულ გეგმასაც წარმოადგენს.
– როდის? ამათ ერთი ამოცანა აქვთ, როგორმე არჩევნები გადააგორონ. არჩევნებამდე ტრადიციულად მოიტყუონ და არჩევნების მერე თქვან – ვერ ვაკეთებთო.
– თქვენ ახსენეთ ჩინოვნიკების ხელფასები, მაღალი თანამდებობის პირები სამი თვის განმავლობაში ახალ კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში თავიანთი ხელფასების 1/3-ს გადარიცხავენ. ეს არაფერია?
– ხელფასის ერთ მესამედზე თქვან უარი, მაშინ იქნებიან მართლები და არა ერთჯერადად თანხის გადარიცხვით იპოპულისტონ. დარწმუნებული ვარ, რიგითმა მოქალაქეებმა უფრო მეტი გაიღეს სხვების დასახმარებლად, ვიდრე ჩინოვნიკებმა. თუ იტყვიან, რომ ხელფასები 1/3-ით შეუმცირდეთ, მათ მადლობას ვეტყვი.
– თქვენ, ერთმა რიგითმა მოქალაქემ რა გააკეთეთ სხვების დასახმარებლად? ან უმაღლესი საბჭოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა?
– შემიძლია მოგცეთ ასეული ოჯახის სია, სადაც მივიტანეთ საკვები პროდუქტი. მუნიციპალიტეტების, ქალაქის საკრებულოს თუ უმაღლესი საბჭოს წევრები, ახალგაზრდები, აქტივისტები ყოველდღიურად მიდიან ათობით ოჯახში. ხელისუფლება კი მოკალათებულია კაბინეტებში და იქიდან გვესაუბრება. . . რომ გასულიყვნენ მოსახლეობასთან, მაშინ იმ გეგმას, რაც წარმოადგინეს,-ანტიკრიზისულს ვერ დაარქმევდნენ.
-ხელისუფლება ამბობს, რომ 3 მილიარდი დოლარის დახმარებაზეა მიღწეული შეთანხმება უცხოელ პარტნიორებთან, რაც ამ რთულ პერიოდში წაადგება ქვეყანას.
– ანტიკრიზისული გეგმის ბიუჯეტი შეადგენს 3 მილიარდ 900 ათას ლარს და ამ თანხით უნდა დავძლიოთ კრიზისი. იქვე უწერიათ, რომ 3 მილიარდი დოლარის დახმარებას მივიღებთ უცხოეთიდან, რაც 9 მილიარდ ლარზე მეტია. სად არის დანარჩენი თანხა? რაში აისახა?
– თქვენი თქმით, მთავრობა ცრუობს. თუ ასეა, არც 3-მილიარდიან დახმარებას მიიღებს ქვეყანა?
– იმიტომ არ წარმოადგინეს ანტიკრიზისული ბიუჯეტი, რომ 3 მილიარდ 900 ათასი ლარი არ არსებობს, რაც ანტიკრიზისულ გეგმაშია გაწერილი. არც ის 3-მილიარდდოლარიანი დახმარება არსებობს, რაზეც საუბრობენ. სწორედ ამიტომ ვითხოვთ, წარმოადგინონ ანტიკრიზისული ბიუჯეტი, სადაც ეს ყველაფერი იქნება გაწერილი. და მეორეც, თუ მათი დაპირებული 200 და 300-ლარიანი დახმარებები ბიუჯეტში არაა ასახული, საიდან გასცემენ? ახლაც რომ წარმოადგინონ ბიუჯეტი, დაახლოებით მაისის ბოლომდე ვერ დაამტკიცებენ მთავარ ფინანსურ დოკუმენტს. გამოდის, თუ ბიუჯეტი დამტკიცდა, თანხების გაცემა ივნისში დაიწყება.
– მოსახლეობისთვის კრედიტების გადავადებაც ერთგვარი შეღავათია. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომი, როცა ადამიანები მძიმე სიტუაციაში, ომისშმდგომ პერიოდში, სწორედ ბანკის ვალების გამო ჩავარდნენ . . . სამწუხაროდ, დღემდე არაა მოგვარებული იპოთეკარების პრობლემა.
-სამი თვის შემდეგ ადამიანებს კრედიტი უძვირდება და სესხზე საპროცენტო თანხა ემატება. ხელისუფლებას რომც არ ეთქვა და ინდივიდუალურად მისულიყვნენ ადამიანები ბანკთან, სამოქალაქო კოდექსში არის ფორსმაჟორული გარემოებები და ამ დროს ბანკი ვალდებულია, თავად შემოგთავაზოს კრედიტის გადავადების წინადადება. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. დღევანდელი სიტუაცია დააკავშირეთ აგვისტოს ომს, მაშინ მსოფლიოში კრიზისი იყო და ეროვნული ვალუტა ასეთი გაუფასურებული არ იყო. იმ პერიოდში არ გაძვირებულა საკვები პროდუქტი და სხვა. გარდა იმისა, რომ ომი გადავიტანეთ და ამის გამო რთულ მდგომარეობაში ვიყავით, სხვა მხრივ პრობლემები არ შექმნია მოსახლეობას.
-ამ დღეებში რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში აჭარის კორექტირებული ბიუჯეტი უნდა შემოვიდეს. მიიღებს თქვენი პარტია მონაწილეობას ბიუჯეტის განხილვაში?
– დიახ, მიიღებს და უფრო მეტიც, ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა – რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს ხელისუფლებამ ძალიან სწრაფად, რომ შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები, კრიზისი დაძლიოს მოსახლეობამ და ძალიან არ გაუჭირდეს. რეალური ბერკეტები არსებოდეს ამისთვის. სწრაფად უნდა დაეხმარონ იმ ბიზნესებს, რომლებსაც უჭირთ. ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი გეგმა, ეს ქვეყანა არც ბიძინა ივანიშვილისაა და არც „ქართული ოცნების“ , ყველასია – ჩემიც, თქვენიც. . . ასეთ რთულ პერიოდში, ხელისუფლებამ არ უნდა თქვას, – თქვენი აზრი არ მაინტერესებს. მარტო ერთი გუნდი ჯდება სადღაც კაბინეტში და ღებულობს გადაწყვეტილებას, არ არის სწორი, არასერიოზული მიდგომაა. ყველა პარტია, სამოქალაქო სექტორი, ექსპერტები უნდა იყვნენ ჩართულები პროცესებში, ბიუჯეტის შედგენაა დღეს საჭირო.
– რას ფიქრობთ, როგორ უნდა შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები და აღდგეს დაკარგული?
– ჩვენ გვაქვს ეს გეგმა და მზად ვართ სხვა პარტიებთან, სამოქალაქო სექტორთან ერთად წარვუდგინოთ, თუნდაც დახურულ კარს მიღმა ფორმატში. ჩვენს წინადადებებს თუ გაიზიარებენ, არ დავუწყებთ პოლიტიკურ კინკლაობას, რომ ჩვენი იდეა იყო, მათი იყოს, ოღონდ განახორციელონ ქვეყნისთვის.

