პირველი არხის ჟურნალისტმა მანდილოსან კოლეგებს დილა გაუფერადა
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
დილა ბათუმელი ჟურნალისტებისთვის განსხვავებულად დაიწყო. მანდილოსნებს კოლეგამ – საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ბათუმის ბიუროს კორესპონდენტმა მერაბ წულუკიძემ თავისივე სათბურის ულამაზესი ყვავილები აჩუქა. იგი უკვე რამდენიმე წელია, პერუს ლილიების მოვლით არის გატაცებული. მებაღეობა მისი ჰობიც გახდა და დამატებითი შემოსავლის წყაროც, ყველაფერი კი მეუღლის ინიციატივით დაიწყო. ერთ-ერთ ინტერვიუში მერაბ წულუკიძემ აღნიშნა, რომ 10 წლის წინათ, მეუღლის დაჟინებული თხოვნით, მიწის ნაკვეთი შეიძინა ბათუმში, მას კი ბინა უნდოდა. სახლის მოწყობის შემდეგ, მიწის მცირე ფართობი დარჩათ. კომერციისთვის ამ ადგილს ვერ გამოიყენებდნენ, ამიტომ სოფლის მეურნეობაზე იფიქრეს.
,,იმ პერიოდში პროგრამით „აწარმოე საქართველოში” პირველი კონკურსი გამოცხადდა. ისევ მეუღლის აქტიურობით, დავწერეთ ბიზნესგეგმა მწვანე ხახვის მოყვანასთან დაკავშირებით და წარვადგინეთ – ვიცოდი, რომ პატარა ტერიტორიაზე დიდ მოსავალს იძლევა. 10.000 ლარით დაგვაფინანსეს და სათბური მოვაწყვეთ. პირველ წელს ძალიან გაგვიმართლა, საახალწლოდ 1 კილოგრამი მწვანე ხახვის ფასი 18-20 ლარი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფასი მუდმივად იცვლება.
თუ კარგი ამინდია, ზომიერად ცივი ზამთარი, მაშინ ბევრად ნაკლები ღირს. არასტაბილურმა ფასმა დამაფიქრა და გადავწყვიტე, სათბურში სხვა რამეც მოგვეყვანა. ერთხელ მეუღლეს უცნაური ყვავილებით გაფორმებული თაიგული მივართვი, შემდეგ ინტერნეტში მოვიძიეთ და გავარკვიეთ, რომ ალსტრომერია ქვია, იგივე პერუს შროშანი ყოფილა. აქედან დაგვებადა იდეა, ეს ყვავილი ჩვენს სათბურში გაგვემრავლებინა.
საქართველოში ბევრს მოჰყავს ალსტრომერია. ქართველ ფერმერებს კონკურენციის შიში აქვთ და ვისაც მივმართე, ყველამ თავი შეიკავა მისი გამრავლებისა და მოვლის წესების ჩემთვის სწავლებისგან. ძალიან ცუდი ტენდენციაა, რადგან საქართველოს ბაზრის 80 პროცენტი თურქეთიდან, სომხეთიდან და ევროპიდან იმპორტირებულ ყვავილებს უჭირავს. არ ჯობს თავად გავამრავლოთ ყვავილები და იმპორტი შემცირდეს? ქართველი ფერმერებისგან იმედგაცრუებულმა, ინტერნეტში დავიწყე ძებნა, როგორ და სად შემეძინა შროშანები. ერთ-ერთ რუსულ საიტზე აღმოვაჩინე, რომ ალსტრომერიას ფესურები იყიდებოდა.ეს ყვავილი აუცილებლად ჰიბრიდული უნდა იყოს, რომ კარგი ფესურები, ძლიერი ღერო მოგცეს და დიდხანს გაძლოს.
მივწერე საიტს და პასუხი მომივიდა სომეხი ბიჭისგან, რომელსაც “ფეისბუკზე” დავუმეგობრდი. თურმე უზარმაზარი სათბურები ჰქონია რუსეთში. თავიდან უნდობლად ვეკიდებოდი უცხო ადამიანს, ამიტომ ცოტა შევუკვეთე – 60 ცალი. ორ თვეს ველოდი, თურმე საზღვარზე შეაფერხეს, საბუთები მოსთხოვეს და ვერ გამომიგზავნა. მოგვიანებით ერევანში ჩავიდა და დამირეკა, აქ თუ გყავს ვინმე, მითხარი და გამოვატანო. მართლაც, მეგობარი ბრუნდებოდა ერევნიდან და მას გამოატანა 60 ფესურას ნაცვლად 150, რადგან 2 თვეს მალოდინა – საჩუქრად მომცა დანარჩენი. მე და ჩემმა მეუღლემ 150 ნერგი დავრგეთ 20 კვადრატზე და ამან 1.800 ლარის მოგება მოგვიტანა. მოგვიანებით უფრო გავაფართოეთ სათბური და იმ ბიჭს კიდევ შევუკვეთე ალსტრომერია. პერუს შროშანა ახალაღმოჩენილი ყვავილია, მსოფლიო მას 30 წლის წინ არ იცნობდა, ერთ-ერთმა მეცნიერმა იპოვა პერუს მთებში. 1 ძირი ალსტრომერია წელიწადში დაახლოებით 40 ღერო ყვავილს გაძლევს. ღეროს ზაფხულში 1 ლარად, ზამთარში კი 2 ლარად ვაბარებთ. 1 კვმ-ზე 6 ძირი ირგვება. არც ერთი სოფლის მეურნეობის პროდუქცია არ იძლევა ამხელა შემოსავალს. ამაზე უფრო ძვირი ღირს დიდი შროშანები, ღერო 4 ლარზე იაფად არ არის. ტელევიზიაში ძალიან დატვირთული ვარ, მაგრამ სახლში რომ მოვდივარ, შროშანების მოვლა ჩემთვის კარგი განტვირთვაა. დიდი შრომა არ სჭირდება, მთავარია, წყალი და მინერალები დროულად მიაწოდო, უყვარს ნესტი, სინათლე, არ უყვარს ბევრი მზე. ჩემს სომეხ პარტნიორს შედეგი რომ ვაჩვენე, გაოცდა, ამდენი ყვავილი არასდროს მოუსხამს ჩემთან, თქვენს ჰავას, ალბათ, განსაკუთრებულად მოერგოო. ყვავილობის პერიოდი მარტიდან აგვისტომდე აქვს, შემდეგ 2 თვეს ისვენებს. ჩვენი სათბური სულ 120 კვმ-ია, აქ 7 ფერის ალსტრომერია გვაქვს. სულ არსებობს 30-35 ფერის, ამიტომ ვაპირებ სხვა ფერებიც დავამატო, ასევე, შროშანების სხვა სახეობებიც. ბებიაჩემი იტყოდა, მცენარის გახარება იმაზეა დამოკიდებული, ვინ დარგავსო. ჩვენ, ალბათ, კარგი ხელი გვაქვს. მცენარესთან ურთიერთობასაც აქვს დიდი მნიშვნელობა, როცა უყურებ როგორც სულიერ არსებას, ამას გრძნობს და ხარობს. ჩემმა მეუღლემ კი ამას წინათ იხუმრა, რაც ეს ბაღი გავაკეთეთ, ჩემს ქმარს ყვავილები აღარ უჩუქებია, ჩათვალა, რომ ეს ბაღი მე მაჩუქაო.’’ – ამბობს მერაბ წულუკიძე ,,კვირის პალიტრაში’’ მიცემულ ინტერვიუში.