ეკოსისტემა გაუმჯობესდა, თუმცა…
ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –
როგორც ყველაფერს, პანდემიასაც, რომელსაც ამჟამად მთელი მსოფლიო ებრძვის, აქვს დადებითი მხარეც, ამის მაგალითად კი ეკოლოგიური პრობლემების მეტნაკლებად გამოსწორება მოჰყავთ. ამ დღეების განმავლობაში, ალბათ თითოეული ჩვენგანი არაერთ ფოტოს გადავაწყდით სოციალურ ქსელებში, სადაც ადამიანები თვეების წინ და ამჟამად გადაღებულ ფოტოებს ტვირთავენ, რომლებშიც ნათლად ჩანს, როგორ გაიწმინდა ჰაერი მტვრისგან. კონკრეტულად, რა ხდება ეკოლოგიური თვალსაზრისით მსოფლიოში, კონკრეტულად ჩვენს ქალაქში ახალი კორონავირუსის პირობებში, რამდენად უსაფრთხოა მოახლოებულ ზაფხულის სეზონზე ზღვაში ბანაობა – აღნიშნულ კითხვებს გარემოსდამცველმა, ეკოლოგიის ექსპერტმა, ბათუმის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე კახა გუჩმანიძემ უპასუხა:
– თითქმის ყოველ დღე გვესმის, დაისვენა და გაიწმინდა ბუნება, რომ “დელფინები დაბრუნდნენ”, წყალი გაიწმინდა, ეკოლოგიური თვალსაზრისით ამოისუნთქა ბუნებამ. რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია, რა დამატებითი, კონკრეტული ინფორმაციის მოწოდება შეგიძლიათ ჩვენთვის?
-აბსოლუტური სიმართლეა, შეჩერებულმა ინდუსტრიალიზაციამ, ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა, სატრანსპორტო ტრაფიკმა და ემისიურმა გაფრქვევებმა დადებითად იმოქმედა ატმოსფერულ ჰაერზე, წყალზე, ნიადაგზე და მთლიანობაში ეკოსისტემაზე.
– ადამიანები ხშირად,, ალბათ თავის გამართლების მიზნითაც, ამბობენ, რომ ახალი კორონავირუსი სწორედ იმიტომ გაჩნდა, ამოესუნთქა ბუნებას. ამ მოსაზრებას ეთანხმებიან როგორც გაეროს წარმომადგენლები, ასევე სპეციალისტების ნაწილი, თუმცა ნაწილი მიიჩნევს, რომ იმაზე მნიშვნელოვანი, რაც ახლა ხდება, ის არის, რა მოხდება მომავალში. საუბარია იმაზე, რომ იმ ზარალის ასანაზღაურებად, რაც ამ პერიოდში ფინანსური კუთხით მიადგა კომპანიებს, შეეცდებიან ასმაგად იმუშაონ, რაც ბუნებრივია, ასმაგი დარტყმა იქნება გარემოსათვის. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ არც ბუნება დაზარალდეს და არც ეკონომიკა?
– მოცემული მომენტისთვის ახალი კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლით გამოწვეული დადებითი ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება ქარხნების, საწარმოო პროცესის, სამანქანო მოძრაობების, ინფრასტრუქტურული პროექტების და ა. შ. აღდგენის შემდგომ შეუძლებელი იქნება, თუმცა არც ძველ ნიშნულზე დაბრუნებაა სახარბიელო, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ განახლებადი ენერგიების ფაქტორმა დიდი როლი დაიკავოს ენერგორესუსრსების და ზოგადად, ეკონომიკის ჭრილში, ასევე აუცილებელია გატარდეს შესაბამისი მიტიგაციის ღონისძიებები და გამკაცრდეს კონტროლი საერთაშორისო კონვენციებით (მათ შორის პარიზის შეთანხმება) გათვალისწინებული შეზღუდვების განხორციელებაზე. ზოგადად, არსებული კანონმდებლობის გაუმართაობასა და კოლიზიურობაზე მეტად მისი ჯეროვანი აღსრულებაა პრობლება, რაც უმეტეს შემთხვევაში ვერ ან არ ხერხდება. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი ქვეყნის უმთავრესი რესურსი ზღვასთან ასოცირდება და მისი ხარისხი დიდწილად განსაზღვრავს ქვეყნის იმიჯს. არსებულმა ვითარებამ ცხადყო, რომ ადგილობრივი წარმოებისა და რესურსების გამოყენება აუცილებელია. ამ კუთხით , მარიკულტურის პროექტების განვითარებას ალტერნატივა არ აქვს, მითუმეტეს ზღვისპირა ქალაქში.
რაც შეეხება ეკონომიკაში არსებული რეცესიის გამოსწორებას და წინანდელ ნიშნულზე დაბრუნებას, სავარაუდოდ, 3 წელი დასჭირდება გამართული მენეჯმენტისა და ეფექტური პოლიტიკის შემთხვევაში, ზოგადად კრიზისი კი, ჩემი ღრმა რწმენით, უარყოფით ბენეფიტებს მოუტანს ქვეყანას, რაც უმთავრესად ,ჰოსპიტალურ სექტორს, უძრავი ქონების ბაზარს, ინვესტიციებსა და ნაწილობრივ, ინფრასტრუქტურას დააზიანებს.
– დარგის სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ყველა ქვეყანამ თავის პოსტკრიზისულ გეგმაში აუცილებლად უნდა ჩადოს პუნქტი, “მწვანე ეკონომიკის” შესახებ, მაგალითად, დაარეგულიროს ტრანსპორტის მოძრაობის საკითხი და ასე შემდეგ. თქვენ რა მოსაზრება გაქვთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით?
– მწვანე პოლიტიკა და მწვანე ეკონომიკა წინა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დააანონსა და თავისი პროგრამის უმთავრეს პუნქტად მოიხსენია, თუმცა ამ კუთხით მხოლოდ ის გაკეთდა, რომ შეიქმნა ეკო ომბუდსმენის გაურკვეველი დელეგირების მქონე ინსტიტუტი. დღემდე არ არსებობს ქვეყნის – ურბანული განვითარების გეგმა, არ არსებობს სატრანსპორტო (მუნიციპალური და სხვ) პოლიტიკის ქმედითი დოკუმენტი, ქვეყანას არ გააჩნია ბუნებრივი რესურსების მოპოვების კონკრეტული სტრატეგია და ინვენტარიზაცია, არ არსებობს გამართული ნარჩენების მართვის სტრატეგია, არ ტარდება ღონისძიებები ჰაერისა და წყლის დაცვის კუთხით, არ გავქვს გათვლილი ნაბიჯები განახლებადი ენერგიების დანერგვის კუთხით და სხვა მრავალი, ეკოლოგია და გარემოსდაცვა ფართო სპექტრის საკითხია და პრინციპში არსებობის ყველა ასპექტს მოიცავს.
–აუცილებლად მინდა გკითხოთ ნარჩენების მართვის პრობლემაზე, რომელიც აშკარაა, რომ გაჩნდა ქვეყნებში. იგივე სამედიცინო ნარჩენები რომ ავიღოთ., არათუ დახარისხება არ ხდება მათი, ნაგვის ურნამდეც არ აღწევს ხშირად. ამ შემთხვევაში, რაში ხედავთ სახელმწიფოსა და ადამიანების პასუხისმგებლობის ამაღლების მოტივაციას?
– რაც შეეხება ნარჩენების მართვას, როგორც დარგის ექსპერტი გეტყვით – მთავარი პრობლება ნარჩენების სტრატეგიისა და მართვის კონცეფციის არქონაა, ასევე არ იდგმება ნაბიჯები რეციკლირების ბიზნესის სტიმულირების მხრივ, არ კონტროლდება მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის ტექ.რეგლამენტებით გათვალისწინებული რეგულაციების მიმდინარეობა, ჩამოუყალიბებელი და მოძველებულია დასუფთავების სატარიფო პოლიტიკა, არაა დანერგილი სეპერარიბის სისტემები, არ არსებობს სინქრონიზებული მონაცემთა ბაზა, არ გაგვაჩნია სფეციფიკური ნარჩენების მართვის პოლიტიკა (თუმცა ნაწილობრივ ამ კუთხით გადაიდგა ნაბიჯები).
რაც შეეხება სამედიცინო ნარჩენებს – ვერ დაგეთანხმებით, არსებული სიტუაციის გაანალიზებით , დღეს ყველაზე უკეთ მართვადი ქვეყანაში სამედიცინო ნარჩენებია. ხდება მათი მარკირება-სეპარირება, ტექ.რეგლამენტის მიხედვით გატანა-ტრანსპორტირება და შემდგომი ინსენირება, თუმცა ეს მხოლოდ არსებულ მდგომარეობასთან შედარებით, თორემ ამ კუთხითაც არის პრობლემები და გამოწვევები.
–ასევე, მინდა გკითხოთ ბათუმის ამჟამინდელ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. . .
-ზოგადად, ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გარკვეულწილად დამაკმაყოფილებელია, თუმცა არასახარბიელო. არ გვაქვს ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის ფონური მონაცემები, რიგ შემთხვევაში, ზღვრულად დასშვებ ნორმებს ზოგიერთ მაჩვენებელზე აჭარბებს, სათანადოდ არ კონტროლდება სამშენებლო რეგულაციები, რაც ასევე მტვრის ნაწილაკების ემისიას განაპირობებს.
– მალე ბათუმში საზაფხულო სეზონი დაიწყება, თუ არის ზღვის წყლის სინჯები აღებული და რამდენად უსაფრთხოა ის?
-ზღვის და ზედაპირული წყლების სინჯების აღებას აჭარაში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესუსრსების სამმართველო ახორციელებს, ხდება სხვადასხვა მაჩვენებელზე არსებული მდგომარეობის ანალიზი, თუმცა პირადად მე მიმაჩნია, რომ საბანაო ზღვის წყლის ხარისხი – იმ შემთხვევაში თუ სინჯები აიღება ნაპირთან ახლოს (ვთქვათ 5-7-10 მ), ვფიქრობ, სულ სხვა შედეგი იქნება ხარისხობრივი კუთხით,. რადგან ეგ მონაცემები არ მაქვს, კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი.
– როგორ ფიქრობთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას შავი ზღვის დაბინძურების შემცირებისთვის?
– მოხდეს ზღვის წყლის ძირითადი დამაბინძურებლების იდენტიფიცირება და სხვა პარამეტრების განსაზღვრა, ანუ რა აბინძურებს ზღვის წყალს – მხოლოდ გაუმართავი წყალარინების სისტემები, მექანიკური დაბინძურება, ნარჩენების არამდგრადი მართვა, აქვატორიის ბალასტური წყლები, ჩაღვრები, სამრეწველო-გადამამუშავებელი სექტორი თუ კიდევ სხვა და რა მოცულობით, რომ განისაზღვროს შემდგომი სლიკვიდაციო ღონისძიებათა გეგმა
– ახალი კორონავირუსის დროს, საფრთხის შემცველი ხომარაა ზღვაში ბანაობა?
-კოვიდ-19-ის თვალსაზრისით, ამჟამად ცნობილი კლინიკიდან და ზოგადი კლინიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ზღვა უსაფრთხოა.