დავით გაბაიძე: ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმ რესურსის და შესაძლებლობის ფარგლებში, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს
ნინო ცხვარაძე: 591 98 24 30 –
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე მსჯელობა რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში დაიწყო. კანონის პროექტს – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, კანონმდებლები ამ დღეებში უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
– საქართველოს მთავრობა საკმაოდ ეფექტურად მოქმედებს როგორც ვირუსის გავრცელების შეჩერების, ისე ეკონომიკური მიმართულებით. ამას მხოლოდ მე არ ვამბობ, ამაზე საუბრობენ ჩვენი უცხოელი მეგობრებიც, – აცხადებს რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე. მისივე თქმით, უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი ბიუჯეტი პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ამ ეტაპზეა რეგიონში.
– წარმოდგენილ ბიუჯეტს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ საგანგებო ბიუჯეტი, გამომდინარე იქიდან, რომ, ძირითადად, მობილიზებული სახსრები მოხმარდება, ერთი მხრივ, სამედიცინო ინვენტარით რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვას და, მეორე მხრივ, იმ გამოწვევებს, რომლებიც შესაძლოა, იყოს სოფლის მეურნეობის კუთხით. ვფიქრობ, კარგად იმუშავა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, ჩვენ გვაქვს კონსულტაციები და ალბათ ივნისის დასაწყისში უკვე გვექნება კიდევ ერთი ცვლილება 2020 წლის ბიუჯეტში, – გვითხრა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.
– ბატონო დავით, წლების განმავლობაში გვესმოდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვა ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდებოდა, დღეს კი სხვა მოცემულობა გვაქვს – ხარჯებს აჭარის ბიუჯეტი გაიღებს. რამ განაპირობა ეს?
– ეს განაპირობა იმან, რომ მზად ვიყოთ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად. სწორად გაკეთდა აქცენტი და დღეს უკვე ფუნქციონირებს კიდევ ერთი საავადმყოფო, რომელიც არსებული გამოწვევების ადეკვატურია.
– აჭარის ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს საკარანტინე ზონებიც. . .
– ამ საკითხზე ოპოზიციას აქვს შენიშვნა – რატომ უნდა იხარჯებოდეს რეგიონის ბიუჯეტიდან საკარანტინე ზონებისთვის თანხები, რაც არასწორია. ვირუსს, ზოგადად, საზღვრები არ გააჩნია.
– რა საკითხებს განიხილავთ უმაღლესი საბჭოს სესიაზე?
– ორ ინიციატივას გავიტანთ სხდომაზე, რომელიც შეიძლება სამ პუნქტად დავყოთ – ეს ეხება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში უმაღლესი საბჭოს საგანგებო სესიების ცნების შემოღებას, რომ ამ პერიოდში უმაღლესი საბჭო მუშაობს საგანგებო სესიის რეჟიმში და ის ჩანაწერი, რაც გვაქვს ვადებთან და საკითხების თანმიმდევრობასთან დაკავშირებით, შესაძლებელია შეიცვალოს საგანგებო პერიოდში. მეორე ეხება უმაღლესი საბჭოს დისტანციურად მუშაობას. არსებულმა გამოწვევებმა გვიჩვენა, რომ ამის საჭიროება არსებობს და გამონაკლის შემთხვევებში, ექსტრაორდინარულ სიტუაციებში, ამ ჩანაწერის მიღების შემთხვევაში, უმაღლეს საბჭოს შესაძლებლობა ექნება იმუშაოს დისტანციურად, იქნება ეს საკომიტეტო მუშაობა თუ სხვა ტიპის აქტივობა. მესამე საკითხი – იცით, რომ უმაღლესმა საბჭომ გაეროს განვითარების პროგრამის, დაახლოებით, ნახევარმილიონიანი გრანტი მოიპოვა და, შესაბამისად, ამ გრანტის ფარგლებში, საკანონმდებლო ორგანოში იქმნება ღია მართველობის საბჭო. ამასთან დაკავშირებით, უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში კეთდება ჩანაწერი. ეს ყველაფერი ემსახურება ერთ მიზანს – მომავალში უმაღლესი საბჭოს მუშაობა უფრო ღია, გამჭვირვალე და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული იყოს. ინსტიტუციური მექანიზმი იქმნება – ღია მმართველობის საბჭოს სახით.
– ოპოზიციამ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმაც დაიწუნა.
– დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმ რესურსის და შესაძლებლობის ფარგლებში, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. საკმაოდ ეფექტურად რომ მუშაობს საქართველოს მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლება, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება. ბევრი მეგობარი ქვეყნის თუ ორგანიზაციის შეფასება მოვისმინეთ და ამ საკითხის ეჭვქვეშ დაყენება არა მგონია, მართებული იყოს.
– მოწოდება – დარჩი სახლში! – მოქალაქეებმა გაითავისეს, თუმცა ბევრი ადამიანი და განსაკუთრებით, თვითდასაქმებულები სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. . .
– პრინციპში, ჯერ ბოლომდე არაა ჩაშლილი, რა ტიპის თვითდასაქმებულებზე არ ვრცელდება 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარება, მაგრამ როგორც ვხედავთ, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა მაქსიმალურად მოიცვას საზოგადოების სხვადასხვა ფენა. დარწმუნენებული ვარ, არცერთი მოქალაქე არ დარჩება უყურადღებოდ.
– რამდენად საკმარისია 200-ლარიანი დახმარება იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც სამსახური დაკარგეს?
– რაც უფრო მეტია, უკეთესია და ვისურვებდი იყოს 2 ათასი, მაგრამ არსებული ბიუჯეტის და გამოწვევების პირობებში, ვფიქრობ, ეს იქნება ადამიანების ერთგვარი მინიმუმით უზრუნველყოფა. როგორც ვიცით, მთავრობა, ეკონომიკური გუნდი აგრძელებს მუშაობას პოსტკრიზისულ გეგმაზე და კიდევ მეტს უნდა ველოდოთ.
– ხელისუფლება აცხადებს, რომ დონორი და პარტნიორი ორგანიზაციებისგან 3 მილიარდ დოლარს მიიღებს საქართველო, ხოლო ოპოზიცია ირწმუნება, რომ ეს თანხები არ არსებობს. ისინი მიზეზად ბიუჯეტს ასახელებენ, სადაც ასახული უნდა იყოს ანტიკრიზისული გეგმისთვის საჭირო თანხა, მაგრამ ბიუჯეტი საქართველოს მთავრობას ამ დრომდე არ წარმოუდგენია.
– ცენტრალურ ბიუჯეტში ცვლილება არ განხორციელებულა და არ ვიცი, საიდან მოაქვთ მსგავსი რამ. ძალიან მალე ვნახავთ, რომ ეს თანხებიც არსებობს და ყველა ის პუნქტიც, რაც გეგმაშია გაწერილი, შესრულდება.
– დაბოლოს, რა დოზითაა ჩართული საკანონმდებლო ორგანო, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, რეგიონში მიმდინარე პროცესებში?
– ეს ყველაფერი იმართება ცენტრალიზებულად და სწორად, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის საკითხი, რაზეც უნდა მუშაობდნენ სპეციალისტები. ხდება რეკომენდაციების დაცვა და გააზრება, თუმცა უმაღლესი საბჭოს ფუნქციებიდან და როლიდან გამომდინარე, ჩვენ ჩართულნი ვართ პროცესებში. უმაღლესი საბჭოს ფუნქცია და როლი იკითხება იმაში, რომ ვიხილავთ რეგიონის ბიუჯეტს, რომელსაც საგანგებო, გნებავთ კრიზისული დავარქვათ, დანარჩენი უნდა ვანდოთ ინფექციონისტებს, ეპიდემიოლოგებს, რომლებმაც, დარწმუნებული ვარ, უკეთ იციან თავიანთი საქმე.