რას გვიქადის სუსხი და თოვლი აჭარის მაღალმთიანეთში?
ოთარ ცინარიძე: 599 85 21 14
აპრილი აჭარის მაღალმთიანეთში ისე მიილია, ზედიზედ ორი დღე მზეს ღრუბლებიდან არ გამოუხედავს. ღრუბელს და ნისლს ვინღა ჩივის, ძველი სტილით „ნასესხებ“ დღეებში, ასევე, 23 აპრილს ხულოს, შუახევის და ნაწილობრივ ქედის მუნიციპალიტეტების სოფლებში მოთოვა, ტემპერატურა დღის ბოლოს და ღამის საათებში ნულზე დაბლა ჩამოვიდა. სუსხმა სერიოზულად დააზიანა ხეხილი, ერთწლიანი კულტურები, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში (ელელიძეები, დუაძეები, ვაშლოვანი, ყინჩაური, ძმაგულა) აღმოცენებული კარტოფილი წაყინა. ყინვამ კაკლის ხეებიც დააზიანა შუახევისა და ხულოს სოფლებში.
როგორ უმკლავდებიან მთიელები ბუნების ჭირვეულობას სასოფლო სამეურნეო სამუშაოებისთვის ამ ყველაზე საპასუხისმგებლო პერიოდში? წლევანდელი მოსავლის სიუხვე ხომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქაური ოჯახებისთვისაც და მთელი რეგიონისთვისაც. ამ კითხვაზე დღეს აჭარის მთიანეთის მკვიდრნი გვიპასუხებენ.
გია დავითაძე, შუახევის მერის რწმუნებული დაბა შუახევის ადმინისტრაციულ ერთეულში:
– მარტის პირველი ნახევარი თბილი და მზიანი იყო. დაბაძველში, ოქროპილაურში, სხეფსა და ჩანჩხალოში ფერმერები საგაზაფხულო სამუშაოებს ნაადრევად შეუდგნენ. წინა წლების მსგავსად ხარი და გუთანი საძებარი აღარაა. ნაკვეთებს მოტობლოკებით ამუშავებენ. დროულად გასხლეს ვაზი, მაგრამ აპრილის ცივმა დღეებმა ყველას გაუცრუა მოლოდინი. ფერმერთა ერთი ნაწილი ბუნების ჭირვეულობას ორგანიზებული შრომით უპირისპირდება. დაბაძველში უკვე სარწყავი არხი აამოქმედეს. არხის გაწმენდას მალე დაიწყებენ ბესელაშვილებსა და ოქროპილაურში.
ოქროპილაურის სარწყავი არხი ერთ დროს მოწესრიგებული საირიგაციო საშუალება იყო. 2016 წლის ივლისს-აგვისტოს სტიქიური მოვლენების შემდეგ სათავე ნაგებობა დაზიანდა. წელს მნიშვნელოვანი თანხაა მობილიზებული სათავეში დიდი წყალგამტარობის ლითონის მილების ჩასაწყობად.
სარწყავი წყლის გარეშე გვრჩება სოფელი სხეფი და ღორექეთის უბანი. აჭარის მთავრობა, შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ამ პრობლემის მოსაგვარებლად თადარიგს იჭერენ.
ნოდარ კეჟერაძე, ფერმერი, სოფელი ლაკლაკეთი:
– შარშან, აპრილის შუა რიცხვებში ჩვენს სოფელში კარტოფილის თოხნა დასრულებული იყო. წელს აღმოცენებულიც არაა. დათესვის ვადები არ დაგვირღვევია. სუსხი, თოვლი, ტემპერატურის ცვალებადობა უარყოფით გავლენას ახდენს ხეხილზე. ტყემალს, ატამს, საადრეო მსხალსა და ვაშლს ნაყოფი დაცვივდა. 65 წლის კაცს არ მახსოვს, ვაშლის ყვავილობა ორ კვირას გაგრძელებულიყო. ჩვენს სოფელში ფერმერთა ერთ ნაწილს სინაპისა და დემირას ჯიშის ვაშლის ხეები გვაქვს. თუ ასე გაგრძელდა, ბარაქიან მოსავალს ამ ჯიშის მცენარეებისგანაც არ უნდა ველოდოთ. ეს ვაშლი, დანარჩენებისგან განსხვავებით, 20-25 დღით გვიან ყვავილობს, ამიტომ გვიან შემოდგომაზე იკრიფება.
ამირან ბერიძე, მეფუტკრე ფერმერი, სოფელი ფურტიო:
– აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამით ყინვაგამძლე კაკლის ნერგები შევიძინე და თითქმის ნახევარ ჰექტარზე გავაშენე. ამ ჯიშის კაკალია ჯერჯერობით გადარჩენილი. წლებია ფუტკარს ვუვლი. შარშან ღალიანობაც დროული და კარგი იყო, ფუტკრის ოჯახებმაც თბილი და მზიანი ამინდებით სიძლიერე შეინარჩუნა და თაფლიც საკმაოდ მოგვცა. წელს ცივი და თოვლიანი დღეები დაგვიდგა. ფუტკარს მუშაობა ურთულდება. ოჯახები დასუსტდა. უკვე რამდენიმე ოჯახი ხელოვნურ კვებას ითხოვს. თითქმის ყოველდღე საფუტკრეში ვტრიალებ, რომ ოჯახები შევინარჩუნოთ. მალე წაბლი ყვავილობას დაიწყებს. ეგებ მაშინ მაინც თბილი და მზიანი ამინდები დაგვიდგეს.
ფატი ჭაღალიძე, სოფელ ბრილის მცხოვრები:
– აპრილის ბოლო დეკადაში ბრილში 10 სანტიმეტრამდე თოვლი მოვიდა. კურკოვანი და კაკლოვანი ხილის მოსავალი განახევრებულია. მოყინა საადრეო მსხალი. ჭირვეულმა ამინდებმა, თოვლმა მეცხოველეებსაც პრობლემები შეუქმნა. ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები უხეში საკვების შემოტანას ართულებს. თითქმის გაორმაგდა კომბინირებული საკვების ფასები. სოფელში ბევრს, მათ შორის ჩვენც 10-ზე მეტი მეწველი ფური გვყავს, რაც ოჯახის ერთ-ერთი საარსებო წყაროა. წელიწადის ამ დროს აჭარა-გურიის, აჭარა-შავშეთის, მესხეთის ქედების კალთები აჭრელებული იყო, მთებში პირუტყვის გადარეკვაზე თადარიგს იჭერდნენ. ახლა ერთობ არასასურველი სურათის მოწმენი ვხდებით. თოვლი სოფლის შემოგარენში ისევ დევს. ეგებ ვარდობის თვეში თბილი ამინდები დაგვიდგეს, რომ მთებში თოვლი გაქრეს და პირუტყვი გადავრეკოთ.
ემზარ დავითაძე, შუახევის მერის წარმომადგენელი უჩამბის ადმინისტრაციულ ერთეულში:
– ტბეთში, წაბლანაში, გოგაძეებში საუკუნეს მიტანებული ადამიანები გვყავს. მათ კარგად ახსოვთ სხვადასხვა დროს ბუნების ჭირვეულობა. არ დავიწყებიათ, რომ 1969 წლის ივნისში ალპურ საძოვრებზე ნახევარ მეტრზე მეტი თოვლი მოვიდა, პირუტყვი დაიხოცა. 1999 წლის 19-20 მაისს აღმოცენებულ ერთწლიან კულტურებზე თოვლი დადო, მაგრამ წლის მოსავალი გადარჩა. წელს სულ სხვა რეალობის მოწმენი ვართ. წვიმა წამოვა თუ არა, სეტყვა და თოვლიც მოჰყვება.
ამინდის ჭირვეულობის ფონზე ჯაბნიძეებში, სამოლეთში, ცინარეთში, ლაკლაკეთში, ნაწილობრივ ტბეთში ნაკვეთების უმრავლესობა დაიხნა. სიმინდი, კარტოფილი, სხვა ერთწლიანი კულტურები დაითესა, თუმცა აღმოცენება როგორი იქნება, რთულია პროგნოზის გაკეთება. თოვლი ადრეც მოდიოდა, მაგრამ შემდეგ თბილი ამინდები მოჰყვებოდა. იმედია, ბუნება წყალობას მოიღებს და მშრომელი კაცის ნაშრომ-ნაამაგარს პირწმინდად არ წაახდენს.
სამწუხარდ, ამ მასალის ჩაწერიდან მცირე ხანში, 28 აპრილის დილას აჭარის მაღალმთიანეთში კვლავ გათოვდა.