დავით გაბაიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს დამახინჯებულად მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას
ნინო ცხვარაძე: 591 98 24 30 –
„თუ ახლა ჩვენ შევამცირებთ ფრაქციებს და თანამშრომლებს დავითხოვთ, მათ დაერქმევათ უმუშევრები და კრიზისის პერიოდში უნდა გადავუხადოთ კომპენსაცია. რა სარგებელს და შეღავათს გავუკეთებთ ამით ბიუჯეტს?“
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე კანონმდებლებმა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი 13 ხმით დაამტკიცეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს. სესია ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტები თავად ინიციატორმა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ წარმოადგინა.
პირველი ცვლილება, ობიექტური გარემოებების არსებობისას, სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, უმაღლესი საბჭოს დისტანციურ საქმიანობას, ასევე, ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მოქმედების გამოცხადების დროს უმაღლესი საბჭოს მიერ საგანგებო სესიის რეჟიმში მუშაობის გაგრძელებას ითვალისწინებს. მეორე ცვლილების თანახმად კი უმაღლეს საბჭოში შეიქმნება მუდმივმოქმედი ორგანო – ღია მმართველობის საბჭო, რომელიც ხელს შეუწყობს ღია მმართველობის პრინციპების დანერგვას, ასევე, საკანონმდებლო ორგანოს გაძლიერებას ინსტიტუციური ღიაობისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით. პროექტის მომზადებაში მონაწილეობდნენ ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები.
უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შესატანი ორივე ცვლილება კანონმდებლებმა ერთხმად დაამტკიცეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თვლიან, რომ უმრავლესობას სამი ფრაქცია არ სჭირდება. ისინი ფრაქციების გაუქმებას და გამოთავისუფლებული თანხების ბიუჯეტში ასახვას მოითხოვდნენ.
უმაღლეს საბჭოში „ქართულ ოცნებას“ 3 ფრაქცია აქვს და დაახლოებით 200 ათასი ლარი იხარჯება ამ მიმართულებით. ამასთან, ტრანსპორტისთვის, რომელიც ემსახურება უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს, 300 ათასი ლარი იხარჯება. ჯამში, ნახევარი მილიონი ლარის გამოთავისუფლებაა შესაძლებელი და თანხების იმ ადამიანებისთვის მოხმარება, რომლებიც დღეს სამსახურდაკარგულები სხედან სახლებში. თუმცა, უმრავლესობას არ სურს კომფორტზე უარი თქვას, – აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ელგუჯა ბაგრატიონი.
რაც შეეხება ე.წ. კრიზისულ ბიუჯეტს, მის დამტკიცებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
– წარმოდგენილ ბიუჯეტს არ შეიძლება საგანგებო ვუწოდოთ, რადგან 20 მილიონი ლარით საგანგებო ბიუჯეტი – სასაცილოა მაშინ, როცა თავისუფლად შესაძლებელია ბევრად მეტი თანხა გამოიყოს მოსახლეობის დასახმარებლად, – აცხადებს ელგუჯა ბაგრატიონი.
ოპოზიციის ბრალდებებს რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ უპასუხა და თქვა, რომ სირცხვილია დააბრალო სხვას ის, რისი გამკეთებელიც შენ ხარ.
-ასმათ დიასამიძემ და მურმან ბერიძემ წინა მოწვევის დროს დატოვეს „ნაციონალური მოძრაობა“ და რანაირად დატოვეს, კარგად იცით. – იმის გამო, რომ ფრაქციის თავმჯდომარე გამხდარიყო ასმათ დიასამიძე. იგი დღესაც „ნაციონალური მოძრაობის“ სახეა. სირცხვილია, დააბრალო ადამიანს ის, რისი ჩამდენიც თავად ხარ. რაც შეეხება ზოგადად ბიუჯეტის განხილვას და ემოციურ ნაწილს, უმაღლეს საბჭოში ბიუჯეტის განხილვა ყოველთვის ამ ფონზე მიმდინარეობდა და იმისთვის არსებობს საკანონმდებლო ორგანო, რომ გამოითქვას განსხვავებული მოსაზრებები, ხშირად არის კამათიც, რაშიც განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, – აცხადებს დავით გაბაიძე. მისივე თქმით, ის ინიციატორი და ერთ-ერთი თანაავტორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, სადაც არსებობს ჩანაწერი, რომ მომდევნო, 2020 წლის მოწვევის უმაღლეს საბჭოში ერთი პოლიტიკური პარტიით გასულ წევრებს უფლება ექნებათ მხოლოდ ერთი ფრაქცია შექმნან.
– თუ ახლა ჩვენ შევამცირებთ ფრაქციებს და თანამშრომლებს დავითხოვთ, მათ დაერქმევათ უმუშევრები და კრიზისის პერიოდში უნდა გადავუხადოთ კომპენსაცია. რა სარგებელს და შეღავათს გავუკეთებთ ამით ბიუჯეტს? არაფერს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს დამახინჯებულად მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას. თუმცა საზოგადოება და თქვენ, ჟურნალისტები, ამ ყველაფერს ხედავთ, – განაცხადა დავით გაბაიძემ.
რაც შეეხება ბიუჯეტს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც რეგიონში და ქვეყანაშია. როგორც მან აღნიშნა, არსებული შესაძლებლობის ფარგლებში, რეგიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტი სწორადაა დაგეგმილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შენიშვნები, რომელიც პარტიამ წერილობით წარუდგინა უმრავლესობას, არ გაუთვალისწინებიათ.
– შენიშვნებს ვერ გავითვალისწინებდით იმიტომ, რომ იცით, ბიუჯეტის წარმოდგენის უფლებამოსილება აქვს რეგიონის მთავრობის თავმჯდომარეს. გარდა ამისა, ამ ფორმით ბიუჯეტში ცვლილებები არ შედის. რეგლამენტი ზოგჯერ არ არის ცუდი დოკუმენტი. კარგი იქნება, თუ ოპოზიციონერი დეპუტატები, განსაკუთრებით ისინი, ვისაც იურისტობაზე აქვს პრეტენზია, ერთხელ მაინც წაიკითხავენ ამ დოკუმენტს და შემდგომში ამ ფორმით ამ ტიპის შეკითხვებს აღარ დასვამენ, – გვითხრა დავით გაბაიძემ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, ბიუჯეტის ასიგნებების ცვლილება გამოწვეულია ქვეყანაში არსებული საგანგებო ვითარებით და მიზნად ისახავს მოსახლეობის პანდემიისგან მაქსიმალურად დაცვას.
პროექტის თანახმად, გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 23 370,3 ათასი ლარით, რაც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებს, საკარანტინე ზონების ორგანიზება-უზრუნველყოფას, ბათუმის 170 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს აღჭურვა-ფუნქციონირებას, რისკჯუფების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებითა და ვირუსით დაავადებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას, სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავების მასტიმულირებელ ღონისძიებებს, სასათბურე მეურნეობებსა და სხვა აუცილებელ პროგრამებს მოხმარდება.
3 მილიონ 800 ათასი ლარითაა განსაზღვრული მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდი, რომლის ნაწილი სასურსათო კალათებით მოსახლეობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
-ბიუჯეტი, რომელიც წარმოვადგინეთ, ემსახურება პანდემიის დროს საჭირო ღონისძიებების გატარებას. საერთო ჯამში, 23 მილიონ ლარზე მეტის ცვლილება განხორციელდა ბიუჯეტში. აქედან 20 მილიონზე მეტი კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება. ორი ძირითადი ამოცანა გვაქვს – მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, მოვახდინოთ ვირუსის გავრცელების პრევენცია, ინფიცირების შემთხვევაში – ჩვენი მოქალაქეების მკურნალობა და მეორეც, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ეკონომიკური აქტივობა იმ დონეზე, რაც შემდეგში, პოსტკრიზისულ პერიოდში, მოგვცემს სწრაფი განვითარების საშუალებას. შესაბამისად, მაქსიმალურად გრძელდება ის პროექტები და განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რომლებიც მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტიურობის შესაძლებლობას მოგვცემს რეგიონში. 20 მილიონი მოხმარდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტს, ორი ძირითადი მიმართულებით – ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესყიდვას და რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვას, – განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ. მინისტრის განცხადებით, საბიუჯეტო ცვლილებები ქვეყანაში პანდემიის დაძლევის შემდეგაც იგეგმება.

