ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 –
აჭარაში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, ინფიცირებული ქობულეთის კლასტერიდანაა. ამ დროისთვის პაციენტი ბათუმის ,,მედალფას” კლინიკაშია გადაყვანილი. მას ვირუსისთვის დამახასიათებელი მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება. ქობულეთში 24 საათის განმავლობაში შესაბამისი კვლევა 210-მდე პირს ჩაუტარდა. როგორც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, ბათუმის ,,მედალფას“ კლინიკაში ახალ კორონავირუსზე 36 პაციენტი მკურნალობს, აქედან 35 ქობულეთის კლასტერიდანაა.
– დილის ინფორმაციით, 210 გამოკვლეული პირიდან ახალი კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა, რომელიც ქობულეთის კლასტერთანაა დაკავშირებული. აღნიშნული პირი იზოლაციაში იმყოფებოდა, ვინაიდან ის ინფიცირებულთან კონტაქტირებული პირი იყო. მას აქვს მინიმალური კლინიკური ნიშნები. დაავადება გუშინ დაუდასტურდა და გადაყვანილია კლინიკა „მედალფაში“. ის მკაცრად იცავდა იზოლაციის წესებს და შეხება მოსახლეობის სხვა ჯგუფებთან არ ჰქონია. ქობულეთის კლასტერიდან აღრიცხულია 36 შემთხვევა, რომელთაგან 5 უკვე განიკურნა. ისინი 2-კვირიან რებილიტაციას საკარანტინო სივრცეში გადიან. დღეს ველოდებით საკონტროლო კვლევის მეორად შედეგებს, შემდეგ კი მივიღებთ გადაწყვეტილებას მათი კლინიკიდან გაწერის შესახებ. დილის მონაცემებით, ცხელების კლინიკებში არის 28 პირი, რომელთა ლაბორატორიული კვლევის შედეგები დღის განმავლობაში იქნება ცნობილი. ლუგარის ლაბორატორიაში 3565 პირის ტესტირება ჩავატარეთ, საიდანაც 900–ზე მეტი სამედიცინო პერსონალია. მათთან მიმართებაში ყველას პასუხი ტესტზე უარყოფითია. ჯერჯერობით სიტუაცია სტაბილურია, თუმცა ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად გავითავისებთ პრევენციულ ღონისძიებებს, – გვითხრა ნინო ნიჟარაძემ.
აჭარის რეგიონის საკარანტინე სივრცეებში 1707 პირი იმყოფება. 4200–მდე ადამიანმა უკვე დატოვა საკარანტინო სივრცე.
დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსი კიდევ 22 ადამიანს დაუდასტურდა, შესაბამისად, საქრთველოში კოვიდ-19-ის შემთხვევა 539-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელებულთა რიცხვია 178, გარდაცვლილია 6 ადამიანი.
ჯამში, საქართველოს მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 5247 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 532 პირი.