პანდემია რომ ჩაივლის, ბევრი ადამიანი დაუბრუნდება სოფელს
ოთარ ცინარიძე: 599 85 21 14 –
„სამინისტრო მიაწოდებს ფერმერებს სრულყოფილ ინფორმაციას, თუ რა აგროტექნიკური ღონისძიებები უნდა გაატარონ მცენარეების გადასარჩენად. ამასთან, სერვისცენტრი წელს ფერმერებს ბოსტენეულ ჩითილებს უსასყიდლოდ გადასცემს, სახნავ-სათეს ფართობებს უფასოდ დაუმუშავებს“
ქვეყნის, რეგიონის ხელმძღვანელობა სოფლის მეურნეობის განვითარებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ჩვენი სტუმარია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვისცენტრის“ დირექტორი, აკადემიურ მეცნიერებათა დოქტორი გოჩა ბერიძე.
– ბატონო გოჩა, ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის აჭარის მაშტაბით რა სამუშაოები ტარდება?
– წელს ქვეყანაში kovidD-19 გავრცელების გამო საჭირო გახდა დაგეგმილ პროგრამებში გარკვეული ცვლილებების შეტანა. დაგვემატა ორი ახალი პროგრამა – „სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დახვნა“ და „ბოსტნეული კულტურების წარმოება“. ასევე, 1 000 000 ცალით გავზარდეთ საჩითილე მეურნეობაში ბოსტნეული ჩითილების (კიტრი, პომიდორი, ტკბილი წიწაკა, ბადრიჯანი) წარმოება. ფერმერებს ისინი უსასყიდლოდ დაურიგდება. შუახევის მუნციპალიტეტში მოეწყობა ლოჯისტიკური ცენტრი, სადაც ადგილზე წარმოებულ პროდუქციას მიიღებენ, დაახარისხებენ და გადაამუშავებენ. აქ ფერმერები არსებული სამაცივრე მეურნეობით ისარგებლებენ. წელს ვაზისა და ხეხილის სანერგეებში აწარმოებენ ვაზის (სასუფრე, საღვინე) 40000 და ხეხილის 7000 ძირ (ვაშლის, მსხლის, ბლის, ტყემლის, ქლიავის) ნერგს, რომელიც შეღავათიან ფასებად გაიყიდება. ჩაქვის ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობაში კი აწარმოებენ 10000 ძირ ციტრუსის (მანდარინი ფორთოხალი, ლიმონი, გრეიფრუტი) ნერგს. შუახევის მუნიციპალიტეტში, გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებით, კოოპერატივს გადაეცემა 17000 ლარის ღირებულების დანადგარები, მოეწყობა მცირე მექანიზაციის სახელოსნო, სადაც ფერმერებს მცირე მექანიზაციის საშუალებებს შეუკეთებენ. ასევე, ფერმერები შეძლებენ მათთვის საჭირო რიგი ნაწილების შეძენას. ქედის მუნიციპალიტეტში აშენდება ვეტერინარული კლინიკა. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ამუშავდება სასათბურე მეურნეობა, სადაც 410 ტონა ბოსტენეულს აწარმოებენ. სათბურებში დასაქმდება 20 ადგილობრივი. ამასთან, ფერმერები მიიღებენ სათბურებში ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ყველა მუნიციპალიტეტში ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ, „აგროსერვისცენტრის“ მექანიზაციის საშუალებებით ნარგავები შეწამლონ. ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში ფერმერები „აგროსერვისცენტრის“ ტექნიკით თივის პრესის დამზადებასაც შეძლებენ. შუახევში ამოქმედდა სასუქებისა და შხამქიმიკატების მაღაზია, სადაც ფერმერები აგროღონისძიებებთან დაკავშირებით aმომწურავ ინფორმაციას მიიღებენ, შეიძენენ პესტიციდებსა და სასუქებს. ვეტერინარულ კლინიკაშიკი მიიღებენ შესაბამის მომსახურებას, შეიძენენ საჭირო პრეპარატებს. ყველაზე მნიშვნელოვნად შეიძლება დავასახელოთ „სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამა, რომელსაც აჭარაში პირველად ვახორციელებთ. მისი მიზანია ახალი სამუშაო ადგილების შექმნისათვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა, სამეწარმეო საქმიანობის განვითარება, მოსახლეობის ცხოვრების დონის და სოციალური მდგომარეობის მუდმივი ზრდა ბიზნესში ჩართულობის ხელშეწყობით. პროგრამის პრიორიტეტებია: ინოვაციური პროექტები; ახალგაზრდა მეწარმეების მიერ წარმოდგენილი პროექტები; ქალების მიერ წარმოდგენილი პროექტები; სოფლად გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და კლიმატის ცვლილებების შერბილების ღონისძიებების ხელშეწყობით გათვალისწინებული პროექტები. პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს, საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმე იურიდიულ/ფიზიკურ პირს, რომელსაც სურს ბიზნესსაქმიანობის განხორციელება. პროგრამა ითვალისწინებს როგორც ახალი სამეწარმეო საქმიანობის („start-ap“) ხელშეწყობას, ასევე, არსებული საქმიანობის გაფართოება/მოდერნიზებას. განხორციელების არელიაა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა მუნიციპალიტეტი (პროგრამა განხორციელდება ქალაქ ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე და მუნიციპალიტეტის დაბებში), გარდა ქალაქების ქობულეთისა და ბათუმის ტერიტორიებისა. დაფინანსების პირობები ასეთია: ცენტრის დაფინანსება ერთ ბენეფიციარზე განსაზღვრულია არანაკლებ 5 000 ლარით, თუმცა პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილ განაცხადზე არაუმეტეს 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარით. ცენტრი მიიღებს პოტენციური ბენეფიციარის მხოლოდ ერთ განაცხადს.
– შუახევის საჩითილე მეურნეობის, ვაზისა და ხეხილის სანერგეების მოწყობა, აგრომაღაზიისა და ვეტერინარული კლინიკის გახსნა რა დადებით შედეგებს მოგვცემს?
– მთიან აჭარაში სოფლის მეურნეობის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. წლებია, რეგიონში სანერგეებისა და საჩითილე მეურნეობების დეფიციტია, განსაკუთრებით, მაღალმთიანეთში. მუნიციპალიტეტებში არ იყო ვეტერინარული მომსახურების სერვისი. შუახევში, სოფელ ახალდაბის ტერიტორიაზე, 1 ჰექტარ ფართობზე მოწყობილია სანერგე მეურნეობა, სადაც დარგულია 1000 ძირი ვაზი. საღვინე ვაზის ჯიშებია: ჩხავერი, ცოლიკოური, საწური, ალექსონდროული, უსახელოური, ოჯალეში, კრახუნა. სასუფრე ვაზის ჯიშები – პრიმა, კარდინალი, იტალია. სანერგე სადემონსტრაციო დანიშნულებისაა, სადაც ფერმერებს სრული შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ აგრონომისგან კვალიფიციური ინფორმაცია ვაზის ჯიშების, დაავადებებისა და მოვლის თაობაზე. შუახევში, სოფელ ქიძინიძეების ტერიტორიაზე, 8000 კვადრატული მეტრის ფართობზე მოწყობილია ხეხილის სანერგე მეურნეობა, სადაც დარგულია 600 ძირი ვაშლი, მსხალი, ნიგოზი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, ატამი. ეს სანერგეც სადემონსტრაციო დანიშნულებისაა. აქ წარმოდგენილია ნახევრად ინტენსიური და ინტენსიური ხეხილის ჯიშები, რაც რეგიონისათვის სიახლეა. შუახევში, ოქროპილაურის ტერიტორიაზე, 3500 კვადრატული მეტრის ფართობზე მოწყობილია საჩითილე მეურნეობა, რომელიც აღჭურვილია უახლესი დანადგარებით, სადაც გამოყავთ მაღალხარისხიანი უვირუსო საჩითილე მასალა. წელს მომზადდება 1 000 000 მეტი ჩითილი, რომელიც ადგილობრივ ფერმერებს უფასოდ დაურიგდებათ.ეს საჩითილე მეურნეობაც სადემონსტრაციო დანიშნულებისაა და ფერმერებს შეუძლიათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ აგრონომისგან ბოსტნეული ჩითილების მოვლა-მოყვანის თაობაზე. ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ, გამოძახებით მიიღონ მექანიზაციის სერვისი, კერძოდ, ნიადაგის დახვნა, წამლობითი ღონისძიების ჩატარება, თივის პრესვა. ნიადაგის დახვნის მომსახურების ტარიფი 1 ჰა-ზე შეადგენს 140 ლარს; წამლობითი ღონისძიება დამხმარე მუშით( 1000 ლიტრი) – 70 ლარს; ერთი თივის ტუკის დამზადების ტარიფი 0.6 ლარია. ტრაქტორის გამოძახებაზე ფერმერი დამატებით იხდის 1 კილომეტრზე 1 ლარს. დაანგარიშდება დისლოკაციის ადგილიდან გასვლის და დაბრუნების მანძილი. შუახევში, ოქროპილაურის ტერიტორიაზე მოწყობილია თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი ვეტერინარული კლინიკა, სადაც განთავსებულია ვეტერინარული აფთიაქი და საოპერაციო. აქ შინაურ ცხოველების გეგმიური ოპერაციების გარდა, შეიძლება ფერმერებისათვის პერიოდულად ჩატარდეს უფასო ტრენინგები პირუტყვის მოვლის და კვების თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ადგილობრივ სტუდენტებს შეუძლიათ პრაქტიკისა და სტაჟირების გავლა
– ერთი მილიონი ლარია მობილიზებული „აგროსერვისცენტრის“ მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში. სოფლის მეურნეობის რა დარგებზეა ორიენტირებული ეს გრანტი და რა დადებით შედეგს მოიტანს?
– აღნიშნული პროგრამა სოფლის მეურნეობის ყველა დარგს მოიცავს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროგრამა არ არის მხოლოდ სოფლის მეურნეობაზე ორიენტირებული. იგი აფინანსებს ზოგადად, სოფლის განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებსაც, მათ შორის ტურისტულ მიმართულებას. მთიან აჭარაში, კერძოდ, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში არ არის გადამამუშავებელი საწარმოები. გამონაკლისი ამ მხრივ ქედაა, სადაც მოქმედებს ერთი საწარმო, მაგრამ ფერმერები ვერ ახერხებენ პროდუქციის ჩაბარებას სხვადასხვა მიზეზის გამო. მეცხოველეობის და მეფრინველეობის ფერმებიც რეგიონში მცირეა. თევზის მეურნეობების ფუნქციონირება, ხელსაყრელი ბუნებრივი პირობების მიუხედავად, შეჩერებულია. ტურიზმის განვითარებასთან ერთად, შემოსავლიანი გახდა მეღვინეობის განვითარება და მარნების მოწყობა. ამდენად, აღნიშნული პროგრამა შესაძლებლობას გვაძლევს, ფინანსურად დავეხმაროთ ადგილობრივ წარმოებას ან დავაფინანსოთ სტარტაპები, დამწყები ფერმერები. პროგრამის განხორციელებით შესაძლებელი გახდება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სამეწარმეო საქმიანობის განვითარება, მოსახლეობის ცხოვრების დონის და სოციალური მდგომარეობის გაზრდა.
– წლევანდელი გაზაფხული ფერმერებს არ ანებივრებს. აპრილის მეორე ნახევარში ტემპერატურა საგრძნობლად დაეცა. ბევრი ხეხილი წაიყინა. მოთოვა ბოლო დეკადაშიც.
– სამინისტრო მიაწოდებს ფერმერებს სრულყოფილ ინფორმაციას, თუ რა აგროტექნიკური ღონისძიებები უნდა გაატარონ მცენარეების გადასარჩენად. ამასთან, სერვისცენტრი წელს ფერმერებს ბოსტენეულის ჩითილებს უსასყიდლოდ გადასცემს, სახნავ-სათეს ფართობებს უფასოდ დაუმუშავებს. ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, „აგროსერვისცენტრის“ მექანიზაციის გამოყენებით, აგროვადებში ჩაატარონ წამლობითი ღონისძიებები.
– თქვენს მშობლიურ სოფელ დარჩიძეებში პირველი ხართ, ვინც სოფლის მეურნეობის მიმართულებით აკადემიური დოქტორის ხარისხი მოიპოვა. რა იყო სადისერტაციო თემა და როგორ წაადგება იგი სოფლის მეურნეობას?
– საქართველოს სოფლის მეურნეობა მდიდარი ტრადიციებით გამოირჩევა. სამწუხაროდ, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ხელსაყრელი ბიოგეოკლიმატური პირობების მიუხედავად, ამ დარგის განვითარება დღეს საგრძნობლად ჩამორჩება ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარებას. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა დამოკიდებულება სოფლის მეურნეობისადმი და მისი განვითარება პრიორიტეტულად გამოცხადდა, შესაბამისად, ყოველწლიურად მზარდია სოფლის მეურნეობის ბიუჯეტი. დიდი ყურადღება ექცევა მცირემიწიანი ფერმერების მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსებას. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად მიზნად იქცა ფერმერებისა და სოფლად დასაქმებულთა უნარებისა და შესაძლებლობების ამაღლება სოფლის მეურნეობის დარგის პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისთვის. სწორედ ამ აქტუალურ თემაზე დავიწყე სადისერტაციო ნაშრომი: „საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების მნიშვნელობა და მისი ეკონომიკური ეფექტიანობა სოფლის განვითარებაში (აჭარის მაგალითზე)“. მისი მიზანი სახელმწიფო ექსტენციის სამსახურის პრობლემებისა და ნაკლოვანებების შესწავლა იყო. 10 წელზე მეტია, სოფლის მეურნეობის დარგს ვემსახურები. სხვებთან ერთად ვცდილობდი, ყველა პროექტი თუ პროგრამა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დამეგეგმა. მეტნაკლებად მოვახერხე კიდეც. თავის ქებად არ ჩამომართვათ, მაგრამ მართლაც, ბევრი სასიკეთო საქმის ავტორიც და თანაავტორიც გახლავართ. ბევრი რამ ვერ შევძელი, მაგრამ ვიმედოვნებ, მომავალში მოვახერხებ, მნიშვნელობა არ აქვს, რა პოზიციიდან.
– საუკუნეებია, მთიანი აჭარის მოსახლეობა ზაფხულობით პირუტყვს საძოვრებზე მირეკავს. ახალი კორონავირუსის პანდემია ამ ტრადიციას ხომ არ შეაფერხებს?
– ქვეყანაში გავრცელებული ვირუსის მიუხედავად, სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქმიანობა არ შეზღუდულა. ასევე, ფერმერებს შეუფერხებლად შეუძლიათ გადაადგილდნენ როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტით. ამდენად, წელსაც ამ საუკუნოვან ტრადიციას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. უფრო მეტიც, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად, იგეგმება ერთობლივი ღონისძიებები, რათა დავეხმაროთ მოსახლეობას, ორგანიზებულად გადარეკოს პირუტყვი იალაღებზე.
– აჭარაში საგაზაფხულო სამუშაოები რა ეტაპზეა? პანდემიამ მოსახლეობა სოფელში დააბრუნა, ეს ამ საქმესაც წაადგებოდა. . .
– ზოგი ჭირი მარგებელიაო, ასე შეიძლება ითქვას ამ სიტუაციაზეც. ბევრი ქალაქად მცხოვრები დაუბრუნდა სოფელს და დაიწყო მიწის დამუშავება. სოფელში დაბრუნებული კაცი უნდა დარწმუნდეს, რომ სახელმწიფო სოფელზე ზრუნავს და მისი იქ დარჩენა ეკონომიკურადაც მომგებიანი იქნება. ვფიქრობ, სწორად თუ წარიმართა მოვლენები, პანდემია ჩაივლის და ბევრი ადამიანი დაუბრუნდება თავის სოფელს. შეიძლება მუდმივად არ გადასახლდეს სოფელში, მაგრამ მიწის დამუშავებას გააგრძელებს, რაც მცირემიწიანობის პირობებში ჩვენი ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ერთი გოჯი მიწა არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი, რომ ქვეყანაში დოვლათი შეიქმნას. ამ პანდემიის დროს ყველა დარწმუნდა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტულია.