სიკვდილისთვის განწირული ძაღლი ბათუმელებმა გადაარჩინეს
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 –
უნდა მოგითხროთ ძაღლზე, რომელიც ჩოხატაურის ქუჩებში ადამიანის დაუდევრობის გამო აღმოჩნდა. ბათუმელი ცხოველთა უფლებების დამცველი ლევან ჩხაიძე ერთ-ერთი აქტივობისას ჩოხატაურში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივმა მოხალისეებმა მოუვლელი, სახლიდან გამოგდებული პოინტერის შესახებ უამბეს. ძაღლი იმდენად გამხდარი იყო, რომ სხეულზე ყველა ნეკნი და სხვა ძვალი ეტყობოდა. . . გამომდინარე იქიდან, რომ მას სჭირდებოდა ვეტერინარის მკურნალობა (მხოლოდ გამოკვებით ძაღლი ვერ გადარჩებოდა), ლევანმა მოხალისეებთან ერთად ძაღლი ბათუმში ჩამოიყვანა. ცხოველს მკურნალობის კურსი ჩაუტარეს, რის შემდეგაც მზრუნველმა ოჯახმა „იშვილა“.
– ბათუმში ვეტერინარ გიორგი კალანდაძესთან კონსულტაციისა და ანალიზების აღების შემდეგ გადავწყვიტეთ, ძაღლი ბათუმში დაგვეტოვებინა, რადგან მას ათდღიანი მკურნალობა სჭირდებოდა. გიორგიმ მას მკურნალობის კურსი უსასყიდლოდ ჩაუტარა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. მოხალისეების დახმარებით ოთხფეხა მეგობარს მედიკამენტები შევუძინეთ და დროებით შემფარებელიც ვუპოვეთ. მეორე დღესვე სოციალურ ქსელში გავაკეთე მიმართვა „ჩოხატაურელის” შესახებ. სხვადასხვა ქალაქიდან მალევე გამოუჩნდნენ მისი ოჯახში აყვანის მსურველები. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ძაღლის ათდღიანი მკურნალობის დასრულებამდე ქალაქიდან გასვლა აიკრძალა, თუმცა მალევე გამომეხმაურა ჩემი ბათუმელი მეგობარი ერიკი და ძაღლის აყვანის სურვილი გამოთქვა. მითხრა, რომ მისმა შვილებმა ძაღლს სახელიც კი შეურჩიეს – ჩერი. ძლიან გამიხარდა ეს ფაქტი – ცხოველს მზრუნველი და თბილი ოჯახი აიყვანდა. ჩვენ ის გადავარჩინეთ – შეთანხმებისამებრ ერიკმა „იშვილა”. ბედნიერი ვარ, რომ დღეს საიმედო ხელშია, ჯანმრთელი და უვნებელი, – გვითხრა ლევან ჩხაიძემ.
ჩერის დღეს თბილი, ყურადღებიანი ოჯახი ჰყავს. . . მოძლიერდა, მოსუქდა და გალამაზდა. თუ ბათუმის ქუჩებში ბავშვებთან მორბენალ პოინტერს დაინახავთ, იქნებ სწორედ ჩერი იყოს, ძაღლი რომელიც არცთუ ისე დიდი ხნის წინ ქუჩაში სიკვდილისთვის გაწირეს. . .
ნუ ვიქნებით გულგრილნი, არ მივატოვოთ ცხოველები!