ცვლილებებთან ადაპტირების უნარი ეხმარებათ წინსვლასა და განვითარებაში
ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 –
მსოფლიოში შექმნილი ახალი რეალობის გამო თითოეულ ორგანიზაციას გეგმებიდან გადახვევა მოუწია, თუმცა ამ ვითარებაში მთავარი გამოსავლის პოვნა, იმ ალტერნატივის მიგნებაა, რომელიც არგებს ადამიანებს. სწორედ, ამიტომ დაიწყო ხელვაჩაურის ახალგაზრდულმა ცენტრმა დისტანციურ რეჟიმში მუშაობა. ისინი ახალგაზრდებს ბევრ საინტერესო და საჭირო აქტივობას სთავაზობენ. კონკრეტულად, რა მიმართულების ღონისძიებები იმართება, რამდენად ხელმისაწვდომია ეს ახალგაზრდებისთვის და რა გამოწვევების წინაშე დადგა ცენტრი? – ჩვენს კითხვებს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი და ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელი ნატა ხინკილაძე უპასუხებს.
– ქალბატონო ნატა, როგორ მოახერხა ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრმა ღონისძიებების წარმართვა დისტანციურ რეჟიმში და რამდენად კომფორტულია თქვენი ცენტრისთვის ეს მიდგომა ?
– ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის 2020 წლის ღონისძიებათა გეგმა მრავალფეროვანია. მაშინ, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა, ჩვენ უკვე რამდენიმე მასშტაბური ღონისძიება ჩანიშნული გვქონდა. შექმნილი გარემოებიდან გამომდინარე, მოგვიხდა ღონისძიებების გონივრული ვადით გადადება. როგორც ყველა, ჩვენც აღმოვჩნდით გამოწვევის წინაშე. ვფიქრობ, ცვლილებებთან ადაპტირების უნარი ასეთ სიტუაციაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და ჩვენ, ახალგაზრდებთან ერთად, ამ გამოწვევასაც ვუპასუხეთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შარშან ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ხორციელდებოდა ონლაინ ტრენინგების პროგრამა, რომელშიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მშობლებთან ერთად იყვნენ ჩართულნი. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ცენტრს უკვე ჰქონდა მსგავსი მუშაობის გამოცდილება.
– რამდენად ხელმისაწვდომია ყველასთვის დისტანციურ ღონისძიებებში ჩართვა ?
– პირველივე დისტანციური ღონისძიების დაგეგმვის ეტაპზე ახალგაზრდობის ცენტრის წევრებთან ჩავატარეთ გამოკითხვა, რამდენად შეძლებდნენ აქტივობებში ჩართვას, იყო თუ არა მათთვის ხელმისაწვდომი ინტერნეტი. გაირკვა, რომ ცენტრთან არსებული ყველა კლუბის წევრები ახერხებენ ღონისძიებებში მონაწილეობას.
– როგორ შეაფასებთ ამ მიმართულებით მუშაობას, რა გამოწვევების წინაშე დადგა ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი ?
– ყოველი ღონისძიების დასრულებისას ვაკეთებთ დღის შეფასებას, რათა მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მონაწილე ახალგაზრდების შთაბეჭდილებები და შენიშვნები. სწორედ ახალგაზრდების შეხედულებებით ვიხელმძღვანელებ ამ შემთხვევაშიც. ზოგის აზრით, დისტანციური რეჟიმის დადებთი მხარე მოქნილობა და ხელმისაწვდომობაა. ახალგაზრდებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ დაესწრონ მათთვის საინტერესო ტრენინგს, მიიღონ მონაწილეობა ინტელექტუალურ აქტივობებში, ეკონტაქტონ ახალგაზრდობის ცენტრში შეძენილ მეგობრებს, გაუზიარონ ერთმანეთს მოსაზრებები, იდეები და როგორც ამბობენ, არ იყვნენ დათრგუნულები ამ ვითარებაში. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ დისტანციური ღონისძიებების შეფასებისას თქვა: „ თითქოს დრო გაჩერებულია, ჩვენ კი მაინც ვვითარდებით. ამით ბედნიერები ვართ მე და ჩემი მშობლები“. სწორედ ეს არის ახალგაზრდობის ცენტრის ერთ-ერთი ძირითადი მიზანიც. ჩვენთვის პრიორიტეტია ახალგაზრდების პიროვნული და ინტელექტუალური განვითარების ხელშეწყობა, დროის საინტერესოდ ხარჯვა, სიახლეებთან შეგუების უნარის ჩამოყალიბებაში დახმარება. რაც შეეხება უარყოფით მხარეს, არის ის, რომ დისტანციური რეჟიმი ვერ მოიცავს მასშტაბურ, ფიზიკურ აქტივობებს, რასაც ახალგაზრდები სულმოუთქმელად ელოდებიან.
-ამ ეტაპზე, ძირითადად, რა ტიპის ღონისძიებები იმართება ცენტრში ?
– როგორც მოგეხსენებათ, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ფუნქციონირებს სხვადასხვა მიმართულების კლუბები: ლიტერატურული, მოხალისეთა, ინტელექტკლუბი, არტკლუბი, დებატკლუბი, კინოკლუბი, შშმ პირების მშობელთა კლუბი. წელს ვაპირებთ ეკოკლუბის დაფუძნებასაც. ამ ეტაპზე ვცდილობთ, ჩვენმა საქმიანობამ მოიცვას ახალგაზრდობის ცენტრთან არსებული ყველა კლუბი, განსაკუთრებით მოხალისეთა კლუბი, რადგან არსებულ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოხალისეთა როლი. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ახალგაზრდობის ცენტრის წევრები დღემდე არიან ჩართულნი სხვადასხვა სოციალურ აქტივობაში. ჩვენ გავუწიეთ ორგანიზება საინფორმაციო ტრენინგს თემაზე: ,,სამოქალაქო პასუხისმგებლობა“, რათა ახალგაზრდებს უკეთ გაეაზრებინათ აქტიური მოქალაქეობის მნიშვნელობა, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაცვის აუცილებლობა და ერთმანეთისთვის მიეცათ მოტივაცია რეკომენდებული წესების დაცვისთვის. ვუწევთ ორგანიზებას ფსიქოლოგთან დისტანციურ შეხვედრებს. ახალგაზრდების სურვილის გათვალისწინებით, ჩავატარეთ ტრენინგი თემაზე: ,,კრიზისული პერიოდი და მასთან გამკლავების სტრატეგიები“. ფსიქოლოგმა ახალგაზრდებს კრიზისული სიტუაციების მართვის სტრატეგიების შესახებ რეკომენდაციები გაუზიარა, საოჯახო პირობებში განწყობის გაუმჯობესების, სტრესთან გამკლავების მეთოდები გააცნო და მიმდინარე პერიოდში ონლაინკონტაქტი შესთავაზა. ტარდება ინტელექტუალური თამაშები, რომლებიც ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა ახალგაზრდებში. სიხარულით ერთვებიან თითოეულ თამაშში. ვატარებთ აქტივობებს კინოკლუბის ფარგლებშიც, თუმცა ფილმების ნახვა ახალგაზრდებს დამოუკიდებლად უწევთ. ჩვენ მხოლოდ კინომცოდნეების დახმარებით ფილმების შერჩევის, განხილვისა და ერთმანეთისთვის შთაბეჭდილებების გაზიარების კუთხით ვერთვებით და კინომოყვარულთა ერთმანეთთან დაახლოებას ვცდილობთ. ლიტერატურული კლუბის ფარგლებში, ახალგაზრდების ნაშრომებს ვაქვეყნებთ სოციალურ ქსელში, ჩვენს ოფიციალურ გვერდზე. ამევე კლუბის ფარგლებში, ვაწყობთ წიგნების ონლაინგანხილვებსაც, რასაც ახალგაზრდობის ცენტრში წლების განმავლობაში ვახორციელებთ და ახალგაზრდების დიდი რაოდენობაა ჩართული. ვცდილობთ, ისეთი მოთხრობები შევარჩიოთ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამაშია შეტანილი და ეს აბიტურიენტებისთვის გამოსადეგია. მიუხედავად არსებული ვითარებისა, ვცდილობთ, ასევე, დისტანციურად ერთად აღვნიშნოთ მნიშვნელოვანი თარიღები – წიგნის საერთაშორისო დღე, დედაენის დღე, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღე. . . ონლაინრეჟიმში გავმართეთ აქტივობა ,,ვკითხულობთ შექსპირს“. ახალგაზრდებმა წაიკითხეს უილიამ შექსპირის სონეტები ქართულ და ინგლისურ ენაზე. ონლაინღონისძიებას საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორი, საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი და მთარგმნელთა კლუბისა და საერთაშორისო მწერალთა ასოციაციის წევრი თამარ ნიკურაძე-აროშიძე შემოუერთდა.
– ვიდრე ახალგაზრდობის ცენტრში დაგეგმილი ღონისძიებები განახლდება, რა სახის აქტივობები გაქვთ დაგეგმილი უახლოეს პერიოდში?
– ვიდრე ახალგაზრდობის ცენტრი ჩვეულ რეჟიმში მუშაობას განაახლებდეს, ვცდილობთ ახალგაზრდებს დავეხმაროთ მოტივაციის ამაღლებაში, ამ სიტუაციაში დადებითი განწყობის შენარჩუნებაში, დროის საინტერესოდ ხარჯვაში, სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობის გააზრებასა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებაში. სწორედ ამ მიმართულებით ვეცდებით, განვახორციელოთ სამომავლო აქტივობები და მალე შეხვედრის იმედით ვემშვიდობები მათ ყოველი საუბრისა თუ აქტივობის დასრულებისას. შეგვიძლია ახალგაზრდებს დასაქმებისთვის საჭირო უნარების გამომუშავების მიზნით დისტანციურ რეჟიმში შევთავაზოთ კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსი, დისკუსიები ინგლისურ ენაზე, ინტელექტუალური თამაშები და წამახალისებელი ღონისძიებები, რომლებიც მათ დადებით განწყობასა და ერთიან, მეგობრულ გარემოს შეუქმნის.

