დაუჭერს თუ არა მხარს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საბიუჯეტო ცვლილებებს?
ნინო ცხვარაძე: 591 98 24 30 –
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ანტიკრიზისულ ბიუჯეტს იწუნებს უმაღლესი საბჭოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. გაზეთ „აჭარასთან“ საუბარში დეპუტატი გია აბულაძე აცხადებს, რომ ბიუჯეტის განხილვა ფორსმაჟორულ რეჟიმში მიმდინარეობდა, შენიშვნებსა და წინადადებებს არც კი ისმენდნენ უმრავლესობის წევრები, ამიტომ ანტიკრიზისულ ბიუჯეტთან დაკავშირებით, თავიანთი მოსაზრებები და ინიციატივები წერილობით წარადგინეს საკანონმდებლო ორგანოში.
– თუ ჩვენს შენიშვნებს არ გაითვალისწინებენ ბიუჯეტში, რა თქმა უნდა, მას არ დავუჭერთ მხარს. დღეს მოსახლეობას სერიოზული მხარდაჭერა სჭირდება, რაც წარმოდგენილ ბიუჯეტში არ ჩანს, – გვითხრა გია აბულაძემ. გაითვალისწინებს თუ არა აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა ოპოზიციის შენიშვნებს, დღესვე, 30 აპრილს, გამოჩნდება, მანამდე კი „აჭარა“ საზოგადოებას, მკითხველს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნოს ოპოზიციის მოსაზრებებს, რომლებიც, მათი თქმით, იმისთვისაა, რომ „მოგვცეს ნაკლები სამუშაო ადგილების დაკარგვის საშუალება და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები“.
– ცენტრალური პროგრამებით, რაც გააჟღერა პრემიერ-მინისტრმა, აჭარის მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ ისარგებლებს. ამიტომ მოვითხოვეთ კომპენსირება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომ რეგიონის მოსახლეობა არ დაგვრჩეს უყურადღებოდ,- ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი.
კონკრეტულად კი უმაღლესი საბჭოს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ უმრავლესობას წარუდგინა 16 წინადადება, კერძოდ (სტილი დაცულია):
– აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, მთავრობის, სამინისტროების და მათზე დაქვემდებარებულ დაწესებულებებში სამსახურეობრივი პერსონალური ავტომანქანების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორს, ხოლო საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში – ერთს. სამსახურებრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დასაბუთებული გადაწყვეტილებით;
– აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამსახურებრივი მივლინებების შემთხვევაში არ ანაზღაურდეს სასტუმროს და კვების ხარჯები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა საქართველოს ტერიტორიაზე მივლინებისას სასტუმროს ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს 130 ლარს. უცხოეთში მივლინება შესაძლებელია მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანხმობით;
– გადაიხედოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების, მთავრობის წევრების, მინისტრის მოადგილეებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელების შრომის ანაზღაურება;
– აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებსა და მათზე დაქვემდებარებულ დაწესებულებებში მინისტრის მოადგილის ან ხელმძღვანელის მოადგილის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელის მოადგილის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ საშტატო ერთეულს;
– აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, მთავრობასა და სამინისტროებში, სადაც არის შექმნილი ადმინისტრაციული დეპარტამენტი და კაბინეტი, გაერთიანდეს და ჩამოყალიბდეს ერთ დეპარტამენტად;
– აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, მთავრობის, სამინისტროების და მათზე დაქვემდებარებული დაწესებულებების, ასევე, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში მრჩევლის, თანაშემწის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორ საშტატო ერთეულს;
– აიკრძალოს საშტატო ნუსხის, ასევე, შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობის ზრდა;
– არ გაიცეს პრემია-დანამატი იმ პირებზე, რომელთა შრომის ანაზღაურებაც აღემატება 2000 ლარს;
– წარმომადგენლობითი ხარჯები გაწეულ იქნას მხოლოდ უცხო ქვეყნის დელეგაციების, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების, საერთაშორისო ორგანიზაციების გამასპინძლების მიზნით;
– შეჩერდეს პროგრამებიდან და ღონისძიებებიდან ისეთი ხარჯების დაფინანსება, რომელიც შეიცავს ტრენინგებს, კონფერენციებს, ფორუმებსა და სხვა მსგავს აქტივობებს, გარდა ბიზნესის მხარდაჭერისა და ჯანდაცვის პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებებისა;
– გაუქმდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ ხელოვნურად შექმნილი ორი ფრაქცია;
– აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტებზე დახმარება გაიცეს იმ შემთხვევაში, თუ ამ დოკუმენტებით გათვალისწინებული ცვლილებები ასახული იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში;
– აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ამ დოკუმენტის გათვალისწინებით, მოამზადოს ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი და გათვალისწინებული იქნას, რომ გამოთავისუფლებული თანხები მოხმარდეს კრიზისისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამების ამუშავებას, მათ შორის:
ა) სტუდენტები, რომლებიც იყვნენ დასაქმებულები (მათ შორის თვითდასაქმებული) და დაკარგეს სამსახური, დაუფინანსდეთ სწავლის საფასური;
ბ) თვითდასაქმებული მოქალაქეები, რომლებიც ვერ მიიღებენ დაფინანსებას ცენტრალური ბიუჯეტიდან, დაფინანსდნენ აჭარის ბიუჯეტიდან, მათ შორის, ისინი, ვინც უცხო ქვეყანაში მუშაობდნენ და დაკარგეს სამსახური, ტაქსისტები, რეპეტიტორები, ძიძები, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული სოფლის მოსახლეობა და სხვა;
გ) ვინც დაკარგა სამსახური, 200-ლარიან დახმარებას დაემატოს აჭარის ბიუჯეტიდან დახმარება;
დ) ამუშავდეს ბავშვთა კვებისა და მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა იმ ოჯახებისათვის, ვისი შემოსავალიც წელიწადში 12000 ლარზე ნაკლებია;
ე) 3 თვის განმავლობაში დაფინანსდნენ ერთჯერადად 300-ლარიანი კომუნალურის ვაუჩერით ოჯახები, რომელთა შემოსავალიც წელიწადში 20000 ლარზე ნაკლებია, ასევე, იმ ოჯახებზე, რომლებსაც არ მიეწოდებათ ბუნებრივი აირი ცენტრალიზებულად, კომპენსაციის სახით გაიცეს ერთჯერადად 300 ლარი;
ინვესტიციების მოზიდვის, სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ უზრუნველყოს:
ა) ტურისტული სეზონისათვის უსაფრთხოების დაცვის სტრატეგიის მომზადება, ტურიზმის სექტორში დასაქმებულ ბიზნესოპერატორებთან ერთად;
ბ) სახელმწიფო ქონებების სიის შედგენა და გამოქვეყნება, ასევე ბიზნესისაგან წინადადებების მიღება ინვესტიციების განხორციელების ვალდებულებებით პრივატიზებასთან დაკავშირებით. მომზადდეს სარეკლამო მასალები და გაეგზავნოს საქართველოს საელჩოებს, უცხოურ საინვესტიციო ინსტიტუციებს, ბიზნესორგანიზაციებს;
გ) ბიზნესის მხარდასაჭერად საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადება და ინიცირება, კერძოდ:
გ.ა) მოქმედი ბიზნესოპერატორები და ყველა მეწარმე, რომელიც ინვესტირებას განახორციელებს სოფლის მეურნეობაში, დაიბეგროს მხოლოდ 5%-იანი განაკვეთით, ასევე დარჩეს ჩანაწერი გადასახადებისაგან გათავისუფლდნენ სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირები თუ კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება;
გ.ბ) სოფლის მეურნეობაში ტექნიკისა და გადამამუშავებელ მრეწველობაში ტექნოლოგიური დანადგარ-მოწყობილობების იმპორტი განხორციელდეს დღგ-ს ნულოვანი განაკვეთით;
გ.დ) მცირე და საშუალო ბიზნესი გათავისუფლდეს საშემოსავლო და ქონების გადასახადებისაგან 2020 წლის ბოლომდე თუ ისინი შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს;
გ.ე) ტურიზმის სექტორში დასაქმებული ბიზნესოპერატორები გათავისუფლდნენ გადასახადებისაგან 2021 წლის 1 იანვრამდე;
გ.ვ) ის უცხოური კომპანიები, რომლებიც გადმოიტანენ სათაო ოფისებს ან საწარმოებს საქართველოში ბინადრობის მოწმობების გამარტივებული გაცემა, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლება 5 წლის განმავლობაში, ხოლო საშემოსავლო გადასახადის დაწევა 10%-მდე და დღგ-საგან გათავისუფლება;
გ.ზ) ის კომპანიები, რომლებიც გააკეთებენ სკოლას პროფესიულ სასწავლებელსა და უნივერსიტეტს, მათ შორის, დისტანციური სწავლების ორგანიზებისათვის, ინვესტორზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ან შენობების უსასყიდლოდ გადაცემა, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლება 10 წლის განმავლობაში ასევე საშემოსავლო გადასახადის დაწევა 10%-მდე.
გ.თ) საქართველოში წარმოებული დაუფასოებელი თამბაქოს გაყიდვა არ დაიბეგროს აქციზით;
გ.ი) აქციზის გადასახადი დაუბრუნდეს 2013 წლამდე მოქმედ ნიშნულს;
გ.კ) იმპორტის დროს დღგ-ს გადახდა განხორციელდეს საქონლის რეალიზაციის შემდეგ, ეს მძიმე ტვირთად აწევს იმ მეწარმეებს, რომლებსაც შემოაქვთ საქონელი, დასაწყობებული აქვთ და წინასწარ იხდიან დღგ-ს. ეს წესი მოქმედებდა 2014 წლამდე, 200 000 ლარამდე ვისაც ჰქონდა ბრუნვა დღგ-ს იხდიდნენ საქონლის იმპორტირებისა და საქონლის გაყიდვის შემდეგ;
დ) საბაჟო საწყობის ორგანიზების შემთხვევაში საბაჟო გაფორმებისას დეკლარაციის ღირებულება განისაზღვროს 100 ლარი(დღეს მოქმედი კანონმდებლობით 3000 ლარამდე 100 ლარია გადასახდელი, 3000-15000 ლარამდე 300 ლარი დოლო 15000-ს ზემოთ 400 ლარი);
ე) დაიწყოს კონსულტაციები ბიზნეს ორგანიზაციებთან რეგიონში ყველა გაჩერებული პროექტის ასამუშავებლად, როგორიც არის როიალ კარიბიანის საკრუიზო გემების პორტის მშენებლობა, გონიოს პოლეგონზე ტურისტული ქალაქის მშენებლობა, აეროპორტის მიმდებარედ ფინანსური ცენტრის მშენებლობა, კურორტი გომარდული და სხვა;
ვ) გამოიყოს ტერიტორია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მოსაწყობად და დაიწყოს კონსულტაციების უცხოური კომპანიების მოსაზიდად;
ზ) ყველა უცხოელ ინვესტორს, რომელიც განახორციელებს მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას საქართველოში მოქალაქეობის მინიჭება, უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით;
– საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეთხოვოს, შემუშავებული იქნას დევნილებისათვის სოციალური მხარდაჭერის პაკეტი;
– ბაზრობებსა და ბაზრებში, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია, დასაქმებული მეწარმეები გათავისუფლდნენ გადასახადისაგან, ასევე, კერძო ბაზრობებთან ერთად შემუშავდეს შეღავათების პაკეტი დასაქმებული მეწარმეებისათვის.