სურსათის უვნებლობის სამსახური კვლავ ფრონტის წინა ხაზზეა
ირმა ცეცხლაძე: 577 20 45 63 –
„მიხარია, რომ მე და ჩემი თანამშრომლები იმ სისტემის მოწინავე ფლანგზე აღმოვჩნდით, რომელიც კოვიდ-19-ს ებრძვის. გარწმუნებთ, მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ ყველა სავაჭრო ობიექტი, სასტუმრო, საწარმო იყოს მოწესრიგებული, დეზინფიცირებული, რათა არანაირი საფრთხე არ შეექმნას ჩვენს მოსახლეობას“
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის სამმართველოს თანამშრომლებს ფუნქცია-მოვალეობები გაეზარდათ. პანდემიის ფონზე ისინი ამოწმებენ არა მხოლოდ სურსათის ხარისხს და ეტიკეტირებას, არამედ ობიექტების დეზინფექტანტებით უზრუნველყოფას და საგანგებო რეჟიმით გათვალისწინებული წესების დაცვასაც აკონტროლებენ. ერთი სიტყვით, იმ სისტემის მოწინავე რგოლს წარმოადგენენ, რომელიც ებრძვის ახალ კორონავირუსს. რა ხდება ამ კუთხით ჩვენს რეგიონში, რამდენად დაცულია მოსახლეობა უხარისხო პროდუქციისგან, რა დარღვევები დაფიქსირდა და იცავენ თუ არა სურსათის უვნებლობის წესებს საკარანტინო სასტუმროებში, ამაზე საუბრობს „აჭარასთან“ ინტერვიუში სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის სამმართველოს უფროსი მანუჩარ აბაშიძე.
– საგანგებო რეჟიმის შემოღებით შეიცვალა ჩვენი ფუნქციებიც. სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს გეგმის გარდა, მთავრობის ახალი, 181-ე დადგენილების მიხედვით, რომელიც შემუშავდა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდანციებით, დაგვეკისრა ობიექტების მონიტორინგი სადეზინფექციო საშუალებებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ასევე ვაკონტროლებთ, თუ მიმდინარეობს აღრიცხვიანობა, უკეთიათ თუ არა თანამშრომლებს პირბადეები, რამდენად იცავენ დისტანიას, თუ უტარდებათ თერმოსკრინინგი და ა.შ.
– გამოდის, გაგიორმაგდათ სამუშაო?
-ასე ვერ ვიტყოდით, მაგრამ ცხადია, იმაზე მეტი დატვირთვა გვაქვს, ვიდრე მანამდე, სანამ პანდემია გამოცხადდებოდა. ჩვენ, პირველ რიგში, ვამოწმებთ ობიექტებს, ასრულებენ თუ არა 181-ე დადგენილებით გაწერილ მოთხოვნებს. ამის შემდეგ ყოველდღიურ რეჟიმში მიდის ჩვეული, ძირითადი გეგმური მუშაობა, ანუ ვამოწმებთ პროდუქტის ეტიკეტირებას, ხარისხს, ვარგისიანობას, ვადებს და ა.შ. სწორედ ეს არის სურსათის უვნებლობის სამსახურის ნომერ პირველი დანიშნულება.
– როგორ არკვევთ, რამდენად ხარისხიან დეზინფექტანტებს მოიხმარს ესა თუ ის ობიექტი?
– ჩვენ ეტიკეტს, ვადას, შემადგენლობას ვამოწმებთ და ვიცით, რომელი ვარგა და რომელი – არა, როგორ ჭურჭელშია განთავსებული ხარისხიანი დეზინფექტანტები, რადგან კარგად ვიცნობთ ამ ბაზარს. სხვას რომ თავი დავანებოთ, კუსტარულს ქარხნულისგან შეუიარაღებელი თვალითაც გაარჩევს არაპროფესიონალიც კი.
– რა ელოდება დამრღვევს, ვინც არ ჩაატარა სადეზინფექციო სამუშაოები?
– თუკი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები დარღვეულია, მაგრამ ეს არ არის ძალიან კრიტიკული, დამრღვევს ეძლევა მითითება და გონივრული ვადა. შემდეგ, ცხადია, ვამოწმებთ, როგორ გაითვალისწინა ჩვენი მოთხოვნები, მაგრამ თუ დადგენილ ნორმასთან კრიტიკულად შეუსაბამოა, ამ შემთხვევაში ვხურავთ ობიექტს.
– თუკი სურსათის ვადაა გასული და ეტიკეტირება სათანადოდ არ არის შესრულებული?
-ამ შემთხვევაში ან ვანადგურებთ პროდუქტს, ან ვატარებთ კანონით ამ შემთხვევისთვის დადგენილ ღონისძიებას.
– გაიხსნა ღია აგრარული ბაზრებიც, ამ კუთხით რაიმე სახის პრობლემას ხომ არ წააწყდით?
– ჩვენი ბაზარი დახურული ტიპისაა. ამიტომ თავად შენობა არ გახსნილა, გაიხსნა ეზოს ტერიტორიასა და გარე პერიმეტრზე განლაგებული ხილ-ბოსტნეულის დახლები და კვების პროდუქტების სარეალიზაციო ობიექტები. ასე რომ, ამ მხრივ ჩვენ არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია. ხორცპროდუქტები, ყველი იყიდება მხოლოდ დახურულ შენობებში, ამ ტიპის საქონლის გაყიდვა ღია დახლზე ჯერჯერობით არ არის დაშვებული.
– ხორცპროდუქტებთან დაკავშირებით დაფიქსირდა დარღვევები?
– ინსპექტირების დროს დარღვევები ჩვეულებრივი მოვლენაა. როგორც კი აღმოვაჩენთ, მყისიერად ვრეაგირებთ. იყო რამდენიმე დარღვევა, ხორცი ფორმა N2-ის გარეშე ჰქონდათ გასაყიდად შემოტანილი. ვინაიდან დოკუმენტების გარეშე ყიდდნენ, განადგურდა მთელი პროდუქცია.
– სააღდგომოდ გამოტანილი კვერცხები რამდენად შეესაბამებოდა სტანდარტულ მოთხოვნებს?
-კვერცხების განადგურებაც მოგვიწია, რადგან რამდენიმე ასეულს ვარგისიანობის ვადა გაუვიდა. დაიწერა შესაბამისი საჯარიმო სანქციებიც.
– პანდემიის პერიოდში მოსახლეობის მთელი ბიუჯეტი სურსათის მარაგისთვის იხარჯება. მაღაზიებში მუდმივადაა რიგები, ყველა ჩქარობს, ცდილობს სწრაფად აავსოს ჩანთები და გაეცალოს სავაჭრო ობიექტს. ცხადია, ამ დროს ცოტა ვინმე თუ აკვირდება, რა აწერია ეტიკეტს, ან რამდენადაა დაცული თაროებზე შემოდებული პროდუქტის ვარგისიანობის თარიღი. ამ პერიოდში შესაძლებელია გასაღდეს ძველი პროდუქციაც. მოკლედ, მღვრიე წყლის და თევზის ამბავი მახსენდება. . .
– შემიძლია გითხრათ, რომ ეს გამორიცხულია. თავად ახსენეთ ვარგისიანობის ვადა და გთხოვთ განსაჯოთ – თუ კვების პროდუქტებზე მოთხოვნა დიდია, თავისთავად, მაღაზიებში არ დაძველდება საქონელი. მომხმარებელი მართლაც მრავლადაა და ვერც კი ასწრებს ზოგიერთი ობიექტი სურსათის შეტანას, რათა სრულად დააკმაყოფილოს მოთხოვნები. დააკვირდით – მუდმივად ახლდება თაროებზე შემოდებული პროდუქცია.
– მაინტერესებს, ძველი, ვადაგასული პროდუქტის გასაღება ხომ არ მოინდომეს?
– ჩვენ მხოლოდ მაღაზიებს კი არ ვაკონტროლებთ, საწყობებშიც შევდივართ და მონიტორინგს ვატარებთ. ყოველმხრივ ვამოწმებთ იქ შეტანილ საქონელს. პრინციპში, რომელიმე არაკეთილსინდისიერი ბიზნეს-ოპერატორი თუ ისარგებლებს სიტუაციით და შეეცდება უვარგისი პროდუქტის გასაღებას, ჩვენ ვერაფერს გამოგვაპარებს, რადგან მომენტალურად დავაფიქსირებთ ამას და შემდეგ ისეთი მძიმე სანქციები დაეკისრება, რომ არათუ მოიგებს რამეს, პირიქით, ვერასოდეს მოიბრუნებს ბიზნესს. გარწმუნებთ, მსგავსი შემთხვევები არ გვქონია ამ პერიოდში. ჩვენ ახლა უზარმაზარი გამოწვევების წინაშე ვართ. უნდა შევეცადოთ, ერთიანი ძალით გადავაგოროთ პანდემია და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ.
– რამდენად დაცულია მომხმარებელი პურის შეძენისას?
– თონეები მუდმივად მოწმდება და ის ობიექტები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდა სტანდარტებს, დაიხურა. რაც შეეხება პურის დიდ საცხობებს, ყველა ითვალისწინებს არსებულ ვითარებას და კეთილსინდისიერად ასრულებს დადგენილებით გაწერილ ვალდებულებებს. არცერთ დიდ საწარმოში დარღვევები ამ კუთხით არ ყოფილა, არც პურის შეფუთვასთან, არც ხარისხთან დაკავშირებით.
– დარღვევების სტატისტიკას ხომ ვერ გააჟღერებთ?
– იმდენად ბევრია, რომ საგაზეთო ინტერვიუ ვერ დაიტევს. შევეცდები რამდენიმეს შევეხო. კერძოდ, ამ 20 დღის განმავლობაში დაიხურა 2 თონე კრიტიკული შეუსაბამობის გამო. 4-5 მაღაზიას ჯარიმა გამოვუწერეთ, რადგან დაფიქსირდა სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დარღვევა. ბევრთან მხოლოდ კონსულტაციებით შემოვიფარგლეთ და იმედია, გაითვალისწინებენ. განადგურდა ხორცის გარკვეული რაოდენობა დოკუმენტაციის უქონლობის გამო.
– რამდენად წესრიგშია საკარანტინო სასტუმროები?
– ყველა მათგანი შეესაბამება მოთხოვნებს, თუმცა, რამდენიმე სასტუმროს მიეცა რეკომენდაციები. 500 ცალამდე კვერცხი განადგურდა ვარგისიანობის ვადის გასვლის გამო. . . ეს შემთხვევაც საკარანტინო სასტუმროში დაფიქსირდა.
– არავინ იცის, როდის დასრულდება პანდემია და რამდენად სწრაფად შევძლებთ ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმში დაბრუნებას. ამ სიტუაციაში რას შეცვლიდით, რომ უფრო მოქნილი და ეფექტური გახდეს თქვენი უწყება?
– ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია, რომ მსოფლიოში ყველაზე მოწესრიგებულები ვართ, შეიძლება ბევრი ხარვეზიც გვქონდეს, მაგრამ მერწმუნეთ, ძალიან ეფექტურად და მოქნილად ვახორციელებთ ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობას. არსებობს ქვეყნები, რომელთაც გაცილებით მეტი საშუალებები აქვთ, იგივე მონიტორინგის ჩატარების, ინსპექტირების, ხარისხის კონტროლის და ა.შ. თუმცა მიიღეს პანდემიის აფეთქება. ამ ფონზე, ჩვენმა სამსახურმა წარმატებით გაართვა თავი საკუთარ ფუნქციებს. მართალი ხართ, არავინ იცის, როდის ჩაივლის პანდემია და როდის დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას, მაგრამ ამ ეტაპზე უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება ვირუსთან. ყველა კარგად ვხვდებით, რომ პანდემია არ ჩაივლის არც ერთი, არც ორი კვირის თუ თვის შემდეგ. ასე ვიცხოვრებთ მანამ, სანამ არ გამოჩნდება კოვიდ-19-ის განკურნებისთვის წამალი ან სანამ არ გამოიგონებენ ვაქცინას ახალი კორონავირუსისგან დასაცავად.
– მიგაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო ის, რაც ვერ შეძლეს მოწინავე ქვეყნების მმართველებმა?
– სხვებთან შედარებით საქართველო, შეიძლება ითქვას, უზარმაზარი ძალისხმევის შედეგად, მაგრამ წარმატებით ართმევს თავს იმ გლობალურ გამოწვევებს, რაც პანდემიამ შეუქმნა მთელ კაცობრიობას. ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლებმა, სამედიცინო კორპუსმა გვაჩვენეს, რომ მაღალპროფესიონალები არიან და გამართულად, ორგანიზებულად მუშაობენ. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის სტატისტიკური მონაცემები, რაც დღეში რამდენჯერმე ისმის ტელეეთერით. ბევრ მოწინავე ქვეყანას არ ეყო იმის ძალა, რომ რაღაც ეტაპზე წინააღმდეგობა მაინც გაეწია ახალი კორონავირუსისთვის და გადაერჩინა ინფიცირებულების დიდი რაოდენობა. ჩვენ ეს შევძელით, რადგან მართლაც დავრჩით მოწოდების სიმაღლეზე. ამას აღიარებს მთელი მსოფლიო. საქართველო გამორჩეული ქვეყანა, სამაგალითო გახდა მსოფლიოსთვის. ჩვენს ექიმებს და სამთავრობო სტრუქტურებს ყველა აღიარებს. მიხარია, რომ მე და ჩემი თანამშრომლები იმ სისტემის მოწინავე ფლანგზე აღმოვჩნდით, რომელიც კოვიდ-19-ს ებრძვის. გარწმუნებთ, მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ ყველა სავაჭრო ობიექტი, სასტუმრო, საწარმო იყოს მოწესრიგებული, დეზინფიცირებული, რათა არანაირი საფრთხე არ შეექმნას ჩვენს მოსახლეობას.
– ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილი საწინააღმდეგოს ამტკიცებს. . .
– რა თქმა უნდა, არიან და ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც საწინააღმდეგოს დაგვიმტკიცებენ, თუნდაც ამის საფუძველი და ხელშესახები დოკუმენტი არ ჰქონდეთ. ვფიქრობ, არ ღირს ასეთ განცხადებებზე ჩვენი ყურადღების მოცდენა.
– პრემიერის განცხადებით , მალე გაიხსნება საბავშვო ბაღები. რამდენად უსაფრთხო იქნება პატარების იქ მიყვანა, ატარებთ თუ არა მონიტორინგს ამ კუთხით?
– ჩვენ ვატარებთ მონიტორინგს ყველგან, სადაც სურსათი და კვების პროცესია. რაც შეეხება ბავშვთა ბაღების გახსნას, ეს ძალიან პოზიტიური მოვლენა იქნება საქართველოსთვის, რადგან ბავშვებს არავინ დააყენებს საფრთხის წინაშე – ე.ი. სიტუაცია სტაბილურობისკენ მიდის, ქვეყანა მალე დაამარცხებს ახალ კორონავირუსს. ის ძალისხმევა, რაც ჩვენმა მოსახლეობამ გაიღო, ფუჭი არ აღმოჩნდა და გადავლახეთ მსოფლიო პანდემიის საშინელი პერიოდი.
– რას დაამატებდით?
– მინდა ვუსურვო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ცხოვრების ჩვეულ რიტმში მალე დაბრუნება. შეგვენარჩუნებინოს ის პოზიციები, რაც ახლა გვაქვს პანდემიასთან ბრძოლაში და მსოფლიო აღიარება მოგვეპოვებინოს, როგორც ქვეყანას, რომელმაც მიზერული თანხებით შეძლო გამკლავებოდა მომაკვდინებელ ვირუსს.