აჭარაში საკარანტინე სივრცეებში 1707 ადამიანია
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
აჭარაში საკარანტინე სივრცეები დღეს 154-მა ადამიანმა დატოვა. ისინი რეგიონში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილ საკარანტინე სივრცეებში 14-დღიან მეთვალყურეობას გადიოდნენ.
ამ ეტაპზე, აჭარის სასტუმროებში განთავსებულ საკარანტინე სივრცეებში 1707 ადამიანი გადის სავალდებულო კარანტინს. მათ ორგანიზებას, მართვასა და ფინანსურ უზრუნველყოფას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ გუშინ ვარშავა-ბათუმის სპეციალური რეისით ქვეყანაში 180-მდე საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სამედიცინო შემოწმების შემდეგ ისინი სასტუმრო “ეუფორიაში” განთავსებულ საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს.
-ვაგრძელებთ საკარანტინე სივრცეებში ჩვენი თანამემამულეების მასპინძლობას. გუშინ 145 ადამიანი დაგვემატა. ჩვენი გუნდი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და სხვა შესაბამის უწყებასთან ერთად უკვე მეორე თვეა ზრუნავს კარანტინში მყოფი ადამიანებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და მშვიდი გარემოს შექმნაზე. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ სასტუმროს მენეჯმენტს, რომლებმაც შეღავათიან ფასად თუ სრულიად უსასყიდლოდ დაუთმეს სახელმწიფოს სასტუმროები, ასევე, პერსონალს, რომელიც 24 საათის განმავლობაში დაუღალავად და დიდი პასუხისმგებლობით ემსახურება ჩვენს სტუმრებს, – განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, საკარანტინე ზონებისთვის, ამ ეტაპზე, 5 281 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო ბიუჯეტის ცვლილებისას საკარანტინე ზონებისთვის ჯამში 7 300 000 ლარია გათვალისწინებული. „ამ ეტაპზე აჭარაში 28 საკარანტინე ზონაა. სახელმწიფო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობით და სასტუმროების მხრიდან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, სახელმწიფოს სასტუმროები საკარანტინე ზონების მოსაწყობად თვითღირებულების ფასში გადაეცა. საკარანტინე ზონებში დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და უზრუნველყოფილია უსაფრთხო გარემო. ვირუსთან ბრძოლის პარალელურად, მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანების და ინდუსტრიის მდგრადობის შენარჩუნება. საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწყობის მიზნით, ხორციელდება სუბსიდირების და პროცენტის თანადაფინანსების პროგრამა“, – აღნიშნულია უწყების მიერ გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციაში.