კონფერენციაზე საუკეთესო სტუდენტები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს ორგანიზებით, 2020 წლის 23 მაისს ჩატარდება კონფერენცია თემაზე: ,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და ძირითადი გამოწვევები“.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს.
კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობის გაძლიერებას, სტუდენტების ჩართულობის ამაღლებას ქვეყანაში ტურიზმის განვითარების საკითხებში. კონფერენცია სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, ჩაატარონ კვლევები, შესთავაზონ ახალი იდეები საქართველოში ტურიზმის პოლიტიკის მთავარ განმსაზღვრელ ორგანოს და ამით საკუთარი წვლილი შეიტანონ ტურიზმის სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების შესრულებაში.
-კონფერენციაზე სტუდენტების გუნდები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან იმუშავებენ ტურიზმში რეალური გამოწვევების გადაჭრის გზებზე, წარმოდგენილი იქნება ინოვაციური იდეები. გუნდებმა უნდა აირჩიონ ტურიზმის სექტორის ერთი გამოწვევა და მასზე ანგარიში მოამზადონ. პრიორიტეტი მიენიჭება შემდეგი თემატიკის ანგარიშებს: სანიტარული კვანძები, მდგრადი ტურიზმი (ტურისტული ადგილების დანაგვიანება), სერვისი (თაღლითური სქემები, ტრანსპორტი, მომსახურება ტურისტულ ობიექტებში), განათლება ტურიზმში, – აცხადებენ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.
გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით და კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. ასევე, ანგარიშები განთავსდება საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში. კონფერენციის შედეგად შეიქმნება წარმატებული სტუდენტების მონაცემთა ბაზა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტაციაში მათი სტაჟირების ან მომავალი დასაქმების თვალსაზრისით.

