ოსმან მჟავანაძე: თითოეული კომპანია თანამშრომლის შენარჩუნებას უნდა შეეცადოს
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
ახალი კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება მსოფლიოს ყველა ნაწილში, რაც საერთაშორისო თუ ადგილობრივ ბიზნესს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. კარანტინისა და იმ შეზღუდვების ფონზე, რასაც სახელმწიფო მმართველობის ორგანოები იყენებენ პანდემიასთან საბრძოლველად, განსაკუთრებით აქტუალური ხდება ბიზნესსუბიექტების ფუნქციონირებისა და შრომითი საკითხების რეგულირება. რამდენად რთულ პირობებში აღმოჩნდა დღეს ბიზნესი საქართველოში და როგორ უნდა დაიძლიოს სირთულეები – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ხელმძღვანელ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძეს ვესაუბრეთ.
– ბატონო ოსმან, ვიცით, რომ თქვენს ასოციაციაში 30-მდე მსხვილი კომპანიაა გაწევრიანებული. პანდემიის, კარანტინის, დისტანციური მუშაობის ფონზე რამდენად რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა ბიზნესი?
– ჩვენ, ყველანი ვაცნობიერებთ, რომ კორონავირუსი ნამდვილად დიდი გამოწვევაა თითოეულისთვის – ამ სიტუაციამ შეძლო მთელი მსოფლიოს დაზარალება. ძალიან რთულია, როცა აქტიური ცხოვრებიდან პანდემიის პირობებში აღმოჩნდები. ვიცით, რომ ადრე თუ გვიან ეს პროცესი შეჩერდება, თუმცა არ ვიცით, როდის. რაც ამ ეტაპზე გვევალება, არის წესების დაცვა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. ფაქტობრივად, 2020 წელი მსოფლიოსთვის გლობალური გამოწვევის წელია და ყველანი რთულ მდგომარეობაში ვართ, განსაკუთრებით – ბიზნესი, რადგან ვირუსის შესაჩერებლად ქვეყნებმა ჩაკეტეს საზღვრები, დახურეს რესტორნები, მაღაზიები, ოფისები. კოვიდ-19-მა ნამდვილად ნეგატიურად იმოქმედა ბიზნესსაქმიანობაზე, შეფერხდა ბიზნესის თითქმის ყველა სფერო, ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი. ვიმედოვნებ, რომ მომავლში ისევ ერთიანი ძალებით, ახალი იდეებით და გეგმებით შევძლებთ ამ კრიზისული მდგომარეობის მართვას.
– აქვთ თუ არა მთავრობის წევრებს კონსულტაციები ასოციაციის წევრ კომპანიებთან?
– ჩვენ ასოციაციის წევრებთან ერთად ვაწყობთ ვიდეოშეხვედრებს და განვიხილავთ, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ სამომავლოდ ბიზნესისთვის და, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის. დიახ, მთავრობასთან და სხვადასხვა კომპანიასთან მიმდინარეობს კონსულტაციები. ჩვენ გვაქვს კონტაქტი ბიზნესომბუდსმენთან, ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას. პირველ რიგში, ყველამ ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ არ დავაზარალოთ ჩვენი საზოგადოება, თითოეული კომპანია თანამშრომლის შენარჩუნებას უნდა შეეცადოს, ეს ვირუსი ყველამ ერთად უნდა დავამარცხოთ. უპირველესად, აუცილებელია, სოფლის მეურნეობის განვითარება და იმ სამომხმარებლო პროდუქტის წარმოების სუბსიდირება, რისი დეფიციტიც უკვე გაჩნდა. უნდა მივხედოთ იმ საწარმოებს, რომლებიც ქვეყანაში უკვე არსებობს, ან შედარებით მარტივად შეიძლება მისი წამოწყება. ეს დაგვეხმარება ნაკლები იმპორტის საჭიროებაში. თუმცა პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მომენტისთვის თანხების ჯანდაცვაზე მიმართვაა, რადგან კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ასე თუ შევძლებთ კორონა ვირუსის დამარცხებას.
– რამდენიმე დღის წინ პრემიერ–მინისტრმა წარმოადგინა ანტიკრიზისული გეგმა. როგორ ფიქრობთ, დაეხმარება მთავრობის შეთავაზებები ბიზნესს?
– ჩვენმა სახელმწიფომ ნამდვილად კარგად შეძლო ამ კრიზისული მდგომარეობის მართვა, გატარებულმა ღონისძიებებმა რეალური შედეგი გამოიღო. რაც შეეხება ანტიკრიზისულ გეგმას, ვფიქროb, ეს იყო მასშტაბური, ეფექტური და დროული. ფაქტობრივად, სახელმწიფო დახმარებას გაუწევს ყველა ოჯახს საქართველოში, რაც ითვალისწინებს: ხელფასების სუბსიდირებას, უმუშევრად დარჩენილების მხარდაჭერას, პენსიების ზრდას, მრავალშვილიანების და სოციალურად დაუცველების და კიდევ სხვათა მხარდაჭერას, რაც ნამდვილად დროულია. მთავრობა ეხმარება სოფლის მეურნეობის სექტორის მეწარმეებსაც, სოფლად მცირე ბიზნესის წამოწყებაც 30 ათასი ლარით დაფინანსდება, დაჩქარდება მიწის სისტემური რეგისტრაციია, რაც ამ მომენტისთვის ბიზნესის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.
– დაბოლოს, ბატონო ოსმან, პანდემიის შემდეგ, როგორ ფიქრობთ, შეფერხდება ჩვენს რეგიონში ინვესტიციების მოზიდვა? ასევე, იქნებ გვითხრათ იმ სოციალურ პასუხისმგებლობაზე, რაც თქვენი ასოციაციის წევრმა კომპანიებმა განახორციელეს.
– რა თქმა უნდა, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გარკვეული შეფერხებები იქნება, თუმცა ვეცდებით, პანდემიის პირობებშიც შევძლოთ ინვესტიციების მოზიდვა. ამას მთავრობის დახმარებით აუცილებლად მოვახერხებთ. რაც შეეხება სოციალურ პასუხისმგებლობას, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მთავრობასთან ერთად ადრეც ვეხმარებოდით და ახლაც ვეხმარებით მრავალშვილიან ოჯახებს, სოციალურად დაუცველებს, ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი მხარში დგომა სჭირდებათ. როგორც თქვენთვისაა ცნობილი, საქართველოს და კერძოდ, აჭარის მოსახლეობა სეზონურად მუშაობდა თურქეთში. ამ მომენტისთვის საზღვრები ჩაკეტილია და ეს ნამდვილად დიდი პრობლემაა. რაც შეეხება კოვიდ -19-ს, ყველამ იცის, რომ ჩვენს წევრ კომპანია ,,აჭარა ტექსტილში’’ შეიკერა პირბადეები და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა. ასევე, ასოციაციამ, თურქეთის საკონსულომ ბათუმში, აჭარის მთავრობის კოორდინირებით 1000 ცალი სასურსათო კალათი შეფუთა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს გადასცა. სიის მიხედვით დაიწყო პროდუქტების დარიგება. ჩვენ მუდმივად მზად ვართ, ვემსახუროთ მოსახლეობას. ახლა კი, პირველ რიგში, რაც გვჭირდება, ეს ჯანმრთელობაა. ყველას გთხოვთ, დარჩით სახლებში, მალე ერთმანეთს ისევ შევხვდებით.

