ბათუმის ტერიტორიაზე გარევაჭრობის უფლების მქონე სუბიექტები ყოველთვიური თანხის გადახდისგან დროებით გათავისუფლდებიან
ნინო ცხვარაძე: 591 98 24 30 –
რა საკითხებზე იმსჯელა ბათუმის საკრებულომ?
„ ჩვენ არ ვართ ამ სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილი, თუ ცალკე უნდა გავაკეთოთ გეგმა ან გადავდგათ ნაბიჯები? მიუხედავად ამისა, მზად ვართ გავეცნოთ ოპონენტების გეგმას“
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 30 აპრილის რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წერიგით გათვალისწინებული 13 საკითხი ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე განიხილეს.
დღის წესრიგის დამტკიცებამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ მასში კიდევ ერთი, დილით რეგისტრირებული საკითხის შეტანა მოითხოვა, უმრავლესობის უარის შემდეგ კი თანაპარტიელ ნოდარ დუმბაძესთან ერთად, პროტესტის ნიშნად, საკრებულოს სხდომათა დარბაზი დატოვა.
– საკრებულოს თავმჯდომარემ ერთპიროვნულად დაარღვია რეგლამენტი, – უთხრა ჟურნალისტებს მირდატ ქამადაძემ და იქვე დასძინა, რომ საკრებულოს უმრავლესობას ანტიკრიზისული გეგმა არ აქვს.
– ჩვენ წარმოვადგინეთ ანტიკრიზისული გეგმა და არათუ იმსჯელეს, კენჭისყრაზეც არ დააყენეს, რომ დღის წესრიგში შესულიყო საკითხი. ამან ნათლად გამოაჩინა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ აინტერესებს, როგორ გამოიკვებებიან ტაქსის მძღოლები, რომლებიც ამ რეგულაციების გამო უმუშევრები დარჩნენ. არ აინტერესებს, როგორ უნდა იარსებოს ტურისტულმა ბიზნესმა მაშინ, როცა ტურისტული სეზონი ჩავარდება. სამაგიეროდ, ბიუროკრატიას ერთი თეთრი არ აკლდება და ბედნიერები არიან. ამათ არ აინტერესებთ, როგორ უნდა გამოიკვებონ თვითდასაქმებულები, რადგან „დარჩი სახლში“ იყო „ქართული ოცნების“ მოწოდება, სამაგიეროდ, ბიძინა ივანიშვილი ხეებს დაათრევდა და ეს პრობლემა არ იყო. დღეს „ქართული ოცნების“ არც ერთ დეპუტატს და მერიის წარმომადგენელს აზრად არ მოსვლია, რომ ქალაქს სჭირდება ანტიკრიზისული გეგმა და საგანგებო ბიუჯეტი. საჭიროა მთელი რიგი ხარჯების ოპტიმიზაცია. დღეს, როცა რამდენიმე მილიონია წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯები, ეს ხალხი, ამ ვითარებიდან გამომდინარე, ვერც მივლინებაში დადის და ვერც წარმომადგენლობით ფუნქციას ასრულებს, ამისთვის გამოყოფილი თანხები უნდა მიიმართოს ბიზნესის წახალისებისთვის. ადგილობრივი გადასახადები უნდა დავწიოთ, ამას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება, ამას სჭირდება ამ ქალაქის სიყვარული და შრომა. ამათ კრიზისი არ შეხებიათ, მათ შორის, არც მე და ჰგონიათ, მოსახლეობა მათ მსგავსად ბედნიერია, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ნატალია ზოიძემ უპასუხა.
– თითოეული საკითხი, რომელიც საკრებულოს სხდომაზე შემოდის, გარკვეულ პროცედურებს გადის. ხდება საკითხების ბიუროზე შეჯერება, კომისიებში განხილვა, ამის შედეგ შემოდის სხდომაზე. დღეს რიგგარეშე სხდომა ტარდება, დილით დაურეგისტრირებიათ საკითხი, რომელიც არ გვინახავს. საზოგადოებამ თქვას, თუ შეიძლებოდა საკრებულოს ემსჯელა საკითხზე, რომელიც თვალით არ გვინახავს? თან იმ პარტიამ წარმოადგინა, რომელსაც თავის დროზე, აგვისტოს ომის დროს და შემდგომ, ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, არ წარმოუდგენია არანაირი ანტიკრიზისული გეგმა. დღეს გახდნენ ყველაზე მაგრები. ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, რეგიონის ხელმძღვანელმა და ჩვენ არ ვართ ამ სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილი, თუ ცალკე უნდა გავაკეთოთ გეგმა ან გადავდგათ ნაბიჯები? მიუხედავად ამისა, მზად ვართ გავეცნოთ ოპონენტების გეგმას, ვიმსჯელოთ და თუ საჭირო იქნება, განვიხილოთ კიდეც საკრებულოს სხდომაზე, – განაცხადა ნატალია ზოიძემ.
საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თემურ კახიძე აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილ საკითხზე საკრებულო უახლოეს მომავალში იმსჯელებს.
-არ ვდავობთ იმაზე, რომ საკითხი უნდა განვიხილოთ, მაგრამ, იმდენად მოცულობითი თემაა, ითხოვს ყველა კომისიაში განხილვას. ამიტომ, პროცედურულად მივყვებით, ნაბიჯ-ნაბიჯ და უახლოეს დღეებში დაიწყება განხილვა. გასაგებია, ძალიან რთულია კრიზისული მდგომარეობა და მოითხოვს სასწრაფო ნაბიჯების გადადგმას, მაგრამ ერთის გაკეთების ხარჯზე მეორე არ უნდა დავაზარალოთ, – აცხადებს თემურ კახიძე.
რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების საკითხს, რომელიც სხდომაზე ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ წარადგინა. მისი განცხადებით, ქალაქის გასული წლის ბიუჯეტი 95 პროცენტით შესრულდა – საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების დაზუსტებულმა გეგმამ 173,971.5 ათასი ლარი, ფაქტობრივმა შესრულებამ – 177,243.5 ათასი ლარი, ბიუჯეტის გადასახდელების დაზუსტებულმა გეგმამ – 182,496.3 ათასი ლარი, ფაქტობრივმა შესრულებამ კი – 172,591.5 ათასი ლარი შეადგინა. 2019 წელს, ქალაქის განვითარებისათვის პრიორიტეტული იყო საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსება. ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პარალელურად, საბიუჯეტო დაფინანსების ძირითადი პრიორიტეტი, ასევე, იყო სკოლამდელი განათლების, კულტურისა და სპორტის სფერო და მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
–2019 წლის ბიუჯეტი მაღალი მაჩვენებლით შესრულდა, – გვითხრა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ედნარ ნატარიძემ. მისივე განცხადებით, 2019 წლის ბიუჯეტი, ხარჯვით ნაწილში, 95 პროცენტით შესრულდა, შემოსულობების ნაწილში კი – 102 პროცენტით. -საერთო ჯამში, 4 მილიონ ლარზე მეტი იყო შემოსულობების კუთხით. ხარჯვით ნაწილშიც ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი გაკეთდა, აქტიურად იყო დატვირთული კულტურის მიმართულებაც. მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები იყო მიმართული ჯანდაცვისა და სოციალური კუთხით. აქვე მინდა გითხრათ, რომ მთავრობამ მიიღო დადგენილება და მოსახლეობას კომუნალურ გადასახადებზე შეღავათები დაუწესა. ამის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა გაათავისუფლა დასუფთავების მოსაკრებელისგან 3 თვის განმავლობაში. ასევე, ის ფიზიკური და იურიდიული პირები, ვისაც საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვებით შეჩერებული ჰქონდათ ეკონომიკური საქმიანობა, გადასახადისგან გათავისუფლდებიან, – აცხადებს ედნარ ნატარიძე.
იგეგმება თუ არა ქალაქის ბიუჯეტში ცვლილებები? – ვკითხეთ ედნარ ნატარიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა და დამოკიდებულნი არიან ცენტრალურ ხელისუფლებაზე.
– ცენტრალურმა ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ანტიკრიზისული გეგმა, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა საგანგებო ბიუჯეტი, მუნიციპალიტეტი კი გარკვეული შემოსულობების და ცენტრალური მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. აქტიურად მიდის მუშაობა და სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში წარმოდგენილი იქნება ბიუჯეტი, რომელშიც აისახება კრიზისულ პერიოდზე მორგებული ყველა ცვლილება, რიგი ღონისძიებები გაუქმდება, ასევე, ის წარმომადგენლობითი და ადმინისტრაციული ხარჯები, რაზეც ოპოზიცია აპელირებს, შემცირდება. ამ დროისთვის ყველა ადმინისტრაციული ხარჯი შეჩერებულია. „ნაციონალური მოძრაობა“ კი სულ ტყუილად აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ არაფერი კეთდება კრიზისის დასაძლევად, – გვითხრა ედნარ ნატარიძემ. მისივე თქმით, ხელისუფლება აქტიურად ეხმარება მოსახლეობას, იგივე სასურსათო კალათები მიაქვთ ოჯახებში, ბაღის აღსაზრელებს დაურიგდათ მათთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტები.
საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა განკარგულების პროექტს, რომლის მიხედვითაც M2 და M3 კატეგორიის ავტობუსების ნებართვის მფლობელები ნებართვის გაცემის საფასურისგან თავისუფლდებიან. აღნიშნული შეღავათი იმოქმედებს მუნიციპალური ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის შეჩერების ვადით, ამასთან, თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს ახალი კორონავირუსით (კოვიდ-19) გამოწვეული ფორსმაჟორული გარემოების გამო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის, სარგებლობის/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლებისა და პრივატიზებული ან/და სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის შესრულებისათვის დამატებითი ვადის მიცემის საკითხთან დაკავშირებით.
საკრებულომ დაამტკიცა განკარგულების პროექტი, რომლის თანახმადაც შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების მიზნით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონებით სარგებლობის უფლების მიმღებ პირებს შეუმცირდებათ გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სარგებლობის საფასური (ქირა, საზღაური და სხვა). სხდომაზე დამტკიცდა განკარგულების პროექტი, რომელიც ბათუმის ტერიტორიაზე გარევაჭრობის უფლების მქონე სუბიექტების ყოველთვიური თანხის გადახდისგან დროებით გათავისუფლებას ითვალისწინებს. აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება ბათუმის მერიის მიერ გაცემულ ნებართვებს და საქართველოს მთავრობის მიერ ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების მოქმედების განმავლობაში, ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების ვადით გაგრძელდება. აღნიშნული შეღავათის შესაბამისად, წლიურ საფასურს გამოაკლდება ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების პერიოდისთვის გადასახდელი თანხის ოდენობა თვეების გაანგარიშებით. სუბიექტებს, რომელთაც წინასწარ აქვთ გადახდილი გარევაჭრობის უფლების საფასური, ან ნაწილი, გადახდა ჩაეთვლებათ მიმდინარე წლის პირველი ივნისის შემდგომი თვეების ანგარიშში. გადახდილი საფასური არ ექვემდებარება დაბრუნებას იმ შემთხვევაში, თუ ვაჭრობის უფლება შეწყდება ვადაზე ადრე, უფლების ვადა ამოიწურება შესაბამისი პერიოდის გასვლამდე. პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდნენ ის სუბიექტები, რომელთაც პირგასამტეხლო მიმდინარე წლის პირველი მარტიდან პირველ ივნისამდე პერიოდზე დაეკისრათ, ან დაეკისრებოდათ.
საკრებულომ დაამტკიცა განკარგულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 21 ერთეული მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემას, შემდგომში მათი სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ საკუთრებაში გადაცემისა და ახალი ელექტროგადამცემი ხაზის ანძების მშენებლობის მიზნით. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, დიმიტრი სვიშევსკის ქ. №80-ში მდებარე უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის საკითხს. განკარგულების მიღების მიზანს წარმოადგენდა ბათუმში ლაბორატორიულ-კვლევითი საქმიანობის წარმატებით განხორციელებასა და განვითარებაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისადმი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსადმი ხელშეწყობა. ცვლილებები შევიდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 თებერვლის N12 დადგენილებაში, ასევე, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში. საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკის (განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილის) დამტკიცების საკითხს. საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, სხვადასხვა სახის ტექნიკური ცვლილება შევიდა ბათუმის საკრებულოს რეგლამენტშიც, მათ შორის, ერთ-ერთი ცვლილებით, ობიექტური გარემოებების არსებობისას, გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული საკითხების გადასაწყვეტად, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, დასაშვები გახდა საკრებულოს საქმიანობის განხორციელება დისტანციურად, სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.