გოდერძის უღელტეხილზე ტრანსპორტით მიმოსვლა აღდგენილია
ოთარ ცინარიძე: 599 85 21 14 –
წლებია გოდერძის უღელტეხილზე ტრანსპორტით მიმოსვლა მარტის დღეებში იხსნებოდა. წელს ახალი კორონავირუსის პანდემიამ იგი გარკვეული დროით გადაწია. ეს სასიცოცხლო არტერია ყველაზე მეტად აჭარის მთიანეთის მოსახლეობისთვისაა საჭირო. ხულოს, შუახევისა და ნაწილობრივ ქედის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებს ამ გზით საზაფხულო საძოვრებზე გადაჰყავთ პირუტყვი. მათთვის ჯავახეთის, თრიალეთის ტერიტორიებიდან შემოაქვთ უხეში საკვები, ასევე, სოფლის მეურნეობის პროდუქტები (კარტოფილი, ქერი).
პანდემიის გამო შესაბამისმა სამსახურებმა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალის 10-კილომეტრიანი მონაკვეთის თოვლისგან გაწმენდა ვეღარ შეძლეს. ეს საქმე საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ მოაგვარა. მან საკუთარი სახსრები მოახმარა სამუშაოების შესრულებას. მაისის პირველი რიცხვებიდან ზანკები-უტყუსუბნის გზაზე ტრანსპორტს გადაადგილება აღარ შეიზღუდება. მძღოლებს რამდენიმე მონაკვეთზე 10-12 მეტრი სიმაღლის „თოვლის გვირაბებში“ გასვლა მოუწევთ.
– მესხეთ-ჯავახეთის, თრიალეთის ტერიტორიებზე აჭარის მთიანეთიდან 4500-მდე ოჯახია გადასული. 6 თვის განმავლობაში ისინი წინაპრების ნალოლიავებ ადგილებს მოწყვეტილნი იყვნენ. ამიერიდან შესაძლებლობა ექნებათ, უმოკლესი გზით ხულოში, შუახევში ჩამოვიდნენ. სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენა იმ მეცხოველეებსაც არგებთ, რომლებიც პირუტყვს გოდერძის უღელტეხილისა და კურორტ ბეშუმის შემოგარენში, ალპურ საძოვრებზე მირეკავენ, – გვითხრა ანზორ ბოლქვაძემ.
30 აპრილიდან გოდერძის უღელტეხილზე საავტომობილო გზა გახსნილია. შესრულებული და მიმდინარე სამუშაოები მოინახულა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.
პ.ს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში პარლამენტარი ანზორ ბოლქვაძე მარტო ამ საქმით არ შემოიფარგლა – 120-ზე მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს სასურსათო პროდუქტებით დაეხმარა. თითოეული კალათა 80 ლარის ღირებულებისა იყო.