„ენმ“ ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს
ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –
ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა მირდატ ქამადაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც ანტიკრიზისული გეგმა კიდევ ერთხელ წარადგინა და უახლოეს პერიოდში საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნა მოითხოვა.
-30 აპრილის რიგგარეშე სხდომაზე “ქართულმა ოცნებამ” ჩააგდო ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა. ნაცვლად იმისა, რომ ამ ორი თვის განმავლობაში სახელისუფლებო გუნდს ეფიქრა ანტიკრიზისულ გეგმაზე და წარმოედგინა ბათუმის საგანგებო ბიუჯეტი, რომელიც უპასუხებდა ქვეყანაში პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებს, მათ არც კი ისურვეს ამ საკითხის მოსმენა და მასზე მსჯელობა. დღეს, ოფიციალურად მივმართეთ საკრებულოს თავმჯდომარეს, კიდევ ერთხელ წარვადგინეთ ანტიკრიზისული გეგმა და ჩვენმა ფრაქციამ, კანონით მონიჭებული უფლების საფუძველზე, მოვითხოვეთ რიგგარეშე სხდომის დაუყოვნებლივ მოწვევა აღნიშნული საკითხის განხილვის მიზნით. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარემ რიგგარეშე სხდომა უნდა მოიწვიოს ერთი კვირის ვადაში. თუ თავმჯდომარე ამ ვადაში არ მოიწვევს სხდომას, ერთი კვირის თავზე საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს. გამომდინარე აქედან, მოვუწოდებთ საკრებულოს თავმჯდომარეს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა და ვიმსჯელოთ ანტიკრიზისულ გეგმაზე. გარდა ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებებისა, ჩვენი გეგმა ითვალისწინებს რიგი ღონისძიებების გატარებას ბათუმის ტერიტორიაზე მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების მიზნით, როგორიცაა, მაგალითად, გარკვეული სახის გადასახადების გაუქმება ან/და შემცირება, იმ მეწარმეებს, რომლებიც სარგებლობენ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებით, მომავალი წლის ბოლომდე უნდა დაუწესდეთ საიჯარო გადასახადზე შეღავათები და უნდა გატარდეს კიდევ სხვა ღონისძიებები, – გვითხრა მირდატ ქამადაძემ. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს უმრავლესობა კვლავ არ დაინტერესდება აღნიშნული საკითხით და სხდომა არ ჩატარდება, ამ ფაქტს უკვე მოყვება უფრო მკაცრი და შესაძლოა, ხისტი პოლიტიკური შეფასებები.