მთავრობა გლეხებს მიწების დახვნაში დაეხმარება
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
ბოლო წლების განმავლობაში პირველად, მთავრობა აჭარაში გლეხებს აქამდე დაუმუშავებელი მიწების დახვნაში დაეხმარება.
სამუშაოებისთვის გასაწევი ხარჯი მიწების ადგილმდებარეობის მიხედვით განისაზღვრება და 1 ჰექტარზე, საშუალოდ, 300-400 ლარია გათვლილი. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში სულ 2500 ჰა ფართობი დამუშავდება. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგიაშვილებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე ქედის მერთან ლევან გორგილაძესთან ერთად გაეცნო.
მინისტრის თქმით, საგაზაფხულო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს.
– სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება აქტიურ ფაზაშია. ხვნა-თესვა აგროვადების სრული დაცვით მიმდინარეობს. დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია შემჭიდროვებულ ვადებში განხორციელდეს სამუშაოები, რაც საბოლოოდ მოსავლის ხარისხსა და რაოდენობაზე აისახება, – აცხადებს ტიტე აროშიძე.