როდის დაგეხმარება მთელი სამყარო?
ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 –
„ხელოვანი ადამიანი, ჩემი აზრით, თავისი მესკენ შეტრიალებული ადამიანია. მე ვარ ჩემი პიროვნების, ჩემი სულის ძიებაში. საკუთარ თავს შევუტრიალდი და შეიძლება ეგოისტურად ჟღერდეს, მაგრამ თვითონ ვარ საკუთარი თავის მუზა“
წარმოშობით ხევსურეთიდანაა, იმ ცნობილი სოფლიდან, რომლის მცხოვრებნიც საუკუნეების წინათ შავმა ჭირმა ამოწყვიტა. ამიტომაც დღევანდელ რეალობას იმ წარსულთან აიგივებს. პროფესიით იურისტია, შავი ზღვის უნივერისტეტის კურსდამთავრებული და ამ განხრით ლექციებსაც კითხულობს. მიუხედავად ამისა, ყოველთვის უკმარისობის განცდა ეუფლებოდა, გრძნობდა, იცოდა, რომ სულ სხვა სფეროში უნდა გამოევლინა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი.
ხატია ლიქოკელზე უნდა გიამბოთ, გოგონაზე, რომელმაც შემოქმედებითი მოღვაწეობა სულ რაღაც სამი თვის წინ, თვითიზოლაციის პერიოდში დაიწყო.
– ქარგვა დავიწყე სამი თვის წინ. ავიღე ნემსი, ძაფი და ჩემს შთაგონებას მივენდე. ნაქარგების გამოქვეყნებას ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, ყოველდღე მიწევდა იმის დამტკიცება, რომ ნამდვილად მე, ერთ ხევსურ გოგოს მეკუთვნოდა ეს ნამუშევრები. არასოდეს არსად მიცდია, მესწავლა ხატვა, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ერთ დღეს ჩემს რეალურ სამყაროს ვიპოვიდი. ალბათ გენებში გვაქვს ხელოვნება ხევსურებს, ისეთია ჩვენი მხარე, მგონია, რომ ყველა იქაური შემოქმედია. მეც ერთი მოკრძალებული ხევსურული ოჯახიდან ვარ. ბებიაჩემი ხალიჩებს ქსოვდა, არაერთი ხევსურული ნიმუშის ავტორია. მისი მოქსოვილი ხალიჩები ძვირადღირებულადაა აღიარებული. დღემდე სახლში ვინახავთ ამ განძს. ალბათ, სწორედ ამ გენების დამსახურებაა ჩემი დღევანდელი შემოქმედება. ვფიქრობ, რაც ხატვა დავიწყე, მას შემდეგ გავხდი რეალური – ის, რაც სინამდვილეში ვარ.
– რა მასალას იყენებთ ნაქარგების შესაქმნელად?
– ამას ხშირად მეკითხებიან, ზოგს ჰგონია, რაიმე სქემას ვიყენებ, ზოგიც ფიქრობს, რომ ფოტომასალის დახმარებით ვქმნი ნამუშევრებს. არადა, ვიღებ უბრალო ნაჭერს, რომელიც შეძლებს აიტანოს ქარგვის პროცესი, ანუ არ დაიხევა, მახათს და საქსოვ ძაფებს. ვაკეთებ ამ ნაჭერზე მარტივ მონახაზს და შემდეგ ფანტაზიით, თავს უფლებას ვაძლევ, ფერები ვათამაშო, გადმოვიტანო ის, რაც ჩემშია.
– რამ გიბიძგათ ხელოვნებისკენ, რა ან ვინ არის თქვენი მუზა ?
– ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ ყველა ხელოვანს ჰყავს მუზა, რადგან ხელოვანი ადამიანი ჩემი აზრით, თავისი მესკენ შეტრიალებული ადამიანია. მე ვარ ჩემი პიროვნების, ჩემი სულის ძიებაში. საკუთარ თავს შევუტრიალდი და შეიძლება ეგოისტურად ჟღერდეს, მაგრამ თვითონ ვარ საკუთარი თავის მუზა. პირველად, რომ ვცადე ნამუშევრების შექმნა და გამომივიდა, ეს იყო გარდაცვლილ ბებიასთან გაიგივება, რომელმაც თავისი ავადმყოფობით (სიმსივნე ჰქონდა) სიკვდილს შემახვედრა. ამ მოვლენამ გამხადა უფრო მგრძნობიარე. . . თითქოს გამოვიღვიძე და ჩემში გაიღვიძა იმ ყველაფერმა, რასაც ახლა ვაკეთებ.
– როგორც ვიცი, უცხოეთიდანაც გაქვთ გამოხმაურება.
– პირველი ორი ნაქარგი რომ გამოვაქვეყნე სოციალურ ქსელში, ჩემდა გასაკვირად, ისეთი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა, რომ ბევრმა უცხოელმა საკუთარ გვერდზეც კი განათავსა სახელწოდებით – „ქართველი შემოქმედი ხევსურეთიდან“. შემდეგ ელექტროფოსტით მომივიდა მოწვევა პარიზიდან, სადაც ერთ-ერთ გამოფენაში მონაწილეობა შემომთავაზეს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩემთვის რაღაც საოცრება იყო, რადგან სულ რამდენიმე კვირის დაწყებული მქონდა ქარგვა. უკვე ოფიციალურადაც დაანონსდა ეს გამოფენა პარიზში, რომელიც 15 აგვისტოს გაიმართება.
– სამოსის ხაზი „ლიქოკელი“ – რას სთავაზობს იგი მომხმარებელს ?
– ოფიციალურად დავაპატენტე უკვე სახელწოდებად ქცეული ჩემი გვარი – ,,ლიქოკელი”, რომელსაც ვაქცევ ბრენდად. გამოვა სამოსი, აქსესუარი ჩემი საავტორო ნაქარგებით. სამოსთან დაკავშირებით ბევრმა მეგობარმა მირჩია, ამეყვანა დამხმარეები, მაგრამ მე ამის მომხრე არ ვარ. სამოსს ვქმნი ხელით, რადგან მასში ვდებ სულის ნაწილს. ნებისმიერმა, ვინც მას ჩაიცვამს, მინდა იგრძნოს ჩემი ენერგეტიკა და ჩემი გვერდით დგომა. არ მინდა იყოს მასობრივი, მინდა იყოს ერთეული, მაგრამ ძლიერი ენერგეტიკით. დავიწყე უკვე მოლაპარაკებები უცხოეთში ჩემი სამოსის გატანისთვის.
– თვითიზოლაციას, სახლში ყოფნას როგორ ეგუებით ?
– თვითიზოლაციის ყველაზე ცუდი მხარე ისაა, რომ არ მეძლევა იმ დეტალების შეძენის საშუალება, რაც მჭირდება. ძალიან ბევრი ჩანაფიქრი მაქვს და ვერ ვახორციელებ. ძალიან განვიცდი და ვნერვიულობ, რომ დრო ფუჭად გადის, თუმცა ამ იზოლაციის პერიოდში შევქმენი ჯგუფი სახელწოდებით – „იზოლირებული ხელოვნება“, სადაც უამრავმა ნიჭიერმა ხელოვანმა მოიყარა თავი, რითიც ძალიან ბედნიერი ვარ. ჯგუფის შექმნის იდეა უცებ დამებადა. გამომდინარე რთული ვითარებიდან, მინდოდა რაღაც ისეთი შემექმნა, რომ აღმომეჩინა ახალბედა, საინტერესო ხელოვანები. ჯგუფი ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული და უამრავი დამწყები თუ გამოცდილი ხელოვანი შემოგვიერთდა. ჩვენი მიზანია, ეპიდემია რომ დასრულდება, გავაკეთოთ საერთო გამოფენა თვითიზოლაციის თემაზე. წარვადგენთ იმ ნამუშევრებს, რომლებიც შეიქმნა პანდემიის დროს, რადგან, გვინდა თუ არა, ეს უკვე ჩვენი ისტორიაა.
– გეგმებზე რას გვეტყვით?
– პარიზში გამოფენის ჩატარება და სამოსის ხაზის განვითარება. თუმცა ასევე ვაპირებ პერსონალური გამოფენის მოწყობას საქართველოში, როგორც კი ამის შესაძლებლობა მომეცემა. გალერეები რომ გაიღება, რომელიმეს ავარჩევ და თბილისში გამოვფენ ჩემს ნამუშევრებს.
– რა ფრაზას დაუტოვებდით ჩვენს მკითხველს ?
– ჩემს ყველაზე საყვარელ ფრაზას – თუ რაიმე გულით გინდა, მთელი სამყარო დაგეხმარება ამის ასრულებაში.