ტურიზმის ბიზნესისთვის ქონების და საშემოსავლო გადასახადის გადახდა 4 თვით გადავადდა
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ ტურიზმის ბიზნესისთვის ქონების და საშემოსავლო გადასახადის გადახდა 4 თვით გადავადდა. მისივე ინფორმაციით, 50-ზე ნაკლები ნომრის მქონე სასტუმროები ბანკის პროცენტის სესხის სუბსიდირებით სარგებლობენ. „ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იწყებოდა ეპიდემია, ყველაზე მეტად დაზარალებული ბიზნესების მხარდასაჭერად მყისიერი ნაბიჯები გადაიდგა. ეს იყო ტურიზმის და მასთან დაკავშირებული ინდუსტრია, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს ასაქმებს. ქონების და საშემოსავლო გადასახადის გადახდა, რაც ამ ბიზნესებისთვის საკმაოდ დიდი ტვირთი იყო, 4 თვით გადავადდა. მცირე სასტუმროებისთვის ცალკე პაკეტი მოქმედებს და ძალიან ამაყი ვარ, რომ უკვე 3 ათასამდე მცირე სასტუმრო არის რეგისტრირებული და სარგებლობს ამ დახმარებით, რაც გულისხმობს 50 ნომრამდე სასტუმროებისთვის ბანკის სესხის პროცენტის სუბსიდირებას. ამას ჩვენ ვახორციელებთ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში. დამატებით, ყველა იურიდიული პირისთვის საბანკო სესხების რესტრუქტურიზაცია მოხდა გარკვეული პერიოდით. ასევე, გრძელვადიანი ფინანსური რესურსი 600 მლნ ლარის ოდენობით, საბანკო სისტემის გავლით, ისევ ბიზნესისკენ წარიმართება. ძირითადად, მცირე და საშუალო ბიზნესი ისარგებლებს ამით იმიტომ, რომ დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა კვლავ და კვლავ საბანკო სესხების ხელმისაწვდომობაა, რადგან გაიზარდა რისკები, შემცირდა შემოსავლები და ბიზნესი ისე მარტივად ვეღარ აიღებს სესხს,“ – განაცხადა თურნავამ.