კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და მისი მნიშვნელობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე
ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –
რას ნიშნავს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, რა დადებით როლს ითამაშებს მისი განვითარება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ სტაბილურობაზე და ევროპულ ინტეგრაციაზე? ამაზე იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, ევროპული და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი მიშა ნაკაშიძე საუბრობს.
– ბატონო მიშა, როგორია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა და საერთოდ, როდის ჩაეყარა ამ კონცეფციის განვითარებას საფუძველი?
-კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (კსპ) განვითარება ძირითადად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო. ერთ-ერთი პირველი ნაშრომი, რომელშიც კარგად იყო განხილული კსპ-ის პრობლემები, გახლდათ ამერიკელი ეკონომისტის გ. ბოენის წიგნი „ბიზნესმენის სოციალური პასუხისმგებლობა“. ბოენის აზრით, ბიზნესმენის სოციალური პასუხისმგებლობა მდგომარეობს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, ან ქცევის ისეთი მიმართულების არჩევაში, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა საზოგადოების მიზნებსა და ფასეულობებთან, ანუ ბოენის მიდგომით, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა თავის თავში მოიაზრებს გარკვეულ შეთანხმებას საზოგადოებასთან, ბიზნესმენის შეთანხმებულ ქცევებს საზოგადოების მიზნებსა და ფასეულობებთან, რაც ბიზნესის ლეგიტიმურობის მთავარ წყაროებად გვევლინება.
– რამდენ მიმართულებად შეიძლება დავყოთ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება?
– კსპ-ის განვითარება, პირობითად, შეიძლება სამ მიმართულებად დავყოთ- ეკონომიკური, ჰუმანიტარული და სტეიქქოლდერული. ეკონომიკური მიდგომის მიხედვით, კსპ-ის მოტივს წარმოადგენს კომპანიებისათვის შემოსავლების მაქსიმიზაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური ხასიათის აქტივობები სასარგებლოა კომპანიისთვის, რადგან ის ხელს უწყობს კომპანიის საქმიანი რეპუტაციისა და პოზიტიური იმიჯის შექმნას, შესაბამისად, კომპანიის მომხმარებლებისა და შემოსავლების ზრდას. ზემოაღნიშნული თეორიისგან განსხვავებით, ჰუმანიტარული მიდგომა გულისხმობს კომპანიისათვის თანაბარი სოციალური, სამოქალაქო და მორალური ვალდებულებების ქონას ყველა დაინტერესებული მხარის მიმართ, რომელიც მიმართულია საზოგადოების კეთილდღეობის ზრდისკენ. განვიხილოთ თეორიები, რომელსაც აღნიშნულმა მიდგომამ დაუდო საფუძველი. კორპორაციული ალტრუიზმის თეორია – ამ თეორიას დასაბამი დაუდო აშშ-ს ეკონომიკური განვითარების კომიტეტმა. გამომდინარე იქედან, რომ კორპორაციები აქტიურად მონაწილეობენ კანონების ლობირებაში და სხვა სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღებაში, აფინანსებენ სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობას, მათ არ შუძლიათ ზურგი აქციონ სოციალურ და ეკოლოგიურ პრობლემებს. ანუ ზემოაღნიშნული თეორიის მთელი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ბიზნესი უნდა ზრუნავდეს არამხოლოდ შემოსავლების გაზრდაზე, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შექონდეს საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრაში, მოქალაქეებისა და საზოგადოების ცხოვრების ხარისხის ამაღლებასა და გარემოს დაცვაში. გარდა ამისა, ასევე არსებობს განმანათლებლური ეგოიზმის თეორია, რომელიც ბიზნესის აუცილებლობად თვლის სოციალური ხასიათის ინვესტიციებს და პროგრამებს. ამ თეორიის მიხედვით, კორპორაციების მხრიდან მათი შემოსავლის ნაწილის ჩადება სოციალური და ფილანტროპული ხასიათის პროგრამებში, მართალია ამცირებს მათ მიმდინარე შემოსავლებს, მაგრამ ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში ეს ქმნის ხელსაყრელ სოციალურ გარემოს და ამით ხელს უწყობს მომავალში კომპანიისთვის მდგრადი შემოსავლების მიღებას. რაც შეეხება კსპ-ს ე.წ. სტეიქქოლდერულ მიდგომას, რომელიც დღესდღეობით დანარჩენ მიდგომებთან შედარებით უფრო აღიარებულია და მეტი მიმდევარი ჰყავს, მან წარმოქმნა კორპორაციული ინტერესების ახალი ბალანსი, რომელშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის ინტერესები. აღნიშნულ მიდგომას საფუძველი ჩაუყარა ე. ფრიმენმა, რომელმაც ეს საკითხი განიხილა თავის ნაშრომში „სტრატეგიული მენეჯმენტი – დაინტერესებულ მხარეთა კონცეფცია“. სწორედ აქ გამოიყენა პირველად სიტყვა „სტეიქქოლდერი“, რაც ქართულად ნიშნავს „დაინტერესებულ მხარეს“.
– ბატონო მიშა, კონკრეტულად ვინ იგულისხმება „სტეიქქოლდერში“ და რა ინტერესები აქვთ მათ?
– „სტეიქქოლდერი“ თავის თავში მოიცავს აქციონერებს, მომხმარებლებს, მიმწოდებლებს, საქმიან პარტნიორებს, კრედიტორებს, კონკურენტებს, დასაქმებულებს, სახელმწიფო ინსტიტუტებს, პროფკავშირებს და ა.შ. ყველა სტეიქქოლდერს აქვს მისი ინტერესი, მოთხოვნები, მოლოდინი, რომელიც მუდმივად იცვლება. ამიტომ კომპანიამ მათ ყურადღებით უნდა ადევნოს თვალყური და იზრუნოს მათ დაბალანსებაზე. ამ მიდგომის თანახმად, კომპანიები შეიძლება გახდნენ უფრო შემოსავლიანი, თუ გადაწყვეტილებებს მიიღებენ დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო დიალოგისა და თანამშრომლობის საფუძველზე. დღესდღეობით კსპ-ს რეალიზება ხდება სწორედ ე.წ. სტეიქქოლდერული მიდგომის საფუძველზე, რადგან კომპანიების მჭიდრო თანამშრომლობა დაინტერესებულ მხარეებთან, ხელს უწყობს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, ყველა შესაძლო გამოწვევებისადმი მზადყოფნასა და ადაპტაციას.
– თუ არსებობს კსპ-ს უნივერსალური გაგება?
– საზოგადოების მზარდი ინტერესის მიუხედავად, დღემდე არ არსებობს მისი უნივერსალური დეფინიცია. თუმცა, ცალკეული მეცნიერებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ კსპ-ის შესახებ გაკეთებული არაერთი განმარტებისა, ყველაზე ზუსტი და ყოვლისმომცველი განმარტება გაკეთდა 2010 წლის O 26000 საერთაშორისო სტანდარტში, რომელიც წარმოადგენს სახელმძღვანელოს „სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ“. ამ სტანდარტის თანახმად, სოციალური პასუხისმგებლობა, ეს არის ორგანიზაციის პასუხისმგებლობა საზოგადოებასა და გარემოზე მისი გადაწყვეტილებებითა და საქმიანობით გაწეულ ზომოქმედებაზე, რომელიც ხელს უწყობს მდგრად განვითარებას, მათ შორის, ჯანმრთელობასა და საზოგადოების კეთილდღეობას, ითვალისწინებს დაინტერესებული მხარეების მოლოდინებს, შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, საერთაშორისო ქცევის ნორმებთან და ასევე, ინტეგრირებულია ორგანიზაციის ყველა საქმიანობაში.
– როგორც ცნობილია, კსპ-ის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ევროკავშირმაც ითამაშა. . .
– გეთანხმებით, ევროკავშირი დასაბამიდან ცდილობდა მისი წევრი ქვეყნების წინაშე მდგარი სოციალური თუ ეკონომიკური გამოწვევებისთვის ოპტიმალური გადაჭრის გზები მოეძებნა, რაც წარმატებით შეძლო კიდეც. კერძოდ, 1993 წელს აამოქმედა 4 თავისუფლება – კაპიტალის, მუშახელის, მომსახურების და პროდუქციის თავისუფალი გადაადგილების ევროპის ქვეყნების ბაზრებზე. მხოლოდ ამით ის არ მისცემია თვითკმაყოფილებას და დაიწყო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა, როგორიცაა კსპ. კერძოდ, 1996 წელს ევროკავშირის ინსტიტუტების ძალისხმევით, შეიქმნა , რომელიც არის ევროპის წამყვანი ბიზნეს ქსელების გაერთიანება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გასავითარებლად. კერძოდ, ის წარმოადგენს ერთგვარ ჰაბს, რომელიც ახდენს ე.წ. სტეიქქოლდერთა (დაინტერესებულ პირთა) ინიციატივების აკუმულირებას და მიმართულია გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების გადაჭრისკენ. დღეისათვის იგი მოიცავს 45 კორპორაციულ წევრს და 41 ეროვნულ ორგანიზაციას. 2010 წელს ინიციატივით შეიქმნა „საწარმო 2020“, რომლის მიზანი იყო ბიზნესის -ის სტრატეგიების ევროკავშირის -ის სტრატეგიასთან შესაბამისობაში მოყვანა. „საწარმო 2020“-ის საშუალებით დღის წესრიგში დადგა ისეთი საკითხები, როგორიცაა არსებული ცხოვრების წესი, სამუშაო, კომუნიკაცია, განათლება, მოხმარება და რესურსების გაზიარება.
– რა მნიშვნელობას ანიჭებს ევროპის კავშირი კსპ-ის განვითარების საკითხს საქართველოსთან მიმართებაში?
-ევროკავშირი, არამხოლოდ საქართველოსთან, ზოგადად, ყველა იმ ქვეყანასთან ურთიერთობისას, რომლებთანაც მას მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები აქვს, ძალიან მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს კსპ-ს განვითარების საკითხს. 2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ბიზნესსექტორს მთელი რიგი ახალი შესაძლებლობები ეძლევა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორივე მხარის მისწრაფება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და განხორციელების თვალსაზრისით, კერძოდ, ასოცირების შეთანხმების მე-14 თავი, რომელიც განსაზღვრავს თანამშრომლობის საკითხებს დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების კუთხით. ასევე, მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორიცაა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში ცნობიერების ამაღლება და დიალოგის ხელშეწყობა. ასოცირების შეთანხმების თანახმად, მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ მთელ რიგ საერთაშორისო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელო რეკომენდაციების შედეგად დამკვიდრებულ პრაქტიკას, განსაკუთრებით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის სახელმძღვანელო რეკომენდაციებს მრავალეროვანი კომპანიებისთვის.
– როგორია ქართული კომპანიების როლი კსპ-ს განვითარებაში?
– მიუხედავად იმისა, რომ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული საერთაშორისო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელო რეკომენდაციების პრაქტიკულად რეალიზება არ მომხდარა, ქართული კომპანიები ნებაყოფლობით ახორციელებენ სხვადასხვა პროექტს და ცდილობენ თავიანთი წვლილი შეიტანონ კსპ-ს განვითარებაში. მაგალითად, საბანკო სექტორში კსპ-ს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ლიბერთი ბანკი. კერძოდ, ბანკმა 700-მდე დაუცველ ოჯახს გაუწია ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერა. ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები კი, მათ შორის, პენსიონერები და სოციალური დახმარების მიმღები პირები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სუპერმარკეტ”ნიკორას“ ნებისმიერ ობიექტზე ყველაზე მოთხოვნად 350-მდე დასახელების პროდუქტზე სპეციალური ფასდაკლებით სარგებლობენ. ასევე, კსპ-ს ძალიან მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ფარმაცევტული კომპანია „ავერსი“, რომელიც კსპ-ს კუთხით ახორციელებს შემდეგი სახის აქტივობებს: უფასო სამედიცინო მომსახურება მაღალმთიან რაიონებში; დონორთა საერთაშორისო კვირეულის პროექტი; მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარებზე განუწყვეტელი მზრუნველობა; მრავალშვილიანთა დახმარების პროექტი და ა.შ. სამშენებლო-დეველოპერულ სექტორში კსპ-ის განვითარების კუთხით კი საგულისხმოა კომპანია „ორბი ჯგუფი“-ს მიერ განხორციელებული აქტივობები. კერძოდ, კომპანიაში დასაქმებულია 6 ათასზე მეტი ადამიანი, რომელსაც კომპანია მაქსიმალურად კომფორტულ სამუშაო პირობებს უქმნის: ჯანმრთელობის დაზღვევა; თანამშრომლების პროფესიული განვითარების ტრენინგები; ქორწინებასთან, შვილის შეძენასა თუ ოჯახის წევრის ჯანმრთლობასთან დაკავშირებული ფინანსური მხარდაჭერა და ა.შ.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ქართული ბიზნესის #კოვიდ19-ის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გამოჩენილი სოციალური პასუხისმგებლობა. კერძოდ, სხვადასხვა კომპანიამ ასი ათასობით ლარი გადარიცხა კოვიდ19-ის ფონდში.
– როგორც აღნიშნეთ, ქართული კომპანიები ნებაყოფლობით უკვე ახორციელებენ სხვადასხვა პროექტს და ცდილობენ თავიანთი წვლილი შეიტანონ კსპ-ს განვითარებაში. როგორ ფიქრობთ, გვაძლევს თუ არა ეს იმის თქმის საფუძველს, რომ კსპ საკმაოდ მაღალია ჩვენს ქვეყანაში?
– ვერ ვიტყოდი, რომ კსპ ჩვენს ქვეყანაში მაღალია. როგორც აღვნიშნე, ის განვითარების პროცესშია. თუ სახელმწიფოს ხელშეწყობით, ბიზნეს სუბიექტები ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში მაქსიმალურად შეეცდებიან ევროკავშირში კსპ-ს კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარებასა და დანერგვას, ეს ხელს შეუწყობს არამხოლოდ ბაზარზე მათი რეპუტაციისა და მომხმარებლების მხრიდან ნდობის განმტკიცებას, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ სტაბილურობას, გარემოს მდგრად განვითარებასა და ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას.