მერაბ ბლადაძე: სიმდაბლეა, ხელისუფლების წარმომადგენლები სასურსათო კალათებით რომ დადიან და ფოტოებს იღებენ პიარისთვის
ნინო ცხვარაძე: 591 98 24 30 –
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა მერაბ ბლადაძემ რეგიონის კრიზისულ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა.
– დაანონსებული მქონდა ბიუჯეტისთვის მხარდაჭერა, როცა გაჟღერდა, რომ 23 მილიონი ლარი კრიზისის ფონზე ხალხს მოხმარდებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა, – გვითხრა მან. „აჭარამ დეპუტატს რამდენიმე კითხვით მიმართა.
– ბატონო მერაბ, თუ არა მოსახლეობის კეთილდღობას, მაშინ რას მოხმარდება ხსენებული 23 მილიონი ლარი?
– ბიუჯეტში, სადაც მუხლებიდან მუხლებში 23 მილიონი ლარი გადაიტანეს, თანხის უმეტესი ნაწილი ჯანდაცვის სფეროს მოხმარდება. მართალია, ეს ცუდი არ არის, მაგრამ 8 მილიონი რომ გამოიყო რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვისთვის, ვფიქრობ, ახლა ამის დრო არ არის. თუ კრიზისული პერიოდი დადგება ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, რეგიონში და ქვეყნის მასშტაბით საკმაოდ არის სამედიცინო დაწესებულებები, რომ პრობლემას გავუმკლავდეთ.
– როგორ ფიქრობთ, რა მიმართულებით უნდა გადანაწილებულიყო თანხები?
– საავადმყოფოს აღჭურვისთვის 8 მილიონი ლარი ცოტა თანხა არაა, სოფლის მეურნეობის მიმართულებით კი 2 მილიონ 800 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს, რასაც კატეგორიულად ვერ დავეთანხმებოდი. ეს თანხა მიზერულია. ბევრი ჩემი კოლეგისგან განსხვავებით, სოფლებში დავდივარ და ხალხს ვხვდები. ვიცი, რა ცუდ სიატუაციაშია მოსახლეობა. აქვე მინდა ვთქვა, სიმდაბლეა, ხელისუფლების წარმომადგენლები სასურსათო კალათებით რომ დადიან და ფოტოებს იღებენ პიარისთვის. ეს ხალხის დამცირებაა. რაღაც უმნიშვნელო, მინიმალურ დახმარებას პიარი არ უნდა – მოსახლეობასთან სოციალურ ქსელებში აფიშირების გარეშე მივიდნენ.
– ელოდით, რომ ბიუჯეტიდან თანხების დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობას მოხმარდებოდა?
– სოფლის მეურნეობა დღეს განსაკუთრებით პრიორიტეტულია. ვხედავთ, რომ საკვები პროდუქტების ფასები დღითი დღე იზრდება. ეს ე.წ. ოპტავიკების ბრალია, რომლებიც პროდუქტების იმპორტით არიან დაკავებულები. ამიტომ, პროდუქტი რომ არ გაძვირდეს, ადგილზე უნდა შევქმნათ დოვლათი, ჭარბიც კი. მხოლოდ კიტრის და პომიდვრის მოყვანაზე არ ვსაუბრობ. აქცენტი უნდა გაკეთდეს სხვა კულტურებზეც, მაგალითად, კარტოფილზე, ხახვზე, ნიორზე, რომელიც რეკორდულად ძვირი ღირს, ხორბალზე, რათა მაქსიმალურად გაიაფდეს პროდუქტი. ფული აღარაა ხალხში. ვინც ბიუჯეტიდან ვღებულობთ ხელფასს, გასაგებია, რომ პრობლემები ნაკლები გვაქვს, როგორმე თვიდან თვემდე მოვახერხებთ არსებობას, რადგან ჩვენც გვაქვს ბანკის ვალი, გვყავს ოჯახი და ახლობლები, რომლებსაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ. იმ ადამიანებმა, რომლებსაც 300-500 ლარი ჰქონდათ ხელფასი და ისიც დაკარგეს, როგორ იარსებონ? ამიტომ, ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს, მეტი თანხების მობილიზებაა საჭირო სოფლის მეურნეობაში. სხვათა შორის, ბუნებამაც ხელი შეგვიწყო, გაზაფხული ცივი იყო, ხვნა-თესვა გადაიდო და 20 მაისამდე შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება. ახლა გამოჩნდება, რამდენად უნარიანები არიან სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, როგორ მოახერხებენ იმ თანხების მართვას, რაც გამოიყო სოფლის მეურნეობისთვის, მოასწრებენ თუ ვერა თანხების მოსახლეობამდე მიტანას. მართალია, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თანხები საკმარისი არ არის, მაგრამ დღეს უკვე სოფლებში სასუქებს უნდა არიგებდნენ, უნდა ცდილობდნენ, რომ სოფელში საკმარისი მოსავალი მივიღოთ. თუ სოფელი ძლიერი იქნება, ძლიერი იქნება ქალაქიც. ამიტომ, ვისაც სოფელში მიწა გვაქვს, ყველამ უნდა ვიშრომოთ, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ. არავინ იცის, პანდემია როდემდე გაგრძელდება. ყველა ვხედავთ, რომ მსოფლიოა დაპაუზებული და საკუთარ თავს ჩვენვე უნდა ვუშველოთ.
– ქვეყნის ხელისუფლება, ბუნებრივია, ბიუჯეტის შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს. 200 ლარი არ არის სოლიდური თანხა, თუმცა. . .
– მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე საუბარი მქონდა დამოუკიდებელ ექსპერტებთან, რომლებმაც მოიწონეს და ერთხმად აღნიშნეს, რომ გეგმა კარგია. არის შენიშვნებიც, მაგალითად, დახმარება მხოლოდ თვითდასაქმებულებმა და სამსახურიდან დათხოვნილმა ადამიანებმა არ უნდა მიიღონ. ჩვენ უმუშევართა მრავალრიცხოვანი არმია გვყავს, სამწუხაროდ. ამიტომ, არ ვართ 40-მილიონიანი ერი, რომ ყველა ოჯახის დახმარება ვერ შევძლოთ. ბოლოსდაბოლოს, საქართველოს პარლამენტში 40 მილიონერი ზის. . . შესაძლებლობიდან გამომდინარე, ყველამ გავიღოთ თანხები და ერთმანეთს დავეხმაროთ ამ გაჭირვების ჟამს, რამდენიმე თვის განმავლობაში. ხელისუფლება, სამწუხაროდ, მიზერული თანხით, მაგრამ დაეხმარება იმათ, ვინც დასაქმებული იყო.
– ანტიკრიზისულ გეგმაში რა არის თქვენთვის მისაღები და რა – არა?
– ჩვენს ხელისუფლებას, სათავეში მოსვლის დღიდან უნდა ემუშავა ეკონიმიკის აღმავლობაზე, დოვლათი უნდა შეექმნა, რომ ამ დღეში არ ჩავვარდნილიყავით. მართალია, ანტიკრიზისული გეგმა ბევრ მიმართულებას დააფინანსებს, მაგრამ თანხები მაინც არაა საკმარისი, ადამიანები შიმშილისთვის არიან განწირულნი. ძალიან რთული პერიოდი გვექნება წინ. მართალია, საბანკო დავალიანებების დაფარვა 3 თვით გადაიდო, მაგრამ სამი თვის შემდეგ რა უნდა გააკეთოს მოსახლეობამ? ფიზიკურად ვერ შეძლებენ დავალიანების გადახდას.
– თქვენ გაქვთ ინიციატივა, როგორ შეჩერდეს იპოთეკით დაზარალებულთა გამოსახლებები. უფრო კონკრეტულად, რას სთავაზობთ ამ კუთხით ხელისუფლებას?
– დაახლოებით 3 წლით მაინც უნდა შეჩერდეს იპოთეკით დაზარალებულთა გამოსახლებები. ადამიანებს ისედაც უჭირდათ პროცენტების გადახდა და ახლა – მით უფრო. კერძო მევახშეები იქნებიან თუ საფინანსო ორგანიზაციები და ბანკები, ხალხის დავალიანებები ხელისუფლებამ კი არ გადაუხადოს, არამედ იხელმძღვანელოს საგანგებო სიტუაციის დროს კანონის შესაბამისად და გააჩეროს პროცენტები, რომ პროცენტის პროცენტებზე აღარ იფიქრონ. ამასთან, უნდა გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის 3-ათასლარიანი ჯარიმა. მესმის, რომ კანონის დარღვევა უნდა ისჯებოდეს, მაგრამ ამხელა თანხას ვერ გადაიხდიან. წარმოიდგინეთ, 3 ათასი ლარით რომ დამაჯარიმონ, ვერც მე გადავიხდი მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ანაზღაურება მაქვს. ამიტომ, ჯარიმები უნდა ჩამოაწერონ და სხვაგვარ ხერხს მიმართონ, მაგალითად, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯონ ან სხვა ამგვარი.
– ბატონო მერაბ, თქვენ ითხოვთ, ონკოპაციენტებს მედიკამენტების საფასური ხელისუფლებამ დაუფინანსოს. აქვე უნდა გითხრათ, რომ ონკოპაციენტებს თითქმის 100 პროცენტით უფინანსდებათ მკურნალობის, სამედიცინო კვლევების თუ მედიკამენტების საფასური.
– გეთანხმებით, მაგრამ არის ასეთი მედიკამენტი „ერბიტუქსი“, რომლის ღირებულება 3 735 ლარია. ღირებულების 70 პროცენტს სახელმწიფო აფინანსებს, მაგრამ 1120 ლარის გადახდა მაინც უწევთ ონკოპაციენტებს. პრეპარატის შეძენა 20 დღეში ერთხელ უწევთ და 5-თვიანი კურსი მაინც უნდა ჩაიტარონ. საბოლოო ჯამში, სოლიდურია მედიკამენტის შესაძენად საჭირო თანხები. ვინც იცის, რომ დამატებით ხელისუფლებისგან დახმარების მიღება შესაძლებელია, განცხადებით მიმართავს როგორც მუნიციპალიტეტების მერებს, ისე მთავრობის თავმჯდომარეს და სარეზერვო ფონდებიდან მაინც იღებს თანხას, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რა ხერხს მიმართონ, არც ნაცნობ-მეგობრები ჰყავთ, რომ დაეხმარონ. ამიტომ უკეთესი იქნება, ბიუჯეტში გავითვალისწინოთ მედიკამენტების დასაფინანსებელი თანხები. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ჩემი მოსაზრება მოეწონა, გაგებით შეხვდნენ ჩემი კოლეგებიც და მადლობა ყველას. წერილს ვამზადებ და იმედს ვიტოვებ, ხელისუფლება ამ საკითხსაც დადებითად გადაჭრის.

