აჭარაში 382 პირის პასუხი კოვიდ-19-ზე უარყოფითია
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 –
„ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შემდგომი განვითარება თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული“
როგორც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, გასული დღე-ღამის განმავლობაში ლაბორატორიული კვლევა 382 პირს ჩაუტარდა. კოვიდ-19 არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა, გუშინ კი აჭარაში ახალი კორონავირუსისგან 4 პაციენტი განიკურნა და კლინიკიდან გაეწერა. რეგიონში სულ 31 გამოჯანმრთელებული პირი რეგისტრირდება. ამ ეტაპზე კლინიკა „მედალფაში“ 24 პაციენტი მკურნალობს.
– ყოველდღე ველოდებით საკონტროლო კვლევის შედეგებს. შესაბამისად, განკურნებულ პირთა რაოდენობა მოიმატებს ყოველდღიურად. ჯერჯერობით სიტუაცია სტაბილურია და ვიმედოვნებთ, რომ მინიმალური ახალი შემთხვევები გვექნება. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შემდგომი განვითარება თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. სულ ჩავატარეთ 4300-ზე მეტი ლაბორატორიული კვლევა. აქედან დაახლოებით 1000 სამედიცინო პერსონალია. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით აღრიცხულია 36 ინფიცირებული პირი, აქედან 9 ადამიანი უკვე განიკურნა. ქობულეთის სამი ჩაკეტილი სოფლიდან იზოლაციაში მყოფ პირებს საკონტროლო მეორადი კვლევის შედეგების მიხედვით კარანტინის პერიოდი მოეხსნათ, თუმცა სოფლები ისევ მაღალი რისკის ზონად რჩება. ინფიცირებულების კონტაქტირებულ პირებს იზოლაციის პერიოდი აქვთ და წესებს ქობულეთის ქალაქის გარკვეულ უბნებში იცავენ. მათზე დამყარებულია მეთვალყურეობა. აქტიურად მიმდინარეობს რისკჯგუფების მიზნობრივი ტესტირება და ეს პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი გახლავთ. აუცილებლად ჩავერთვებით თავშესაფრის მობინადრეების, ასევე საკარანტინე სივრცეში დასაქმებული პერსონალის ტესტირებაშიც. ამჟამად ცხელების კლინიკებში 40 პირი იმყოფება, რომელთა ლაბორატორიული კვლევის შედეგებს დღის განმავლობაში ველოდებით, – გვითხრა ნინო ნიჟარაძემ.
აჭარის რეგიონში საკარანტინე სივრცეში 1500–მდე პირი იმყოფება. 4300–მა ადამიანმა უკვე დატოვა იგი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, მე-8 პაციენტი გარდაიცვალა. საქართველოში კოვიდ-19 582 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 207 უკვე გამოჯანმრთელდა.