„პანდემიამ მიმახვედრა, რომ სიცოცხლეზე ფასეული ამქვეყნად არაფერია, რომ ადამიანი მაშინ ხარ ბედნიერი, თუ მოყვასი გიყვარს, თუ სხვაზე ფიქრობ და გადარდებს“
ლაშა ხომერიკი: 593 5082 69 –
„მადლი ქენი, ქვაზე დადე, გაიარე, წინ დაგხვდება” – ვის არ გაუგონია ეს ანდაზა და არ დარწმუნებულა მის სიბრძნეში! ახლახან უფრო გამიმყარდა ეს აზრი, როცა ერთი ჩვენებური ქალბატონის საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ შევიტყვე. იგი ბათუმელი მერი დიასამიძეა, ამჟამად თურქეთში იმყოფება და თავისი გულის სითბოს თანამემულეებს იქიდან უზიარებს. დიახ, სიკეთე ის ნათელია, ადამიანის არსებობას რომ ამშვენებს. ასეთი ადამიანები სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებენ. ჩვენი ინტერესის არეალშიც სწორედ ამიტომ მოექცა ქალბატონი მერი. შევეხმიანეთ მას და ჩვენი დისტანციური საუბარიც შედგა. ხმა ადამიანის თვისებებზე, მის შინაგან პოტენციალზეც რომ მეტყველებს, ეს არახალია. მელოდიური ტემბრი, საუბრის მშვიდი ინტონაცია ქალბატონი მერის ღირსებებს უფრო ცხადყოფდა. აი, რაზე გვესაუბრა იგი ჩვენი კითხვების პასუხად:
„ამჟამად თურქეთში ვარ, სტამბოლის ბეიქოზის რაიონში. აქ ჩამოსვლამდე ბათუმში ვცხოვრობდი. პროფესიით პედაგოგი ვარ, ფილოლოგი, წლების განმავლობაში ვმუშაობდი მასწავლებლად, ქ. ბათუმის სასამართლოს მანდატურად, ვარ სრულიად საქართველოს დიასამიძეთა და აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირების წევრი. დიდ სულიერ ძალას მაძლევს იმის განცდა, რომ ქედაში წმინდა ევდემოზის სახელობის ეკლესიის მშენებლობის შტაბის წევრი ვარ და მის მშენებლობაშიც შემაქვს წვლილი. მე ხომ ქედაში დავიბადე და გავიზარდე, აქ ჩემი საყვარელი ადამიანები ცხოვრობენ, ბათუმში კი ჩემი გულია – ჩემი ოჯახი (მეუღლე, ორი ვაჟი და ორი შვილიშვილი). როგორც დასაწყისში გითხარით, სტამბოლის ბეიქოზის რაიონში ვცხოვრობ, ვარ სახალხო განათლების ბაზაზე არსებული ქართული ენის საკვირაო კურსების მასწავლებელი. ვცხოვრობ თურქულ ოჯახში, სადაც ყველა იურისტია, ძალიან კეთილშობილები და ტოლერანტულები, თავად მუსლიმები არიან, მაგრამ სხვის რწმენას პატივს სცემენ, გაგებით ეკიდებიან, ჩემს შემთხვევაშიც. პანდემიის დროს ცდილობენ უფრო დამიდგნენ მხარში. მათი დახმარებით და ჩემი დანაზოგით, შესაძლებელი გახდა სადეზინფექციო ხსნარების შეძენა და დეზინფექცია ჩაუტარდა ბათუმის რამდენიმე ობიექტს.
ახლა როგორი ვითარებაა თურქეთში? როგორც უმეტეს ქვეყანაში, აქაც საგანგებო ვითარებაა. თურქეთის 31 ქალაქი ჩაკეტილია, შესვლა – გამოსვლა გუბერნატორის ნებართვის გარეშე აკრძალულია, ქუჩაში სიარული დასაშვებია მხოლოდ პირბადით და სამედიცინო ხელთათმანებით. კვირაში სამი-ოთხი დღე სრული კარანტინია დაწესებული და გარეთ გასვლა აკრძალულია. მოსახლეობა გაგებით ეკიდება დაწესებულ შეზღუდვებს. რაც შეეხება ფინანსურ ხელშეწყობას, ეხმარებიან ყველა ოჯახს, ვინც ამას საჭიროებს, არიგებენ სასურსათო კალათებს. საავადმყოფოებში ადგილები საკმარისად აქვთ, სწრაფად რეაგირებენ ყოველ ინფიცირებულზე. გამოჯანმრთელების ფაქტი მრავალია და ეს მოსახლეობას იმედით განაწყობს. უფასოდ გაიცემა პირბადეები. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ მოსახლეობა, საზოგადოება არ არის აგრესიული, გაღიზიანებული, ძალიან თბილები და თავაზიანები არიან. ვირუსმა უკან დახევა დაიწყო და ვიმედოვნებ, გარკვეული დროის შემდეგ სიცოცხლე კვლავ იზეიმებს. პანდემიამდე სტამბოლი ტურისტებს ვერ იტევდა. განსაკუთრებით ლამაზია იგი გაზაფხულზე, ტიტების ფესტივალი ემირგანის პარკში იმართება აპრილში და საოცარი სანახავია. მასზე დასასწრებად მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიოდნენ. პანდემიამ მსოფლიო გააჩერა, სტამბოლიც. გაჭირვება, განსაცდელი ადამიანს აძლიერებს, ასეა ჩემს შემთხვევაშიც. ოჯახიდან, სამშობლოდან შორს მყოფს ყურები არ ჩამომიყრია, პირიქით, ვცდილობ სხვებს დავეხმარო, ქველმოქმედება ჩემი სულიერი მოთხოვნილებაა. ბედნიერი ვარ იმ დღეს, როცა ვინმეს ვეხმარები. მადლობა ღმერთს, რომ ბანკები მუშაობს და ვახერხებ საქველმოქმედო საქმიანობას. არ ვიტყვი, ვის და როგორ ვეხმარები, სიკეთე ჩუმი უნდა იყოს. პანდემიამ მიმახვედრა, რომ სიცოცხლეზე ფასეული ამქვეყნად არაფერია, რომ ადამიანი მაშინ ხარ ბედნიერი, თუ მოყვასი გიყვარს, თუ სხვაზე ფიქრობ და გადარდებს. . . მიმახვედრა იმასაც, რომ ბუნებას ისე უნდა მოვუფრთხილდეთ, როგორც საკუთარ თავს, რადგან „ჩვენ ბუნებაში ვართ და იგი ჩვენშია”, უნდა შევძლოთ ამ დიდი წიგნის წაკითხვა. ჰოდა, ამ ჩემს ფიქრებს ახლა თავს ვუყრი წიგნში, რომელსაც ვწერ და ასე დავასათაურე -„სტამბოლის სტუმრის თავგადასავალი.” ახლა სხვა რეალობაში გვიწვევს ცხოვრება, ადაპტაცია აუცილებელია, თუმცა ურთიერთობის ასე გაგრძელებას არ ვისურვებდი, ერთმანეთს დაგვაშორებს და გაცივდება პლანეტა.
მინდა მადლობა გადავუხადო თურქეთში საქართველოს ელჩს, ბატონ გიორგი ჯანჯღავას, საკონსულოსა და მისი სახით აქ საქართველოს ყველა მოქალაქეს მტკიცე დასაყრდენი აქვს. მისი დამსახურებაა, რომ არ შეფერხებულა ქართველების გადაადგილება სარფის მიმართულებით. ამ ეტაპზე აუცილებელია ყველა იმ წესისა და მოთხოვნის დაცვა, რაც პანდემიის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს. ამის გაცნობიერება გადარჩენის პირობაა, თუ გვსურს, რეალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, თუ არა – კარგა ხნით მოგვიწევს ინტერნეტსივრცეში ცხოვრება. ეკრანზე დანახული მსოფლიო? არა, მე მინდა ხალხით სავსე ქუჩები, ბავშვების მხიარული კისკისი, ღიმილიანი სახეები. . . ჩემი ქვეყანა მალე თავს დააღწევს ამ პანდემიას, მადლობა ქართველ ექიმებს, ყველას, ვინც ამ ურთულეს პერიოდში თავი არ დაზოგა, რომ ადამიანებს მიშველებოდა, ეზრუნა მათზე. ჩემს ძვირფას ბათუმელებს კი გულითად სურვილებს გაახლებთ, თქვენ პანდემია ვერ მოგერევათ, ბათუმი სიყვარულის, სიკეთის ქალაქია და ასე დარჩება მუდამ.