ლალი ჯაფარიძე: ახლა ის დროა, ფანტაზიას მეტი გასაქანი მივცეთ და სახლში არსებული ნებისმიერი ნივთი სასწავლო რესურსად ვაქციოთ
ნინო ცხვარაძე 591 98 24 30
უკანასკნელ წლებში საქართველოში განსაკუთრებულად ექცევა ყურადღება ინკლუზიურ განათლებას. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლე სასწავლო პროცესში თანატოლებთან ერთად უნდა იყოს ჩართული. ყველა ბავშვს, მათ შორის განათლების სფეროში დროებითი და მუდმივი დახმარების საჭიროების მქონე ბავშვს, სასკოლო დაწესებულებაში სწავლის უფლება აქვს. ამასთან, ინკლუზიური განათლების პროგრამა სათანადო პირობებით უზრუნველყოფს მასში ჩართულ ბავშვებს.
დღეს, როცა ქვეყანაში პანდემიაა გამოცხადებული და სასწავლო დაწესებულებები სწავლის ახალ, ონლაინმეთოდზე გადავიდნენ, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებიც ჩაერთნენ ამ პროცესში. როგორ ართმევენ თავს ახალ გამოწვევებს ბავშვები და პედაგოგები. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ინკლუზიური სწავლების ფსიქოლოგს, ბათუმის მე-4 და დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლების სპეცმასწავლებელს, სასწავლო ცენტრ „ბიზნესი და სისტემას“ და „კემბრიჯის განათლების სახლის“ ბათუმის ფილიალის ტრენერ ლალი ჯაფარიძეს ვესაუბრეთ.
– ინკლუზიურ სწავლებასა და სსსმ და შშმ პირების დისტანციურ სწავლებაში ჩართვისას სერიოზული პრობლემები არ შეგვქმნია. პანდემიის ფონზე იმდენად მოულოდნელად მოგვიწია ამ რეჟიმზე გადასვლა, რომ ბევრი ფიქრის დრო არცერთ მასწავლებელს არ ჰქონია. სწორედ მასწავლებლების დამსახურებაა ის, რომ ფაქტობრივად, არდადეგების გადავადების გამოცხადებიდან მეორე დღეს დავიწყეთ მოსწავლეებთან ონლაინ-მესენჯერ ჩატით მუშაობა, – ამბობს ლალი ჯაფარიძე.
– შესაბამისი მხარდაჭერაც გექნებოდათ განათლების სამინისტროსგან.
– განათლების სამინისტრომ დროულად და ძალიან მოკლე დროში შექმნა ახალი პლატფორმა – თიმსი, სადაც ჩართულია თითქმის ყველა მოსწავლე. ტელესკოლის პროექტზე აღარაფერს ვამბობ, იმდენად საინტერესო და სახალისო გაკვეთილებია, მეც დიდი სიამოვნებით ვუყურებ.
– როგორ გაართვით თავი ბავშვებთან დისტანციურ მუშაობას?
– რამდენიმე წელია, რაც ჩემს სპეციალობას (დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი) თავი დავანებე და სპეცმასწავლებლად გადავედი. ვარ ინკლუზიური სწავლების ფსიქოლოგი, ტრენერი და მიხარია, რომ დღითი დღე იზრდება ინკლუზიური განათლებით დაინეტერესებულ პირთა რიცხვი. სსსმ და შშმ მოსწავლეებთან ჩვენ ისედაც დამატებით ვმუშაობდით, ამიტომ ონლაინსწავლებაში მათი ჩართვა არ გამძნელებია. მთავარია, ბავშვებისთვის დავალება სახალისო და გასაგები იყოს. იმდენად დიდი აქვთ ინტერესი, რომ კარგი შეფასება მიიღონ, დავალების შესრულება კი არ ეზარებათ, პირიქით, უხარიათ. ელოდებიან შეფასებას და ეს არცაა გასაკვირი. წახალისება და მოტივაციის ამაღლება ყველას გვახარებს.
– რა ხერხს მიმართეთ ბავშვების მოტივაციის ასამაღლებლად?
– ვფიქრობ, ახლა ის დროა, ფანტაზიას მეტი გასაქანი მივცეთ და სახლში არსებული ნებისმიერი ნივთი სასწავლო რესურსად ვაქციოთ. ბავშვებს განსაკუთრებით გაუხარდათ მადლობის ჯილდოები, რომლითაც ერთგვარად, შევაჯამეთ რამდენიმეკვირიანი მუშაობა.
– ონლაინგაკვეთილები მოსაწყენი და დამღლელი ხომ არ არის ბავშვებისთვის?
– ონლაინჩართვები მოსაწყენი რომ არ გახდეს,ზოგჯერ თავად მოსწავლეებს ვეკითხები, რაზე სურთ საუბარი და იმ დღეს მათთვის საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ. ვურჩევ, ვთავაზობ სხვადასხვა გასართობ მხატვრულ თუ ანიმაციურ ფილმს. ხშირად, საგნის გაკვეთილზეც ვესწრები და მასწავლებლის მიერ ახსნილი მასალიდან გამომდინარე, სსსმ მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობას ვუგზავნი.
დღეს ინტერნეტში იმდენი მასალაა, რომ ბევრი ძებნა არცერთ მასწავლებელს არ დაჭირდება. გვეხმარება მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც სპეციალურად შექმნილ ჯგუფში გვიწევს კონსულტაციას და ამოწმებს ჩვენს მუშაობას. არ შემიძლია ხაზგასმით არ აღვნიშნო მშობლების როლი ონლაინსწავლებაში. ჩემი მოსწავლეების მშობლები რომ არა, მარტო ვერაფერს გავხდებოდი. როგორც კი ეს ყველაფერი ჩაივლის, ყველას გადავუხდი მადლობას!
– როგორც ვიცით, თქვენ სმენის არმქონე ბავშვებთან მუშაობთ.
– მე-4 საჯარო სკოლაში ვმუშაობ სმენის არმქონე შშმ პირებთან. ამ ბავშვებთან არაფორმალურ განათლებას ვაქცევდით ძალიან დიდ ყურადღებას, დავიოდით მერიის ახალგაზრდულ ცენტრში, რომლის ღონისძიებებშიც ბავშვები აქტიურად მონაწილეობდნენ. „თავისუფალ სივრცეში“ ჟესტურ ენას ვსწავლობდით, რასაც დღეს ვეღარ ვახერხებთ და ამას ჩემი მოსწავლეები მტკივნეულად განიცდიან. იმედი მაქვს, ზაფხულში ყველა ჩანაფიქრს ავისრულებთ. ონლაინსწავლება ალტერნატიული გზაა, რომ სასწავლო წელი არ ჩავარდეს. მასწავლებლისთვის ყველაზე ძნელია, რომ ზარის ხმა არ ისმის და საკლასო ოთახში არ შედის. რამდენიმე თვის წინ პედაგოგისა და მოსწავლის საგაკვეთილო ურთიერთობა სკოლის გარეშე ალბათ ვერც კი წარმოგვედგინა, მაგრამ დიდი იმედი ამქვს, რომ ყველაფერი მალე დასრულდება და სექტემბერში უკლებლივ ყველა ერთად შევაღებთ სკოლის კარებს. არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო იმ სკოლების დირექტორებს, სადაც ვმუშაობ – ცირა ქობულაძეს და მანანა თავართქილაძეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილს, რომლებიც ჩემს აქტივობებს უყურადღებოდ, უკომენტაროდ არ ტოვებენ, რაც მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს. ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებთ ყველას!

