ლელი ბჟალავა: იზოლაციის პირობებში იმატა ოჯახურმა ძალადობამ, საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილმა ჯარიმებმა
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების პერიოდში, საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილის მსგავსად, საყოველთაო მოწოდებას – „დარჩი სახლში“, ორი თვეა პირნათლად ასრულებს ადვოკატი ლელი ბჟალავა. როგორ აფასებს მიმდინარე მოვლენებს, რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდა და რა დადებითი მხარეები აქვს სახლში ყოფნას – ამ და სხვა კითხვებზე მან, როგორც ყოველთვის, სიამოვნებით გვიპასუხა.
– მას შემდეგ, რაც კოვიდ-19-ის გავრცელების საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით, ანუ 3 მარტიდან, გადავედი თვითიზოლაციაში. პირველი 20 დღე იყო აბსოლუტურად გაუსაძლისი, მანამდე აქტიურად ვვარჯიშობდი, ამასთან, ყოველდღიური, გადატვირთული სამუშაო გრაფიკი მქონდა. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ როგორც პასუხისმგებლიანი მოქალაქე, დღემდე არ ვარღვევ შემოღებულ წესებს. ეს პერიოდი არასოდეს დამავიწყდება . . . ჰაერი, მზის სხივი დამაკლდა და ყველაზე მთავარი – თავისუფლება, თავს გალიაში გამოკეტილივით ვგრძნობდი. ყოველივე ამის შემდეგ გადავწყვიტე, სახლში მევარჯიშა, ასევე, ეს პერიოდი განათლებისთვის გამომეყენებინა. კვირაში ერთი დღე სტუდენტებს ვიდეოზარებით ვერთვები, კაზუსებს ვაანალიზებთ. ამ ჩაკეტილობამ ბევრ რამეზე იქონია გავლენა, სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრების წესი. ვუსმენ იოგის ფედერაციის პრეზიდენტის გიორგი ბერძენიშვილის ლექციას ჰეგელზე, ვესწრები საგანმანათლებლო ვებინარებს, ვცდილობ, იზოლაციის პერიოდი გამოვიყენო პროფესიული განათლებისათვის. ტექნოლოგიებზეც შემექმნა წარმოდგენა გადაცემით, რომელსაც უძღვება თორნიკე გურული და ძირითადი საკითხებია ის მიღწევები, რომელიც დღესდღეობით არსებობს მთელ მსოფლიოში, ბევრ რამეში გავერკვიე კიბერუსაფრთხოების კუთხით, არის არაერთი შესაძლებლობა, რჩევები მივიღოთ პროფესიონალებისაგან.
– როგორია ადვოკატისთვის დისტანციური მუშაობა და რას გვეტყვით იმ ჯარიმებზე, რომელსაც საპატრულო პოლიცია ყოველღიურად ასობით ადამიანს აკისრებს საგანგებო მდგომარეობის პირობების დარღვევის გამო?
– სახლიდან მუშაობა დღეს დიდი გამოწვევაა, კოვიდ-19-ის პირობებში ონლაინრეჟიმზე გადავედით, მაგრამ შევეჩვიე, ჩემს კლიენეტებთან ვმუშაობ შეუფერხებლად, არ შემიწყვეტია კონტაქტი და ონლაინკონსულტაციები. რამდენიმე საჩივარი სასამართლომ დაგვიკმაყოფილა. გეთანხმებით, იზოლაციის პირობებში იმატა ოჯახურმა ძალადობამ და საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილმა ჯარიმებმა. პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის საფუძველზე, ხელისუფლების მიერ დადგინდა კონკრეტული სანქციები, კერძოდ, ფიზიკური პირის მიერ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის შემთხევაში ჯარიმა 3000 ლარია, ხოლო იურიდიულ პირს იმავე ქმედებისთვის ეკისრება 15000 ლარის გადახდა. განმეორებით ამავე ქმედების ჩადენა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით, ხოლო იურიდიული პირის შემთვევაში, ისჯება ჯარიმით, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ან კომპანიის ლიკვიდაციით. აღნიშნული ჯარიმები არის შეუსაბამოდ დიდი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის. ქვეყანაში, სადაც თითო მოსახლეზე საარსებო მინიმუმი 206 ლარი და 10 თეთრია, შეუძლებელია დააწესო ამ ოდენობის სანქცია. დაჯარიმებულ პირთა უმრავლესობა ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის მთავარი მიზეზი აფთიაქში წამალზე გასვლა ან სხვა ოჯახური საჭიროება იყო. ჯარიმების ჭარბი ოდენობა მოქალაქეთა არასათანადო ინფორმირებამაც გამოიწვია.
– თქვენი აზრით, რა პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით ან აღმოვჩნდებით პანდემიის პერიოდში? აქვე გკითხავთ, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გაჟღერებულ დახმარებებს როგორ აფასებთ?
– არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს, კორონავირუსის გამო დიდი პრობლემები შეექმნა. ძირითადად, ეს ეკონომიკაზე აისახება. უნდა აღვნიშნო, რომ ამ დროის განმავლობაში არაერთხელ მოვუწოდე მოქალაქეებს, სოციალური ქსელების მეშვეობით, დარჩენილიყვნენ სახლში ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის. ყველამ მაქსიმალურად უნდა ვიხელძღვანელოთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესებით. საქართველოს ჯანდაცვაზე პასუხისმგებელმა ორგანოებმა ვირუსის გავრცელება მეტნაკლებად შეზღუდეს. ახლა კი მოქალაქეებმა, ჩვენი პასუხიმგებლობით, უნდა შევძლოთ, 22 მაისამდე საიზოლაციო რეჟიმი არ დავარღვიოთ. დაუმორჩილებლობა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას გამოიწვევს, ეს კი გაზრდის უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეთა სიას. ამ ვითარების დასაძლევად საჭიროა, სოფლის მეურნეობის და ბიზნესის მხარდაჭერა. სახელმწიფოს, განურჩევლად, ყველას დახმარება ევალება. არ უნდა გამოიყოს კონკრეტული ჯგუფი. არის ოჯახები, რომლებმაც დახმარება რამდენჯერმე მიიღეს და არის ოჯახები, ნამდვილად რომ სჭირდებათ თანადგომა, მაგრამ არ მიუღიათ. ხალხის მოლოდინი არ გამართლდა, ფიქრობდნენ, რომ მთავრობა მოსახლეობის დასახმარებლად ბიუჯეტიდან უფრო მეტ თანხას გამოყოფდა. საქართველოში ბევრი თვითდასაქმებულია, ისინი ოფიციალურად არსად ფიქსირდებიან: მძღოლები, ძიძები, გარე მოვაჭრეები და სხვადასხვა საწარმოში დასაქმებულები, ასევე, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ქემალ ფაშაში, ბაზრობაზე მომუშავეები, ასეულობით ჩვენი მოქალაქე ტანსაცმლის, თეთრეულის და სურსათის მაღაზიაშია დასაქმებული. ისინი დარჩნენ ულუკმაპუროდ. ასეთი მოქალაქეები, სამწუხაროდ, ვერ მოხვდნენ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ბენეფიაციართა შორის, შესაბამისად, ვერ მიიღებენ დახმარებას. მთავრობამ ამ ხალხზეც უნდა იზრუნოს. პირს თუ არ აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი, ეს არ ნიშნავს, რომ მას არ უჭირს, პანდემიამ უამრავ ადამიანს წაართვა მუშაობის შესაძლებლობა და სწორედ ასეთ დროს სახელმწიფო ვალდებულია, გვერდში დაუდგეს საკუთარ მოსახლეობას. ამ ადამიანების მდგომარეობას მარტო ლაპარაკი და გამხნევება არ შველის, მათ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სახლში ლუკმა-პურის მიტანის შესაძლებლობა არ აქვთ.
– ქალბატონო ლელი, ადვოკატებს თუ გქონიათ კონსულტაციები სამთავრობო უწყებებთან, აზრთა გაცვლა-გამოცვლა სხვადასხვა საკითხზე? რას აპირებთ უახლოეს მომავალში.
– საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ, 3 აპრილს, ადვოკატთა დაბეგვრასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი ინიციატივით მიმართა საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. ახლანდელი მდგომარეობა დიდ ზიანს აყენებს იურიდიულ სერვისებს. ახალი კანონპროექტის მთავარი მოთხოვნაა, საადვოკატო საქმიანობისთვის ფიზიკური პირების მხრიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც 20 პროცენტით იბეგრება, 5-ით დაიბეგროს. ეს მნიშვნელოვნად შეგვიმსუბუქებს საგადასახადო ტვირთს. სამწუხარო რეალობაა, რომ ვირუსის გამო ბევრი საადვოკატო ფირმა დაიხურა. ამ პერიოდში ვნახეთ ბევრი უპასუხისმგებლო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და ბანკი, რომელიც მოსახლეობას ურეკავდა და ქონების აუქციონზე გატანით ემუქრებოდა. ვაპირებ ამ კლიენტების ინტერესების დაცვას სასამართლოში – ბანკების და მიკროსაფინანსოების წინააღმდეგ. ახლა მთავარია, არ ვიფიქროთ ფუფუნებაზე, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის გატანა, სიყვარული და თანადგომა, შემდეგ ყველაფერს გავუმკლავდებით. ჩემი მთავარი მოტივაციაა, გავუმართლო იმედები ყველას, ვინც ენდო ჩემს პროფესიონალიზმს.