„სახელმწიფოს უკვე ნაყიდი ჰქონდა პროგრამა, რომელშიც ჩვენ დღეს ვმუშაობთ“
ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 –
როგორ ეგუებიან დისტანციურ სწავლებას პირველკლასელები?
დისტანციური სწავლება ზოგს გაუძნელდა, ზოგმა კი ადვილად აუღო ალღო. სხვადასხვა კლასის მოსწავლეები განსხვავებულად გადაეწყვნენ ონლაინსწავლებაზე, თუმცა ეს ყველაზე რთული ალბათ მაინც პირველკლასელებისთვის აღმოჩნდა. პატარებისთვის პირველი ნაბიჯები ისედაც ემოციურია, ჯერ სკოლასთან შეგუება მოუწიათ და მალევე – განსხვავებულ მიდგომასთან.
რამდენად ართმევენ თავს ონლაინმეცადინეობას პირველკლასელები? რა არის მთავარი პრობლემა? რა სირთულეებს ეჭიდებიან მასწავლებლები? ამ კითხვებზე დაწყებითი კლასების მასწავლებელი თეონა ხომერიკი გვიპასუხებს.
– მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა, რა თქმა უნდა, იმოქმედა განათლების სისტემაზეც, მაგრამ საქართველოს განათლების სამინისტრო მეტ-ნაკლებად მომზადებული შეხვდა ამას იმ გაგებით, რომ სახელმწიფოს უკვე ნაყიდი ჰქონდა პროგრამა, რომელშიც ჩვენ დღეს ვმუშაობთ და ვახორციელებთ სხვადასხვა აქტივობას დისტანციური სწავლების ფარგლებში. ამასთანავე, სხვადასხვა საკითხი ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში, უკვე დამუშავებული გვქონდა მე და ჩემს კოლეგებს, თუმცა წელს პირველი კლასი მყავს და განსაკუთრებით ვღელავდი, როგორ შევძლებდით დისტანციურად მიგვეღწია იმ მიზნებისთვის და შედეგებისთვის, რასაც ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს. რა თქმა უნდა, უტოპია იქნება იმის თქმა, რომ ყველაფერი ძალიან კარგად და იდეალურადაა, მაგრამ ჩვენი ღელვა და შიში პირველკლასელებთან დაკავშირებით, საბედნიეროდ, არ გამართლდა. მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც შევეჩვიეთ ამ ყოველდღიურ რეჟიმს, რასაც, პირველ რიგში, ჩვენი მონდომებით მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, აღსანიშნავია მშობლების მხრიდან ჩართულობა. იყვნენ ისეთი მასწავლებლებიც, რომლებსაც გაუჭირდათ კომპიუტერულ ტექნიკასთან ურთიერთობა, თუმცა გავიმეორებ, რომ თუკი მოვინდომებთ, დისტანციურადაც ვართ მასწავლებლები ერთმანეთის ტრენერები. ასე ვახერხებდით, ჯერ ჩვენ გვესწავლა ეს პროგრამა საფუძვლიანად და მერე აგვეხსნა მოსწავლეებისთვის და მშობლებისთვის.
– რა მთავარი პრობლემის წინაშე აღმოჩნდით, როგორც მასწავლებლები, ასევე მოსწავლეები ?
– მთავარი პრობლემა, ბუნებრივია, ინტერნეტიზაცია იყო, მით უმეტეს, რომ ბევრი ბავშვი სოფლებშია. თუმცა არ არის ჩემს კლასში ისეთი ბავშვი, რომელთანაც საუბარი, მიმოწერა არ მაქვს. არიან ისეთები, რომლებიც ვერ შემოდიან სასწავლო ჯგუფებში, თუმცა ტელეფონით გვაქვს კონტაქტი და ყოველდღიურად თუ არა, კვირაში ერთხელ მაინც მიგზავნიან შესრულებულ დავალებებს. ამაში ლომის წილი მშობლებს მიუძღვით.
– როგორ შეხვდნენ ამ ცვლილებებს ბავშვები, რამდენად გაუჭირდათ მათ ამ რეალობასთან ადაპტაცია ?
– ეს ყველაფერი ბავშვებისთვის, რა თქმა უნდა, სიახლეა და თქვენ წარმოიდგინეთ, სასიამოვნო სიახლე აღმოჩნდა. გასუსულები მისმენენ დიდი კაცებივით და გოგონებივით. ძალიან ეხალისებათ, ერთმანეთიც მოენატრათ და მოიკითხავენ ხოლმე, თუმცა თითოეულს მაინც საკლასო ოთახი და რეალური ურთიერთობები ურჩევნია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვეულებრივი გაკვეთილი ტარდება დისტანციურადაც, ისევე შედის მასში გონებრივი იერიში, გამოკითხვა, შეჯამება, თამაში თუ სხვა, როგორც ადრინდელში. დავალებებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. მიუხედავად იმისა, რომ 20 წუთია განსაზღვრული გაკვეთილისთვის, ჩვენ ვამეტებთ ბევრად – თითქმის 50 წუთიც კი გამოგვდის, რადგან ძალიან აქტიურობენ. ყველას უნდა, რომ მიპასუხოს, მომიყვეს გაკვეთილი, მე კი ვეღარ ვიმიზეზებ იმას, რომ ზარი დაირეკა. მათი სურვილის შესაბამისად, მხოლოდ 10 წუთს ვასვენებ შემდეგი გაკვეთილისთვის მოსამზადებლად. ვალდებულიც ვარ, რომ დავასვენო და პირდაპირ არ გადავიყვანო შემდეგზე, თუმცა მათი სურვილი რომ იყოს, არ გამათიშინებდნენ ჩართვას. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვი, რომ ეს პროცესი მათთვის მოსაწყენია, ბეზრდებათ ან იძულებით სხედან.
– სწრებადობის კუთხით როგორაა საქმე?
– ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის ყველა მესწრება და ერთნაირადაა მომზადებული, თუმცა ეპიდემიამდეც თითქმის იგივე მდგომარეობა იყო, ანუ აბსოლუტური სწრებადობა არც ადრე გვქონდა. ბევრს მსჯელობენ იმაზე, რომ ეს წელი გამოცხადდეს აკადემიურ წლად, ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას, რადგან ვისაც აქვს სწავლის სურვილი, ვინც მონდომებულია და ასეთი ჩემთან უმრავლესობაა, სწავლობს კიდეც. ის ბავშვები, რომლებიც კლასში აქტიურობდნენ, ისევე აქტიურობენ დისტანციური სწავლების დროსაც. არ მყავს ისეთი მოსწავლე, რომელიც საერთოდ არ მერთვება, ან არ მიგზავნის დავალებას. ამიტომ ვთვლი, რომ შედეგზე გავდივარ. ერთადერთი, რაც მაფიქრებს, ისაა, რომ დავალების მომზადებისას ბევრი მშობელი ერთვება და შვილებს დათვურ სამსახურს უწევს. სამწუხაროდ, ამას ვერ ვაკონტროლებ. თუმცა ნელ-ნელა ხვდებიან იმასაც, რომ ეს ყველაფერი ბავშვისთვის ცუდია და შემცირდა შემთხვევები, როცა მშობლები მათთან ერთად სხედან კომპიუტერებთან ან მათ მაგივრად ასრულებენ დავალებებს.
– როგორ ფიქრობთ, რამდენად შედეგიანი აღმოჩნდება ონლაინსწავლება, განსაკუთრებით პირველკლასელებისთვის ?
– საბოლოო ჯამში, ჩემი დასკვნით, რა თქმა უნდა, ონლაინსწავლება ვერ შეცვლის სასკოლო გარემოს, საკლასო ოთახს, ეს არც არის სადავო, თუმცა მაინც არ გადის ეს თვეები ფუჭად. პირიქით, გამოაჩინა ბავშვის მრავალფეროვანი შესაძლებლობები და განსხვავებული, უფრო საინტერესო გახადა სწავლის პროცესი. გავიმეორებ, რომ მე გავდივარ შედეგზე. რა თქმა უნდა, სკოლების გახსნისას, ალბათ თვე ან თვენახევარი მომიწევს ყველაფრის გადამეორება, თუმცა ეს პროგრამით ისედაც გათვალისიწინებულია. ასე რომ, იმედი მაქვს, ჩემი მოსწავლეები დაძლევენ პროგრამას და მომდევნო წელს მომზადებულები შეეჭიდებიან უკვე მეორე კლასისთვის გამიზნული ცოდნის ათვისებას.