ასლან ლორთქიფანიძე: ვერანაირ სიკეთეს უკრაინა და მისი ხალხი მიხეილ სააკაშვილისგან ვერ მიიღებს
ნინო ცხვარაძე: 591 98 24 30 –
„სამწუხარო ფაქტია ის, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინული პოლიტიკის, ამ ქვეყნის ოლიგარქების სათამაშო პოლიტიკურ პაიკად იქცა. ეს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე დადებითად არ მოქმედებს“
ერთ-ერთმა უკრაინულმა გამოცემამ თავის წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განიხილა და მხარი დაუჭირა მიხეილ სააკაშვილის მინისტრთა კაბინეტში დანიშვნის წინადადებას, რასაც უმაღლესი რადას დამტკიცება არ სჭირდება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზელენსკი აპირებს, სააკაშვილი მინისტრთა კაბინეტში თავის წარმომადგენლად დანიშნოს. ამავდროულად, საქართველოს ექსპრეზიდენტი, შესაძლოა, რეფორმების ეროვნული საბჭოს მდივანიც გახდეს, რომელსაც ახლა უკრაინის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს.
უფრო ადრე, აპრილის შუა რიცხვებში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს ვიცეპრემიერის თანამდებობა შესთავაზეს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა განაცხადა, რომ შეთავაზება უკრაინის პრეზიდენტისგან მიიღო, თუმცა 30 აპრილს მთავრობამ პარლამენტიდან მისი კანდიდატურა გაიწვია. ფრაქცია „ხალხის მსახურის“ უმრავლესობამ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას მხარი არ დაუჭირა, მანამდე კი საქართველოში პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა.
-უკრაინელი ხალხი ჩვენთვის მოძმე ხალხია. უკრაინის სახელმწიფო არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ამას გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ შეცვლის ვერაფერი, ვერანაირი ვიწროპოლიტიკური კონიუნქტურა, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მიერ საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცეპრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ისევე, როგორც ჩემთვის პირადად, მიუღებელია ჩემი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის უკრაინის რომელიღაც რესტორანში თმებით თრევა და პოლიციის ძალით იქიდან გამოყვანა. რა თქმა უნდა, მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება. ჩვენ ჯერ ელჩი არ გამოგვიწვევია, მაგრამ თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ელჩს, როგორც მინიმუმ, კონსულტაციებისთვის გამოვიწვევთ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
თუ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტი მინისტრთა კაბინეტში თანამდებობაზე დანიშნავს, რა გავლენს მოახდენს ეს უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაზე? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „აჭარასთან“ პოლიტოლოგმა ასლან ლორთქიფანიძემ ისაუბრა.
– ბატონო ასლან, თუ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თანამდებობაზე დაინიშნა, რა ფუნქცია ექნება მას?
– ჯერ ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის. თუ დაინიშნა საკონსულტაციო ორგანოში – „უკრაინის რეფორმების ეროვნულ საბჭოში“ მდივნად, რომელსაც თავად ზელენსკი ხელმძღვანელობს, ამ შემთხვევაში მისი ფუნქცია იქნება რეფორმების წინადადებების მომზადება და მისი წარდგენა მინისტრთა კაბინეტისთვის, აღსრულების ბერკეტები კი მას არ ექნება. თუ პარალელურად დაიკავებს მინისტრთა კაბინეტში პრეზიდენტის წარმომადგენლის პოზიციასაც, მიხეილ სააკაშვილს იქ მისი დიდი ხნის „მეგობარი“ არსენ ავაკოვი დახვდება ვიცეპრემიერად. რთული წარმოსადგენი არ არის, თუ როგორ საცირკო სანახაობას დაამსგავსებს ის უკრაინის მთავრობას. ამას ადრე აკეთებდა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მრჩევლისა და ოდესის გუბერნატორის სტატუსით. უკრაინის საკონსულტაციო ორგანოში ან სხვა პოზიციაზე საქართველოს ექსპრეზიდენტის დანიშვნის შემთხვევაში, ვოლოდიმირ ზელენსკის პეტრო პოროშენკოს მსგავსად, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მოუწევს მისი გაშვება. მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნის მოტივაცია შეიძლება იყოს ის, რომ უკრაინის პრეზიდენტს უჭირს რეფორმების სწრაფი გატარება, რაშიც სურს მიხეილ სააკაშვილი გამოიყენოს, როგორც შესაწირი ფიგურა, თუმცა მას სურს ეს გააკეთოს ისე, რომ არ გამოიწვიოს ამ უკანასკნელის რეიტინგის ზრდა. ამასთან, ზელენსკი ცდილობს საკუთარი გუნდის მაქსიმალურ დივერსიფიკაციას, მის სხვადასხვა, ხშირად დაპირისპირებული ძალებით დაბალანსებას, რათა შეამციროს უკრაინელი ოლიგარქების გავლენა ხელისუფლებაზე. სამწუხარო ფაქტია ის, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინული პოლიტიკის, ამ ქვეყნის ოლიგარქების სათამაშო პოლიტიკურ პაიკად იქცა. ეს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე დადებითად არ მოქმედებს.
– საუბარი იყო სააკაშვილის გავიცეპრემიერებაზე, თუმცა ასე არ მოხდა. გავრცელდა ორი ვერსია – თითქოს მისი კანდიდატურა რადაში აღნიშნულ პოსტზე წარადგინეს, შემდეგ გამოიწვიეს. რა მოხდა სინამდვილეში?
– საუბრები იყო ვიცეპრემიერად მის დანიშვნასთან დაკავშირებით, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მას საკმარისი მხარდაჭერა სახელისუფლებო ფრაქცია „ხალხის მსახურისგან“ არ აღმოაჩნდა. სააკაშვილმა, როგორც ხშირად, ახლაც იცრუა როდესაც თქვა, რომ ზელენსკიმ მას ვიცეპრემიერის თანამდებობა შესთავაზა. უკრაინის პრეზიდენტის ასეთ განცხადებას ვერსად ნახავთ. ზელენსკის უპირობო მხარდაჭერის შემთხვევაში, ის ვიცეპრემიერი გახდებოდა. როგორც ჩანს, სააკაშვილმა ძალიან შეაწუხა უკრაინის პრეზიდენტი ან ოლიგარქი კოლომოისკი ამ თანამდებობის თხოვნით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ საკითხის გადაწყვეტა მისსავე საპარლამენტო გუნდს მიანდო, ამ გუნდის უმრავლესობამ კი სააკაშვილს უარი უთხრა ვიცეპრემიერობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ზელენსკისთვის სააკაშვილის მინისტრთა კაბინეტში მიწვევა არ იყო პრინციპული საკითხი. შესაბამისად, მისი კანდიდატურა რადასთვის არ წარუდგენია და ვერც გამოწვევა მოხდებოდა.
– რა გავლენას მოახდენს საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე მიხეილ სააკაშვილი?
– საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, შეიძლება ვუწოდოთ ძალიან მეგობრული და მჭიდრო. ორივე ქვეყანა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ნაწილი და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის წევრია. უკრაინა, ისევე, როგორც საქართველო, ესწრაფვის დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. გვაქვს საერთო პრობლემები, მათ შორის, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები. ხალხებს შორის ურთიერთობები ყოველთვის იყო და რჩება ძალიან თბილი. უამრავი უკრაინელი ტურისტი სტუმრობს საქართველოს და მათ ჩვენ დიდი სიხარულით ვხვდებით. ამ პირობების გათვალისწინებით, საქართველოში არაერთ დანაშაულში მსჯავდებული, სტრასბურგის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ადრესატი პირის უკრაინის ხელისუფლებაში რომელიმე პოზიციაზე შესაძლო დანიშვნა არ წარმოადგენს უკრაინის ხელისუფლების მეგობრულ ნაბიჯს მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის სუვერენული უფლებაა, რა სახის საკადრო გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ შესაძლო გადაწყვეტილების მიღებამ შეიძლება ორი ხელისუფლების ურთიერთობების გარკვეული დისტანცირება გამოიწვიოს. არ არის გამორიცხული, საქართველოს ელჩის საკონსულტაციოდ გამოწვევაც. სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა უკრაინის რომელიმე სახელისუფლებო სტრუქტურაში არ გამოიწვევს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, თუმცა ხელისუფლებების ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება. საქართველოს ხელისუფლება გაგებით შეხვდება სააკაშვილის არჩევით თანამდებობაზე განმწესებას თუ მას უკრაინელი ხალხი აირჩევს, თუმცა მისი თანამდებობაზე დანიშვნა ჩრდილს აყენებს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს და უფრო მეტიც, ეს ცალსახად არამეგობრული ნაბიჯი იქნება. ბოლო არჩევნებში სააკაშვილის პარტიამ უკრაინაში აიღო 0,4%, ხოლო ოდესის გუბერნატორად მუშაობის დროს მისმა სახელისუფლებო პოლიტიკურმა ძალამ წააგო მილიონიანი ქალაქ ოდესის მერის არჩევნები, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინელ ხალხში მას არ აქვს მხარდაჭერა.
– მას ძებნილს უწოდებს საქართველოს ხელისუფლება, არადა, მსოფლიომ იცის ყოფილი პრეზიდენტის ადგილსამყოფელი. რატომ არ ითხოვს საქართველოს ხელისუფლება მის გადმოცემას?
– უკრაინის კანონმდებლობა ხელისუფლებას უკრძალავს მისი მოქალაქის უცხო ქვეყნისთვის გადაცემას. ამ მიზეზის გამო საქართველოს ხელისუფლების ექსტრადირების მოთხოვნას უკრაინის ხელისუფლება ვერ აკმაყოფილებს. ექსტრადირების თხოვნა საქართველოს ხელისუფლებას კარგა ხანია – 2014 და 2017 წლებში გაგზავნილი აქვს. ბოლო მიმართვის დროს ის აღარ იყო უკრაინის მოქალაქე, თუმცა მისი გადმოცემა უკრაინის სუვერენული უფლებაა და ამ ქვეყანას ჩვენ ვერ ვაიძულებდით მის გადმოცემას.
– აშკარაა, რომ სააკაშვილს მსოფლიო მასშტაბით ჰყავს ლობისტები. როგორ მოახერხა ეს?
– ტყუილებით. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ის კარგა ხანია იქცა საერთაშორისო მასშტაბის აფერისტად. მთელ მსოფლიოში ახდენს საკუთარი თავის პოპულარიზაციას, როგორც დემოკრატიული ლიდერისა და რეფორმატორის. ამ სიყალბის სჯერათ არა მარტო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცალკეულ პოლიტიკოსებს, არამედ ჩვენი საზოგადოების დაახლოებით 20 პროცენტსაც. თუმცა, რაც მეტი დრო გადის, მით უფრო კარგავს სააკაშვილი საერთაშორისო მხარდამჭერთა რაოდენობას. ყველას არ აქვს ინფორმაცია მისი მმართველობის დროს მოქალაქეთა უფლებების სისტემური დარღვევებისა და ძალაუფლების უზურპაციის შესახებ.
– რატომ გაკეთდა სააკაშვილზე არჩევანი? უკრაინაში არ მოიძებნება შესაფერისი კანდიდატურა?
– უკრაინაში პოლიტიკოსების ნაწილს ჯერ კიდევ ჰგონია, რომ სააკაშვილი შეძლებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასა და რეფორმების გატარებაში ამ ქვეყნის დახმარებას. შეცდა პოროშენკო და შეცდება ზელენსკი, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. უკრაინას ჰყავს ბევრი პატრიოტი და კვალიფიციური კადრი, რომელსაც შეუძლია ქვეყნის წარმატებაში მონაწილეობა. საჭიროა მათი აქტიური ჩართვა მმართველობით სტრუქტურებში.
– სააკაშვილი ყოველთვის ხაზგასმით ამბობს, რომ აქვს ორი სამშობლო -საქართველო და უკრაინა. მეორე სამშობლოს სიყვარული დაუფასეს მას, თუ სხვა ქვეყანაში ვერ მოახერხა ადგილის დამკვიდრება?
– სააკაშვილს მმართველობის საწყის ეტაპზე ჰქონდა გარკვეული წარმატებები საშუალო და დაბალ დონეებზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მისი მმართველობის დროს ჰყვაოდა ელიტარული და საბიუჯეტო კორუფცია. ასევე, მან გაატარა გარკვეული რფორმები ქვეყანაში, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს ყველაფერი მას ძალაუფლების განმტკიცებისთვის სჭირდებოდა და ნაკლებად – ხალხისთვის, რადგან რეფორმირებული სასამართლოები, პროკურორები, პოლიციელები, უშიშროების თანამშრომლები, სამხედროები და სხვა საჯარო მოხელეები მან აქცია ადამიანთა უფლებების მასობრივი დარღვევების ჭანჭიკებად და მის პირად მხარდამჭერებად. უკრაინაში და სხვა ქვეყნებშიც სააკაშვილს კარგად არ იცნობენ და არ იციან მისი საქართველოში საქმიანობის შესახებ. აქვთ განცდა, რომ ის კორუფციას ისე შეებრძოლება, რომ დივიდენდებს არ მიიღებს, რეფორმებს ისე გაატარებს, რომ არ შელახავს ადამიანის უფლებებს, რეფორმირებული სტრუქტურები მოემსახურება ხალხს და არა ამ სისტემის შემქმნელს. სააკაშვილის მოტივი საქართველოში და სხვა ქვეყნებში არის ერთადერთი – როგორმე მოიპოვოს ძალაუფლება. სხვა მიზანი მას არ აქვს. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რომელ ქვეყანაში მიიღებს ძალაუფლებას. სადაც ამას მოახერხებს, ის ქვეყანა „ეყვარება“ და იმ ქვეყნის „პატრიოტი“ იქნება. მას სამშობლო არ აქვს. მისთვის მშობლიური არის ძალაუფლება. სხვა შემთხვევაში, ის არ გაიპარებოდა საქართველოდან და უკრაინის მოქალაქეობის მიღებით არ იტყოდა უარს საქართველოს მოქალაქობაზე. ქვეყნის პრეზიდენტი, მეგობარი, მაგრამ მაინც უცხო ქვეყნის გუბერნატორობაზე არ გაცვლიდა თავის მოქალაქეობას. მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ ქვეყნის პრეზიდენტს უარი ეთქვას საკუთარ მოქალაქობაზე უცხო ქვეყანაში თანამდებობის დაკავების გამო. ეს ჩვენი ქვეყნის სირცხვილია. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ის კიევში კორპუსის სახურავიდან ჩამოსაყვან და თმებით სათრევ პოლიტიკოსად იქცა.
– როგორ ფიქრობთ, რა მიმართულებით გაატარებს რეფორმებს სააკაშვილი უკრაინაში?
– იმ შემთხვევაში, თუ ზელენსკი და მის უკან მდგომი ოლიგარქები გადაწყვეტენ, რომ სააკაშვილი დანიშნონ აღმასრულებელ ხელისუფლებაში რომელიმე პოზიციაზე, ისინი მიიღებენ საბოტაჟს, მისი განულებული რეიტინგი უკრაინაში კი წამოიწევს და ის მოითხოვს უფრო მაღალ თანამდებობებს. თუ ვერ მიიღო, ან გაიქცევა ან დაატოვებინებენ თანამდებობას. მერე სხვა რომელიმე ოლიგარქს მოემსახურება კვლავ ძალაუფლების მოპოვებისა და საქართველოში მისი პარტიების დაფინანსების მიზნით. ვერანაირ სიკეთეს უკრაინა და მისი ხალხი სააკაშვილისგან ვერ მიიღებს. ძალაუფლების წყურვილის გარდა, სხვა მიზანი მას არ აქვს არც უკრაინაში, არც საქართველოში და არც სხვაგან. მისი უკრაინული თავგადასავალი იქნება ის, რომ კიდევ დიდხანს იტივტივებს ამ ქვეყნისა და საქართველოს პოლიტიკაში, როგორც გზააბნეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. ამას გააკეთებს ორივე ქვეყანაში მონაცვლეობით ან ერთდროულად. არ არის გამორიცხული, ძალაუფლება სხვა ქვეყნებშიც ეძებოს. სადაც არ უნდა წავიდეს, მის მიერ გატარებული პოლიტიკით ის ძალაუნებურად ხელს უწყობს რუსული პოლიტიკის გატარებას ამა თუ იმ ქვეყანაში და წარმოადგენს პუტინის ბუნებრივ პოლიტიკურ მოკავშირეს მის წინააღმდეგ ბრძოლის დროშით.