თორნიკე რიჟვაძე: კრიზისულ პერიოდში, პირველ რიგში, ხელისუფლებამ კომპანიები დაიცვა გადახდისუუნარობისგან
ნინო ცხვარაძე: 591 98 24 30 –
,,ყველას, მათ შორის, ტურისტებსაც მოუწევთ ადაპტირება იმ ახალ რეკომენდაციებთან, რომლებიც გვაქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ამიტომ, ჩვენი მთავარი ამოცანაა, სრული ინფორმაცია დამუშავდეს, განახლდეს და შემდგომ, ეკონომიკის აღდგენის და ტურიზმის სტიმულირების ფარგლებში, მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები“
რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ტურიზმის ხელშეწყობისა და სტიმულირების გეგმასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.
– ბოლო დროს არსებულმა ვითარებამ საშუალება მოგვცა, ეტაპობრივად დაგვეწყო შეზღუდვების შემსუბუქება. ახლა უკვე მთავარი აქცენტი გადადის ეკონომიკაზე. ჩვენი რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმი, რადგან პანდემიის ფონზე ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ ტურიზმის სექტორი და ამ სფეროს ოპერატორი სუბიექტები აღმოჩნდნენ. შესაბამისად, ამ კვირის განმავლობაში ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უნდა მოვუსმინოთ, რომლებიც ტურიზმიდან იღებდნენ შემოსავლებს. უნდა დამუშავდეს სრული ინფორმაცია და შემდეგ, ამის საფუძველზე, საშუალება გვექნება, ეკონომიკის აღდგენის გეგმის პარალელურად, ტურიზმის გადარჩენის ნაწილში მივიღოთ ადეკვატური გადაწყვეტილებები, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. მისივე თქმით, კრიზისულ პერიოდში, პირველ რიგში, ხელისუფლებამ კომპანიები დაიცვა გადახდისუუნარობისგან.
– საგადასახადო შეღავათები, რაც იყო საშემოსავლო და ქონების ნაწილში, ემსახურება იმას, რომ კომპანიები ამ მძიმე კრიზისის ფონზე დაგვეცვა გადახდისუუნარობისგან. შემდეგი ამოცანა იყო სამუშაო ადგილების შენარჩუნება და საქართველოს მთავრობის მხრიდან გაჟღერებული ანტიკრიზისული გეგმა ამის სრულ გარანტიებს და დაკარგული ადგილების კომპენსირების საშუალებას იძლევა, თუმცა ჩვენი შემთხვევა კიდევ უფრო განსხვავებული და მძიმეა, ვინაიდან ადგილობრივი შემოსავლის ნახევარზე მეტი ტურიზმის სექტორზე მოდის. მიუხედავად იმისა, თუნდაც ტურიზმის ნაწილში გლობალურ კონკურენციაში შევდივართ, პერსპექტივები ბუნდოვანია. ყველას, მათ შორის, ტურისტებსაც მოუწევთ ადაპტირება იმ ახალ რეკომენდაციებთან, რომლებიც გვაქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, სრული ინფორმაცია დამუშავდეს, განახლდეს და შემდგომ, ეკონომიკის აღდგენის და ტურიზმის სტიმულირების ფარგლებში, მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები. აქვე მინდა დავამატო, რომ გასულ კვირას, როდესაც ვამტკიცებდით ბიუჯეტს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი საკარანტინე სივრცეების დაფინანსება, მათი მოწყობა და შენახვა იყო. ამ მხრივ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 7 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, თუმცა ყველას უნდა ესმოდეს, განსაკუთრებით ჩვენს მოსახლეობას, რომ საკარანტინე სივრცეების მიზანი არის, ერთი მხრივ, ვებრძოლოთ ცალკე აღებულ ვირუსს და ყველა შემოსული მოქალაქე ინკუბაციის პერიოდში გადავიდეს საკარანტინე სივრცეში, ვინაიდან არსებობს საფრთხე შიდა გადაცემის. გარდა ამისა, საკარანტინე სივრცეების მიზანი არის ის, რომ სასტუმროები, რომლებიც გვაქვს ქალაქში, ამ ძალიან მძიმე ფონზე, პრაქტიკულად, თვითღირებულების საფუძველზე იყოს დატვირთული და ამით გადარჩეს და შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები. ეს მიზერული დახმარებაა, რაც ამ ეტაპზე შეგვეძლო, თუმცა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუნდაც იმ რესურსების მაქსიმალურად რაციონალური, ეფექტური გამოყენება და ის, რომ არ დაიკარგოს დამატებით სამუშაო ადგილები, – განაცხადა სამუშაო შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ტურიზმის სფეროში თვითდასაქმებულებზეც.
– ჩვენ, ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს გიდები და ის თვითდასაქმებული ადამიანები, რომლებიც ტურიზმის სექტორიდან, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ღებულობდნენ შემოსავალს, თუნდაც ბინების გაქირავებით. ყველა ეს ადამიანი უნდა გამოიკითხოს, მოვისმინოთ ინფორმაცია და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილებები, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტში გამართულ შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.