ქვეყანამ მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები
ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –
„უნდა გვესმოდეს, რომ ყველა შეღავათი ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თითოეული მოქალაქე, კომპანია პასუხისმგებლობით მოეკიდება მის ყოველდღიურ ცხოვრებას და საქმიანობას,- აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. პრემიერის თქმით, დღეს სახელმწიფო ორ ფრონტზე იბრძვის, პირველიაჯანდაცვის მიმართულება, მეორე – ეკონომიკა, ეს უკანასკნელი ხშირად პირველ ადგილზე გადადის, რადგან ეკონომიკის აღდგენა საკმაოდ რთული პროცესია და დროში აღარ უნდა გაიწელოს. პრემიერის განმარტებით, ხვალიდან, 5 მაისიდან გაიცემა შესაბამისი ნებართვები სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანიაზე და იმათზე, ვინც აწარმოებს სამშენებლო მასალებს, ან რაიმე ფორმით არიან დაკავშირებული სამშენებლო ბიზნესთან. ოღონდ, უნდა დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. გიორგი გახარიას განცხადებით, ხვალიდან ავტოსარემონტი კომპანიებსაც შეეძლებათ მუშაობა:
– მთავრობის ნომერ პირველი პრიორიტეტი ეკონომიკური აღორძინება, ეკონომიკის გახსნა და პოსტკრიზისული მართვა ხდება. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამავდროულად, თითოეულ მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ისეთი ახალი ატრიბუტები, არცთუ ისე სასიამოვნო, როგორიც არის პირბადე, სოციალური დისტანცია, ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ამას ვიმეორებ იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გზა და საშუალება იმისთვის, რომ ეკონომიკურ კონკურენციას გავუძლოთ და ვიყოთ ეფექტურები ეკონომიკური აღდგენის ნაწილში, – განაცხადა პრემიერმა.
მან, ასევე, ისაუბრა ტურიზმის მიმართულებაზე და აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიეცა დავალება, შეიმუშაოს ტურიზმის სექტორის აღდგენის სტრატეგიული გეგმა. პრემიერის განმარტებით, ტურიზმი, როგორც ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა, ყველაზე მეტად დაზარალდა. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს მის დროულად აღსადგენად. მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ასევე ისაუბრა სოფლის მეურნეობის მიმართულებაზე, მისივე ინფორმაციით, ფერმერთა მხარდასაჭერად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ეფექტური გეგმა შეიმუშავა, რომელსაც სამინისტრო სულ მალე გააცნობს მოსახლეობას. პრემიერ-მინისტრმა დააანონსა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები. პრემიერის განცხადებით, ისინი შეეხება იმ მასტიმულირებელ ღონისძიებებს, რომლებიც განხორციელდა საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირების თვალსაზრისით კომპანიებისთვის, რათა ქვეყანამ მაქსიმალურად შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები.