ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარმა კიდევ ორი ბავშვიანი ქალი შეიფარა
ირმა ცეცხლაძე: 577 20 45 63
„ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი 116 006. მისი საშუალებით შესაძლებელია უფასოდ და ანონიმურობის სრული დაცვით ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციის მიღება. მუდმივ რეჟიმში მუშაობს ასევე „112“-ის ცხელი ხაზიც“
სახლში დარჩენას და ერთ სივრცეში ოჯახის დიდი ხნით გამოკეტვას ეკონომიკურთან ერთად ფსიქოლოგიური პრობლემებიც მოჰყვა. გაიზარდა აგრესია ოჯახის იმ წევრებს შორის, რომლებსაც მანამდეც აღენიშნებოდათ ამ კუთხით პრობლემები. კერძოდ, ოჯახური ძალადობა გახდა უფრო მასობრივი და შეეხო სუსტი სქესის იმ წარმომადგენლებსაც, რომლებიც მანამდე როგორღაც ახერხებდნენ ურთიერთობების დაბალანსებას დაპირისპირებების მიუხედავად. როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური იუწყება, „კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ძალადობის ზრდის შესაძლო რისკთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისებისა და ცხელი ხაზების შესახებ ინფორმაციას, მომავალი კვირიდან აფთიაქებსა და მაღაზიებში განათავსებს.“ სახელისუფლებო სტრუქტურები შეეცდებიან დაეხმარონ რთულ ვითარებაში აღმოჩენილ ქალებს, ცხადია, თუ მათაც ექნებათ ამის სურვილი.
აღსანიშნავია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, მუშაობს კრიზისული ცენტრები და თავშესაფრები. ჩამონათვალს მალე დაემატება დისტანციური ფსიქოლოგიური კონსულტაციის სერვისიც.
საქართველოს შსს-ს მონაცემებით, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკაში მესამე ადგილზეა.
სამინისტროს მონაცემებით, 2019 წელს ოჯახური ძალადობის ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 4,6 ათას ადამიანს, რომელთა უმეტესობა დაკავებულია. სულ 2019 წელს გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის 6 ათას ფაქტზე მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5,6 ათასი იყო.
2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა. გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. საქართველოს ხელისუფლებამ კანონის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მკვლელობების გახშირების შემდეგ გადაწყვიტა. 2014 წელს ოჯახური გარჩევების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.
რა ხდება ამ კუთხით სამედიცინო ასოციაცია „თანაში“, ამაზე საუბრობს ჩვენთან ინტერვიუში მისი თანადამფუძნებელი და დირექტორი ნანა საყვარელიძე.
შეგახსენებთ: asociacia arasamTavrobo organizaciaa, romelic 2002 wels eqimTa gaerTianebამ დააფუძნა. misi ZiriTadi mizania SezRuduli SesaZleblobis da garkveuli saWiroebebis (martoxela dedebi, Zaladobis msxverpli qalebi) mqone pirebis daxmareba.
– ქალბატონო ნანა, პანდემიის პირობებში ბევრ ოჯახში დაიძაბა ურთიერთობები. ამ კუთხით რას აკეთებს მთავრობა?
– ოჯახური ძალადობა – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. ამიტომაც, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, მთავრობა არ აჩერებს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მკაცრი პოლიტიკის გატარებას. ადამიანის უფლებების საბჭოს გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისია ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების კამპანიას განაგრძობს. აქვე აღვნიშნავ, რომ კამპანიის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის სხვადასხვა ენაზე იქნება ხელმისაწვდომი.
– ხომ ვერ დაგვიკონკრეტებდით, რას გულისხმობს ეს კამპანია?
– მისი მთავარი მიზანია, შესაბამის ადრესატებამდე იმ სერვისებისა და დახმარების შესახებ ინფორმაციის მიტანა, რასაც სახელმწიფო სთა- ვაზობს ძალადობის მსხვერპლთ, ასევე, ძალადობის შესახებ შეტყობინების ალტერნატიული გზების შეთავაზება და საზოგადოების ჩართვა კოვიდD-19–ის კრიზისის დროს ძალადობის გამოვლენაში.
ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი 116 006. მისი საშუალებით შესაძლებელია უფასოდ და ანონიმურობის სრული დაცვით ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციის მიღება. მუდმივ რეჟიმში მუშაობს ასევე „112“-ის ცხელი ხაზიც.
– თქვენთან ხომ არ მოსულან ძალადობის მსხვერპლი დედა-შვილები?
-კი, ორი ქალი, ბავშვებით, დაგვემატა – შემოიყვანეს სამართალდამცავებმა. ერთი შუახევიდანაა, მეორე – ქედიდან. პირველი ქმარს გამოექცა. საშინელებაა, რომ კაცი ძალადობდა არა მხოლოდ ცოლზე, არამედ ბავშვზეც. ამის გამო ქალმა ვეღარ აიტანა მასთან ცხოვრება და ჩვენთან წამოსვლა არჩია. სხვათა შორის, იგი უკვე მეორეჯერ მოხვდა ჩვენთან. პირველად, ჩაერივნენ ნათესავები და ძლივს შეარიგეს ქმარს, თუმცა ახლა ქალი უაღრესად აღშფოთებული იყო ბავშვის ცემის გამო და განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში აღარ შეურიგდება კაცს, რომელიც ასე გამეტებით ცემს საკუთარ შვილს.
– მეორე ქალიც ქმარს გამოექცა?
– მეორე ქალიც ბავშვითაა. მასზე ძალადობდა არა მხოლოდ ქმარი, არამედ დედამთილ-მამამთილიც. მსგავსი რამ წარმოუდგენელია ბევრი ჩვენგანისთვის, მაგრამ არის ოჯახები, სადაც არც კი იციან, რომ მსგავს ქმედებებს მოსდევს კანონით გათვალისწინებული სასჯელი. ბევრი ქალი უსიტყვოდ ყლაპავს შეურაცხყოფას, მალავს ცემისგან ჩალურჯებულ, ნატკენ ადგილებს და ცდილობს, არავინ მიუხვდეს, რა მდგომარეობაში იმყოფება.
– რა უწყობს ხელს ამ ტიპის დანაშაულის მომრავლებას?
– ისევ და ისევ, თავად მსხვერპლი უწყობს ხელს მოძალადეს. თავიდანვე რომ განაცხადოს პოლიციაში, მაშინ ან ოჯახს შეინარჩუნებს, რადგან ქმარი ვეღარ გაუბედავს ზედმეტად ხმის აწევასაც კი, ან დაენგრევა ოჯახი, მაგრამ შეინარჩუნებს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას. დამეთანხმეთ, უმეტეს შემთხვევაში, სწორედ ფსიქოლოგიური მდგომარეობაა რთულად სამკურნალო, რადგან მთელი ცხოვრება მიყვება მსგავსი აგრესიის მსხვერპლთ მიღებული სტრესი.
– დეზინფექცია თუ ჩაუტარდა თქვენს შენობას?
– მერიამ გამოაგზავნა სპეციალური სამსახური, მაგრამ ვერ დავუშვით, რომ მთელი შენობა დაეწამლათ, მაშინ სხვაგან უნდა გადაგვეყვანა ქალები და ბავშვები, რისი საშუალებაც ამ ეტაპზე არ გაგვაჩნია. ამიტომ მოვმარაგდით დეზინფექტანტებით და საკუთარი ძალებით დავწმინდეთ სათავსოები და ოთახები. რაც შეეხება ეზოს, იქ სრული დეზინფექცია სპეციალურმა ბრიგადამ ჩატარა.
– ემორჩილებიან შეზღუდვებს თავშესაფრის ბინადარნი?
-კი, როგორ არა, ყველა ჩაკეტილია უკვე კარგა ხანია, თუმცა დიდი ეზო გვაქვს, უჰაერობას ნამდვილად არ უჩივიან. ბავშვები იქ გაჰყავთ და ასეირნებენ. რაც შეეხება სტუმრიანობას, მკაცრად შევზღუდეთ. გარეშე პირი ვერ შემოვა „თანას“ ტერიტორიაზე.
– სულ რამდენი ცხოვრობს თქვენს თავშესფარში?
-ამჟამად გვყავს 13 ქალი და 17 ბავშვი. სრულად დატვირთული ვართ. სხვათა შორის, ის ორი დედა-შვილი, სანამ ჩვენთან შემოიყვანდნენ, ორკვირიან კარანტინში მოათავსეს. ძალიან მკაცრად ვიცავთ უსაფრთხოების ნორმებს, რათა არ დავუშვათ ახალი კორონავირუსით ინფიცირება.
– მუშაობს თუ არა ფსიქოლოგიური სამსახური?
– ფსიქოლოგიურ სამსახურს ერთი დღითაც არ შეუწყვეტია მუშაობა, ოღონდ დისტანციურ რეჟიმში. განსაკუთრებით ეს ეხება ახალშემოსულებს, რომლებიც ისევ სტრესის ქვეშ იმყოფებიან და საჭიროებენ სპეციალისტის დახმარებას.
– რაც შეეხება კვებას?
-არ შეწყვეტილა არც მათი კვება და არც სხვა შეღავათები. ყოველ ორ კვირაში ვურიგებთ დეზინფექტანტებს და სხვა საჭირო ნივთებს.
-ამ ქალთაგან ზოგიერთი ხომ მუშაობდა, ისევ დადიან სამსახურში?
-არა, ყველა ერთად ზის სახლში. გასვლა ეკრძალებათ. მუდმივად აქვთ შუქი, გათბობა, ტელევიზორი, ინტერნეტი. ყველა პირობა აქვთ შექმნილი, რომ გარეთ არ გავიდნენ.
– რამე პრობლემას ხომ არ აწყდებით ამ ვითარებაში?
– როგორც ყველას, მათაც უჭირთ მუდმივად სახლში ყოფნა, ამიტომ ხშირად უტარდებათ საუბრები, თუ რატომაა ეს საჭირო. იქ მუდმივად არიან მასწავლებელი, ძიძა და ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რათა არ დაირღვეს რეჟიმი და რომელიმე მათგანმა ვირუსი არ შემოიტანოს. დაურიგდათ პირბადეები, ხელთათმანები და ამ აქსესურებით მიდიან იქვე ახლოს მდებარე მაღაზიაში.
– თავად მასწავლებლები იქ არიან ?
– დიახ, ორი კვირა რჩებიან და შემდეგ სხვა ცვლა მოდის. სახლში ყოფნისას არ აქვთ კონტაქტი არავისთან, რათა შემთხვევით არ გახდნენ ვირუსის შემომტანები „თანაში“. თავისთავად, ამ წესების დაცვით, თავშესაფარი დაცულია კოვიდ-19-ისგან.
– თუ გქონდათ დაგეგმილი რამე სახის ღონიძიება, რომელიც გადაიდო პანდემიის გამო?
– ჩვენი უწყება დაიხურა მარტში, როდესაც აღინიშნება დედის დღე, დაუნის სინდრომით დაავადებულთა დღე და ა.შ. ჩვენს ბინადრებთან ერთად ვემზადებოდით ამ ზეიმებისთვის, თუმცა იძულებული გავხდით დაგვეხურა დღის ცენტრი, სადაც შშმ პირები მოდიოდნენ და მთელი დღის განმავლობაში იყვნენ ჩართული სხვადასხვა აქტივობებში. ამ ეტაპზე მთავარია გადავაგოროთ ეს მსოფლიო საფრთხე, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მთელი კაცობრიობისათვის ნამდვილი კოშმარი გახდა. შემდეგ კი დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს და გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენი აღსაზრდელებისა და თავშესაფრის მკვიდრთათვის.
– შშმ პირები ახლა ვეღარ მოდიან დღის ცენტრში, რითი შეუცვალეთ მათ ეს პროცესი?
– ჩვენ გადავწყვიტეთ არ მგვეტოვებინა სახლში ჩვენი აღზრდილები, რადგან მათთვის ნამდვილი ზეიმი იყო ყოველდღიურად აქ ამოსვლა და ერთმანეთთან კონტაქტი. ამიტომ მასწავლებლებმა გადაწყვიტეს დისტანციურად ეკონტაქტათ მათთან, რამაც, მინდა სიხარულით აღვნიშნო, ნამდვილად გაამართლა.
– როგორ ახერხებთ დისტანციურ რეჟიმში მუშაობას?
– შედგენილია სასწავლო გეგმა, გრაფიკი, გადანაწილებულია ჯგუფები და პედაგოგები რიგრიგობით უტარებენ მეცადინეობებს საკუთარ ჯგუფებს. ეს ყველაფერი იმიტომ გაკეთდა, რომ ამ ბავშვებს თავი არ ეგრძნოთ მიტოვებულად. ყველა მათგანს ვერ აუხსნი, რატომ ვეღარ ესწრებიან დღის ცენტრში მათთვის განკუთვნილ მეცადინეობებს. თან იმდენად შეჩვეულნი არიან პედაგოგებს, ჯგუფელებს, რომ ახლა ძალიან გაუჭირდათ მარტო დარჩენა სახლში. ამ პროცესით კი თან ვამხნევებთ და თან არ ვკარგავთ იმ ცოდნას, რაც უკვე გადავეცით ადრე ჩატარებული გაკვეთილების დროს. ამასთან, ძალიან მოეწონათ ეს პროცესი მშობლებს, რადგან მათთვისაც რთული იყო, აეხსნათ საკუთარი შვილებისთვის, რატომ ვეღარ მიჰყავთ იქ, სადაც ყოველდღე დაჰყავდათ.
– როგორც ვიცი, ეს ბავშვები ფიზიკურ ვარჯიშებსაც აკეთებდნენ დღის ცენტრში?
– დიახ, დისტანციურად მუშაობენ მეტყველების და ფიზიკური თერაპევტებიც. ისინი ასწავლიან მშობლებს, რა და როგორ უნდა აუხსნან შშმ პირებს, აკეთებინებენ ეკრანიდან ნაჩვენებ ვარჯიშებს სპეციალისტების უშუალო დაკვირვების ქვეშ და რეკომენდაციების თანხლებით, რათა არ გაუცდეთ მეცადინეობები, არ დაკარგონ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც უკვე შეიძინეს ჩვენი პედაგოგების მეცადინეობითა და ძალისხმევით.
– რას დაამატებდით?
– დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, რომელმაც ხელფასის ფონდი გამოუყო ადმინისტრაციას და პედაგოგებს, ხოლო დანარჩენი თანხა, რომელიც იხარჯებოდა დღის ცენტრში შშმ პირებზე კვებისა და ტრანსპორტირებისათვის, 80-ლარიანი სასურსათო ვაუჩერის სახით გადასცა მათ მშობლებს. ეს საკმაოდ დიდი შეღავათი აღმოჩნდა ამ ადამიანებისთვის. უკვე მიიღეს ორი თვის თანხა – 160-ლარიანი ვაუჩერი.
– 18 წლის ზემოთ შშმ პირების დღის ცენტრში მეცადინეობას ხომ ბათუმის მერია აფინანსებდა?
– ბათუმის მერიამ მარტ-აპრილში არ დააფინანა 18 წელს ზემოთ დღის ცენტრში რეგისტრირებული შშმ პირები, მაგრამ როგორც აგვიხსნეს, მაისიდან დაიწყებენ ფულის გადარიცხვას. ამის მიუხედავად, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს პედაგოგებს 18 წელს ზემოთ მყოფი შშმ პირებისთვის დისტანციური მეცადინეობები ამის გამო არ შეუწყვეტიათ.