„ბევრი წაუკითხავი წიგნი, უნახავი ფილმი, შეუყვარებელი ქალი დამრჩება, როდესაც წავალ…”
ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –
მირდატ ქამადაძეს, როგორც პოლიტიკოსს, ბევრი ადამიანი იცნობს, თუმცა იმ კუთხით, დღეს რომ გაგაცნობთ – ალბათ სულ რამდენიმე, მხოლოდ ძალიან ახლობელი. როგორია შეყვარებული, რა არის ის, რაც აქამდე არავინ იცოდა მასზე, რაზე იტირა ბოლოს, ვისთან ერთად იცეკვებდა ტანგოს, რომელი წიგნის პერსონაჟი იქნებოდა და რატომ – ამ და სხვა კითხვებზე პასუხებს გაეცანით ჩვენს ბლიცინტერვიუში.
– გაეცანით მკითხველს.
– მირდატი – იშვიათი სახელის ადამიანი. . . ბებიაჩემი დიდხანს ვერ იმახსოვდებდა თურმე და ფურცელზე ეწერა. . .
– მოხვედით, რადგან. . .
– მაქსიმალურად ვეცადო, წასვლამდე შევქმნა რამე ღირებული, ერთ ადამიანს მაინც რომ გამოადგეს სამომავლოდ.
– განცდა, რომელიც არასდროს გტოვებთ. . .
– საბოლოო ჯამში, ალბათ სინანული ჰქვია ამ განცდას. გვინდა თუ არა, შეცდომებით ვცხოვრობთ და ჩვენივე დაშვებულ შეცდომებზე სწავლა განსაზღვრავს ჩვენს რაციონალურობას. . .
შეცდომებს კიდევ სინანული ახლავს. ზოგჯერ გამარჯვებებსაც ვნანობთ – უკეთესად შეგვეძლო გაგვემარჯვა და ამიტომ.
–ადამიანი ადამიანისთვის. . .
– მინდა, რომ იმედი იყოს.
– მეშინია. . .
– სიკვდილის და სირცხვილის. ალბათ სხვა შიში არც არსებობს.
საბოლოო ჯამში, თუ ჩავუღრმავდებით, ყველა ფობია ამ ორი შიშისგან მომდინარეობს. ყველა შიშს ან სიკვდილამდე მივყავართ, ან სირცხვილამდე. ამიტომაც მეშინია. . .
–არასდროს დამავიწყდება. . .
– როდესაც პირველად მოვწიე მარიხუანა, სტუდენტობისას. ძალიან სასაცილო ვიყავი.
– სიყვარული არის. . .
– თქვენ გინდათ, მე გიპასუხოთ იმაზე, რასაც დღემდე ვერავინ გასცა პასუხი? არ ვიცი, ალბათ დაუკმაყოფილებელი, უპასუხო ცნობისმოყვარეობა მგონია სიყვარული.
– ყველაფერი ხელახლა რომ იწყებოდეს. . .
–აუცილებლად ფეხბურთელი ვიქნებოდი.
– როგორია შეყვარებული მირდატ ქამადაძე?
– ისეთი – არა, ხალხმა რომ იცის,
ანდა – წიგნებში როგორც წერია.
– ბათუმი და ბათუმელობა. . .
– ბათუმი ცისფერი და ვარდისფერი ემოციების ქალაქია, ბათუმელობა სწორად ცხოვრების ვალდებულებაა.
– ძალიან მინდა. . .
– მინდა ვიცოდე, რას განიცდიან ადამიანები, როცა მოწყალებას ითხოვენ.
– ვნანობ, რომ. . .
– ბევრი წაუკითხავი წიგნი, უნახავი ფილმი, შეუყვარებელი ქალი დამრჩება, როდესაც წავალ. . . :))
– რომელი წიგნის პერსონაჟი იქნებოდით და რატომ?
– თარაშ ემხვარი, ოღონდ ელენ რონსერზე შეყვარებული თარაშ ემხვარი. . . ჩემი ბავშვობის ყველაზე დიდი ემოცია იყო ეს წიგნი და ალბათ ამიტომ.
– ვწერ, როცა. . .
– როცა მომენატრება ხოლმე – მესიჯებს, მაგრამ არ ვაგზავნი. . .
– ძლიერი და სუსტი მხარე . . .
– შემიძლია, ყველაზე დაპირისპირებული მხარეებიც კი მოვარიგო. ალბათ წლების განმავლობაში გამომუშავებული პროფესიული ინსტინქტები და ჩემი არაკონფლიქტური ხასიათი მეხმარება ამაში. . . სისუსტე? ეჰ, იმდენი სისუსტე მაქვს, შორს წაგვიყვანს მათი ჩამოთვლა.
– ბოლოს რაზე იტირეთ?
– როცა უახლოესი მეგობრის დაღუპვის ამბავი შემატყობინეს, რამდენიმე თვის წინ. . .
– სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებთ. . .
– სირცხვილია საჯაროდ თქმა.
– რას გააკეთებდით, ბევრი ფული რომ გქონდეთ?
– ხეებს ნამდვილად არ გადავრგავდი.
– ბედნიერება არის. . .
– ბედნიერება და სიყვარული სინონიმები მგონია.
– როგორია თქვენი თავისუფალი დრო?
– ვცდილობ, ფეხით ვისეირნო.
– ყველაზე ხშირად ვუსმენ. . .
-საინფორმაციოს.
– მათ ეტყოდით, რომ. . .
– პუტინ ხ–ლო!
– რას მიიჩნევთ კაცობრიობის ყველაზე დიდ მიღწევად?
-ადამიანებს შეუძლიათ შეთანხმდნენ – არ შეზღუდონ სხვათა თავისუფლება.
– ჩაცმის რომელ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?
-ჯინსს, თავისუფლების სიმბოლოცაა.
– სასაცილო ჭორი, რომელიც თქვენზე მოგისმენიათ. . .
– ცოლს გაშორდაო, არადა, არასდროს მყოლია.
– დაკარგულია დღე, რომელშიც არ არსებობს. . .
– ფიქრი.
– ვისთან ერთად იცეკვებდით ტანგოს?
– ცხოვრება ძალიან ჰგავს ტანგოს, გპატიობს შეცდომებს, თუ აღარ გაიმეორებ მას. ჯერ ვფიქრობ, ვინ შევარჩიო პარტნიორად, როცა გადავწყვეტ, აუცილებლად ერთ-ერთი პირველი თქვენ იქნებით, ვისაც გავაგებინებ.
– დღე, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ. . .
-1991 წლის 9 აპრილი, საქართველოს უზენაესი საბჭოს ტრიბუნასთან მდგარი ზვიად გამსახურდია. . . – გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! – 9 წლის ვიყავი, კარგად ვერ ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ რაღაც დიდი რამ მოხდა. მახსოვს, როგორ დამიარა ჟრუანტელმა ამ სიტყვების გაგონებისას, იმდენად ემოციურად თქვა მთელი ეს სიტყვა პირადად ჩემთვის თავისუფლების სიმბოლომ და საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა.
– რომელია თქვენი ამინდი?
-არ მიყვარს ზამთარში მზე – ძალიან ყალბია, მოვალეობის მიზნით რომ ამოდის ხოლმე. ასხივებს, მაგრამ არ ათბობს. გავეშებული და გაგიჟებული ამინდები მხიბლავს.
– მოლოდინი. . .
– გამოვნახავთ საერთო ენას ერთობისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მარცხი გარდაუვალია. . . ჩვენ კიდევ, გამარჯვებისთვის გაჩენილი ხალხი ვართ.
– არასოდეს ვიტყვი, რომ. . .
-ყველაფერი დასრულდა.
– მჯერა. . .
– გამარჯვების და თავისუფლების.
– სამი წიგნი. . .
– ჩემი ბავშვობის – «მთვარის მოტაცება»; ადრე ახალგაზრდობის – «ტრიუმფალური თაღი»; გვიანი ახალგაზრდობის – «ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს». სხვა წიგნებიც შეიძლებოდა. . .
– დავიწყება რომ შეიძლებოდეს. . .
-არ ღირს იმაზე საუბარი, რაც შეუძლებელია.
–ბავშვობიდან შემორჩენილი ცრურწმენა. . .
– თვალი თუ გითამაშებს, არ უნდა გათქვა, ცუდის ნიშანია.
– რომელ ეპოქაში იცხოვრებდით და ვისთან ერთად?
– ცუდი ბატონის ლამაზ ქალს შევიყვარებდი, მერე ჩუმად სადმე მაღალი მთის პატარა საყდარში დავიწერდით ჯვარს. . . თუმცა ეს ადრე მინდოდა. ახლა მაინტერესებს 22-ე საუკუნეში ცხოვრება, იქიდან დანახული დღევანდელობა.
– მაღიზიანებს. . .
-«. . .ჩემმა მამაომ ასე თქვა. . .»
– ვიბნევი, როცა. . .
– ძალიან შეყვარებული ვარ, აზრებს და სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. . .
– საყვარელი ნივთი. . .
– არ გამაჩნია. ნივთებს და ადამიანებს არ ვაფეტიშებ.
– რა შეიცვალა კარანტინში ყოფნისას თქვენში, ან რა აღმოაჩინეთ?
– ფიქრის და კითხვის დრო მქონდა. აუცილებლად ძალიან ბევრი პატიმარი უნდა გათავისუფლდეს საპყრობილეებიდან.
– მსოფლიო ისტორიიდან მისაბაძი ლიდერი თქვენთვის. . .
– მისაბაძი ლიდერი არ მყავს. . . ისე ნაპოლეონი მომწონს. . .
– მხოლოდ ერთი სიტყვა რომ არსებობდეს. . .
– ეს სიტყვა იქნებოდა «გამარჯვება» – მთელი ცხოვრებაა ჩატეული ამ სიტყვაში და იმიტომ. ამ სიტყვით ვიწყებთ ადამიანები ურთიერთობებს. ეს სიტყვა იტევს იმედს, რწმენას.
გამარჯვებულებს სიკვდილისაც არ ეშინიათ, ასე მგონია. . .
– ბოლო მოვლენა, ფაქტი, რამაც სხვანაირად დაგაფიქრათ. . .
-ამ ბოლო დროს პროზაიკოს ნაირა გელაშვილის პოეტური ტექსტი წავიკითხე ჯვარცმაზე. მას შემდეგ მეფიქრება:
ნეტავ, როგორ სტკიოდა ჯვარცმულ მაცხოვარს – როგორც ღმერთს, თუ როგორც ადამიანს?
– ქალი. . .
–ადამიანი შეცდომის ნაყოფია. შეცდომები და მასზე სწავლება ადამიანს ხდის რაციონალურს. შესაბამისად, ქალი მამაკაცის რაციონალურად ჩამოყალიბების საწყისია. სწორედ, მან დააშვებინა შეცდომა ადამს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დღესაც მხოლოდ ადამი და ევა იქნებოდნენ სამოთხეში და სამყაროც და ღმერთიც იქნებოდნენ მოწყენილები. ასევე, დადასტურებული ფაქტია: მსოფლიოში ყველა დიდი გენიოსი ხელოვანი მამაკაცი იყო, თუმცა ყველას მუზა იყო ქალი. . . ბევრის თქმა შემიძლია კიდევ. . .
–ამოჩემებული ადგილი ბათუმში. . .
– ბოლო დროს იყო კაფე «ნეოკა».
– ბედისწერის გჯერათ?
– არა. ბედისწერა საკუთარი შეცდომებისა და სისუსტეების ურნაა, რომ მივიტანთ და ჩავყრით ხოლმე. . . აბა, არ შევხვედრივარ ადამიანს, რომელსაც საკუთარი წარმატება და გამარჯვება ბედისწერისთვის მიეწეროს.
– ის, რაც დღემდე არავინ იცოდა თქვენზე. . .
– რომ ოდესღაც ბუდისტობაზეც მიფიქრია.
– ყველაზე დიდი სიგიჟე, რაც ოდესმე ჩაგიდენიათ. . .
–ვენები არ გადამიჭრია, არც გადავიჭრი. სხვა დანარჩენი, რასაც სიგიჟე შეიძლება ეწოდოს, თითქმის ყველაფერი ჩამიდენია.
– ვიცით, რომ წერთ. რომელი ლექსით გამოხატეთ ყველაზე კარგად სათქმელი?
– მე-6-მე-11 კლასებში ვწერდი ლექსებს. იმ პერიოდში პატარა ბროშურაც გამოიცა. თითქოს მოდაში იყო იმ დროს, იმდენმა ვინმემ გამოსცა ჩემ ირგვლივ, ოღონდ დღეს ძალიან ვხალისობ და ცოტათი მრცხვენია კიდეც. გრიშაშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ – ბავშვობის ხალტურა იყო. . . მერე ღმერთმა გადმომხედა და მივხვდი, გალაკტიონის ქვეყანაში ლექსის დაწერა არ არის მარტივი საქმე.
– მიზანი. . .
– ყოველთვის უნდა გადავდგა ის ერთი ნაბიჯი, რომელიც გამარჯვებას მაშორებს. . .
– დაბოლოს. . .
– მჯერა თავისუფლების, კაცთა შორის სიყვარულისა და გამარჯვების!

