გზა ხსნისა სამართლიანი, ეკოლოგიურად სუფთა მსოფლიოსკენ მიემართება
ლაშა ხომერიკი: 27 48 93 –
კაცობრიობა ხიფათშია. ძნელია სულიერი სიმშვიდის, მხნეობის, კეთილშობილების შენარჩუნება, მაგრამ აუცილებელი, თუნდაც იმიტომ, რომ, როგორც ბრძენნი გვაკვალიანებენ: ,, ადამიანის უმაღლესი დანიშნულებაა, დავრჩეთ ბოლომდე ადამიანებად, სიკეთის მსახურებად,,. ხშირად გაიგონებთ, რომ ახალი კორონავირუსი ღვთის რისხვაა, პლანეტაზე იმისთვის მოვლენილი, რათა ადამიანები დაფიქრდნენ თავიანთ უკეთურ ქმედებებზე. . . ადამიანური ცოდვების, იქნებ დაუდევრობის ბრალია ახალი კორონავირუსის გავრცელება, ან ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოსაყალიბებლად რომელიმე სახელმწიფოს მიზანმიმართული ქმედებაის შედეგია? – ეს კითხვაც ბუნებრივად ჩნდება, პასუხი კი არაა ადვილი, თუნდაც იმიტომ, რომ ყოველ გამოთქმულ მოსაზრებას ფაქტები უნდა ამყარებდეს. ახალი კორონავირუსის ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე ჯერჯერობით შესწევლის პროცესშია. მსოფლიომ არაერთი ომი და ეპიდემია გადაიტანა, მაგრამ გარდასულ ტრაგედიებს იგი კარდინალურად არ შეუცვლია, ახლა კი შეიცვალა. ეს მენტალურ-ტექნოლოგიური ცვლილება მსოფლიოსთვის უკეთესი იქნება თუ უარესი, მომავალი გვიჩვენებს.
როგორც ამბობენ, პოსტლიბერალური სამყარო დამთავრდა. ჩანს, ყველა ქვეყანა მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის გაირჯება, სხვა ქვეყნებისთვის ნაკლებად ეცლებათ, თითოეული იზრუნებს, სხვა სახელმწიფოზე არ იყოს დამოკიდებული. ფაქტია, რომ ქვეყნები სათანადოდ მომზადებულნი ვერ დახვდნენ პანდემიას, თვით ისეთი ზესახელმწიფოებიც კი როგორებიც აშშ და რუსეთია, რომ არაფერი ვთქვათ აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპულ ქვეყნებზე. დასავლეთმა ისიც დაინახა, რომ მეტწილად, დამოკიდებული გახდა ჩინეთის კეთილგანწყობაზე. აკი თქვა ჩინეთის ლიდერმა, რომ მსოფლიოს ჩინეთი სჭირდება. ამ მესიჯში მბრძანებლური ტონი იგრძნობოდა, რაც, ცხადია, დასავლეთისთვის მიუღებელია. ჩინეთი ანტიდემოკრატიული ქვეყანაა, გამიზნულ პროპაგანდისტულ კამპანიას აწარმოებს აშშ-ის საწინააღმდეგოდ. დონალდ ტრამპმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ ჩინეთი ესწრაფვის, ის ამერიკის პრეზიდენტად აღარ აირჩიონ. ასევე, იპარავს სხადასხვა კომპანიის მიერ შექმნილ ახალ ტექნოლოგიებს. ამაზე ღიად საუბრობენ დასავლელი ანალიტიკოსები. მკითხველს შევახსენებ, პანდემიამდე არსებულ ეკონომიკურ ომს აშშ-სა და ჩინეთს შორის. როგორც ცნობილია, ტრამპმა ჩინეთში მოქმედ ამერიკულ კომპანიებს უბრძანა, რომ საკუთარ ქვეყანაში დააბანდონ კაპიტალი და შექმნან სამუშაო ადგილები. ეს პროცესი უკვე თანმიმდევრული გახდა. მსხვილი დასავლური კომპანიები ჩინეთიდან საკუთარი კომპანიების გადმოტანას ევროპაში აპირებენ. ეს გარკვეულწილად, ეკონომიკურ ომს ნიშნავს დასავლეთსა და ჩინეთს შორის. მსხვილი კაპიტალი გადმოვა აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში, ყოველ შემთხვევაში ასე აცხადებენ ეკონომიკის ექსპერტები. აქ საგულისხმო ისაა, რომ ჩვენს ქვეყანას გარკვეული დივიდენდების მიღების შესაძლებლობა მიეცემა. ამისთვის საჭიროა დასავლურ კომპანიებთან მიმართებით თანმიმდევრული პოლიტიკის გატარება კაპიტალის მოსაძიებლად, ხელისუფლება, როგორც ექსპერტები ამბობენ, ამაზე უკვე უნდა მუშაობდეს, რათა სხვა ქვეყნებმა არ მიითვისონ ჩვენი წილი ფინანსები, რაც დასავლეთსა და ჩინეთს შორის ეკონომიკურ პაექრობას შეიძლება მოჰყვეს. თითქმის ყველა სახელმწიფო ამ მიმართებით კონკრეტულ გეგმას. კერძოდ, დასავლეთში ბევრი კომპანია გაჩერდა, ადამიანებმა სამუშაო დაკარგეს, ამას კი ევროპაში მოქალაქეები ხელისუფლებას არ პატიობენ. ეს განწყობა აისახება არჩევნებზე. ამიტომაც დასავლეთის ქვეყნებმა საკუთარ მოსახლეობას მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება გაუწიეს. თუმცა ეს მედლის ერთი მხარეა, მთავარი მოქალაქეებისთვის დასავლეთში არა იმდენად დახმარება, არამედ თვითდამკვიდრებაა, რაც უპირველესად თვითდასაქმებას და შესაძლებლობების რეალიზაციას ნიშნავს. დასავლეთში ეს მიზანდასახულობა საუკუნეა, რაც დამკვიდრებულია. აი, მაგალითად, ავსტრიელმა პარლამენტარმა თავისი მთავრობა ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა, მიზეზი – ხელისუფლების არამართებული პოლიტიკა პანდემიის მიმართ. მისივე თქმით, შვედეთმა საპირისპირო პოლიტიკა გაატარა და შედეგმაც არ დააყოვნა – არც ისე ბევრი დაავადებული და ეკონომიკაც გამართულად მუშაობს. ცხადია, ყველა ქვეყანას თავისი მიდგომა აქვს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, რაც ქვეყნების სპეციფიკიდან მომდინარეობს. ჩინეთი, ახალი ზელანდია, იტალია, გერმანია, რომ აღარაფერი ვთქვათ შვედეთზე, უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს.
მოსახლეობა დიდხანს ვერ შეძლებს ერთ სივრცეში, რაც უნდა კომფორტული იყოს, ყოფნას. ეს იმოქმედებს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ადამიანს ურთიერთობის, თავისუფლად გადაადგილების პრობლემა რომ უჩნდება, ის ემსგავსება გალიაში მყოფ ფრინველს. . . როგორც ამბობენ, პანდემიის შემდეგ ფსიქოლოგებს სამუშაო არ მოაკლდებათ. ხაზგასასმელია ისიც, რომ ახალმა კორონავირუსმა პლანეტის ეკოსისტემაზე, როგორც ამბობენ, დადებითად იმოქმედა – ჰაერი გაიწმინდა, მდინარეები გამჭირვალე გახდა, ბუნებამ ლაღად სუნთქვა დაიწყო და ეს მის ფლორასა და ფაუნაზე აისახა. ეს ბუნების ის გზავნილია, რომელიც ყველა ქვეყნის ხელისუფლებამ ყურად უნდა იღოს და წელიწადში ერთი კვირა დიდ სანიტარულ კვირეულად გამოაცხადოს. კარგი იქნება, თუ ეს გაეროს რეზოლუციით იქნება გამყარებული. იმედი ვიქონიოთ, რომ კაცობრიობა პანდემიას დაძლევს. ადამიანში მუდამ ცოცხლობს იმედი, „ეძიებდე და ჰპოვებდე” – ეს სახარებისეული შეგონება მარადიული მოქმედებისა და ძიებისაკენ მოგვიწოდებს. გზა ხსნისა საძიებელია და იგი სამართლიანი, ეკოლოგიურად სუფთა მსოფლიოს შექმნისკენ მიემართება