დედამიწა დიდს თუ პატარას ოცნებებს გვისრულებს… საინტერესოა, რას მოვთხოვთ შემდეგს?
ნაირა ფუტკარაძე: 27 48 93 –
გაზეთ ,,აჭარის“ კითხვებს ბათუმელი მწერალი თამარ ნიკურაძე პასუხობს. კითხვაზე – რაშია მისი წერის კულტურის გამორჩეულობის საიდუმლო? – იგი გვპასუხობს: – გასაგებია, გაინტერესებთ, მაგრამ საიდუმლო რაღა საიდუმლო იქნება, თუკი გავამხილე. ასე რომ მოვიქცე, მერე ყველა ჩემსავით დაიწყებს წერას და რაღა მეშველება, რომ აღარ ვიქნები გამორჩეული?! მოკლედ, ეს ამბავი საიდუმლოდ დატოვა, ჩვენ კი სხვა კითხვები დავუსვით.
– ქალბატონო თამარ, რა ცვლილებები მოიტანა შექმნილმა სიტუაციამ თქვენს ცხოვრებასა და შემოქმედებაში?
– შექმნილმა სიტუაციამ ყველა გამოგვაბუნძულა კომფორტის ზონიდან. ვაღიარებ, დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, კომფორტის ზონაში ვნებივრობდით დიდი თუ პატარა, იმის მიუხედავად, მოგვწონდა ეს თუ არა. უბრალოდ, ასე იყო საჭირო. სხვისი არ ვიცი, მაგრამ პირადად მე, ვერ ვაცნობიერებდი დამღლელი რუტინის მომაკვდინებელ ერთფეროვნებას. ყველა სადღაც გავრბოდით. აი, თურმე სად. . . უხანგრძლივეს მსოფლიო კორონდეგებზე! და ასე მოვედით გიჟური რიტმიდან მსოფლიო კორონდეგებამდე. . . რაც შეეხება შემოქმედებას, სხვა განზომილებაში გადამყავს. ვნახოთ, რა მოხდება, მეც დიდი ინტერესით ველოდები.
– თქვენი ინიციატივით ტარდება კონკურსი სახელწოდებით – „ლეგენდა სიკეთის დედოფალზე“, ამის შესახებ რას გვეტყვით?
– აღნიშნულ კონკურსს საქველმოქმედო სარჩული აქვს – მიზნად ისახავს ქველმოქმედი პერსონაჟის შემოყვანას ხელოვნებაში. კონკურსი კარგა ხანია დასრულებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, დღემდე გაგრძელდა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კონკურსანტებს დაგვიანებისთვის ბოდიში მოვუხადო. სამაგიეროდ, გვაქვს არაჩვეულებრივი ლეგენდები „სიკეთის დედოფალზე”. შედეგებსაც მალე გამოვაცხადებთ, სპონსორი ორგანიზაცია „ინტელექტბანკი” ამაზე უკვე მუშაობს. გარდა ამისა, მიუხედავად დასასრულისა, ის კვლავ გაგრძელდება და თუ როგორ, ამასაც დრო და გარემოება გვიკარნახებს.
– დღევანდელი გადმოსახედიდან, როგორ ფიქრობთ, ვინ იმსახურებს გმირის ტიტულს?
– ვინც ტყეს უნახავს შვილებს. . .
– ,,ციგრიტის აცრა“ – ასე ჰქვია თქვენს წიგნს. რა არის მისი მთავარი გზავნილი მკითხველთან და დაიცავს იგი მკითხველს ვირუსისგან?
– წიგნის მთავარი გზავნილი გამოფხიზლებაა და რა თქმა უნდა, იცავს მკითხველს ვირუსისაგან და არა მხოლოდ. ის მუდამ იქნება აქტუალური, რადგან ადამიანები არასოდეს შევწყვეტთ ადამიანობას.
– ახლა, როცა ძალიან ბევრი თავისუფალი დრო გვაქვს, რითი ხართ დაკავებული?
– მოკლედ გიპასუხებთ, – საკუთარი თავის განვითარებით. ვსწავლობ რაც მაინტერესებს. ვცდილობ დავეუფლო ახალ, სასარგებლო და დღევანდელ დღეზე მორგებულ უნარებს. კარგი დროა, ახლა ჩვენ ვირჩევთ რა ვისწავლოთ და რისთვის, როდის და სად. უამრავი ხელმსაწვდომი მასალის წყალობით, უმოკლეს დროში, შესაძლებელია ახალ ადამიანად გა-დაიბადო.
– ბევრს ვსაუბრობთ ახალი პანდემიის დადებით და უარყოფით მხარეებზე, თქვენ რას გვეტყვით ამის შესახებ?
– კოლექტიური ცნობიერება სტრესის ალყაში მოექცა. მე თუ მკითხავთ, ადრეც იყო, მაგრამ ახლა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს – ეს უარყოფით მხარეს იყოს. ხოლო რაც შეეხება დადებითს, ჩემი თვალით, გაცილებით მეტია. პირველ რიგში, ყველამ შევნიშნეთ, რომ სამყარო უფრო მგრძნობიარე და დამჯერი გახდა. გააჩერეთ დედამიწაო და გაჩერდა, მეტეორი გვესროლეო და გვესროლა, სწავლა/მუშაობა გვეზარებაო და დარჩი სახლშიო, გვითხრა. დიდს თუ პატარას ოცნებებს გვისრულებს და მეტი რა ქნას, რით გაგვახაროს?! მაგრამ ახლა, ამ მომენტში ამაზე საინტერესო ის არის, რას მოვთხოვთ შემდეგს. ოღონდაც – „ჭრელო პეპელა” არა, რა!
– რა გზავნილს დაუტოვებდით მკითხველს. . .
– ყველგან და ყველაფერში ეძიეთ დადებითი!
– და ბოლოს თქვენი საყვარელი ფრაზა . . .
– ყველაფერი ხდება უკეთესობისთვის.

