დღეს იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნა
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
დღეიდან იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები განსხვავებული პრინციპით იმუშავებენ. დაინტერესებული პირი სერვისის მიღებას მისთვის სასურველ დღესა და დროს შეძლებს, თუკი ვიზიტს ელექტრონული სისტემით დაჯავშნის, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
„მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ: ჯავშნის გაკეთება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვებგვერდიდან –, სადაც თვალსაჩინო ადგილზე განთავსდება ჯავშნის კალენდარი; დაჯავშნის შემდეგ მომხმარებელი მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, სადაც აღნიშნული იქნება ვიზიტის თარიღი, ადგილი და დრო; ასევე, მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელიც იუსტიციის სახლში ან საზოგადოებრივ ცენტრში მისულმა მომხმარებელმა მომსახურებამდე უნდა წარადგინოს; წინასწარი დაჯავშნის გარეშე იუსტიციის სახლში/საზოგადოებრივ ცენტრში მისული მომხმარებელი შენობაში ვერ მოხვდება; ფილიალში მისულ პირს უნდა ეკეთოს პირბადე, რის გარეშეც შენობაში არ დაიშვება; ფილიალში არ დაიშვებიან ბავშვები და სერვისის მისაღებად მოსული პირის თანმხლები პირები; ფილიალებში შესაძლებელი იქნება ყველა სერვისზე განაცხადის გაკეთება, გარდა რიტუალური ქორწინებისა; მომხმარებელს არ დასჭირდება მზა დოკუმენტების იუსტიციის სახლიდან/საზოგადოებრივი ცენტრიდან გატანა. მზა დოკუმენტი მას ფოსტის საშუალებით გაეგზავნება; იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები დაჯავშნილ ვიზიტებს მიიღებენ ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00-დან 18:00 საათამდე“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განსხვავებული წესი მოქმედებს 70 წლისა და მეტი ასაკის პირებისთვის, ასევე, მათთვის, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლია. ისინი მთელ რიგ სერვისებზე განაცხადის გაკეთებას (მათ შორის, როცა პირველად იღებენ დოკუმენტს) სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ, მათ შორის, ისეთ მოთხოვნად სერვისებზე, როგორებიცაა: პირადობის მოწმობა, პასპორტი, ქონების რეგისტრაცია და სხვა. ამისათვის მოქალაქემ უნდა დარეკოს იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე 2 405-405 და ინფორმაცია მიაწოდოს ოპერატორს, რის შემდეგაც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ეკიპირებული სააგენტოს თანამშრომლები, განაცხადის მისაღებად და საჭირო პროცედურების განსახორციელებლად, დაინტერესებულ პირს 10 დღის ვადაში, მის მიერ მითითებულ მისამართზე მიაკითხავენ. აღნიშნული კატეგორიის პირებისთვის ეს მომსახურება უფასოა, მზა დოკუმენტს კი მოქალაქეები ფოსტით მიიღებენ.
იუსტიციის სახლების ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები აღნიშნული ფორმატით მომსახურებას კორონავირუსის პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნამდე გააგრძელებენ.
ახალი მოდელით არ გაიხსნება მხოლოდ საკარანტინო ზონაში მდებარე იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები. ესენია: ბოლნისის და მარნეულის იუსტიციის სახლები, ასევე, კოდის, მანგლისის, თეთრიწყაროს, კაზრეთის, სადახლოს და კაჩაგანის საზოგადოებრივი ცენტრები.

