ენმ საკრებულოს რიგგარეშე სხდომას ითხოვს
პერფორმანს-აქცია ბათუმის მერიის შენობასთან –
ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –
„მაინტერესებს, თანხა რომელიც ბათუმობისთვის გამოიყო და ვეღარ დაიხარჯა, საუბარია ნახევარ მილიონ ლარზე, რაში უნდა დაიხარჯოს?“ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, მირდატ ქამადაძემ ეს შეკითხვა ბათუმის მერიის წინ გამართული ერთგვარი აქცია-პერფორმანსის დროს დასვა და კიდევ ერთხელ მოითხოვა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარება, სადაც მათ ანტიკრიზისული გეგმის განხილვის შესაძლებლობა მიეცემათ.
მირდატ ქამადაძემ შენობასთან სხვადასხვა პროფესიისათვის დამახასიათებელი სიმბოლური ნივთები მიიტანა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ პროფესიის ადამიანებთან ერთად სურს, საკრებულოს სამთავრობო გუნდის წევრებისგან მოისმინოს გეგმა, რომელიც კრიზისიდან გამოიყვანს იმ ადამიანებს, ვისაც კორონა ვირუსის გამო გამოცხადებული შეზღუდვების საფუძველზე ფინანსური პრობლემები შეექმნათ:
– სწორედ ამ პროფესიის ადამიანებთან ერთად ველოდები, როდის ჩანიშნავს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რიგგარეშე სხდომას და როდის გაეცემა ჩვენს კითხვებს პასუხები. გასაგებია, რომ მათ არ აქვთ ანტიკრიზისული გეგმა, ჩვენ წარვადგინეთ ასეთი გეგმა და ამის განხილვაც არ უნდათ, – განაცხადა საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა აქციის დროს.
ჩაინიშნება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა მოთხოვნით რიგგარეშე სხდომა მათ კითხვებზე პასუხის გასაცემად, როგორც მირდატ ქამადაძემ ჩვენთან საუბარში თქვა, ხვალ წერილობით აცნობებენ.

