თამარ არჩუაძე : მზად ვართ, მივიღოთ საჰაერო ხომალდი ნებისმიერ დროს, პრაქტიკულად, ერთ საათში, რაც გამოცხადდება საჰაერო სივრცის გახსნა
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
საერთაშორისო ფრენების აღდგენა ამ ეტაპზე საქართველოში იმ რისკებიდან გამომდინარე, რომელიც ფრენების აღდგენას თან ახლავს, არ იგეგმება, თუმცა მიმდინარეობს მსჯელობა შიდა ფრენების აღდგენაზე, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
„ჩვენ კარგად გვესმის ფრენების მნიშვნელობა ზოგადად და, მათ შორის, ტურიზმისთვის. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს ტურიზმის აღდგენის გეგმაზე და მეტ დეტალს მომავალ კვირას საზოგადოებას წარვუდგენთ, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა. ინფორმაციას მთვრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
რა ტიპის პროტოკოლი ამოქმედდება აეროპორტებში მგზავრთა რეგისტრაციის თუ ფრენების დროს ამასთან დაკავშირებით გარკვეული რეკომენდაციები შემუშავდება. აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ გააკეთა. როგორც ცნობილია, სამომავლოდ აეროპორტებში სავალდებულო იქნება სოციალური დისტანციის დაცვა, ასევე, ჩამოსული მგზავრების თერმოსკრინინგი.
„შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად ავიაციას ახალ რეალობაში ცხოვრება გვიწევს, რაც გამოწვეულია კოვიდ-19-ის პანდემიით. იცით, რომ აეროპორტების უმრავლესობა, ისევე როგორც ავიაკომპანიების უმეტესობა, დღეისათვის გაჩერებულია და ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ სატვირთო რეისები და შიდა ფრენები განსაკუთრებით დიდ ქვეყნებში. რაც შეეხება პროცედურებს, პირველ ეტაპზე განიხილება სოციალური დისტანცირება, ვინაიდან აეროპორტი არის განსაკუთრებით ხალხმრავალი ადგილი. დაზუსტებით რაც ვიცით, არის ის, რომ სოციალური დისტანცირების შემოღება მოგვიწევს, ხოლო დამატებით ისეთ თემას, როგორიცაა თერმოსკრინინგი, ამ ეტაპზე გვაქვს მხოლოდ შემოსვლაზე. თუ იქნება საჭირო თერმოსკრინინგი მოხდება გამფრენ მგზავრებზეც. რაზეც მოთხოვნა ამ ეტაპისთვის ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ ველოდებით. სავარაუდოდ, მაისის შუა რიცხვებში გვეცოდინება და პირველადი მონახაზი გვექნება, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ავიატორებმა. ამ დროისათვის ფრენების აღდგენის საკითხი გადაწყვეტილი არ არის, ვინაიდან ეპიდსიტუაცია იცვლება პრაქტიკულად ყოველდღიურად. ჩვენი სამსახურები და საავიაციო ხელისუფება, ყველა აეროპორტი და ყველა ავიაკომპანია არის 24-საათიან რეჟიმში ჩართული და მონიტორინგზე ვართ გადასული, თუ რომელი ქვეყანა რას გამოაცხადებს და რამდენად იქნება გახსნილი საზღვრები. საქართველოს შეგვიძლია გავხსნათ საზღვარი, მაგრამ თუ ის ჩვენი პარტნიორი ქვეყანა საზღვარს არ გახსნის, ავიამიმოსვლა იქნება შეუძლებელი. საქართველოს ყველა აეროპორტი, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ფუნქციონირებს მხოლოდ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები, რომლებიც სარეპატრიაციო და სატვირთო ფრენებს ემსახურებიან, მზადაა იმისათვის, რომ მივიღოთ საჰაერო ხომალდი ნებისმიერ დროს, პრაქტიკულად ერთ საათში, რაც გამოცხადდება საჰაერო სივრცის გახსნა”, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.

