თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში სამშენებლო სექტორმა სამუშაოები განაახლა, დარწმუნებულნი ვართ, რომ გრაფიკში ჩამორჩენა არ იქნება
დღეიდან ყველა სახის სამშენებლო სამუშაოები, სამშენებლო მასალების წარმოება და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა განახლდა, ასევე – სახელმწიფო და საინვესტიციო ინფრასტრუქტურული პროექტები. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად ბათუმში მიმდინარე პროექტები მოინახულა. თორნიკე რიჟვაძე ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ამ ეტაპზე დასრულებულია საძირკვლის მოწყობა და მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
„შემსუბუქების ღონისძიებების ფარგლებში დღეიდან ბათუმში მოიხსნა გადაადგილების შეზღუდვები და რაც ეკონომიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დღეიდან ამუშავდა სამშენებლო ობიექტები. „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა ძალიან აქტიურად განახლდა. პრაქტიკულად, დასრულებულია საძირკვლის სამუშაოები. მიმდინარეობს შემდეგი ეტაპები. დარწმუნებულნი ვართ, რომ გრაფიკში არ იქნება არანაირი ჩამორჩენა. შესაბამისად, როგორც მოსახლეობას და აქ მაცხოვრებლებს, მათ შვილებს დავპირდით, ეს პროექტი დასრულდება დათქმულ ვადებში და ყველანი ერთად ავაშენებთ ოცნების ქალაქს“ – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. მან ბათუმის მერთან ერთად ქალაქში მიმდინარე კერძო საინვესტიციო პროექტის „ალიანს ფრივილიჯის“ მშენებლობის პროცესიც მოინახულა. მნიშვნელოვანია, რომ კერძო კომპანიებმა ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სტადარტები და რეკომენდაციები. აღსანიშნავია, რომ აჭარაში ოპერირებადი დეველოპერული კომპანიები გამოთქვამენ მზაობას, დაიცვან ყველა რეკომენდაცია, პროექტები კი დადგენილ ვადებში დაასრულონ.
როგორც ვიცით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 5 მაისიდან ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნა სამშენებლო სამუშაოებზე, სამშენებლო მასალების წარმოებასა და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.