ნუგზარ სურმანიძე: გვერდზე უნდა გადავდოთ პოლიტიკა და გამოწვევების დაძლევაზე ერთად ვიზრუნოთ
ნინო ცხვარაძე: 591 98 24 30 –
ვირუსმა, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა ადამიანების ცხოვრებაში, მსოფლიოს დღის რეჟიმი შეცვალა და არა მხოლოდ – ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით. გავრცელებიდან მალევე კოვიდ-19-ის პანდემია გამოცხადდა, რასაც შესაბამისი რეკომენდაციები და შეზღუდვები მოჰყვა. განსაკუთრებით მძიმე ზიანი მიადგა ეკონომიკას, მით უფრო კი ისეთ პატარა ქვეყნებში, როგორიც საქართველოა. თითქმის ყველა სფეროში შეზღუდვები დაწესდა და დღემდე მოქმედებს, რასაც მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს. ხელისუფლება კრიზისის დაძლევას ცდილობს, მედიკოსები – ვირუსის გავრცელების შეკავებას. შეიძლება ითქვას, ყველაფერმა ერთად დადებითი შედეგი მოიტანა და დღეს საქართველოში მდგომარეობა სტაბილურია. ბოლო დღეების განმავლობაში იკლო ინფიცირებულთა რაოდენობამაც. რამდენად სწორია ხელისუფლების მიდგომები პანდემიის დროს და როგორ გაართვეს თავი მედიკოსებმა გამოწვევებს, ამაზე არაერთი მოსაზრება მოვისმინეთ. დღეს ჩვენი სტუმარია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე.
– კოვიდ-19 ახალი ვირუსია, თუმცა კორონავირუსები გასული საუკუნის 60-იან წლებში აღმოაჩინეს და მისი არაერთი სახეობაა ცნობილი. ახალი კორონავირუსი 2019 წელს გამოჩნდა ჩინეთში, საკმაოდ მოულოდნელად. არსებობს სხვადასხვა ვერსია ვირუსის შესახებ, თუმცა სანამ დასკვნა არ დაიდება, მანამდე საუბარი ნაადრევია, რა ტიპისაა ის. ვფიქრობ, ბუნებრივი წარმოშობისაა, მაგრამ რამ გამოიწვია მისი გააქტიურება და რატომ გახდა ასეთი მომხიბლავი ვირუსისთვის ადამიანი, უცნობია. ალბათ, მეცნიერები მომავალში ამასაც დაადგენენ.
– ბატონო ნუგზარ, ვირუსები უცხო არ არის მსოფლიოსთვის, თუმცა კოვიდ-19 პანდემიად გამოცხადდა.
– ახალი კორონავირუსი მსოფლიოს ყველა კონტინენტზეა გავრცელებული და ამიტომაც გამოცხადდა პანდემიად. მისი ბუნება უცნობია, შესაბამისად, მასთან ბრძოლაც საკმაოდ რთულია. პერიოდიც, რა მასშტაბითაც გავრცელდა ინფექცია, ძალიან მოკლეა იმისათვის, რომ ფუნდამენტური სამეცნიერო დასკვნები დაიდოს. არის რეკომენდაციები, გამოცდილება, მაგრამ დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, რომ ეს ვირუსი სეზონური გრიპია, გადაეცემა მხოლოდ წვეთოვანი გზით, რა შედეგებს იწვევს, მით უფრო, როცა არ გვაქვს დაავადების სამკურნალო სპეციფიკური მედიკამენტები და ვაქცინა, ვერც ამაზე ვისაუბრებთ.
– ეპიდემიის მართვაზე რას იტყვით?
– ამ ეტაპზე ეპიდემიის მართვის რამდენიმე ვარიანტია. წინა პლანზე გამოდიან ეპიდემიოლოგები, რომლებიც რეკომენდაციებს აძლევენ ხელისუფლებას, თუ როგორ იმოქმედონ, რა გზით წავიდნენ, რომ ნაკლებად დამაზიანებელი იყოს პანდემია როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის, ასევე – ეკონომიკისთვის. თუ დააკვირდებით, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ერთი და იმავე სცენარით მიმდინარეობს შემაკავებელი და სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებები. ერთი და იგივე სცენარით განვითარდა მოსახლეობის ქცევაც, თუნდაც სურსათის მარაგის შექმნა.
– თუმცა არის ქვეყნები, რომლებიც ვირუსთან ბრძოლის განსხვავებულ მეთოდებს ირჩევენ.
– რამდენიმე ქვეყანა წავიდა განსხვავებული გზით. რა იყო ამაში ჩადებული, მომავალში კვლევები დაადგენს. მაგალითად, თუ ავიღებთ ჩინეთს, ძალიან მკაცრი საკარანტინე ზომები შემოიღო და გამართლებულიც იყო ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისას. ვირუსის შეჩერება დიდწილად მოახერხა უჰანში, მაგრამ, გარკვეულ პერიოდში, როგორც კი იქ დასრულდა, სხვა მხარეში დაიწყო ეპიდაფეთქება. საკმაოდ შედეგიანი იყო მათი მხრიდან გატარებული ზომები, მაგრამ ის, რომ ამით პრობლემები საბოლოოდ დაძლიონ, გამორიცხულია. შვედეთმა თავდაპირველად არ შემოიღო მკაცრი შეზღუდვები, თუმცა ქვეყანაში როგორც კი იმატა სიკვდილიანობის მაჩვენებელმა, ნაწილობრივ შეზღუდვებზე გადავიდნენ. რაც შეეხება ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკას – ბელორუსს, იქ საერთოდ უარი განაცხადეს შეზღუდვებზე. შეინარჩუნეს სამუშაო ადგილები, არც სპორტული თუ კულტურული ღონისძიებების ჩატარება აუკრძალავთ. ამბობენ, რომ ეს ბელორუსის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ პრეზიდენტის გადასაწყვეტი არაა. ბელორუსს საკმაოდ სერიოზული ეპიდემიოლოგიური სამსახური აქვს.
– შეზღუდვები რა მიზანს ემსახურება?
– უპირველესად, მოსახლეობის დიდი ნაწილის გადარჩენას და მკვეთრი პიკების თავიდან აცილებას, რომ არ ჩამოიშალოს ჯანდაცვის სისტემა. ჯანდაცვის რესურსები, მათ შორის, ძალიან განვითარებულ ქვეყნებში, არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ უზრუნველეყოთ პაციენტების მასობრივი მიღება. თუნდაც ის სასუნთქი აპარატები ავიღოთ, რომლებიც საკმარისი რაოდენობით არ აღმოაჩნდა შეერთებულ შტატებს. ვფიქრობ, ბევრი ქვეყანაა ევროპაში, რომელმაც წარმატებით შეძლო პროცესების მართვა. ასეთი იყო გერმანია. რაც შეეხება საქართველოს, პრინციპში, ღონისძიებების გატარება დროულად დაიწყო, კარგად შესრულდა რეკომენდაციები, რომელიც პირველ ეტაპზე გათვალისწინებული იყო შეკავებისთვის და მეორე ეტაპზე – გავრცელების თავდან ასაცილებლად. ამისთვის ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა ღონისძიება: საკარანტინე შეზღუდვები, თვითიზოლაცია, იზოლაცია, გარკვეული სამსახურების შეჩერება, ვაჭრობის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების, სამშენებლო სამუშაოების შეჩერება, ქალაქების ჩაკეტვა, კლასტერების იზოლირება. ეს ყველაფერი ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო იმ თვალსაზრისით, რომ ამით ჩვენ მოვახდინეთ მოსახლეობის სოციალური დისტანცირება და შევამცირეთ ვირუსის ერთი ადამიანიდან მრავალზე გადაცემა, რათა არ მიგვეღო ის პიკი, რაც შეიძლებოდა დამდგარიყო და რასაც ჩვენი ჯანდაცვა ვერ გაუმკლავდებოდა. მასობრივად, ფატალური შედეგი რომ არ დამდგარიყო, საქართველომ ბევრი გააკეთა.
– ბატონო ნუგზარ, ამბობთ, რომ ბევრი გაკეთდა. თქვენი აზრით, საჭირო იყო თუ არა მოსახლეობის მასობრივად კვლევა სწრაფი ტესტებით?
– ხშირად კამათობენ, საჭირო იყო თუ არა სწრაფი ტესტი. სწრაფი ტესტი შეიქმნა დაავადების გამოვლენიდან ორი კვირის შემდეგ. სწრაფი ტესტი არ ნიშნავს იმას, რომ მთელი მოსახლეობა მოიცვა, თუმცა, რა თქმა უნდა, საჭიროა და მისი გამოყენების საჭიროებას და გამოსაკვლევ კონტინგენტს ადგენენ ეპიდემიოლოგები, განსაზღვრავს ჯანდაცვის სამინისტრო. 3, 5 მილიონი ადამიანია. ეს როგორც ორგანიზაციულიად, ისე ფინანსურად, საკმაოდ რთულია, მაგრამ სწრაფი ტესტის გამოყენება რისკჯგუფებში მნიშვნელოვანია. უნდა ვიცოდეთ, ადამიანი, რომელიც მუშაობს და კონტაქტი აქვს სხვა ადამიანებთან, არის თუ არა ინფიცირებული. რისკჯგუფებში შედიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, სამედიცინო პერსონალი, მაღაზიის გამყიდველები, ზოგადად, იმ სფეროს წარმომადგენლები, რომლებსაც მუშაობა არ შეუჩერებიათ და საზოგადოებასთან კონტაქტი ჰქონდათ. ტესტირება უკვე დაწყებულია და ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ, სამედიცინო საზოგადოებამ, სხვა სამსახურებთან ერთად, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მინიმუმამდე დაეყვანა ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში. ამასთან, მოსახლეობა აქტიურად დაუდგა ხელისუფლებას გვერდით შეზღუდვების შესრულების თვალსაზრისით. თითო-ოროლა ადამიანი კი არღვევს, მაგრამ ძირითადად, არის მხარდაჭერა.
– რაც შეეხება სტატისტიკას, ამბობენ, რომ გაყალბებულია.
– ეს არის მტკნარი სიცრუე. ვფიქრობ, როცა ასეთ მდგომარეობაშია ხალხი და ოპოზიცია ამას იყენებს პოლიტიკური სპეკულირებისთვის, ეს მხოლოდ და მხოლოდ მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიციას არ ადარდებს არც ქვეყანა და არც ხალხი. დღეს, როგორც არასდროს, ქვეყანას სჭირდება ერთიანობა, ჩვენ უნდა გადავდოთ გვერდზე პოლიტიკა და იმ გამოწვევების დაძლევაზე ვიზრუნოთ, რაც არსებობს ჩვენი ერის, ოჯახების, ახლობლების წიაშე. ეს გადავლახოთ და როცა ამას ღირსეულად გავაკეთებთ, შემდეგ დავუბრუნდეთ პოლიტიკურ ცხოვრებას. გამორიცხულია სტატისტიკის გაყალბება, ეს არავის ინტერესში შედის და, პირველ რიგში, ეპიდემიოლოგების – ადამიანების, ვინც ამას ემსახურებიან. მაგრამ, შეიძლება დაისვას კითხვა, იყო თუ არა შემთხვევები ადრე? ღონისძიებების გატარება ჩვენ 21 მარტიდან დავიწყეთ, ჩინეთში ეპიდემიის გავრცელება დეკემბერში დაიწყო. იმ პერიოდში არ შეზღუდულა მიმოსვლა. ჩვენ გვყავდა სხვადასხვა ქვეყნიდან ვიზიტიორები, სადაც პირდაპირ თუ ირიბად იყო ჩინელი ტურისტების და ვიზიტიორების კონტაქტები. იმის გამორიცხვა, რომ მანამდე არ გვყავდა ინფიცირებული, არ იქნება სწორი. თუ ჩვენ გავაანალიზებთ, რამდენი გვქონდა ატიპიური, არადამახასიათებელი პნევმონია ჩვეულებრივი გრიპისთვის, რამდენი პაციენტი გვყავდა გამოჯანმრთელებული და გარდაცვლილი იმ პერიოდისთვის, ამასთან, თუ ადამიანებს ანტისხეულებზე კვლევას ჩავუტარებთ, გარკვეულ სტატისტიკას დავდებთ.
– სხვათა შორის, ბევრი ადამიანი ამბობს, რომ გადატანილი აქვს ახალი კორონავირუსი.
-ამის დადგენა შესაძლებელია, თუ ანტისხეულებზე გავაკეთებთ ტესტს.
– რას იტყვით პანდემიის მომავალზე?
– საკმაოდ რთული მომავალი გველის, არ ვიცით, ვირუსი სეზონურია თუ არა. იმისათვის, რომ პოპულაციაში შეიქმნას ბუნებრივი იმუნიტეტი, საჭიროა 60 პროცენტი დაავადდეს ამ ინფექციით, მსუბუქი თუ მძიმე ფორმით. ჩამოუყალიბდეს იმუნიტეტი, რომ შემდგომი ტალღის დროს მდგრადი იყოს ვირუსული ინფექციის მიმართ.
– არც კონკრეტული პრეპარატი არსებობს ვირუსის საწინააღმდეგო. როგორც ვიცით, საკმაოდ ძლიერ პრეპარატებს იყენებენ მკურნალობისას, როგორიცაა შიდსის, c ჰეპატიტის და სხვა.
– სპეციფიკური სამკურნალო საშუალება ამ ეტაპისათვის კოვიდ-19-ის წინააღმდეგ არ არსებობს. მსოფლიო ინფექციონისტები მკურნალობის სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. შეიძლება ჩინეთის გამოცდილებას დავეყრდნოთ, გვაქვს იტალიის გამოცდილებაც, გერმანიის და საკუთარიც. ძალიან ფაქიზი მიდგომაა საჭირო, მკურნალობა უნდა ტარდებოდეს გაიდლაინებისა და პროტოკოლის შესაბამისად, სადაც გაწერილი უნდა იყოს, რას ვიყენებთ. თუ გაიდლაინებში მითითებული არაა მედიკამენტი, მაშინ მისი ექსპერიმენტის სახით გამოყენება გარკვეულ საკანონმდებლო ზღვარში უნდა ჩაჯდეს, რომ ჩვენ შემდეგ შევძლოთ მკურნალობის მეთოდის სისწორის დადასტურება. ამისთვის პაციენტების, მათი ახლობლების თანხმობაა საჭირო, გართულებების შემთხვევაში – მატერიალური კომპენსაცია და სხვა. ეს ყველაფერი უნდა იყოს გაწერილი. გარკვეული პერიოდის შემდეგ ეპიდემია დასრულდება და დადგება სამართლებრივი შეფასების დრო, ამისთვის კი ღირსეულად უნდა მოვემზადოთ.
– ბოლო დღეებმა გვაჩვენა, რომ ვირუსის გავრცელების კუთხით მატება არ არის საგანგაშო, შეიძლება ითქვას, კარგად მივდივართ, მაგრამ სიტუაციის გართულების შემთხვევაში, თუ არის შესაძლებელი პაციენტების მართვა სახლის პირობებში?
-კარგად გვაქვს მდგომარეობა – ასე დაბეჯითებითაც ვერ ვიტყვით, ეს არის ახალი ვირუსი, რომლის ბუნებაც არ ვიცით, რა შედეგი გვექნება ხვალ, ვერც ამაზე გავაკეთებთ პროგნოზს. საკმარისია ერთი-ორი კარგი თავყრილობა, ქორწილი ან ქელეხი, რომ უცებ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდოს. გარდა ამისა, გამოიკვეთა, რომ დაავადება 80 პროცენტში მიმდინარეობს იოლი ფორმით, მსუბუქად ან უსიმპტომოდ და ადამიანმა შეიძლება გადაიტანოს დაავადება და არ იცოდეს. ლაპარაკი იმაზე, რომ ყველას მართვა სტაციონარშია საჭირო, არ არის მართებული, იოლი ფორმები სახლის პირობებშიც შესაძლებელია იმართოს, თუკი იქ დაცული იქნება იზოლაციის ნორმები, რადგან დაავადების პერიოდში ეს ადამიანი არის ინფექციის გადამცემი. დავიცვათ მასთან კონტაქტში მყოფები ინფიცირებისგან და სახლში მკურნალობაც მისაღები ფორმაა. მართვაში ჩართული უნდა იყოს პირველადი ჯანდაცვის ქსელი და გადამზადებული მედპერსონალი. გრიპოზული ინფექციების მართვისას ზოგადი მიდგომა, მით უფრო, როცა სპეციფიური მედიკამენტური მკურნალობა არ არსებობს, თითქმის იდენტურია.დაბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობა, სამედიცინო საზოგადოება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას. ჩენი ვალდებულებაა შვასრულოთ რეკომენდაციები და ამ ეტაპზე დავრჩეთ სახლებში!