„მსგავს ვითარებაში ყველაზე მეტად ზარალდება ის ქვეყნები, რომლებიც სწორედ ტურიზმის განვითარებაზეა აქცენტირებული“
ირმა ცეცხლაძე: 577 20 45 63 –
„უახლოეს წლებში მსოფლიო სწორედ სურსათის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება – ყველა სხვა სახის მოთხოვნილებები უკანა პლანზე გადაიწევს, ამიტომაც, იძულებული გავხდებით, დავიწყოთ სოფლის მეურნეობაზე ზრუნვა იმის მიუხედავად, გვინდა ეს ჩვენ თუ არ გვინდა“
რა მდგომარეობაშია დღესდღეობით ქვეყნის ეკონომიკა, სად უნდა ვეძებოთ გადარჩენის გზები, რამდენად აქტუალური და ეფექტურია პრემიერის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა, ამაზე საუბრობს „აჭარასთან“ ინტერვიუში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომისტი ვაჟა ვერულიძე.
– რა ზარალი მოგვაყენა პანდემიამ ამ ეტაპზე?
– ფაქტია, რომ საქართველოს ეკონომიკა განიცდის კრიზისს პანდემიის გამო, რაც თვალნათლივ აისახა მოსახლეობაზე, ბიუჯეტზე. ამას ყველა ვგრძნობთ, მაგრამ ზუსტად რა დანაკარგები განვიცადეთ, ამის ციფრებით დაკონკრეტება შეიძლება მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ, რადგან დღესდღეობით ფაქტობრივი მონაცემებით, არაფერია ცნობილი. დამატებითი პრობლემები წარმოქმნა იმანაც, რომ საქართველოს ეკონომიკა ისედაც სუსტი იყო. ჩვენ დავდექით იმ საქონლის რეალური დეფიციტის წარმოქნის წინაშე, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობისთვის, ვინაიდან მთლიანად ექსპორტზე ვართ დამოკიდებული.
– გამოდის, რეალურად ვდგებით შიმშილობის საფრთხის წინაშე?
– არსებული პრობლემების და ცუდი პროგნოზების მიუხედავად, არ მგონია, რომ საქართველოს მოსახლეობა დადგეს რეალური შიმშილობის საფრთხის წინაშე, რადგან ქვეყანას ამ კუთხით გააჩნია საკმაოდ სოლიდური რესურსი, რასაც იყენებს ახლაც და გამოიყენებს მომავალშიც. უბრალოდ, მინდა დავფიქრდეთ იმ კრიზისზე, რომელიც წარმოიქნება ჩვენს ირგვლივ ახლო მომავალში მსოფლიო პანდემიის მიზეზით.
– მსოფლიო პანდემიის გამო ხომ არსებობს ალბათობა, რომ არ შემოვიდეს ექსპორტი, რომელზეც სასიცოცხლოდ ვართ დამოკიდებული?
– ჩემი ვარაუდით, არ მგონია სხვა ქვეყნებმა შეაჩეროს ექსპორტი, რადგან მათთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჭარბი პროდუქტის გაყიდვა, მათ ხომ სწორედ ამაზე აქვთ აწყობილი საკუთარი ეკონომიკა. ასე რომ, ამ მხრივაც დაზღვეული ვიქნებით. ქვეყანაში აუცილებლად შემოვა სტრატეგიული პროდუქტი, რაც აგვაცილებს შიმშილობას. თანაც სხვა სახელმწიფოების მთავრობები არ აპირებენ იმპორტის ჩაკეტვას, როგორც ეს რუსეთმა გააკეთა. ამ უკანასკნელს შიში გაუჩნდა, რომ თავად არ დაუდგეს სასურსათო პრობლემა. პრინციპში, მართალია, იმის შიში არ გვაქვს, რომ ვერ მივიღოთ სურსათი, მაგრამ ცხადია, უკეთესი იქნებოდა, საქართველოს მთავრობამ შესძლოს საკუთარი სასურსათო მარაგების შექმნა, რადგან ჩვენს ქვეყანას ყველა რესურსი გააჩნია მოსახლეობის სურსათით უზრუნველსაყოფად.
– რას გვეტყვით პრემიერის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები შიმშილობის გეგმას უწოდებენ?
– მსგავსი გეგმები ყველა ქვეყანამ წარმოადგინა და თითოეული საკუთარი ბიუჯეტისა და მდგომარეობის მიხედვით ანაწილებს სახსრებს. საქართველოს მთავრობის მერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა მორგებულია ჩვენს შემოსავლებზე, თუმცა ვერც ერთი მთავრობა ვერ შეძლებს ამ ვითარებაში ისეთი იდეალური კონცეფციის შემუშავებას, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს. მსგავსი გეგმა ბუნებაში არ არსებობს, არც იმ ქვეყნებში, რომელთაც ჩვენზე გაცილებით სოლიდური თანხების გაცემა შეუძლიათ. თავად წარმოიდგინეთ, სადაც უკეთესი შემოსავლები აქვთ, კიდევ მეტს თხოულობენ, რადგან ვერც ერთი სახელმწიფო ვერ შეძლებს პანდემიით გამოწვეული ზარალის თანაფარდი თანხების გამოყოფას საკუთარი მოსახლეობის სრულად დასაკმაყოფილებლად. ეს ეკონომიკის ელემენტარული კანონია, რომელიც კარგად ვიცით სპეციალისტებმა. სწორედ ამიტომ, ზედაპირულად მიმაჩნია ნებისმიერი პოლემიკა ამ თემაზე ოპოზიციურად განწყობილი პარტიების წარმომადგენელთაგან. მერწმუნეთ, ამის რესურსი ფიზიკურად არ არის, მით უმეტეს, საქართველოში.
– გამოდის, ნებისმიერ ანტიკრიზისულ გეგმას გააკრიტიკებდა ოპოზიცია. თავად თქვენ როგორ შეფასებას მისცემდით, თუნდაც ამ ეტაპისთვის?
– ახლა შეფასება შეუძლებელია, რადგან მის შედეგს დავინახავთ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, რადგან ანტიკრიზისულ გეგმაში ჩადებულია როგორც სოციალური დახმარებები, ისე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის ინსტრუმენტები, რომლის ციფრებსაც მოგვიანებით, წლის ბოლოსკენ დავინახავთ და მაშინ შეიძლება ვიმსჯელოთ, რამდენად შედეგიანი იყო ეს გადაწყვეტილებები და ამ კუთხით განხორციელებული დახმარებები. ახლა ზეპირად, გარკვეული მონაცმების გარეშე შეფასება ფრიად ზედაპირული და არაპროფესიონალური აღმოჩნდება.
– როგორ ფიქრობთ, მაინც რა არის აუცილებელი კრიზისის დასაძლევად?
– ბევრი ფიქრობს, რომ ამისთვის აუცილებელია მხოლოდ დიდი ფული, თუმცა, როგორც ამჟამინდელმა ვითარებამ გვაჩვენა, ეს არ არის საკმარისი და დილეტანტობაა საკითხის ამგვარად დასმა. ფული, ცხადია, აუცილებელი პირობაა, თუმცა საკმარისი არავითარ შემთხვევაში არ არის. მოძიებულ თანხებს სჭირდება ეფექტიანი გადანაწილება, რათა სათანადო შედეგი მივიღოთ. კარგად იცით, ჯერ კიდევ 2012 წლიდან მოყოლებული, რამდენი მილიონი დაიხარჯა სოფლის მეურნეობის განსავითარებლად, თუმცა ეს ფული ჩაიკარგა, ხოლო რეალური შედეგი პრაქტიკულად არ ჩანს.
– სოფლის მეურნეობის მინისტრი ასე არ ფიქრობს. . .
– ვგულისხმობ იმას, რომ ისევ და ისევ შემოგვაქვს სოფლის მეურნეობის პროდუქცია და სოფლად ფერმერების უდიდესი ნაწილი, ელემენტარულად, ოჯახს ვერ არჩენს, არათუ მთელი ქვეყნის მოსახლეობას. რაღაც-რაღაცები გაკეთდა, მაგრამ ყველა ვხედავთ და თავად მთავრობის წარმომადგენლებიც, რომ ეს არ არის საკმარისი.
– მთავრობის წარმომადგენლები გვარწმუნებენ, რომ ის სამი მილიარდი, რომელიც ჩაიდო ანტიკრიზისულ გეგმაში, ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გარანტიაა.
-კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თანხის მოძიება, რომლის დიდი ნაწილი პროცენტებით გადასახდელი ექნება ჩვენს მომავალ თაობებს, არ გვაძლევს ბიზნესის განვითარების გარანტიას. ამ თანხის განაწილებისას არ უნდა დაუშვან შეცდომა, რადგან იგი უნდა ჩაიდოს ჩვენი ქვეყნის გადარჩენაში, უნდა ემსახურებოდეს საქართველოს ეკონომიკის კრიზისიდან რეალურად გამოყვანას. ამ თანხის გამოყენება უნდა შეძლონ ეფექტურად, რათა შემდეგ თავის მართლება არ მოუწიოთ სიტყვებით: „იცით, ჩვენ ვეცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა“. ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება, რადგან მართლაც უაღრესად ციცაბო კლდეზე ვიმყოფებით, საიდანაც თუ გადავეშვით, ვერაფერი გადაგვარჩენს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პრემიერთან ერთად მუშაობს მრჩეველთა საბჭო, რომელიც პროფესიონალებისგანაა დაკომპლექტებული და იმედი მაქვს, არ დაუშვებს იმ შეცდომებს, რომელებზეც ზემოთ ვილაპარკე.
– ბევრი მსოფლიო პანდემიას ღვთის რისხვად მიიჩნევს, რომელმაც არაერთ შეცდომაზე უნდა დაგვაფიქროს. . .
– მე ასე არ ვიტყოდი, მაგრამ ფაქტია, რომ პანდემიამ გააშიშვლა ჩვენი ხარვეზები, რომლის მიჩქმალვაც მანამდე, ამა თუ იმ გზით, მაინც ხდებოდა. ამ კრიზისმა მართლაც სერიოზულად უნდა დაგვაფიქროს, რადგან ჩვენ დიდი გამოცდილება მივიღეთ ბოლო პერიოდში. ჯერ კიდევ 2000 წლიდან, როდესაც გავწევრიანდით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ქვეყანამ პრაქტიკულად არაფერი გააკეთა, რომ გამოეყენებინა ეს შეღავათები, რამაც ნეგატიური გავლენა მოახდინა ჩვენს ეკონომიკაზე. ამას მოჰყვა 2008 წლის კრიზისი. მაშინაც ვერ გავითავისეთ, რომ ქვეყნის მამოძრავებელი ძალა არ შეიძლებოდა ყოფილიყო ტურიზმი. ამის შემდეგ დაიწყო ახალი მთავრობის ერა, რომელმაც მოგვიტანა ევროკავშირის ბაზარზე გასვლის ახალი შესაძლებლობები, თუმცა ვერც ეს გამოვიყენეთ სათანადო ინტენსივობით, ვერ შევიმუშავეთ სათანადო კანონმდებლობა და ვერც სათანადოდ კონკურენტუნარიანი პროდუქცია, რომელსაც დაუშვებდნენ ამ ბაზარზე. ახლა უკვე, პანდემიამ საბოლოოდ უნდა დაგვაფიქროს, რომ პრინციპულად კი არა, სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურულად გადაწყობა, ანუ ის აღარ უნდა იყოს ისეთი, როგორიც იყო აქამდე.
– მოდით, დაგვიკონკრეტეთ, როგორი იყო ეკონომიკა „აქამდე“?
-ავიღოთ თუნდაც ის, რომ „აქამდე“ ეკონომიკის ერთ-ერთ მამოძრავებელ ვალუტის ფინანსურ დონორად, არცთუ უსაფუძვლოდ, ითვლებოდა ის ერთი მილიარდი, რომელიც შემოდიოდა ჩვენი მიგრანტების მიერ სამშობლოში გზავნილების სახით. ახლა ამ ადამიანების უმეტესობა საქართველოში დაბრუნდა და ალბათ დანარჩენიც დაგვიბრუნდება, რადგან მათ არავინ დაასაქმებს იმ ქვეყნებში მანამ, სანამ მათი ეკონომიკა სათანადოდ არ გამოცოცხლდება.
– ხელისუფლებას ტურიზმზე ჰქონდა და ახლაც აქვს აგებული ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი მაჩვენებლები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, მიმზიდველი უნდა გავხადოთ მსოფლიოსთვის.
-კი, ბატონო, ტურიზმი უნდა იყოს ერთ-ერთი დარგი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ფინანსების აკუმულირებას. ამის წინააღმდეგი არავინაა. თანაც თუკი ზაფხულში ამოძრავდება შიდა ტურიზმი, რაღაც ეტაპზე ბევრ ჩვენს თანაქალაქელს სულს მოათქმევინებს, მაგრამ ძირითადი აქცენტი, ისევ და ისევ, ბიზნესის და სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებაზე უნდა გაკეთდეს, რადგან, რაც არ უნდა ფართოდ გავუღოთ ტურიზმს კარები, ქვეყნებში თუ სამუშაო არ იქნა, ხომ ვერ ჩამოვლენ იქურები აქ დასასვენებლად? არადა, მსოფლიო ეკონომიკის უახლესი მომავლის პროგნოზი სწორედ ასეთია. საქართველო მომხმარებელი ქვეყანაა და არა მწარმოებელი, რომელიც იმაზეა დამოკიდებული, სხვა სახელმწიფოების ეკონომიკა როდის დადგება ფეხზე და ტურისტიც როდის დააგროვებს საკმაო ფულს ჩვენთან ჩამოსასვლელად. სხვა შემთხვევაში, ჩვენი ინიციატივა მათ მოსაწვევად ვერ იქნება შედეგიანი.
– გამოდის დიდი ფული უნდა ჩაიდოს არა ტურიზმის, არამედ ფერმერების ასამუშავებლად, შეიქმნას სასოფლო შრომის ბირჟები, სადაც დასაქმებულებს გადაუხდიან იმაზე გაცილებით მეტ თანხას, ვიდრე მიიღებდნენ ქალაქად. ასევე, დარიგდეს მძიმე თუ მსუბუქი სასოფლო ტექნიკა, რომელიც დაამუშავებს საქართველოში არსებულ გავერანებულ ტერიტორიებს.
– დიახ, და გარდა ამისა, უნდა ჩამოყალიბდეს სრულფასოვანი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი მძლავრი საწარმოები, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მიღებული მოსავლის სრულად რეალიზაცია, უნდა აღდგეს მანამდე არსებული სქემა, როდესაც საქართველო იყო აგრარული ქვეყანა და აქ მოწეული პროდუქცია აკმაყოფილებდა მთელი საბჭოთა კავშირის დიდ ნაწილს. ცხადია, ვგულისხმობ ჩაის, ციტრუსს, თუთუნს და ა.შ. შესაძლოა, ხვალ სულ სხვა რელსებზე გადავიდეთ და სხვა პერსპექტივები გამოგვიჩნდეს, მაგრამ დღეს რეალურია მიწის დანიშნულებისამებრ გამოყენება, რათა ხვალ არ ვეძებოთ სურსათი სხვა ქვეყნებში. ამასთან, ფინანსური მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინონ არა მხოლოდ სოფლად დასაქმებულებს ტექნიკის, გადამამუშავებელი საწარმოების და პროდუქციის რეალიზაციის კუთხით, არამედ ამ სეგმენტში პროფესიონალი კადრების გამოზრდითაც, რადგან კარგად იცით, რომ უკვე ძალიან ბევრი პროფესია დაიკარგა, ვინაიდან აღარავის სჭირდებოდა აგრონომები, ვეტერინარები, იხტიოლოგები და ა.შ. ქვეყანაში ვალუტა რომ უნდა შემოდიოდეს, ალბათ ამაში ყველა დამეთანხმება. ტურისტი ერთი-ორი წელი ჩვენთან ვერ შემოვა, ჩვენი შრომითი მიგრანტებიც უკან დაბრუნდებიან, რაღა დაგვრჩა? დაგვრჩა სოფლის მეურნეობა და აქ წარმოებული პროდუქტი, რომელსაც ყოველთვის ექნება გასავალი საზღვარგარეთ, ვინაიდან უახლოეს წლებში მსოფლიო სწორედ სურსათის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება – ყველა სხვა სახის მოთხოვნილებები უკანა პლანზე გადაიწევს. ამიტომაც, იძულებული გავხდებით, დავიწყოთ სოფლის მეურნეობაზე ზრუნვა იმის მიუხედავად, გვინდა ეს ჩვენ თუ არ გვინდა.
– ჩვენ იმდენჯერ დავიწყეთ რეფორმები სოფლად, რომ ახლა ჩამოთვლაც გაგვიჭირდება, თუმცა უშედეგოდ.
-ამაშია საქმე, ახლა შეცდომის უფლება აღარ გვაქვს, ახლა უნდა ვიზრუნოთ გადარჩენასა და ქვეყნის სასიცოცხლო რესურსების შენარჩუნებაზე, ერის გენოფონდის ჯანსაღად გამოკვებაზე.
– რას ურჩევთ ჩვენს საზოგადოებას?
– ვურჩევ არ შეშინდნენ, შიმშილობა არ გვემუქრება. ეროვნულ ბანკს გააჩნია საკმარისი რესურსი, რომელსაც გამოიყენებს საჭიროების შემთხვევაში, ამით შეაჩერებს ფასების ზრდას, რადგან დაარეგულირებს ვალუტის კურსს. ამასთან იმედი მაქვს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავფქირდებით ქვეყნის ეკონომიკის ძირეულ სტრუქტურულ ცვლილებებზე, რადგან არა მხოლოდ პანდემიამ, სხვა კრიზისებმაც დაგვანახა, მსგავს ვითარებაში ყველაზე მეტად ზარალდება ის ქვეყნები, რომლებიც სწორედ ტურიზმის განვითარებაზეა აქცენტირბული. იმედი მაქვს, პანდემია და პანდემიით გამოწვეული კრიზისი იქნება ჩვენი ყველაზე დიდი მასწავლებელი, ხოლო 2020 – გახდება ეკონომიკის რესტრუქტურიზაციის და შემობრუნების წელი. აუცილებელია შევძლოთ ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ შენახვა, არამედ გადარჩენა, რათა არ იყოს კრიზისების მიმართ ისეთი მყიფე, როგორიც დღესაა.