დავით გოროზია: ყველაზე მეტად მინდა, რომ ადამიანებს გავუღვივოთ მიწის დაფასების სურვილი, რათა მისგან მიღებული სარგებლით გაიხარონ
ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 –
„მიწათმოქმედებით ნებისმიერ ეპიდემიასა თუ განსაცდელს მომზადებულნი შევხვდებით“
თებერვლიდან მოყოლებული, ისევე, როგორც სხვების, მისი ცხოვრებაც შეიცვალა. ბევრი რამის დათმობა მოუწია, ბევრი გეგმა ჩააბარა წარსულს, თუმცა მთავარი მიზნისკენ სწრაფვა არ შუეჩერებია. მოგზაურმა დავით გოროზიამ ახალი კორონავირუსის გამოჩენამდე 42 ქვეყანაში იმოგზაურა. ამას ორი მიზანი ჰქონდა: ერთი – სხვადასხვა ქვეყნის კულტურისა და მათი ცხოვრების რიტმის გაცნობის და მეორე – იდეების დაბადების, რაზეც ფიქრობს, რომ ცხოვრების უმთავრესი მონაპოვარია. ერთ-ერთი ასეთი იდეაა ჯგუფის შექმნა, რომლისკენაც პანდემიამ და თვითიზოლაციამ უბიძგა. ეს ჯგუფი საკმაოდ მრავალრიცხოვანი და პოპულარული გახდა, რადგან მისი წევრები ერთმანეთს უზიარებენ რჩევებს მებაღეობაზე, მევენახეობაზე, მეყვავილეობასა და მათთან დაკავშირებულ საკითხებზე.
უფრო დაწვრილებით ამ ჯგუფზე, მის მიზნებსა და იმ სარგებლობაზე, რაც მას წევრებისთვის მოაქვს, დავით გოროზიასთან ამ ინტერვიუში წაიკითხავთ.
– რა იყო ჯგუფის შექმნის მიზანი ?
– ეს ჯგუფი გავაკეთე იმის სურვილით, რომ როგორც დამწყებმა, გავუზიარო ჯგუფის წევრებს ის ცოდნა, რაც შევიძინე, მივცე მათ მოტივაცია, თავადაც ცადონ ბედი, იგრძნონ ის სიხარული, რაც საკუთარი შრომით პროდუქტის მოყვანას მოაქვს. ამ რთულ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთის გვერდით დგომა, ჩვენი წარმატებების ურთიერთგაზიარება. ყველაზე მეტად მინდა, რომ ადამიანებს გავუღვივოთ მიწის დაფასების სურვილი, რათა მისგან მიღებული სარგებლით გაიხარონ.
– რამდენად გაამართლა ჯგუფმა თქვენი მოლოდინი?
– როდესაც მიზანი არის მკაფიო, მისთვის დახარჯული შრომა ყოველთვის ამართლებს. შედეგმა მოლოდინსაც კი გადააჭარბა, რადგან 3 კვირაში ჯგუფის მომხმარებლის რაოდენობა 3500-ს გასცდა. სიხარულის მომნიჭებელია იმ ადამიანების დანახვა, რომლებიც ცდილობენ ჩაერთონ მცირე და დიდ მეურნეობებში. ხშირად მომდის წერილები, სადაც მიზიარებენ, როგორ გაუღვიძა მათ ამ ჯგუფმა სურვილი, თავიანთ აივნებზე მაქსიმალურად სხვადასხვა პროდუქტი მოიყვანონ, სოფელში მიწა დაამუშაონ და ასე შემდეგ. ძალიან მიხარია, რაც უფრო მეტნი ვიქნებით, შედეგიც მეტი იქნება, ბევრი ადამინი მიიღებს უდიდეს სიამოვნებას საკუთარი შრომით მოწეული ნაყოფის გამო.
– როგორ ფიქრობთ, რამდენად სასარგებლოა თქვენი ჯგუფი მათთვის, ვისაც სოფლის მეურნეობაში უნდა ცადოს ბედი?
– ვიწვევ ისეთ ადამიანებს, ვინც უკვე წარმატებული მეურნეა და მსურველებისთვის რჩევებს დაუზარლად გასცემენ. ვფიქრობ, შედეგს მოიტანს და მიწის სიყვარულს გაუღვივებს ეს ჯგუფი ბევრ ადამიანს.
– თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით განვითარება და რა არის ამისთვის საჭირო ?
– 42 ქვეყანაში ვიმოგზაურე. შეიძლება არ იყოს სწორი, საქართველოს შედარება შვეიცარიასა და ნორვეგიასთან ან სურვილი, რომ უახლოეს წლებში ჩვენთანაც მათ მსგავსად აღორძინდეს სოფლის მეურნეობა, თუმცა ამის დიდი პოტენციალი გვაქვს. ჩემი აზრით, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ ადამიანებს მიწის დამუშავებასა და შემდეგ პროდუქციის რეალიზებაში სახელმწიფო დაეხმაროს, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებშია. რეგიონში უნდა იყოს სხვადასხვა პროდუქტის საწარმოები, მეურნემ კი იცოდეს, რომ რასაც მოიყვანს, იმის რეალიზებას შეძლებს. სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს მეურნის საქმიანობა, რათა არ მოხდეს გადაცდომა – ზედმეტი შხამქიმიკატის მოხმარება სასოფლო სამეურნეო პროდუქტების მოყვანისას. ასევე, სახელმწიფომ უპროცენტო კრედიტი უნდა გასცეს სტარტაპისთვის. ყველაზე მეტად დახმარება დამწყებს ჭირდება. ამით არაერთ ადამიანს გაუჩნდება სოფლის მეურნეობაში ჩაბმის სტიმული. გარშემო ბევრი ადამიანია, ვისაც ჰექტრობით მიწები აქვს დაუმუშავებული. სახელმწიფოს მხრიდან დახმარება ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტიც კია.
– თავად თუ ხართ ჩართული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ?
– ახალი კორონავირუსის ეპიდემიამ დამანახა ბევრი რამ, მათ შორის ის, რომ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა ყოველთვის პრიორიტეტულია. დავაფასე მიწა და სადაც ვცხოვრობ, თბილისში, ჩემს ეზოში 600 კვადრატული მეტრი მიწის მაქსიმალურად ათვისება დავიწყე. დავბარე და გავაკეთე ბოსტანი. რაც უფრო დრო გადის, მეტი იდეებიც მოდის. თავიდან მწვანილის დათესვით დავიწყე, შემდეგ „გარდენიაში“ ვიყიდე პომიდვრისა და კიტრის ჩითილები, დავამუშავე მიწა, სადაც უნდა გადავრგო. უძვირფასესი ადამიანის, ზურა შევარდნაძის რჩევების შესაბამისად დავთესე ბულგარული, ბროკოლი, ყაბაყი, ჭარხალი, სტაფილო, ხახვი. ვცდილობ გოჯი მიწაც არ დარჩეს დაუმუშავებელი.
აივანიც ავითვისე – ვიყიდე ქოთნები, სადაც ჩერის პატარა პომიდვრის მოყვანას შევძლებ. თითქმის ყველა სახეობის ხეხილის, რაც მაქვს ეზოში, მოვლა დავიწყე. ასევე, მოვამზადე ვენახი გაზაფხულისთვის.
– რას ეტყოდით იმათ, ვინც ახლა იწყებს ამ მიმართულებით მუშაობას?
– დამწყებთ ვეტყვი, რომ რისი შესაძლებლობაც აქვთ, მაქსიმალურად გამოიყენონ, აითვისონ, დრომ დაგვანახა, რომ მუდმივ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ. ახალ კორონავირუსს არავინ ელოდა, მაგრამ სამ თვეში მილიონობით ადამიანის ცხოვრება შეცვალა. მსგავსი მოლოდინი მუდმივად უნდა გვქონდეს. მიწათმოქმედებით ნებისმიერ ეპიდემიასა თუ განსაცდელს მომზადებულნი შევხვდებით. მოუმზადებლობა, ერთი გამოთქმის არ იყოს, იმას ჰგავს, წყალუხვ მდინარეს კალაპოტი არ გაუკეთდეს, აქაოდა, ზამთარში მცირე მოედინებაო. ჩვენ გვმართებს ფიქრი ზაფხულზე, როდესაც დიდდება მდინარეები და შეიძლება დიდი ზარალი მიაყენოს, როგორც გარემოს, ისე ადამიანებს.
– რას ეტყოდით თვითიზოლაციასა და სოფელში დარჩენილ ადამიანებს ?
– იმას, რაც ჩემი დევიზია, მუდმივად უნდა იყვნენ მზადყოფნაში.
– სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
– პირველ რიგში, აქტიურად უნდა ჩავება სოფლის მეურნეობაში. მსურს სათბურის და საქონლის ფერმის გაკეთება. ეტაპი, რასაც ახლა გავდივარ, არის პრაქტიკული და თეორიული ცოდნის შეძენის, ყოველი დღე სწავლა და ახლის ძიებაა, რაც, დარწმუნებული ვარ, ჩემს ცხოვრებას წაადგება.