„კოვიდ-19-ის ეპიდემიამ თანადგომა გვასწავლა“
ოთარ ცინარიძე: 599 85 21 14 –
აჭარა-გურიის ქედის ძირას, მდინარე ჭვანისწყლის სათავეში, ორივე სანაპიროზე განფენილია შუახევის რაიონის უშორესი სოფელი ნაღვარევი. აქ ცხოვრებას 35 კომლიღა აგრძელებს. არადა, იყო წლები, როცა ნაღვარევი 150-ზე მეტ კომლს ითვლიდა. აქედან წასულები კახეთის, გურიისა და იმერეთის სოფლებში, თბილისსა და ბათუმში დამკვიდრდნენ, საქართველოს რუკაზე ორი ახალი სოფელი (სამთაწყარო და შავღელე) გააჩინეს. იშვიათია მშობლიური სოფლისადმი ისეთი თანადგომა, როგორსაც ნაღვარევიდან გადასულები იჩენენ. აქაურმა ომარ ტაკიძემ მშობლიურ სოფელში დღესასწაულსაც კი ჩაუყარა საფუძველი. მას ახლა მრავალი მიმდევარი ჰყავს. მათ შორის არიან შპს „ბარაქა-2018“ -ის და შპს „ეკონომიქსის“ ხელმძღვანელები ზვიად და ვახტანგ ბერიძეები. ისინი კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში თანასოფლელებს დაეხმარნენ – ყოველ მათგანს 50-50 ლარის ღირებულების პროდუქტები დაურიგეს.
– კოვიდ-19-ის პანდემიამ თანადგომა გვასწავლა, – გვითხრეს ზვიადმა და ვახტანგმა. სულ მალე სოფლის მოსახლეობა მთაში პირუტყვს გადარეკავს. ჩვენი მიზანია, მემთეურებსაც შევაშველოთ ხელი.
***
ირაკლი ქამადაძე სოფელ ნენიაში დაიბადა. ბავშვობის წლები დაბა შუახევში გაატარა. შუახევის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლესი განათლება მიიღო. ამჟამად თბილისში ცხოვრობს და ბიზნესშია ჩართული. მშობლიურ ნენიასთან კავშირი არასოდეს გაუწყვეტია. აქ ცხოვრობენ მისი მშობლები, ახლობლები.
პანდემიის პერიოდში ირაკლიმ 20-მდე ოჯახს გაუწია დახმარება. თითოეულ კალათაში 120 ლარის სასურსათო პროდუქტები იყო.
– ირაკლი პირველია, ვინც ნენიაში მეზობლებს თანადგომა გაუწია. ზამლეთის თემიდან კიდევ რამდენიმე ბიზნესმენი გვყავს, რომლებიც ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ არიან. იმედია, ისინიც გამოგვიწვდიან დახმარების ხელს, – გვითხრა შუახევის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ზამლეთის ადმინიტრაციულ ერთეულში ივერი კაკალაძემ.
***
ზესოფლელი ენრიკ (გრიგოლ) ბერიძის ქველმოქმედებისა და მამულიშვილური საქმიანობის შესახებ მრავალჯერ ითქვა, მათ შორის გაზეთ „აჭარაშიც“. მან ერთ მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი გაიღო მშობლიურ სოფელში ეკლესიის, სამრეკლოსა და კელიების ასაშენებლად. 10 ათას ამერიკულ დოლარზე მეტი დახარჯა მახუნცეთის ტერიტორიაზე მონუმენტის -„სამშობლოს სადარაჯოზე“ დასადგმელად, რაც მომხდურებთან ბრძოლაში გმირულად დაღუპულ თანასოფლელ ჰაიდარ ბერიძეს მიუძღვნა.
კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში 55 თანასოფლელის ოჯახს ბიზნესმენი სასურსათო პროდუქტებით დაეხმარა. თითოეულ კალათაში 100 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქტები ეწყო.
***
2020 წლის რამაზანთან დაკავშირებით, აშშ-ში მცხოვრებმა თურქულ-ამერიკული საბჭოს პრეზიდენტმა, აიდინ მამედოვმა, რომელიც ამ ქვეყანაში საქველმოქმედო ფონდსაც ხელმძღვანელობს, გადაწყვიტა საყოფაცხოვრებო პროდუქციით საქართველოში მცხოვრებ მესხ ოჯახებს დახმარებოდა. ჩვენს ქვეყანაში აიდინ მამედოვის გადაწყვეტილების განხორციელებაზე დილარა ჯაფარიძემ იზრუნა. მან კონკრეტული ოჯახებისთვის საქველმოქმედო პაკეტის შექმნა და მათი გადაცემა უზრუნველყო. საქართველოს მასშტაბით, ეს პაკეტები 205 ოჯახს გადაეცა ბათუმში, სამტრედიაში, ოზურგეთში, ნარუჯაში, ცეცხლაურში, გორში, ადიგენსა და თბილისში. ბენეფიციარების მადლიერება დიდია, რადგან ასეთ რთულ პერიოდში, როდესაც ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს, ასეთი თანადგომა დასაფასებელია. ორგანიზატორები კი აღნიშნავენ, სიკეთე გადამდებია და ეს ქველმოქმედება იმის მაგალითად გამოდგება, რომ ერთმანეთს, შეძლებისდაგვარად, აუცილებლად უნდა დავეხმაროთ.