„ლექსის მკითხველი კაცის დაძლევა შეუძლებელია“
ლაშა ხომერიკი: 593 50 82 69 –
,,მწიგნობარის“ გზავნილი
“მწიგნობარს” ჩვენი მკითხველის წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. მან უკვე კარგა ხანია მოიხვეჭა სახელი და სიყვარული. ამ საგანმანათლებლო ორგანიზაციით ბათუმელთა, და არა მარტო მათი, დაინტერესება იმ მიზანდასახულმა საქმიანობამ განაპირობა, ახალგაზრდა თაობის ერუდირებულ პიროვნებებად ჩამოყალიბებას, მათ ესთეტიკურად აღზრდას რომ ისახავს მიზნად. საინტერესო, მხატვრული ღონისძიებებით მოხიბლულ ბათუმელებს მადლიერება არაერთხელ გამოუხატავთ. პანდემიის ჟამს როგორ აუწყვეს ფეხი რეალობას, რას საქმიანობენ და როგორ გადაერთნენ მუშაობის ახალ, ონლაინრეჟიმზე? ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად ორგანიზაციის დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, ცნობილ ნოვატორ პედაგოგს, ქალბატონ მანანა წულუკიძეს მივმართეთ.
– დღეს, 7 მაისს პოეზიის დღეა, ლექსისა და სიყვარულის, სილამაზის დღედ რომ აღვიქვამდით, უწინ და ახლაც, ამ განსაცდელის ჟამსაც თავის დიდ დანიშნულებას შეგვახსენებს, ადამიანის სულში დაუნჯებულ ძვირფას საუნჯეს გვაზიარებს და იმ სიხარულით გვავსებს, სიტყვის სილამაზეს, მაგიურობას რომ მოაქვს. ამ დღეს ვულოცავ ყველას და განსაკუთრებით, ჩემს პატარა მწიგნობრებს, ასე ძალუმად რომ უყვართ ქართული პოეზია. ახლა დიდი, მასობრივი ღონისძიებებიდან ინტერნეტსივრცეში გადავინაცვლეთ, ონლაინ პოეზიის საღამოები, ცალკეული ჩართვები მგონი, საკმაოდ ეფექტური იყო. ამ დღეებში ბევრს შეეძლო მოესმინა ჩვენი უნიჭიერესი ბავშვების მიერ წაკითხული ქართველ პოეტთა ლექსები, შეეგრძნო სიტყვის ჯადოსნური ძალა. ესენია: ქეთი მახარაძე, ანა ნაკაშიძე, სერგი ქათამაძე, მალხაზ მიქავა, მარიამ გოგიტიძე, დიანა ბოლქვაძე. . . და კიდევ მრავალი, დღითი დღე იზრდება მათი რიცხვი და ეს ოდენ სასიხარულოა, რადგან პოეზიის სიყვარული ადამიანის სულის სილამაზესა და უძლეველობას კვებავს. დავიმოწმოთ ნობელიანტი პოეტის, ბროდსკის აზრი – ლექსის მკითხველი კაცის დაძლევა შეუძლებელიაო. მართლაც ასეა, ახლა, ამ დღეებში ეს უფრო საგრძნობი გახდა. ჩვენი მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ონლაინად დაანონსებულ პოეზიის საღამოში, ბევრმა მათგანმა შესანიშნავად წარმოაჩინა თავისი შესაძლებლობა, ამას კი წინ მხატვრული კითხვის მასწავლებლის გიტა ლემსაძის დაუღალავი და გამიზნული, თავდადებული მუშაობა უძღოდა. საკმაოდ შრომატევადი და სპეციფიკურია დისტანციურად მიიტანო მოსწავლემდე მხატვრული კითხვის ხერხები. . . თუმცა, რახან მოვინდომეთ, ეს შესაძლებელი გახდა.
პანდემიამ, შემიძლია გითხრათ, გარკვეულად გაგვაძლიერა კიდეც. რა თქმა უნდა, მუშაობის ახალ სტილზე გადავეწყვეთ, ურთიერთობა დისტანციურია, ონლაინრეჟიმში ვმართავთ ტრენინგებსა და სხვა სახის ღონისძიებებს. მოსწავლეთა ჩართულობა დამაკმაყოფილებელია. თანდათან ვაფართოებთ სპექტრს, ონლაინოლიმპიადების ჩასატარებლად შევქმენით გვერდი – ჩვენი ორგანიზაციის პედაგოგებისათვის მუშაობის ახალი სტილი ახალი გამოცდილებაა, შემდგომი წარმატებების მუშაობის გარანტი. ჩვენ დროულად შევიმუშავეთ ონლაინგეგმა – ვინ როდის და როგორ უნდა გავიდეს დისტანციურ სწავლებაზე. შეიძლება ითქვას, რომ დისტანციური სწავლება საინტერესოსთან ერთად სახალისოც აღმოჩნდა. მთელი ეს დღეები სრული დატვირთვით ვმუშაობდით, ონლაინჩართვებით და პლატფორმით ვახორციელებთ მსმენელებთან უშუალო კონტაქტს. მოსწავლეთა გადაწყობას ახალ რეალობაზე, რა თქმა უნდა, ახლავს სიძნელეები. თავიდან მოსწავლეებს უჭირდათ დისტანციურად მუშაობა, შემდეგ თანდათან შეეჩვივნენ, კომპლექსებიც დაძლიეს, რწმენა განუმტკიცდათ და უფრო თამამად, გაბედულად დაიწყეს მეტყველება, აზრის გახმოვანება, ისწავლეს თავის დაჭერა, დახვეწეს მანერები. მოკლედ, ჩვენმა შრომამ შედეგი გამოიღო. ვუცქერ ახლა ჩემს პატარა მეგობრებს ციფრულ სივრცეში და უნებლიეთ ვფიქრობ, იქნებ პანდემიის შემდეგაც გამოგვეყო კვირაში ერთი დღე ასეთი ონლაინღონისძიებებისათვის, თუნდაც კონკურსებისათვის. ბავშვებიც სიამოვნებით ჩაერთვებიან ასეთ სწავლებაში.
ყოველი დღე ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს. დროს ფეხი უნდა აუწყო, ახალი რეალობა თვისობრივად განახლებასა და დაოსტატებას მოითხოვს უპირველესად, პედაგოგისაგან. ამიტომაც მასწავლებელთა პროფესიული დონის ასამაღლებლად მსურველებს ვთავაზობთ დაჩქარებული წესით გადამზადებას, ასევე, ონლაინტრენინგებს, გრძელვადიან პროგრამებს პროფესიულ უნარებსა და საგნობრივ მიმართულებებში. „მწიგნობარის“ ტრენერები, ქალბატონები მეგი ბობოყვაძე და თამთა თალაკვაძე აგრძელებენ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ახალი ნაკადის მიღებას. აგრეთვე, ქალბატონი ნაზი აბაშიძე ატარებს სოციალური უნარების ტრენინგებს. ახლა გაზაფხულია, მართალია, წლეულს მაისი ძველებური ეშხით არ ბრწყინავს, კორონამ სევდით დაბურა არა მარტო ადამიანები, არამედ არემარეც, მაგრამ მაისი მაინც მაისი არის და ბათუმში – უფრო ლამაზი, თუნდაც იმიტომ, რომ აქაურ მაისებს უმღეროდნენ გამოჩენილი მგოსნები, ხოლო ერთი დიდი მგალობელი – ზურაბ გორგილაძე, აწ უკვდავებაში გადასული პოეტი, ბათუმის სიყვარულის სიმბოლო სწორედ მაისში მოევლინა ამიერ სამყაროს და თავისი პოეზიით ხელთუქმნელი ძეგლი აიგო ჩვენს გულებში. . . ამას ირწმუნებდა ყველა, ვინც კი ამ დღეებში ჩვენი პატარა მწიგნობრების მიერ წაკითხული მისი ლექსები მოისმინა. მართლაც, გჯეროდეთ, სიტყვა საკურნებელია, კეთილი და ნათელი აზრებით დამუხტული, გვპასუხა ქალბატონმა მანანამ.