„პანდემია, პირველ რიგში, სოციალურად დაუცველ ადამიანებს უქმნის პრობლემებს“
მანანა ძიძიშვილი: 598 24 94 97 –
„სოციალურ სამსახურში დავინახე, რა დიდი საქმე კეთდება ამ სფეროში, რაც პრაქტიკულად, არ ჟღერდება. საკმაო თანხები იხარჯება, რომელიც არ ჩანს, ანუ არ ხდება მისი პიარი. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ქვეყანაში ამდენი პრობლემა იყო და კიდევ ვიმეორებ, სახელმწიფო ასეთ სოლიდურ თანხებს ხარჯავდა მის მოსაგვარებლად“
სოციალური მომსახურების ქობულეთის რაიონულ განყოფილებას უკვე ორი წელია თემურ ჭანტურიშვილი ხელმძღვანელობს.
დაამთავრა ფილოლოგიის ფაკულტეტი უცხო ენების სპეციალობით (არის ინგლისური და რუსული ენების სპეციალისტი). ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში ისწავლა, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, რომელმაც აპრობაცია გაიარა უცხოეთში – რომისა და ბონის უნივერსიტეტებში. საკითხი ეხებოდა საქართველოში განათლების სისტემის სრულყოფასა და ახალ მიმართულებებს. მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის, სარფის სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად, სამედიცინო სასწავლებელში ეთიკასა და ესთეტიკას ასწავლიდა, ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში უცხო ენათა კათედრაზე მუშაობდა, ამავე ინსტიტუტში კომკავშირულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, იყო ბათუმის საქალაქო კომიტეტის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგე, საერთო განყოფილების უფროსი და პირველი მდივნის თანაშემწე, 1991 წლიდან, 17 წლის განმავლობაში, ბათუმის უმაღლესი პადაგოგიური კოლეჯის დორექტორი იყო, სამი წელი – ბათუმის უცხო ენათა ინსტიტუტის რექტორი. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირების შემდეგ ოპოზიციაში გადავიდა (ციხეშიც აღმოჩნდა), მოგვიანებით დაიწყო მუშაობა სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალში, რომლის შემდეგაც შესთავაზეს ამჟამინდელი სამსახურის ხელმძღვანელობა.
– ბატონო თემურ, ძირითადად რა ევალება თქვენს სამსახურს?
– სოციალურ სამსახურში დავინახე, რა დიდი საქმე კეთდება ამ სფეროში, რაც პრაქტიკულად, არ ჟღერდება. საკმაო თანხები იხარჯება, რომელიც არ ჩანს, ანუ არ ხდება მისი პიარი. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ქვეყანაში ამდენი პრობლემა იყო და კიდევ ვიმეორებ, სახელმწიფო ასეთ სოლიდურ თანხებს ხარჯავდა მის მოსაგვარებლად. ქობულეთში ორი წელია ვმუშაობ, ამ სფეროში – მეხუთე. ამიტომ ამას არა მხოლოდ აჭარის, არამედ მთელი ქვეყნის მაგალითზე ვამბობ. ბიუჯეტში შესაძლოა არ არის იმდენი თანხა გამოყოფილი, რაც სოციალურ მომსახურებას სჭირდება, მაგრამ სხვა მიმართულებებსაც ხომ ვერ დატოვებ უყურადღებოდ? ავიღოთ სოციალური სფეროს ერთ-ერთი მიმართულება, ყველაზე მარტივი – პენსია, რომელსაც ქალბატონი 60 წლიდან, მამაკაცი 65 წლიდან იღებს. ამაზე 22 მილიონი ლარი მარტო ქობულეთში იხარჯება, გარდა ამისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირიც პენსიონერია, მარჩენალდაკარგული ბავშვებიც, რომელთა რაოდენობა დიდია, არიან ომის ვეტერანებიც და. . . ყველაფერს სახსრები სჭირდება. არის კიდევ არაერთი პროგრამა, მათ შორის, ჯანმრთელობის ხაზით, ასევე ნარკომანიასთან, შიდსთან, ტუბერკულოზთან, ც ჰეპატიტთან დაკავშირებული პროგრამები. . .
– უფრო ხშირად რომელი პრობლემა იკვეთება?
– სახელმწიფო ერთბაშად ვერ აშენდება. . . არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ ამ ხელისუფლებას ვიცავ, უბრალოდ, ვადარებ. მას სერიოზული პრობლემები დახვდა, რომლის გადაწყვეტა ერთი ხელის მოსმით შეუძლებელია. ქართველები ცოტათი სულსწრაფები ვართ, ყველაფერი, თანაც დღესვე გვინდა, რაც შეუძლებელია. არაერთ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და უნდა ვთქვა, უცბად და სწრაფად არსად არაფერი კეთდება. დისერტაციაზე მუშაობის პერიოდში გერმანიაში, იტალიაში, უკრაინაში, პოლონეთში, უნგრეთში ოჯახებში ვცხოვრობდი. მაინტერესებდა და მათთან სოციალურ თემაზე ხშირად ვსაუბრობდი. ვიცი, რა პრობლემები ჰქონდათ და როგორ აგვარებდნენ. კი, ბევრ შემთხვევაში არაერთი საკითხი უკეთ წყდება, ვიდრე ჩვენთან, მაგრამ ბევრი რამ ჩვენთანაც უკეთ კეთდება, ვიდრე მათთან. საერთო ჯამში, მიზანმიმართულად მივდივართ ევროპისკენ. მაგრამ ევროპულისკენ სწრაფვა იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ფრანგულად ვიცხოვროთ. ევროპული – ეს არის კონკრეტული მცნება და ამაში არა ტერიტორია, არამედ ცხოვრების წესი იგულისხმება.
– თუნდაც ის, რომ ქუჩაში, სადარბაზოში ნაგავი არ დავყაროთ. . .
– გეთანხმებით, და არ გადავაბიჯოთ იმ ნაგავს, ავიღოთ და ურნაში ჩავყაროთ. . . ვუყურებ ამ ხელისუფლებას, როგორ ცდილობს ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ მის გადასაწყვეტად სახსრები ნამდვილად არ ყოფნის. ქობულეთის მაგალითზე ვხედავ ამას ყველაფერს. პრობლემები ნამდვილად არის, მაგრამ ერთბაშად ვერ გადაწყდება. რაზე მომმართავენ ყველაზე ხშირად? აი, მოდის ადამიანი და გეუბნება, სახლში მყავს ორი ხანდაზმული, ისინი პენსიას იღებენ, მე მინდა დავსაქმდე, მაგრამ სამსახურს ვერ ვპოულობ და გთხოვთ, დამინიშნოთ სოციალური დახმარებაო. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ დღევანდელი ხელისუფლების პრიორიტეტი, ნამდვილად არის ბავშვი. ამ მხრივ არცერთი ოჯახი, რომელიც ჩვენს სამსახურს მომართავს (მცირეწლოვან ბავშვებზეა საუბარი), არ რჩება უყურადღებოდ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანი არის შრომისუნარიანი, მაგრამ ვერ მუშაობს (ჩვენ მათთვის ვპოულობთ სამსახურს, მაგრამ ხშირად მუშაობას თავს ვერ აბამენ), სოციალურად დაუცველ ოჯახებს მაინც ვეხმარებით. . ..მაგალითად, ვუგვარებთ კვების საქმეს (საუბარია ჩვილ ბავშვებზე), ასევე ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხს, სარეაბილიტაციო, ფსიქოლოგიურ ცენტრებში ხდება მათი დაფინანსება. ხშირად პენსიონერები მოდიან და გვეუბნებიან, რომ მედიკამენტოზური მკურნალობის დროს ყველა წამალს ვერ იძენენ. . . ყველას ვერც შეიძენენ, ამდენს სახელმწიფო ვერ გასწვდება. იცით, რომ 200 დასახელების წამლებს უფასოდ იღებენ. შესაძლოა, ეს პროგრამაც სათანადოდ დახვეწილი არ არის, მაგრამ. . .პენსიონერი წნევის, ასთმის, დიაბეტის წამლებს ხომ მაინც იღებს უფასოდ. . . თუ ათი დასახელების მედიკამენტიდან ორს ვერ ყიდულობს (არ ხვდება იმ პროგრამაში), ცუდი პროგრამააო, არ უნდა თქვა. . . ვფიქრობ, თანდათან ესეც მოგვარდება. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ომის ვეტერანთა პენსიებს. შესაძლოა, ესეც სიმბოლურია, მაგრამ საქართველომ არაერთი ომი გადაიტანა. აი, ბოლო, 2008 წლის ომის ვეტერანთა პენსიები ამ ხელისუფლების დროს გაფორმდა. ორ დღეში ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავი აღინიშნება. ჩვენს გვერდით ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში იბრძოდნენ. ქობულეთში გვყავს 100 წლის ომის ვეტერანი ოსმან ცეცხლაძე, სწორედ მისი სახით მინდა მივულოცო ყველა ომგადახდილს 9 მაისის დღესასწაული.
– რამდენიმე თვეა ქვეყანა და მთელი მსოფლიო ახალ კორონავირუსთან ერთად ცხოვრობს. საქართველოშიც საჭირო გახდა გამორჩეულად ჩაეკეტათ რამდენიმე რეგიონი და მათ შორის, ქობულეთის რამდენიმე სოფელი. ალბათ, თქვენი მუშაობის სტილიც შეიცვალა?
– რა თქმა უნდა, შეიცვალა სტილიც, განრიგიც. . . პანდემია პრობლემებს ქმნის. ვერ გავდივართ სოფლებში, განსაკუთრებით, ჩაკეტილ სოფლებში და იმ ადამიანებს ჯეროვნად ვერ ვაქცევთ ყურადღებას, ვინც განცხადებით მოგვმართა მარტის შუა რიცხვებში და აპრილის დასაწყისში. განცხადების შესასწავლად ერთთვიანი ვადა გვაქვს, არადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებულია. თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩვენი სამსახურის თანამშრომლები, საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად, ცდილობენ მივიდნენ იმ ოჯახებში, რომლებმაც განცხადებით მოგვმართეს და შეძლებისდაგვარად მაინც მოუგვარონ პრობლემები. მაგალითად, დღეს ვიყავით სოფელ ცეცხლაურში, სადაც სამ-ოთხ ადგილას გადაკეტილია გზა და საკმაოდ მკაცრია შემოწმება, მაგრამ საშვის მეშვეობით, თანამშრომელთან ერთად მივედი სამშვილიან ოჯახში, შევავსეთ დეკლარაცია. მართლაც აქვთ პრობლემა, უჭირთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავეხმაროთ. პანდემია, პირველ რიგში, სოციალურად დაუცველ ადამიანებს უქმნის პრობლემებს. აქვე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვემადლიერებით იმ ადამიანებს, რომლებიც უანგაროდ ეხმარებიან გაჭირვებულებს. რა თქმა უნდა, ქობულეთის მერია ძალიან დიდ საქმეს აკეთებს, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მარტოხელა მოხუცებს ეხმარება პროდუქტებით, პრაქტიკულად არავინ რჩება ამ პროგრამის გარეშე. განსაკუთრებით ხშირად, მერიის თანამშრომლები 70 წელს გადაცილებულებთან მიდიან, რომლებიც სახლიდან ვერ გამოდიან, მათთან რეგულარულად მიაქვთ პროდუქტები. სასიხარულოა, რომ მერიას გვერდით უდგას მოხალისე ახალგაზრდობა. მერმა მირიან ქათამაძემაც რამდენიმე ოჯახს თავად მიუტანა დახმარება. ყველა სოფელს ქობულეთის მერიიდან თავისი წარმომადგენელი ჰყავს. ისინი პირადად მუშაობენ ამა თუ იმ სოფლის მცხოვრებლებთან და მერიას შესაბამის ინფორმაციას აწვდიან, გარდა ამისა, ყველაფრის საქმის კურსში არიან მედიცინის მუშაკები, რომლებიც ძალიან სერიოზულად მუშაობენ. ჩვენს სამსახურს მათთანაც აქვს კონტაქტი.
– ანუ, თქვენს სამსახურს მუშაობა არ შეუჩერებია?
– ჩვენთან მუშაობის შეჩერება არ შეიძლება, რადგანაც დაკავშირებულია საარსებო შემწეობებთან, შესაბამის თანხებთან, პენსიები კი მუდმივად ცვალებადია. ნებისმიერი სოფლის მცხოვრებს საპენსიო ასაკი რომ შეუსრულდება, ამას დაფიქსირება სჭირდება. სამსახურში მორიგეობა გვაქვს დაწესებული. ყოველ მეორე დღეს მუშაობს საპენსიო თუ სოციალური დაცვის განყოფილება, კანცელარია კი ყოველდღიურ რეჟიმში. ამ უტრანსპორტობის დროს სოფლიდან ჩამოსულ ადამიანს რომ აქ არავინ დახვდეს, საცოდაობა იქნება.
– თქვენი სამსახური დაახლოებით რამდენ ადამიანს იღებს დღეში?
– დატვირთულად ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ არის სატრაბახო, უფრო სამწუხაროა, რომ ამდენ ადამიანს უჭირს. დღეში 60-70 ადამიანს ვიღებთ, ძირითადად, დილის ათი საათიდან სამ საათამდე. ეს არის სოციალურად დაუცველი ფენა, რომელიც სხვადასხვა თხოვნით მოგვმართავს და მათი უყურადღებოდ დატოვება არაფრით შეიძლება. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ამ სფეროში ბევრი კარგი საქმე ნამდვილად კეთდება.

