სულიკო თებიძე: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. ანტიკრიზისული გეგმა ზედაპირული და არაკომპეტენტურია
ნინო ცხვარაძე: 591 98 24 30 –
პირველ მაისს, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მირდატ ქამადაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა, რაზეც 6 მაისს წერილობითი უარი მიიღო. ამის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს, საკრებულოს წევრებს კი დამოუკიდებლად შეუძლიათ სხდომაზე დასწრების გადაწყვეტილება მიიღონ. საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩასატარებლად დეპუტატებს ხვალ, 8 მაისს შეუძლიათ სხდომათა დარბაზში შეკრება.
რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატივით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მას შემდეგ გამოვიდა, რაც საკრებულოს 30 აპრილის რიგგარეშე სხდომაზე მათ მიერ მომზადებული ანტიკრიზისული გეგმის განხილვა დღის წესრიგში არ შეიტანეს. თუ ხვალ სხდომას საკრებულოს 13 წევრი (სრული შემადგენლობის უმრავლესობა) დაესწრება, საკრებულო განიხილავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმოდგენილ ინიციატივას. თუ სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე არ დაესწრება, სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის შესაბამისი მოადგილე უხელმძღვანელებს, მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში კი სხდომას დამსწრე დეპუტატებისგან უხუცესი წევრი წაიყვანს. საკრებულოს 8 მაისის რიგგარეშე სხდომას სულიკო თებიძე რომ არ დაესწრება, უკვე ცნობილია, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკრებულოს უმრავლესობა, ხვალ გავიგებთ.
-ბათუმის საკრებულოს და ქალაქის მმართველობას არ აინტერესებს ხალხის პრობლემების განხილვა. მათთვის რიგითი ბათუმელების პრობლემები მეორეხარისხოვანია, სამაგიეროდ, ამ კომპეტენციისა და პასუხისმგებლობისგან დაცლილ ხელისუფლებას, ყოფნის ნამუსი, რომ ასეთ კრიზისულ ვითარებაში ქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოს თანხა რბილი ავეჯის შესაძენად, – განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მირდატ ქამადაძემ. მისივე თქმით, ხვალინდელი დღე არის უმრავლესობის პასუხისმგებლობის გამოცდა.
– ხვალ ვნახავთ, რომელი შეძლებთ გადააბიჯოთ პარტიულ ინტერესებს. დადგებით პარტიულ ინტერესზე მაღლა – ბათუმელების სამსახურში და მობრძანდებით სხდომაზე, რათა ვიმსჯელოთ ანტიკრიზისულ გეგმაზე, – აცახდებს მირდატ ქამადაძე.
რატომ უთხრა უარი რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სულიკო თებიძემ? „აჭარა“ საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციას გთავაზობთ.
-ბატონო სულიკო, ხვალ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა უნდა გაიმართოს, რომელსაც თქვენ არ დაესწრებით.
-რიგგარეშე სხდომა მე არ მომიწვევია. ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 30 აპრილის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დააყენა საკითხი, რომელიც დილით შემოიტანეს და დღის წესრიგში არ შევიტანე. ამის მიზეზი იყო ის, რომ არავის ჰქონდა ნანახი საკითხი.თუ საკითხი კომისიებზე არ არის განხილული, კანონმდებლობით, არ შეიძლება, პირდაპირ სხდომაზე, დღის წესრიგში ჩაისვას. ამის შემდეგ მომთხოვეს რიგგარეშე სხდომის ჩატარება ე.წ. ანტიკრიზისული გეგმის განსახილველად. სხდომაზე ამ გეგმის განხილვა არაკანონიერია.
-რა გარემოებებითაა არაკანონიერი?
-წარმოდგენილი არ არის გეგმა, მხოლოდ თეზისების სახით აქვთ ჩამოწერილი საკითხები და მთავარი რაც არის, ე.წ. გეგმა ბიუჯეტში ცვლილებებთანაა დაკავშირებული.
– ოპონენტების წარმოდგენილ გეგმას გაეცანით?
-ცხადია, წავიკითხე, თუმცა საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განხილვა-დამტკიცება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მერის წარდგინებით. საკრებულო არაა უფლებამოსილი, აღმასრულებელი ორგანო დაავალდებულოს, ბიუჯეტში რაიმე სახის ცვლილება შეიტანოს. ნებისმიერი თემა, რაც ბიუჯეტის ცვლილებას ეხება, ხორციელდება მერის წარდგინებით ან მერთან შეთანხმებით. ეს არის მათი მხრიდან მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა. სხდომის ჩატარება საფუძველს მოკლებულია, რადგან მათ ე.წ. ანტიკრიზისულ გეგმას რაიმე კონკრეტული შედეგის მოტანა არ შეუძლია. ამბობენ, რომ გეგმა მოვიწონოთ და მერიას გავუგზავნოთ მაშინ, როცა კოდექსი საშუალებას იძლევა, თავად ფრაქციამ მიმართოს მერიას. ამასთან, კანონით, მათ უფლება აქვთ, სხდომა ჩაატარონ, თუ კვორუმი იქნება.
– გაქვთ თუ არა კონსულტაციები ქალაქის მერთან და იგეგმება თუ არა ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა?
– საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირველივე დღიდან საკრებულოს უმრავლესობას მუდმივი კონტაქტი გვაქვს მერიასთან. დიახ, ქალაქის მერია მუშაობს ბიუჯეტზე და უახლოეს მომავალში წარუდგენს საკრებულოს.
-მირდატ ქამადაძე მერიის მხრიდან დაგეგმილ რბილი ავეჯის შეძენაზეც საუბრობს.
-ავეჯის შეძენა მერიის ახალი სამსახურისთვის იგეგმება და სწორი გადაწყვეტილებაცაა, რადგან მხოლოდ ოთხი კედელი სამუშაო პროცესისთვის საკმარისი არ არის. თუ თქვენს მკითხველს დააინტერესებს, შემიძლია მოგაწოდოთ გეგმა, რომელსაც სირცხვილიც კი არის გეგმა უწოდო. მერიის შესაბამის სამსახურებთან მუხლობრივად გავიარე ყველა ის საკითხი, რასაც ითხოვენ. გვაქვს განმარტებები და მერიის სპეციალისტების დასკვნები. ამდენად, აბსურდია მათი მოთხოვნები.
-მაინც, რას ითხოვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“?
– ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ 30 აპრილს შემოიტანეს ე.წ. ანტიკრიზისული გეგმა და აღმოჩნდა, რომ გეგმაში შესული საკითხებიდან რამდენიმე შეტანილი იყო სხდომის დღის წესრიგში და გადაწყდა დადებითად. ასეთი იყო მაგალითად ქალაქის მოსახლეობის და რიგი საწარმო-დაწესებულებების სანდასუფთავების გადასახადისგან გათავისუფლება, მერიის ქონების მოიჯარეთა პირგასამტეხლოსგან და ქირისგან გათავისუფლება, გარემოვაჭრეების გადასახადებისგან გათავისუფლება და სხვა. ე.წ. ანტიკრიზისულ გეგმაში წერია, რომ ქალაქის მერიამ არ ჩაატაროს კულტურული ღონისძიებები, მათ შორის, ბათუმობა. ბათუმობა 28 აპრილს უნდა ჩატარებულიყო, საკითხი კი 30 აპრილს შემოიტანეს. ითხოვენ აჭარის ტერიტორიაზე მივლინების ხარჯები არ ანაზღაურდეს. სასაცილოა, აჭარის ტერიტორიაზე ჩემი თავმჯდომარეობის პერიოდში ერთხელაც კი არ გაცემულა სამივლინებო თანხა. ითხოვენ იმასაც, რომ ვისაც 2000 ლარზე მეტი ხელფასი აქვს, არ მიეცეთ პრემია. კანონმდებლობა კი ტერმინს – პრემია არ იცნობს. ასეთი შეუსაბამო და ურთიერთგამომრიცხავი რაღაცები წერია გეგმაში. საკრებულოს უმრავლესობის ხელფასის 1/3 3 თვის განმავლობაში კოვიდ 19-თან ბრძოლის ფონდში გადაირიცხება. გარდა ამისა, საკრებულოს ოფიციალური წერილი გადაგზავნილი აქვს მერიაში, ისედაც მწირი ბიუჯეტი გვქონდა და 60 ათასი ლარის ეკონომია გაკეთდება. შევამცირეთ ხარჯები, უცხოეთში ვიზიტები საერთოდ ამოვიღეთ ბიუჯეტიდან, ქვეყნის შიგნით თუ აუცილებელი იქნება მივლინება, ამისთვის მიზერული თანხა დავტოვეთ. წარმომადგენლობითი ხარჯები, რასაც მე განვკარგავდი, ასევე, მიზერული დავტოვეთ. საკრებულოს თავმჯდომარის მისაღები გასარემონტებელია, ამისთვის თანხა გათვალისწინებული გვქონდა, თუმცა ამოვიღეთ და მინიმუმზე დავიყვანეთ საკრებულოს ბიუჯეტი.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. ანტიკრიზისული გეგმა ზედაპირული და არაკომპეტენტურია. ამას აკეთებენ იმისთვის, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ. ბრწყინვალე ანტიკრიზისული გეგმა აქვს მთავრობას. დღეს ტურიზმის მიმართულებით იყო საუბარი და იმედი მომეცა, ტურიზმი გადარჩება. ასე რომ, დავიცვათ მთავრობის და ჯანდაცვის რეკომენდაციები და მერწმუნეთ, მალე ყველაფერი კარგად იქნება.