ოპოზიციის ინიცირებული საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა
ნინო ცხვარაძე: 591 98 24 30 –
„ვგრძნობთ ანგარიშვალდებულებასა და პასუხისმგებლობას ჩვენი მოსახლეობის წინაშე და ვთვლით, რომ მათ უნდა ჰქონდეთ პასუხი კითხვაზე: რატომ არ დავესწრებით რიგგარეშე სხდომას?“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიცირებული საკრებულოს 8 მაისის რიგგარეშე სხდომა არ შედგა. სხდომათა დარბაზში მხოლოდ ხსენებული პარტიის სამი დეპუტატი მივიდა, რათა მათივე წარდგენილ ე.წ. ანტიკრიზისულ გეგმაზე ემსჯელათ.
– ვინაიდან ჩვენი მიზანი ამ გეგმაზე მსჯელობაა, იმდენ ხანს დაველოდებით უმრავლესობას, რამდენიც ჭირდებათ, რადგან, ჩემი ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ფრაქციის სხდომას მართავს. თუ მათგან პასუხს ვერ მივიღებთ, 5 წუთს კიდევ დაველოდებით და შემდეგ გავაკეთებთ განცხადებებს, – განაცხადა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და ანტიკრიზისული გეგმის ავტორმა მირდატ ქამადაძემ. დათქმული დრო ისე გავიდა, სხდომათა დარბაზში უმრავლესობა არ შესულა, ამდენად, მირდატ ქამადაძემ განცხადებები მხოლოდ მედიისთვის გააკეთა.
– საკრებულოს შენობაში იმყოფება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რამდენიმე დეპუტატი. ცხადია, ისინი სხდომაზე შემოსვლას არ აპირებენ, ამიტომ რამდენიმე განცხადებას გავაკეთებ. საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი სულიკო თებიძე აცხადებს, რომ რეგლამენტი არ დაურღვევია და არ იყო ვალდებული, ემსჯელა საკითხზე. სამწუხაროა, უმრავლესობის დეპუტატებმა არ იციან რეგლამენტი. აქედან გამომდინარე, მათთვის რეგლამენტის შესაბამისი მუხლები ამოვბეჭდე და აქვე დავუტოვებ, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ და კოლეგებს, მათთვის განკუთვნილ ცარიელ ადგილებზე ამობეჭდილი რეგლამენტი დაუტოვა. ამის შემდეგ მიუბრუნდა მთავარ საკითხს – ე.წ. ანტიკრიზისულ გეგმას და თქვა, რომ დღევანდელმა დღემ ნათლად გამოაჩინა – საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატები ბოლომდე დაცლილი რომ იყვნენ კომპეტენციისგან, დღეს კი საბოლოოდ დაიცალნენ პასუხისმგებლობისგან.
– არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა პასუხისმგებლობა მთელი ამ ხნის განმავლობაში და არც დღეს, მობრძანებულიყვნენ ამ დარბაზში და საჯაროდ ეთქვათ ჩვენი თანაქალაქელებისთვის, რომლებიც ამ მძიმე კრიზისში იმყოფებიან, რას აპირებენ. აპირებენ თუ არა რაიმე სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას, აპირებენ თუ არა საგანგებო ბიუჯეტზე მსჯელობას, აპირებენ თუ არა იმ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის შეღავათის გაწევას იმ კომპეტენციის ფარგლებში, რაც თვითმმართველობას აქვს. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა უმრავლესობას, რაც უნდა თავი აარიდონ საჯარო გამოსვლებს, დაემალონ მოქალაქეებს, ცხადია, არშემოსვლით და სხდომის ჩაგდებით, რაღაც პოლიტიკური ტრიუკი ჩაატარეს. არ ესმით, რომ ზურგი შეაქციეს საკუთარ თანაქალაქელებს. მათ აუცილებლად მოუწევთ საგანგებო ბიუჯეტის გამოტანა და მსჯელობა. ბრძოლა გრძელდება. ორშაბათს ფრაქცია ბათუმის მერს მიმართავს და დავიბარებთ ფრაქციის სხდომაზე. მგონია, რომ ცოტა უფრო მეტი პასუხისმგებლობა აღმოაჩნდება მერს, ვიდრე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რომლებსაც იმის შნო არ აღმოაჩნდათ, შემოსულიყვნენ სხდომათა დარბაზში და საჯაროდ ესაუბრათ საკუთარ თანამოქალაქეებთან. შესაძლებელია, ეს ანტიკრიზისული გეგმა არ მოწონებოდათ, შესაძლებელია, მხარი არ დაეჭირათ და დისკუსიით უფრო კარგი და მისაღები ანტიკრიზისული გეგმა შეგვემუშავებინა, მაგრამ ამას სჭირდება დრო, შნო, ელემენტარული პასუხისმგებლობა და ამ ქალაქის სიყვარული, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წერილობით უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ნატალია ზოიძემ. მან წერილობითი პასუხი წაიკითხა, რასაც ჟურნელისტების უკმაყოფილება მოჰყვა. მედიის წარმომადგენლები ნატალია ზოიძისგან ითხოვდნენ მოკლე განმარტებებს, რატომ არ დაესწრო უმრავლესობა სხდომას და იგეგმება თუ არა ქალაქის ბიუჯეტში ცვლილებები. ნატალია ზოიძემ, ჟურნალისტების პროტესტის მიუხედავად, ბოლომდე ჩაიკითხა ტექსტი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
,,მოსახლეობისთვის ცნობილია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი იქნა ანტიკრიზისული გეგმა, რომლის ერთ-ერთი მონაწილე მუნიციპალიტეტიცაა, რაც გამოიხატება ადგილობრივ დონეზე რეკომენდაციების შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებით. სწორედ ამიტომ, შეჩერებული იყო ბიუჯეტით გათვალისწინებული რიგი ღონისძიებებისა, ხოლო მათ შესრულებაზე გამოყოფილი თანხები აკუმულირებული იქნა ბიუჯეტში. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ცენტრალურ და რეგიონულ ხელისუფლებასთან დამატებითი თანხების მოზიდვის მიზნით, რათა უახლოეს პერიოდში მერის მიერ წარმოდგენილი იქნას საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი. როგორც ხედავთ, აღნიშნულ საფინანსო დოკუმენტზე სპეციალისტების ჩართულობით, სერიოზული ფინანსური და ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა.
არსებულ ვითარებაში, ოპოზიციურმა ფრაქციამაც მიიღო გადაწყვეტილება, შემოეტანა საკრებულოს სხდომაზე ე.წ. „ანტიკრიზისული გეგმა“. ვფიქრობთ, რომ მისასალმებელი ჟესტია, რომ არა ერთი რამ! ყველა ეს ჩართულობა მათი მხრიდან თავიდანვე პროცედურის დარღვევით მოხდა და ვერ მივიღებდით გადაწყვეტილებას.
მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ თავიდან დაარეგისტრირა განცხადება პროცედურების სრული დაცვით და მოითხოვა რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნა, ჩვენ გავეცანით მათ მიერ წარმოდგენილ ე.წ. გეგმას. წარმოდგენილ ორგვერდიან, სპონტანურად შექმნილ გეგმაზე, სადაც დასახელებულია საკითხები, რომლებიც ისედაც არის სამთავრობო თუ მუნიციპალურ პროგრამებში წარმოდგენილი, საუბრით თავს არ შეგაწყენთ (ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს მას საკრებულოს ვებგვერდზე). ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ის არ შეესაბამება ჩვენს მიდგომებს. აქვე იმასაც თუ დავძენთ, რომ მერის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს საკრებულო მაინც ვერ განიხილავს, გასაგები იქნება, რომ, ჩვენდა სამწუხაროდ და მათ გასაწბილებლად, ვერ დავესწრებით ამ რიგგარეშე სხდომას.
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტაცია, ვგრძნობთ ანგარიშვალდებულებასა და პასუხისმგებლობას ჩვენი მოსახლეობის წინაშე და ვთვლით, რომ მათ უნდა ჰქონდეთ პასუხი კითხვაზე: რატომ არ დავესწრებით რიგგარეშე სხდომას?
ჩვენი კოლეგები დესტრუქციული ოპოზიციიდან უხეშად არღვევენ რეგლამენტს და ვერ გავხდებით ამის თანამონაწილენი. წარმოდგენილია გაუმართავი დოკუმენტი როგორც ფორმით, ასევე შინაარსით. ვიქნები კორექტული და ფორმალურ მხარეზე არ ვისაუბრებ, ხოლო შინაარსობრივ მხარეს რაც შეეხება, მერიის სამსახურებთან ერთად შევჯერდით შემდეგზე: წარმოდგენილი ე.წ. „გეგმის“ ყველა საკითხი, ისედაც არის გათვალისწინებული სამთავრობო თუ მუნიციპალური პროგრამებით, რასაც კიდეც წარმოგიდგენთ წერილობით. დასვამთ კითხვას: რატომ შემოგვთავაზებდნენ მერიის მიერ ისედაც დაგეგმილ საკითხებს? პასუხი მარტივია: უნდა თქვან, რომ მათი დაჟინებული თხოვნით იქნა შეტანილი ესა თუ ის საკითხი! მორიგი ტყუილი! მორიგი თვალებში ნაცრის შეყრა! ვერ მივიღებთ მონაწილეობას! რაც შეეხება მუნიციპალიტეტს, რეკომენდაციების თანახმად, უკვე მეორე თვეა შეჩერებულია რიგი ღონისძიებებისა. ბუნებრივია, ამ ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხები აკუმულირებულია და პარალელურად მიდის მოლაპარაკებები ცენტრალურ და რეგიონულ ხელისუფლებასთან თანხების მოზიდვასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ მოხდება შეჯერებული დოკუმენტის შემოტანა მერის მიერ საკრებულოს სხდომაზე განსახილველად. აი, იქ დავესწრებით კანონის სრული დაცვით!
რაც შეეხება ანტიკრიზისულ გეგმას, ის შემუშავებულია და წარმოდგენილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ და ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის შემადგენელი ნაწილი, მივყვებით მას თანმიმდევრობით. საქართველო არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა კოვიდ – 19-თან ბრძოლაში. ეს არის შედეგი, რასაც საქართველომ მიაღწია სისტემური, თანამიმდევრული გეგმით. ამიტომაც არ დავესწრებით!
დაბოლოს, ეს არის პარტია, რომელიც ორიენტირებულია პოპულიზმზე, დემაგოგიაზე, არის წარსული და მკვდრეთით ვერ აღსდგება.”
ნატალია ზოიძემ მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.
– ჩვენ კი, ერთადყოფნით, თანმიმდევრულად მივყვეთ ქვეყნის აღმშენებლობის ევროპულ გზას! – განაცხადა ნატალია ზოიძემ.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე არდასწრების მიზეზი საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძემაც განმარტა.
– საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ორ საკითხს მინდა გავუსვა ხაზი. 30 აპრილის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე რატომ არ დავაყენე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შემოტანილი საკითხი, ამაზე არაერთი განმარტება გავაკეთე. სამწუხაროდ, პროფესიით იურისტი მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ პროცედურები დარღვეულია, მაგრამ მან და საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ, სამწუხაროდ, 49-ე მუხლის შემდეგ წაკითხული არ აქვთ. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მნიშვნელობა არ აქვს საკრებულოს თავმჯდომარე დანიშნავს სხდომას, თუ ფრაქცია მოიწვევს. ორივე შემთხვევაში შესაძლებელია კვორუმი შედგეს ან არ შედგეს. სხდომაზე არ მოვედი იმიტომ, რომ მათი წარმოდგენილი გეგმა შედგება 13 პუნქტისგან. არც ერთ პუნქტში არ არის ისეთი საკითხი და ინიციატივა, რომელიც გათვალისწინებული არ არის სამთავრობო ან მერიის პროგრამებში. ამიტომ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ სამწუხაროდ, ე.წ. ანტიკრიზისული გეგმის ინიციატორი არ იცნობს მერიის პროგრამებს. აქვე მინდა გითხრათ, ქალაქის მერია ერთ თვეზე მეტია ბიუჯეტზე მუშაობს და უახლოეს სხდომაზე გამოვა საკრებულოს სხდომაზე კორექტირებული ვარიანტი, – აცხადებს სულიკო თებიძე. მისივე თქმით, საკრებულომ ოფიციალური წერილით მიმართა მერიას, თუ რა ცვლილებები უნდა შევიდეს საკრებულოს ბიუჯეტში.
– იმ თანხის გარდა, რასაც კოვიდ-19-თან ბრძოლის ფონდში ვრიცხავთ ჩვენი ხელფასებიდან, ბიუჯეტიდან დაიზოგება დაახლოებით 60 ათასი ლარი, – განაცხადა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ.