ქობულეთი ვირუსთან თანაცხოვრებას იწყებს
ირმა ცეცხლაძე: 577 20 45 63 –
„თანდათან მწყობრში დგება ქალაქი და იღვიძებს ბიზნესი“
ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სადაც ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან ასაცილებლად ოთხი სოფელი ჩაკეტილი იყო, ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება და იმ ახალი ტურისტული პროექტების განსახორციელებლად ემზადება, რომლებსაც მთავრობა შესთავაზებს ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით.
რა ხდება ქობულეთში, როგორ ცხოვრობენ და რისი იმედი აქვთ ქობულეთელებს, რას აკეთებს მოსახლეობისთვის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია, ამაზე საუბრობს ჩვენთან ინტერვიუში ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი.
– ბატონო დავით, ახალი კორონავირუსის ფონზე რა შეიცვალა თქვენი საკრებულოს მუშაობის რეჟიმში?
– თავდაპირველად, მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც არ არღვევენ საგანგებო წესებს და იცავენ მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს. რაც შეეხება ჩვენი საკრებულოს მუშაობას, გადავერთეთ იმ მოთხოვნებზე, რომლებიც დადგა თითოეული ჩვენგანის წინაშე. ჯანმოს რეკომენდაციებით, გადავედით დისტანციურ მუშაობაზე და ონლაინრეჟიმში ვმართავთ შეხვედრებს. საკრებულოს აპარატის მუშაკები აწარმოებენ მოლაპარაკებებს და განხილვებს სპეციალური ონლაინქსელით. კომისიის წევრები და თავმჯდომარეები, აუცილებლობიდან გამომდინარე, ცხადდებიან სამსახურში და მუშაობენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. დავაწესეთ მორიგეობა მოქალაქეთა ზარების მიღება-რეაგირებისთვის. მუშაობს სამდივნო და კანცელარიაშიც ყოველთვის არის პასუხისმგებელი პირი, რომელიც შეძლებისდაგვარად, კომპეტენციის ფარგლებში, არეგულირებს სხვადასხვა საკითხს.
– სხდომებს რა ფორმატში ატარებთ?
– სხდომა ქობულეთის კულტურის სახლის 400-კაციან დარბაზში გავმართეთ. ამ ფართში თავისუფლად დავიცავით დისტანცია 37 პირბადეაკრულ დეპუტატს შორის, რომელთაც მანამდე თერმო-სკრინინგი ჩაუტარდათ. საკმაოდ ხმაურიანი და მწვავე შეკრება გამოგვივიდა. მოვისმინეთ მერიის წინა წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში და ამ საკითხზე წარმოიქმნა პოლემიკა, დეპუტატებს კითხვები გაუჩნდათ ტენდერების, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების, ტურიზმის მართვის და ა.შ. შესახებ, რაზეც მიიღეს კიდეც ამომწურავი პასუხები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მერიამ წარმატებით გაართვა თავი მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს და შეასრულა ყველა აუცილებელი, პროგრამებით განსაზღვრული სამუშაო. მოკლედ, განვიხილეთ ძველი ნამუშევარი და დავსახეთ ახალი პროექტები, რომელიც განიხილება უკვე კორექტირებულ ბიუჯეტთან მიმართებაში.
– დაკეტილ სოფლებში რა ვითარება იყო მოსახლეობის სურსათის თუ სხვა აუცილებელი ნივთებით მომარაგების კუთხით?
– დაიკეტა სოფლები- გვარა, მუხაესტატე, ლეღვა და წყავროკა. დამეთანხხმებით, რომ ურთულესი მდგომარეობა შეიქმნა იქ, სადაც შიშის და შეზღუდვების ქვეშ ცხოვრობდა მოსახლეობა. თუმცა, მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტმა, ცხადია, სამთავრობო და ჯანდაცვის სტრუქტურების უშუალო ზედამხედველობით და რეკომენდაციებით, თავი გაართვა პროცესის მართვას. ისიც ხაზგასასმელია, რომ დროულად ჩაიკეტა ეს სოფლები, შეისწავლეს ყველა კონტაქტი, რამაც ხელი შეუშალა ვირუსის უფრო ფართომასშტაბიან გავრცელებას. თავად სოფლების მცხოვრებლებს ყველა მხრივ ვუწყობდით ხელს, რათა შეგვემსუბუქებინა არსებული მდგომარეობა. მუდმივად ვაწოდებდით ხილ-ბოსტნეულს, სურსათს, მედიკამენტებს, საგაზაფხულო სამუშაოებისთვის აუცილებელ ხელსაწყოებს, სასუქებს, მუშაობდა ცხელი ხაზი და ა.შ. თუმცა არანაირი პრეტენზიები მათი მხრიდან არ გაჟღერებულა. ყველამ კარგად იცოდა, რომ ჩაკეტვა აუცილებელი ზომა იყო, პირველ რიგში, მათი ჯანმრთელობისა და სხვების უსაფრთხოებისათვის.
– სხვა რა სახის დახმარება გაუწია ქობულეთის მუნიციპალურმა მთავრობამ ხანდაზმულებს და სოციალურად შეჭირვებულებს?
– აჭარის მთავრობის მიერ გამოყოფილი 1200 სასურსათო კალათა დავარიგეთ სათანადო მოთხოვნილებების მქონე ოჯახებში, გარდა ამისა, იყო ბევრი ბიზნესშემოწირულობები. . . ეს პროცესი არ შეჩერდება და მოწყვლადი ჯგუფების დახმარება საჭიროებისამებრ, კვლავაც გაგრძელდება. ასევე, საჯარო მოხელეებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, სამი თვის განმავლობაში ხელფასის ერთი მესამედი გადაგვერიცხა კოვიდ-19-თან ბრძოლის ფონდში, სადაც სხვებიც აქტიურად რიცხავენ საკმაოდ სოლიდურ თანხას.
– ბიუჯეტის კორექტირება უკვე დაიწყეთ?
– მომავალი კვირიდან დავიწყებთ და შევეცდებით, რაც შეიძლება მეტი თანხა გამოვათავისუფლოთ, როგორც ჯანდაცვის პროგრამების ფინანსური დახმარებისთვის, ისე მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენის მხარდასაჭერად.
– სოფლის მეურნეობის ჭარბი პროდუქციის მისაღებად, ფერმერების დასახმარებლად სხვადასხვა პროგრამა ხორციელდება. თქვენი მუნიციპალიტეტი რას აკეთებს ამ კუთხით?
– მთავრობამ მართლაც საქმიანი და აუცილებელი სტრატეგია შეიმუშავა სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებისთვის, რაც სულ მალე გამოიღებს ჩვენთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის სასურველ შედეგს. დღეს იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ მაქსიმალურად მოვიწიოთ პროდუქცია, რომელიც დაგვეხმარება, აღმოვფხვრათ სურსათის დეფიციტი და ექსპორტი ჩავანაცვლოთ ადგილობრივი საქონლით. ამისთვის ჩვენი მუნიციპალიტეტი არ იშურებს ძალისხმევას. აჭარის მთავრობის უშუალო მითითებით, დღეისთვის მიმდინარეობს უფასო ხვნა-თესვა, ანუ ყველა ფერმერს, რომლის სასოფლო ფართობიც საჭიროებს ტრაქტორით დახვნას, უფასოდ ემსახურება ტექნიკა. პარალელურად, აღვრიცხავთ ყველას, ვისაც აქვს სათანადო ფართობი. უფასოდ ვარიგებთ ბოსტნეულის ჩითილებსაც, მოკლედ ყოველ მხრივ ვუწყობთ ხელს ფერმერებს, რათა მოიწიონ საკმარისი სარჩო საკუთარი ოჯახისთვის და თან ადგილობრივი ბაზარი შეავსონ.
– საკარანტინო ზონებში მოქცეული მოსახლეობა თუ მომარაგდა ამ კუთხით?
-კი, როგორ არა, ქობულეთის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც საკარანტინო ზონები იყო მოწყობილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძესთან და ქობულეთის მერ მირიან ქათამაძესთან ერთად სამინისტროს პროგრამის „მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა“ ფარგლებში, ფერმერებს თანადაფინანსების პრინციპით, მობილური შემასხურებელი აპარატები გადასცა. საკარანტინო ზონის სოფლების მოსახლეობას უფასოდ დაურიგდა 20 000 -მდე კიტრის, პომიდვრის, წიწაკის და ბადრიჯნის ჩითილი. გადაადგილების პრობლემა არ შექმნია არცერთ დისტრიბუციის მანქანას და გადაუდებელი ღონისძიებისთვის გამოყოფილ ავტომობილს. ამასთან, შემოვიღეთ მოძრავი მაღაზია, რომელიც მოსახლეობას მინერალური სასუქებით და პესტიციდებით მოამარაგებს.
– განახლდა თუ არა კორონავირუსის გამო შეჩერებული სამშენებლო სამუშაოები?
– კარგად იცით, რა გრანდიოზული ინფრასტრქტურული მშენებლობებია დაგეგმილი ქობულეთში. ცხადია, ჯერჯერობით შეუძლებელია მათი განხორციელება, რადგან მთავრობისთვის პრიორიტეტი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. თუმცა კერძო სამშენებლო ობიექტებმა უკვე დაიწყო მუშაობა, ამის ნებართვა პრემიერმა გასცა. თანდათან მწყობრში დგება ქალაქი და იღვიძებს ბიზნესი. ამუშავდა ავტომანქანების პროფილაქტიკის ცენტრები, სილამაზის სალონებიც მალე დაიწყებს კლიენტების მიღებას. ბაზარში გაიხსნა დაკეტილი მაღაზიები, როგორც სამშენებლო, ისე სასურსათო. მოკლედ რომ ვთქვათ, თანდათან უნდა ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება.
– თქვენ, როგორც გამოცდილი პედაგოგი, როგორ აფასებთ დისტანციურ სწავლებას და ტელესკოლას, ხომ არ აწყდებით რამე სახის პრობლემას ამ კუთხით?
– ვფიქრობ, ყველაზე მეტად პოზიტიური, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ ამ მოვლენას, იყო სწორედ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა და ტელე-სკოლა. ეს მართლაც წარმატებული, უნიკალური პროექტი შეიმუშავა და განახორციელა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ. ხანდახან თავადაც ვუსმენ, იმდენად საინტერესოდ გადმოსცემენ თემებს მაღალპროფესიონალი პედაგოგები. მათგან ჩვენი მასწავლებლებიც ბევრს სწავლობენ. შესაძლოა, სადმე წარმოიქმნას რამე სახის პრობლემა, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ძალიან დაინტერესებული ვართ, რომ სახლში მყოფ ჩვენს მოსწავლეებს მივაწოდოთ ხარისხიანი განათლება. ამიტომ, თუკი სადმე პრობლემა წამოიჭრება, აუცილებლად მოვაგვარებთ, რადგან ჯერ კიდევ დიდხანს ვერ შევძლებთ ჩვეულ რიტმში ცხოვრების გაგრძელებას, ამის გამო ჩვენს ბავშვებს სწავლას ვერ ჩამოვაცილებთ.
– აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ტურიზმის ხელშეწყობის და სტიმულირების გეგმასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრაც გამართა, სადაც ეკონომიკური სტიმულირებისთვის ტურიზმის სექტორის მნიშვნელობაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ ადგილობრივი ეკონომიკისთვის ტურიზმის ინდუსტრია მნიშვნელოვან როლს ასრულებს.თავისთავად, ქობულეთი ამ ინდუსტრიის წამყვანი ძალაა. რა ხდება თქვენთან ამ მიმართულებით?
– დიახ, ჩვენს მთავრობას განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიაჩნია ტურიზმის სექტორი, ვინაიდან ამ პანდემიის ფონზე ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ მოექცნენ ამ სექტორში ოპერირებადი ბიზნესსუბიექტები. იწყება ახალი ცხოვრება ვირუსის საფრთხის პირობებში და როგორც ტურისტულ ობიექტებს, ისე ტურისტებსაც მოუწევთ ადაპტირება ახალ რეკომენდაციებთან. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, პირველი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს, იყო ის, რომ კომპანიები ამ ძალიან მძიმე კრიზისის ფონზე დაეცვათ გადახდის უუნარობისგან. შემდეგი ამოცანა იყო სამუშაო ადგილების შენარჩუნება.
ცხადია, საქართველოს ცენტრალური მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა იძლევა სამუშაო ადგილების შენარჩუნების და დაკარგული სამუშაო ადგილების კომპენსირების გარანტიებს, თუმცა ჩვენი შემთხვევა კიდევ უფრო განსხვავებული და მძიმეა, ვინაიდან ადგილობრივი ეკონომიკის ნახევარზე მეტი მოდის ტურიზმის სექტორზე. ჩვენს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის უმეტესობა, სწორედ ტურისტებისგან მიღებული სეზონური შემოსავლებით ირჩენს თავს. ამიტომაც აუცილებელია, გამოიძებნოს გამოსავალი. გარწმუნებთ, რომ ჩვენი მოსახლეობა, კერძო სექტორის მფლობელები, აღარაფერს ვამბობ სასტუმროებსა და მსხვილ ბიზნესზე, მაქსიმალურს გააკეთებენ, რათა დააკმაყოფილონ მთავრობის და ჯანდაცვის სისტემის რეკომენდაციები.
– პრემიერის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა ოპოზიციამ გააკრიტიკა. რამდენად მოგწონთ ან არ მოგწონთ მთავრობის გადაწყვეტილებები ბიზნესის თუ სოციალურად დაუცველების დახმარების შესახებ?
– სიმართლე გითხრათ, იმედი მქონდა, რომ საქმიანი და გამართლებული გეგმა იქნებოდა, მაგრამ ის, რისი პრეზენტაციაც მოეწყო, ხოლო შემდგომ, დაკონკრეტდა, უაღრესად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მოკლედ, მოლოდინს გადააჭარბა. იმ მცირე სახსრებით, რაც ამ ეტაპზე გვაქვს, იმდენად კორექტულად, სამართლიანად, დეტალების გათვლებითაა შედგენილი ყველა მუხლი, რომ აღფრთოვანებას იწვევს არა მხოლოდ მომხრეებში, არამედ მოწინააღმდეგეებშიც. ცხადია, არიან და კვლავაც იქნებიან მუდმივად უკმაყოფილო ადამიანები, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურების ელვისებურმა გადაწყვეტილებებმა მსოფლიო საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. ის, რაც ვერ შესძლეს განვითარებულმა, მოწინავე ქვეყნებმა, გააკეთეს ჩვენმა მთავრობამ და მედიკოსებმა. ჩვენ, ქობულეთში, საკუთარ თავზე ვიწვნიეთ, რას ნიშნავს ეს ვირუსი და დაკეტილ ზონებში ცხოვრება. თუმცა ყველაფერი ისე უცებ მოგვარდა, ისეთი ზუსტი ორგანიზება და მითითებები წამოვიდა, რომ დროზე „გადავკეტეთ“ საფრთხე – ვირუსს არათუ რეგიონის, მთელი ქვეყნის მოსახლეობის ინფიცირება შეეძლო. ვფიქრობ, მთავრობის მიერ შემოღებული ექვსთვიანი დახმარებები ხელს შეუწყობს მოსახლეობის ფინანსურ კეთილდღეობას. დაბოლოს, თქვენი გაზეთის საშუალებით, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მოსახლეობას. მთავრობის მიერ სწორად გადადგმულმა ნაბიჯებმა და ხალხის შეგნებულმა ქცევამ აგვარიდა იმ პიკს, რომელსაც მაისში პროგნოზირებდნენ ჩვენი ეპიდემიოლოგები. იმედი მაქვს, ამ საფრთხის აცილების შემდეგ, საქართველო იმაზე ძლიერი ქვეყანა გახდება, ვიდრე მანამდე იყო.