„დააბრუნოს მთავრობამ ის ნახევარი მილიონი, რომელიც „აჭარაბეთმა“ ჩარიცხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში“
ირმა ცეცხლაძე: 577 20 45 63 –
ახალი კორონავირუსის გამო სახლში ჩამჯდარი ადამიანები ონლაინ კაზინოების აგრესიული რეკლამის პირისპირ აღმოჩნდნენ და ცხადია, მკვეთრად იმატა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა რიცხვმა.
აზარტული თამაშების საშიშროების საკითხი განსაკუთრებით მწვავედ გასულ წელს დადგა, როდესაც ორმა ლუდომანმა ახალგაზრდამ თავი მოიკლა. მას შემდეგ ქვეყანაში გახშირდა საპროტესტო აქციები,რომლებზეც მოითხოვდნენ ლუდომანიის ფსიქიკურ დაავადებად აღიარებას, აზარტული თამაშების რეკლამის, ონლაინ კაზინოებზე ხელმისაწვდომობის, მოთამაშეთა ასაკობრივი ზღვარის შეზღუდვას.
აზარტული თამაშები საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა. ამ სექტორის შემოსავლები ბანკების შემოსავალსაც კი აჭარბებს. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში არის შვიდი ონლაინკაზინო, 90 ტოტალიზატორი და დაახლოებით 6,4 ათასი სათამაშო აპარატი.
შემოსავლების მიხედვით, კომპანიების ტოპათეულში უმეტესობა აზარტული თამაშების კომპანიაა.
ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი ლუდომანია საქართველოში, არ არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მათი რაოდენობა 700 ათასია, ანუ ლუდომანი ქვეყნის ყოველი მეხუთე მოქალაქეა.
საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი უკვე დიდი ხანია ცდილობს პარლამენტში კანონპროექტის გატანას, თუმცა ის ჯერ არც კი განუხილავთ. რას ფიქრობს პარლამენტარი, ამაზე იგი „აჭარასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
– სამწუხაროდ, ისევ არ არის ეს პრობლემა მოგვარებული, რადგან სახელმწიფო არ დგამს ქმედით ნაბიჯებს. მას შემდეგ, რაც საკითხი წამოვჭერით, ორივე პრემიერი: კვირიკაშვილიც და ბახტაძეც, საქმის კურსში იყვნენ, თუმცა ვერაფერი გააკეთეს, რადგან უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი ეწინააღმდეგებოდა პროცესს.
– ეს ზედაპირული განცხადებაა, გაქვთ დამადასტურებელი ფაქტები?
– ეს პირადად ჩემი ვარაუდია, რადგან ორი წლის განმავლობაში, რაც ამ კანონპროექტზე ვმუშაობ, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. დამადასტურებელი ფაქტები რომ მქონდეს, მაშინ სულ სხვაგვარი რეაქცია მექნებოდა.
– აგვიხსენით, თქვენი ამგვარი შთაბეჭდილება რამ გამოიწვია?
– ყველა მსგავსი მასშტაბის საკითხი მხოლოდ ბატონ ბიძინასთან შეთანხმების შემდეგ წყდება. რაც შეეხება ამ კანონპროექტს, იბლოკებოდა ჯერ ერთი და შემდეგ მეორე პრემიერის ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ. რაც შეეხება ფაქტებს და ნდობას, ეს თქვენმა მკითხველმა უნდა გადაწყვიტოს, გვენდობა თუ არა ადამიანებს, რომლებიც უკვე კარგა ხანია ამ კანონპროექტის გატანაზე ვმუშაობთ.
– თუ შეიძლება დაგვიკონკრეტეთ, რის წინააღმდეგ იბრძვით?
-კაზინოების ინდუსტრია არის ნახევრად ჩრდილოვანი სფერო, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს და მათ ოჯახებს ვნებს. ბუნებრივია, აზარტული თამაში თავად ადამიანის არჩევანია, მას არავინ აძალებს ფულზე თამაშს, მაგრამ როდესაც სახელმწიფო ხედავს, რომ მისი მოქალაქეები თავს ვერ ართმევენ ამ მავნე ჩვევას, უნდა ჩაერიოს და ამ ხალხისთვის პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც საბოლოო ჯამში, ისევ და ისევ მოქალაქეებს, ქვეყანას წაადგება. ამ სფეროს დარეგულირების ნაცვლად კი მთავრობა თვალს ხუჭავს ჩრდილოვან მხარეზე. ყველამ იცის, ამ ბიზნესის 30% მთლიანად შავია. კომპანიები საკუთარი არხებით არეგისტრირებენ ანგარიშდაყადაღებულ მოქალაქეებს და ბუნებრივია, მათგან მიღებული ფული არ აღირიცხება საგადასახადოში. იმის მიუხედავად, რომ ეს ყველასთვის ნათელია, არანაირ ყურადღებას არ აქცევს შინაგან საქმეთა სამინისტრო. არადა, ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, კარგად იცით, რასაც დამართებდნენ სხვა კომპანიებს. აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ნარკოტიკების გაყიდვაც ონლაინ კაზინოებში ფულის გადარიცხვით ხდება. არ დაგავიწყდეთ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ვერ აფიქსირებენ კაზინოებში ფულის ბრუნვას. არადა, თავისუფლად შეუძლიათ შიგ შესვლა და გაკონტროლება. დღესდღეობით არც კი ვიცით, რა თანხები შედის და რამდენი ფიქსირდება კაზინოების ბუღალტერიაში. ამერიკის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლები, როდესაც აანალიზებდნენ ჩვენი ქვეყნის ბიზნესის ბრუნვას, შეშფოთებას გამოთქვამდნენ, რომ 100%-ით არ კონტროლდება ძალიან მომრავლებული კაზინოების საქმიანობა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ქვეყანაში ყველაზე იოლად ხდება ფულის გათეთრება ონლაინ კაზინოების მეშვეობით.
– თქვენ ფიქრობთ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში ეს ყველაფერი იციან, მაგრამ არ ამახვილებენ ყურადღებას?
– ცხადია, იციან. რა, მხოლოდ მე და თქვენ ვხვდებით და ისინი ვერა? ფაქტია, რომ ხელს არ აძლევთ ამ კუთხით ყურადღების გამახვილება და ქმედითი ღონისძიებების გატარება, თორემ სრულ ინფორმაციას რომ ფლობენ, ამაში ეჭვი არავის გვეპარება. გამოდის, პროცესი მიმდინარეობს კანონს მიღმა და მას აკონტროლებენ მაღალჩინოსნები. რისკები ყველა მათგანისთვის კარგადაა ცნობილი, თუმცა რატომღაც არ სურთ მისი გაჟღერება. სწორედ აქედან გამომდინარე ვასკვნით – ბიძინა ივანიშვილი ბლოკავს, რადგან ყველას უნდა ამ კანონპროექტის გასვლა, დაწყებული დეპუტატებით, დამთავრებული პრემიერით.
– თქვენს მიერ ინიცირებული „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი, რამდენიმე კანონში ცვლილებების შეტანას გულისხმობს?
– დიახ. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ აღნიშნულმა ბიზნესმა ჩვენი სახელმწიფო დააყენა ურთულესი პრობლემის წინაშე, რომელსაც რამდენიმე მიმართულება გააჩნია: აზარტულ და მომგებიან თამაშებში არასრულწლოვანთა ჩართულობა, მძიმე სოციალური ფონის გაუარესება და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული რისკები. მათ შორის უპირველესია ის, რომ ვერ ვიცავთ არასრულწლოვნებს ინტერნეტთამაშებისგან, ანუ მათთვის არ არის შექმნილი რეალური ბარიერის მექანიზმი. ისიც ფაქტია, ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა ამ ბიზნესის მომხამარებელია, რაც თავისთავად, ძალიან დიდი პრობლემის წინაშე გვაყენებს. გასარკვევია ადმინისტრირების საკითხებიც, რადგან მიგვაჩნია, რომ იმაზე ბევრად ნაკლები გადასახადი შედის ხაზინაში, ვიდრე რეალურად უნდა შევიდეს. აქედან გამომდინარე, სათამაშო ბიზნესის შესახებ კანონს კომპლექსურად მივუდექით და შევეცადეთ ამ ვარიანტში გამოგვესწორებინა ხარვეზები.
-კონკრეტულად, რომელი მიმართულებით მიდიხართ?
– ჯერჯერობით, ორი ძირითადი მიმართულებით: რეგულაციები და რეკლამის შეზღუდვა. დამეთანხმეთ, საკმაოდ აგრესიული რეკლამაა და ჩამოყალიბდა ტრენდი, რომ თამაში კარგია და მისი მეშვეობით შეგიძლია იოლად გამდიდრდე. ასევე, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია მოთამაშეთა ერთიანი რეესტრის შექმნა. აქ განისაზღვრება ასაკობრივი ცენზი და სიაში იმ პირების ჩასმის აკრძალვა, რომლებიც ან თავისით მოინდომებენ ამ მავნე ჩვევისგან თავის დაზღვევას ან სასამართლო შეუზღუდავს. თუკი აზარტზე დამოკიდებული პირი აყენებს ოჯახს ფინანსური თუ სხვა პრობლემების წინაშე, კანონპროექტი უზრუნველყოფს მათი ოჯახის წევრების მიერ სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას. კერძოდ, აზარტულ მოთამაშეთა ოჯახის წევრს უფლება ექნება სასამართლოს წესით მოითხოვოს მისი მონაცემების ამოღება მოთამაშე პირთა ერთიანი რეესტრიდან. აკრძალვა იმოქმედებს სამი წლის განმავლობაში. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ განცხადებით მიმართვა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან.
განსაზღვრულია, რომ ამ რეესტრში აკრძალული იქნება: არასრულწლოვნების, საჯარო მოხელეების, სოციალურად დაუცველების შეყვანა.
– თუკი საჯარო მოხელე არ მოინდომებს რეესტრიდან ამოშლას?
– ეს არ იქნება პრობლემა, თავად ფინანსთა სამინისტრო იზრუნებს, რომ საჯარო მოხელეები არ იყვნენ იმ რეესტრში დაფიქსირებული.
– თუკი მაინც ითამაშა პირმა, ვის და როგორი სასჯელი დაეკისრება?
– უბრალოდ, გათავისუფლდება სამსახურიდან. ვფიქრობ, ეს ყველაზე დიდი სასჯელია და თავისთავად, მაინც ამოიღებენ ერთიანი რეესტრიდან.
– ვინც არალეგალურად თამაშობს?
– ოფიციალურად ვერ ითამაშებს, ხოლო თუკი არალეგალურ სათამაშო სახლს მიადგება, იქ მაინც ელოდება გამჟღავნება, ადრე თუ გვიან, რადგან უწყება, რომელიც ჩრდილშია და გადასახადებს არ იხდის, ექვემდებარება უზარმაზარ ჯარიმებს და სანქციებს. ადამიანი, რომელიც სადღაც იატაკქვეშეთში ითამაშებს და ეს გახდება პოლიციისთვის ცნობილი, ცხადია, მიიღებს კანონით გათვალისწინებულ სასჯელს. ჩვენთვის მთავარი პრობლემაა ე.წ. სლოტ კლუბები და ონლაინ კაზინოები. რაც შეეხება დიდ კაზინოებს, ის კონტროლდება, იქ ნაკლებად შედიან ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც დამოკიდებულება აღენიშნებათ. ბევრი მათგანი ასეთი კაზინოების შავ სიებშია და ვერ ახერხებს თამაშს.
– „შავი სია“ გასაგებია, მაგრამ მოთამაშეთა რეესტრი რას გვაძლევს?
– იმის შესაძლებლობას, რომ დავაფიქსიროთ მოქალაქეების რა რაოდენობაა თამაშში ჩართული. არაოფიციალური მონაცემებით, ამ ადამიანების რიცხვი ნახევარ მილიონზე მეტია, მაგრამ რეესტრით საქმე გვექნება ოფიციალურ სტატისტიკასთან, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სულ სხვა დონეზე დავაყენოთ საკითხი როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ორგანოებში.
– არ გიფიქრიათ აზარტზე დამოკიდებული ადამიანებისთვის იძულებითი მკურნალობის მექანიზმის შექმნაზე?
– ცხადია, ესეც გასაკეთებელია, მაგრამ ჯერ – მოთამაშეთა რეესტრი, რომლის მეშვეობითაც დავაფიქსირებთ, რა მასშტაბის პრობლემასთან გვაქვს საქმე, რა ნაბიჯებია გადასადგმელი და სად უნდა ჩაერიოს სახელმწიფო სხვადასხვა პროგრამით თუ სარეაბილიტაციო ცენტრით. დღესდღეობით არ გვაქვს არანაირი ოფიციალური ინფორმაცია. ეს იგივეა, ადამიანს რაღაც სტკიოდეს და ექიმი ანალიზების, კვლევების და დიაგნოზის გარეშე მკურნალობდეს.
– რატომ არ აყენებთ საკითხს, საერთოდ აიკრძალოს აზარტული თამაშები?
-ჯერ გვინდა მოვსინჯოთ მომხრეთა რაოდენობა, რამდენად შევძლებთ გავიტანოთ ეს საკითხები კანონის დონეზე, რომ შევძლოთ 71 ან თუნდაც 70 ხმის მობილიზება. მაშინ ამ საკითხის დაყენება ცუდი იდეა არ არის, მაგრამ უნდა ამოვიდეთ იმ მოცემულობიდან, რის წინაშეც ფაქტობრივად, ვდგავართ, გავარკვიოთ, რა შეიძლება გავიდეს და რა – არა. ამას რეალობიდან გამომდინარე ვაკეთებთ, თორემ სურვილით ბევრი კარგი რამ გვსურს. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ანალოგიური კანონპროექტი, რომელიც 2019 წლის ნოემბერში დავარეგისტრირე, ზუსტად სამი წლის წინ – 2017-ში ჰქონდა დარეგისტრირებული მთავრობას, მაგრამ არ განხილულა, თაროზე დევს.
– თუ შეიძლება გავაჟღეროთ სტატისტიკური მონაცემები, რაც გაქვთ ამ სფეროში?
-ზუსტი ციფრები, როგორც უკვე გითხარით, არ არსებობს, მაგრამ სათამაშო ინდუსტრიის ბრუნვა 2019 წელს, სავარაუდოდ, 10 მილიარდი ლარი იყო. ციფრები ნათლად მეტყველებს ქართული ეკონომიკის უკუღმართ განვითარებაზე – უმუშევრობა, წარმოების არარსებობა და კადრების დეფიციტი პირდაპირ კავშირშია აზარტული თამაშების პოპულარობასთან. ასევე, სწორედ ეს დარგია ჭარბვალიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო.
–10 მილიარდი?
– მიუხედავად იმისა, რომ თავად ციფრი – 10 მილიარდი ლარი – უზარმაზარია, ის არ გვაძლევს რეალურ სურათს. არავინ იცის, ამ 10 მილიარდიდან რამდენი მოდის უცხოელ ტურისტებზე და რამდენი – ადგილობრივ მოსახლეობაზე. ანუ, დღემდე არ გვაქვს ზუსტი პასუხი კითხვაზე – რამდენს ხარჯავენ ქართველები აზარტულ თამაშებში? მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, დააბრუნოს ის ნახევარი მილიონი ლარი, რომელიც „აჭარაბეთმა“ კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ჩარიცხა. ეს იგივეა, ნარკორეალიზატორებმა საქველმოქმედო თანხები შემოგვწირონ.